"ამ ინიციატივას არ ვიცნობ, თუმცა..." - რას ამბობს ნიკა მელია "სახალხო პარლამენტის" იდეაზე - კვირის პალიტრა

"ამ ინიციატივას არ ვიცნობ, თუმცა..." - რას ამბობს ნიკა მელია "სახალხო პარლამენტის" იდეაზე

კონკრეტულად ამ ინიციატივას მე არ ვიცნობ, თუმცა, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც რეჟიმის ჩამონგრევას მოემსახურება, ჩვენი მხრიდან განხილული იქნება, - ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია „ძლიერი საქართველოს“ იდეას „სახალხო პარლამენტის" შექმნასთან დაკავშირებით.

როგორც მელიამ აღნიშნა, ახლა ოპოზიციის მიზანია, „რეჟიმის იქამდე რყევა, ვიდრე ის არ ჩამოინგრევა“.

„ყველა ის ნაბიჯი, მექანიზმი, იდეა, მოსაზრება, რომელიც რაციონალური, პრაგმატული, შედეგზე და მიზანზე ორიენტირებული იქნება, რაც „ქართული ოცნების“ ავტორიტარულ, ოლიგარქიულ რეჟიმს დაამარცხებს, განსახილველად ღირს. კონკრეტულად ამ ინიციატივას მე არ ვიცნობ, თუმცა, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც რეჟიმის ჩამონგრევას, გაყალბებული არჩევნების შედეგად ძალაუფლება მიტაცებული ხელისუფლების დამარცხებას მოემსახურება, ჩვენი მხრიდან განხილული იქნება.

ჩვენი მიზანია, ივანიშვილის რეჟიმის რყევა, სანამ ის არ ჩამოინგრევა“, - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა.

"ინტერპრესნიუსი"