რას აცხადებს მამუკა ხაზარაძე სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ?
"სახალხო პარლამენტის“ იდეა არის პირობითი დასახელება, ჩვენ ეს იდეა გავაცანით პრეზიდენტს. მინდა გითხრათ, რომ ძალიან კმაყოფილი გამოვედი შეხვედრიდან, ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სალომე ზურაბიშვილი სხვა კოალიციებთანაც გამართავს მოლაპარაკებებს.
„მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტი გამართავს ბრიფინგს. არ მინდა ახლა მეტი კომენტარი გავაკეთო იმიტომ, რომ პრეზიდენტი თვითონ გააცნობს საზოგადოებას იმ გეგმებს, რომელიც არის ძალიან სერიოზული. ეს შეხვედრები გაგრძელდება არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვა კოალიციებთანაც. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გაიგოს, არის გეგმა. ეს გეგმა არსებობს, რომ ამ ქვეყანაში მივიღოთ მშვიდობიანად ახალი არჩევნები",-განაცხადა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში "კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებს ნიკა გვარამიას და ელენე ხოშტარიას ხვდება.
"ინტერპრესნიუსი"