დავით აღმაშენებლის საბრძოლო ჯვარი - საგანძური, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა განადგურებას გადაარჩინა
დავით აღმაშენებლის მიერ ჩატარებულმა სამხედრო ლაშქრობებმა და გამარჯვებებმა საქართველო რეგიონის უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია. ისტორიამ სახელოვანი მეფის მიერ ჩატარებული რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ბრძოლის შესახებ შემოგვინახა საინტერესო ფაქტები.
· კახეთ-ჰერეთის შემოერთება (1110-1118 წწ.): დავით აღმაშენებელმა ეს ისტორიული რეგიონი საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში შეიყვანა, რაც გაერთიანების პროცესის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.
· ყივჩაღების გადმოსახლება (1120 წ.): დავითმა ყივჩაღები საქართველოში ჩამოასახლა, რაც არმიის გაძლიერებას ისახავდა მიზნად. ისინი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდნენ მომდევნო ბრძოლებში.
· დიდგორის ბრძოლა (1121 წ.): ეს იყო დავით აღმაშენებლის ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი გამარჯვება. სელჯუკების დამარცხებით საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა.
· თბილისის აღება (1122 წ.): დიდგორის ბრძოლის შემდეგ დავითმა თბილისი დაიბრუნა და სატახტო ქალაქი თბილისში დააბრუნა.
· გალაშქრება შირვანსა და რანში (1123 წ.): დავითმა სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიპყრო, რითაც საქართველოს საზღვრები გააფართოვა.
· გალაშქრება სომხეთში და ანისის აღება (1124 წ.): დავითმა სომხეთშიც გაილაშქრა და ანისი დაიპყრო, რაც საქართველოს გავლენის გაძლიერებას ხელს უწყობდა.
თითოეულ ამ თუ სხვა ბრძოლაში დავითს მუდმივად თან დაჰქონდა ჯვარი. მას რამდენიმე ჯვარი ჰქონდა, რომელთაგან ერთ-ერთს დღეს გაგაცნობთ.
დავით აღმაშენებლის საბრძოლო ჯვარი ამჟამად ქართული ხელოვნების მუზეუმში ინახება. ეს გახლდათ ერთ-ერთი იმ საგანძურს შორის, რომელიც 1921-1945 წლებში ექვთიმე თაყაიშვილმა საფრანგეთში გახიზნა და ასე გადაარჩინა განადგურებას.
სიწმინდე ცნობილია როგორც გელათის ჯვარი, რადგან გელათში იყო დაცული. დავითის სხვა საწინამძღვრო (მაგალითად, იშხნის, მარტვილის, ბრილის, ბრეთისა და სხვა) ჯვრებთან შედარებით, სადა და მონუმენტურია. უჩვეულოა, რომ ჯვარზე ჯვარცმული ქრისტე არ არის ნაჩვენები, რადგან სხვა დასახელებულ ჯვრებზე მეტ-ნაკლებად გავრცობილი იკონოგრაფიული სქემებით გადმოცემულია ჯვარცმა. გელათის ჯვარზე ქრისტეს ფიგურას ენაცვლება კოპი, რომელიც ჯვარს მეტ წონადობას, სიმკაცრესა და მნიშვნელობას სძენს. ამით ის ზემო სვანეთის ეკლესიებში მრავლად შემონახული საკურთხევლის წინ აღსამართ დიდ ჯვრებსაა მიმსგავსებული.
ჯვარი საკმაოდ დიდი ზომისაა, ოდნავაა წაგრძელებული და აქვს ფართო, სწორხაზოვანი მკლავები. მისი საფუძველია ხე, რომლის ზედაპირი მოოქრული ვერცხლის ერთიანი ფირფიტითაა მოჭედილი, ხოლო ზურგი ვერცხლის გარსაკრავითაა დაფარული. მკლავების ცენტრში, წინა მხრიდან, მოოქრული ვერცხლის მაღალი კოპი აქვს.
ჯვრის მთელ პერიმეტრს შემოსაზღვრავს გრეხილი ორნამენტის ორმაგი რიგი. ნაკვალევის მიხედვით, ჯვრის მკლავები სულ ცოტა 28 ქვით იყო შემკული. ნალურსმლები მოწმობს, რომ ჯვარს ჰქონია ძვირფასთვლიანი საკიდები, რაც კონსტანტინე დიდის ხანიდანაა დამახასიათებელი ამგვარი ჯვრებისთვის.
ზედა მკლავზე წვერში გამოსახულია ორი მფრინავი, უსხეულო ანგელოზი, რომლებიც უჩვეულოდ გამოიყურებიან სამოსის უცნაურად გამონასკვული და აფრიალებული ბოლოებითა და შეტყუპებული ფრთებით. მათ ქვემოთ, გრეხილი ორნამენტის ორმაგ რკალში ნახევარი ტანითაა გამოსახული წმინდა პეტრე მოციქული, რომლის მეწყვილე წმინდა პავლე მოთავსებულია ქვედა მკლავის ძირში. ჰორიზონტალურ მკლავებზე მარცხნიდან ორ-ორად არიან განაწილებული წმ. მათე, წმ მარკოზი წმ ლუკა და წმ იოანე მახარებელი კოდექსებითა და გრაგნილებით ხელში.
კოპის ქვემოთ ქვედა მკლავზე წარმოდგენილია წმინდა ბარბარა, რომელიც ყველასგან განსხვავებით მთელი ტანითაა გამოსახული. ის გვირგვინოსანია და ორივე ხელით მკერდთან უპყრია ჯვარი. წმინდა ქალწულმოწამის გამორჩეულობას ხაზს უსვამს მის თავზე ორმაგი გრეხილით გამოყვანილი თაღიც.
წმინდა ბარბარას გამოსახულება ყველასგან განსხვავებულად და შეიძლება ითქვას, აღმატებულადაც კი არის ნაჩვენები. ამის მიზეზი თავად ქალწულის სრულიად საგანგებო სულიერი მისიაა. ბარბარას ღვთისგან დაეკისრა მისია ყოფილიყო შემწე და მეოხი ბავშვების, ავადმყოფების, ოჯახის კეთილდღეობის, სამეფო კარის წარმომადგენლების, ტყვეების, პატიმრების, ბრძოლის ველზე მყოფი ჯარისკაცების, ვისაც მუდმივად თან სდევდა ძალადობრივი სიკვდილი. ის მფარველობს და ღვთის წინაშე შუამდგომლობს მათ, ვინც მოულოდნელად, უზიარებლად გადის სოფლიდან, რათა მათ ციური სასუფეველი მოიპოვონ.
ამ მიზეზითაა რომ წმინდანის სახელი ჰქვია დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში სამხედრო ქალაქების, საავადმყოფოების, ლაზარეთების, არმიის ნაწილებს. ამის გამო გახდა ქალწულმოწამე განსაკუთრებით სახელგანთქმული ქრისტიანულ აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც, მათ შორის, საქართველოშიც.
ბარბარას იკონოგრაფიაში პოსტბიზანტიური ხანიდან მკვიდრდება მისი გამოსახვა ბარძიმით ხელში, რაც სწორედ მის მისიას უსვამს ხაზს. ამ მიზნით შეირჩა ის ბრძოლის ველზე გასატანი გელათის ჯვრისთვისაც.
ჯვარზე იკითხება შემდეგი წარწერა - ღმერთო, ყოვლისა დამბადებელო, ადიდე შენ მიერ გუირგიონოსანი დავით, აფხაზთა და ქართველთა, ჰერთა და კახთა მეფე, მზე ქრისტიანობისაი, ამინ!
საინტერესოა, რომ ფორმით, იკონოგრაფიითა და სტილით ჯვარი დავით აღმაშენებლის მეფობამდე ადრე, მე-10 საუკუნეშია დამზადებული. წარწერის მიხედვით კი ირკვევა რომ დავითი გამხდარა მისი განმაახლებელი და მფლობელი. სავარაუდოდ, ამასთანაა დაკავშირებული ჯვრის ყოფნაც გელათის საგანძურში, რადგან დავითი იყო მონასტრის დამფუძნებელი და ქართველ მეფეთაგან პირველი დაიკრძალა ახალ ელადად და მეორე ათენად წოდებულ სავანეში.
ჯვარი პირველად 1890 წელს ბაქარაძისა და კონდაკოვის მიერ ფოტოსთან ერთად გამოქვეყნდა. ავტორთა ვარაუდით, წარწერიანი ფირფიტა თავდაპირველად სხვა ჯვარს ეკუთვნოდა. მათივე ინფორმაციით დავით მეფეს ჯვარი ლაშქრობებსა და ბრძოლებში ყოველთვის თან დაჰქონდა.
დავითის ჯვრის შესახებ ინფორმაციას გაეცნობით ნანა ბურჭულაძის მნიშვნელოვან გამოცემაში „შუა საუკუნეების საქართველოს ქრისტიანული ხელოვნების საგანძური“. მასში დეტალურადაა გადმოცემული ინფორმაცია იმ საგანძურის შესახებ, რომელმაც საქართველოს ისტორიასა და ქართული იდენტობის შექმნაში დიდი როლი შეასრულა.
გამოცემა სრულად დაფინანსებულია „საზოგადოება ივერიისას“ მიერ. მახათას მთაზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე ტაძრის მშენებლობაში საზოგადოების გაერთიანებით დაიწყო საქმიანობა „საზოგადოება ივერიისამ“, რომელიც 2010 წელს მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არაერთი პროექტის განხორციელებაშია ჩართული. ერთ-ერთი მათგანი კი სწორედ ნანა ბურჭულაძის გამოცემაა ქართული საგანძურის შესახებ.
R