"რთულია ერთადერთი შვილისგან შორს ყოფნა, ვერ ვიტყვი, რომ რაღაცებს მივეჩვიე, რაც იზრდება ანდრია, ვხედავ უფრო მეტად უჭირს ჩემთან განშორება" - რას ჰყვება საბავშვო "ევროვიზიის" გამარჯვებულის დედა?
საქართველოში დაბრუნდა "საბავშვო ევროვიზია 2024”-ის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე. მას თბილისის აეროპორტში დიდი ზეიმი მოუწყეს, უამრავი გულშემატკივარი დახვდა და ეს დიდი გამარჯვება მიულოცა.
როგორც ცნობილია, საბავშვო "ევროვიზია 2024" ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა, რომელშიც 17 ქვეყანა მონაწილეობდა. 11 წლის ანდრია ფუტკარაძე მაყურებლის წინაშე წარდგა სიმღერით "დედას" (To My Mom), რომელიც კომპოზიტორმა გიგა კუხიანიძემ დაწერა, მასთან ერთად ტექსტზე მაკა დავითაიამ იმუშავა. ემოციური და ამაღელვებელი ვიდეორგოლი "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" გადაიღო, კოსტიუმი კი იზა ნადარეიშვილს ეკუთვნის. ძალიან გამორჩეული იყო ანდრიას გამოსვლა, მან მთელ მსოფლიოს დაანახა თავისი ვოკალური შესაძლებლობები და საქართველომ უმაღლესი, 12 ქულა 12 ქვეყნისგან მიიღო. იტალიამ, ესტონეთმა, ალბანეთმა, სომხეთმა, კვიპროსმა, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა, სან მარინომ, უკრაინამ, პორტუგალიამ, ისლანდიამ და მალტამ მოიწონეს მისი შესრულებული სიმღერა და თითოეულმა ანდრიას 12 ქულა დაუწერა.
ანდრია ფუტკარაძე 2024 წლის საბავშვო "ევროვიზიის” გამარჯვებულია. ამ კონკურსზე ეს საქართველოს მეოთხე გამარჯვებაა და მომავალ წელს საქართველო უმასპინძლებს საბავშვო ევროვიზიას. ქართულად შესრულებული მისი ემოციური სიმღერა დედასთან განშორებას, ემიგრაციასა და მის სირთულეებს ეძღვნება. საზოგადოებამ კლიპიდან იცის, რომ ანდრიას დედა, შორენა აბაშიძე ემიგრანტია, ის ამერიკაში, ნიუ-იორკში ცხოვრობს და როგორც დედა-შვილი ამბობს, ძალიან უჭირთ ერთმანეთის გარეშე ყოფნა.
"ყოველ ჯერზე ვეუბნები, დედა, არ წახვიდე, აქ მჭირდები-მეთქი, მაგრამ ვიცი, რომ ასეა საჭირო და ამ ყველაფერს ის ჩემთვის აკეთებს. როცა ძალიან მჭირდება, დედა ყოველთვის ჩემ გვერდით არის",- ამბობს 11 წლის ანდრია, რომელიც ბებოსთან და ბაბუასთან იზრდება და აღნიშნავს კიდეც, რომ მის ცხოვრებაში ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი დედა და ბებია არიან და რომ ეს გამარჯვება მან ამ ორ ადამიანს მიუძღვნა. როგორც გავარკვიეთ, ანდრია დედამ, შორენა აბაშიძემ დაარეგისტრირა "რანინაში", მაშინ, ალბათ, გულის სიღრმეში ფიქრობდა, რომ მისი შვილი თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენდა, რადგან მისი თქმით, ანდრია ძალიან შრომისმოყვარეა. ანდრია მაყურებელმა პროექტ "რანინადან" გაიცნო და სწორედ "რანინას" მეშვიდე სეზონის გამარჯვებული გახდა.
ანდრია ფუტკარაძე 2013 წლის 11 ივნისს ბათუმში დაიბადა. ექვსი წლიდან ვოკალურ ანსამბლ "ზღვის შვილების" წევრია.
- ანდრია გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას, გვიამბე რა ემოციები გქონდა, როცა სცენაზე იდექი და მღეროდი.
ანდრია ფუტკარაძე:
- ძალიან გახარებული ვარ. ძალიან მიხარია, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ მოვუტანე გამარჯვება. როდესაც იქ ვიყავი, თავი სიზმარში მეგონა, ძალიან კარგი განწყობა მქონდა, ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო. კონკურსამდე ყოველდღე გვქონდა რეპეტიციები, ვმეცადინეობდით, ეს ყველაფერი ძალიან მომწონდა. კონკურენცია ძალიან დიდი იყო. ვფიქრობდი, რომ ხუთეულში მაინც მოვხვდებოდი. როდესაც საქართველო გამოაცხადეს გამარჯვებულად, მართლა საოცარი გრძნობა იყო. ძალიან გამიხარდა, თავი ზღაპარში მეგონა. იცით, რომ ეს სიმღერა ჩემთვის დაწერა კომპოზიტორმა გიგა კუხიანიძემ და ქალბატონმა მაკა დავითაიამ, ჩემთან შეთანხმებით დაწერეს დედაზე სიმღერა? ჩემი აზრით, ძალიან მიხდება, რადგან დედა ემიგრანტია და ხშირად არ ვართ ერთად.
- სიმღერა რა არის შენთვის?
- სიმღერა ჩემთვის არის ყველაფერი, ძალიან მიყვარს სიმღერა და მინდა, მომღერალი გამოვიდე.
- როგორ შეხვდნენ შენი თანაკლასელები, შენი მეგობრები ჯერ "რანინაში" და შემდეგ - "ევროვიზიაში" გამარჯვებას?
- ყველას ძალიან გაუხარდა, ყველამ მომილოცა და მიხარია, რომ ჩემი ყველა კლასელი და მეგობარი ამაყია ჩემი გამარჯვებით. აეროპორტშიც დიდი დახვედრა მომიწყეს, მადლობა ყველას ამისთვის. ვიცი, რომ ჩემს ბათუმშიც მიწყობენ დახვედრას, მიხარია, რომ ყველას უხარია ჩემი გამარჯვება. ვეცდებით, კვირის ბოლომდე ჩავიდეთ ბათუმში. დიდი მადლობა "რანინას" შემოქმედებით ჯგუფს, ძალიან დიდი გამოცდილება მომცა ამ პროექტმა. მქონდა შესაძლებლობა, მემუშავა პროფესიონალებთან, ცნობილ ადამიანებთან და ბევრი დაუვიწყარი დღე მაჩუქეს. რაც მთავარია, ამ პროექტმა შემძინა ბევრი მეგობარი. რაც შეეხება ევროვიზიას, იქაც დავუმეგობრდი კონკურსის მონაწილეებს და მართლა კარგი ურთიერთობა გვქონდა. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ იქიდან გამარჯვებული დავბრუნდი და ეს სიხარული ყველას უხარია.
- როგორც ვიცი, ხატავ კიდეც, რა გატაცებები გაქვს?
- ხატვით არ ვხატავ, უბრალოდ ჩემთვის ვხატავ ხოლმე, რადგან მიყვარს ხატვა. რაც შეეხება გატაცებას, ცურვა მიყვარს ძალიან, მიყვარს წიგნების კითხვა, ფილმების ყურება, მეგობრებთან ერთად თამაში. მინდა, ცნობილი მომღერალი გამოვიდე, ადრეც ვფიქრობდი ამას, მაგრამ ახლა, ამ გამარჯვების შემდეგ, მით უმეტეს მინდა, მომღერალი გამოვიდე.
- როგორც ვიცით, ბებიასთან იზრდები, რადგან დედა ემიგრაციაშია, გვიამბე ბებოსთან ურთიერთობაზე.
- ბებო ძალიან მიყვარს. მეგობრებთან ერთად სათამაშოდ მიშვებს, თვითონაც მათამაშებს, მასეირნებს, სახლში მეთამაშება სამაგიდო თამაშებს და სულ ჩემს გვერდით არის. რაც შეეხება დედას, როცა საჭიროა, დედა მაშინ სულ ჩემთან ერთად არის. საჭირო იყო, რომ წასულიყო და ამიტომ მოუწია წასვლა. თითქმის ყოველ ერთ საათში ვურეკავ დედას.
- რაზე ოცნებობ?
- ბევრი ოცნება მაქვს, მინდა, ვნახო მსოფლიოს ყველა ზოოპარკი, ცხოველები მიყვარს ძალიან. ისე ბევრი ოცნება მაქვს. მინდა, დიდ სცენაზე დავდგე და გამოვიდე მსოფლიოში ცნობილი მომღერალი. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვისაც უხარია ჩემი გამარჯვება. აეროპორტში დამხვდნენ ჩემი ბათუმელი მეგობრები, "რანინელები", ბევრი ადამიანი დამხვდა და მომილოცა ეს გამარჯვება, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს ამ სიხარულის მონიჭებისთვის.
ჩვენ, ასევე, ანდრიას დედას, შორენა აბაშიძეს გავესაუბრეთ.
- შორენა გილოცავთ შვილის ამ დიდ წარმატებას, რა ემოცია იყო, როცა გამოაცხადეს, რომ თქვენი შვილი საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული გახდა?
- ეს საოცარი შეგრძნება იყო, ჯერ კიდევ ვერ გამოვდივარ ემოციებიდან, ხმაც არ მაქვს და ბევრი რამე იმ მომენტიდან არც მახსოვს, ისეთ ემოციებში ვიყავი. ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა ხედავ შვილის ასეთ წარმატებას. მადლობა ყველას, ვინც ანდრიას წარმატებაში მიიღო მონაწილეობა. იქ ბებოც ჩვენთან ერთად იყო ჩამოსული და ყველამ ერთად გავიხარეთ, ძალიან ბედნიერები ვართ.
- გამარჯვების მოლოდინი რამდენად გქონდათ?
- ანდრიას სიმღერა ყველასგან გამორჩეული იყო თავისი დრამატიზმით და ემოციურადაც. სხვანაირი იყო შინაარსობრივადაც. მასში ანდრიას ვოკალური შესაძლებლობებიც ძალიან კარგად გამოჩნდა. ვფიქრობდით, რომ ყველაზე ძლიერი კონკურსანტი იყო, მაგრამ არ ვიცოდით, ჟიური რაზე გააკეთებდა აქცენტს, შეიძლება, შოუ მოწონებოდა ან ვოკალი, ან ვიზუალური მხარე. მიხარია, რომ ყველაზე მეტად მოეწონათ ანდრია. ემოცია ზუსტად მიიტანა ანდრიამ მსმენელამდე. სულ ვეუბნებოდით მას, რომ ამ კონკურში მონაწილეობაც კი უკვე გამარჯვება იყო, ვეუბნებოდით, შენ რომ აქ ხარ, უკვე დიდი გამარჯვებაა-თქო, რადგან არ ვიცოდით, როგორ დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. აქვე მინდა აღვნიშნო ის საოცარი დამოკიდებულება, რაც ამ დღეებში იყო კონკურსანტ ბავშვებს შორის. ყოველდღე წვეულებები ეწყობოდა ბავშვებისთვის, ძალიან თბილი და მეგობრული გარემო იყო. კონკურსის დამთავრების შემდეგაც საოცარი იყო მათი დამშვიდობება, იყო ტირილი და ცრემლი. უფრო მეგობრობაში გადასული ურთიერთობა იყო ეს და იქ რომ ვიყავით, იმ გარემოში, ესეც ძალიან გვაბედნიერებდა. კონკურსს მიღმაც ძალიან მაგარი გარემო იყო, ძალიან ბედნიერები, ლაღები იყვნენ ბავშვები. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ვინც გვანდო ამხელა პასუხისმგებლობა, რომ საქართველოს სახელით ანდრია მდგარიყო იმ სცენაზე. მადლობა იმისთვის, რომ მოგვცეს საშუალება, ეს ერთი კვირა დაუვიწყარი ყოფილიყო ანდრიას ცხოვრებაში. მართლა მნიშვნელოვანი და სიხარულით სავსე დღეები იყო.
- მონაწილეების განწყობა გამოჩნდა მაშინაც, როცა ანდრიამ გაიმარჯვა. ყველა ულოცავდა მას სიყვარულით ამ გამარჯვებას, ისე ჩანდა, თითქოს კონკურენცია არ იყო.
- ნამდვილად ასე იყო, ძალიან ვღელავდით, როცა ქულებს აცხადებდნენ. უკრაინა და საქართველო იყო ქულებით ძალიან ახლოს ერთმანეთთან, უნდა გენახათ ის უკრაინელი ბიჭი როგორ ჩაეხუტა ანდრიას და როგორ ულოცავდა.
- შორენა, ცოტა მეტი გვიამბეთ ანდრიაზე, რა ასაკში აღმოაჩინეთ მისი ვოკალური შესაძლებლობები?
- ანდრიას მუსიკალური შესაძლებლობა პატარა ასაკიდან შევნიშნე. წამოიზარდა და შევიყვანე სტუდიაში. 6 წლიდან მღერის, მაგრამ რაც მოხდა წელს, ეს არის ჩვენთვის ტკბილი ზღაპარი. მადლობა "რანინას", რომ ანდრიას მისცა ამხელა შესაძლებლობა. სახლში ვიყავი, ანდრიასთან შეთანხმებით ონლაინ რომ დავარეგისტრირე "რანინას" კონკურსზე. არც კი ვიცოდი, თუ აქამდე მოვიდოდა. პირველი ემოციური შოკი იყო, როცა "რანინას" ათეულში მოხვდა ანდრია, შემდეგ იყო მისი გამარჯვება. ევროვიზიას ხომ საერთოდ არც ველოდით. ძალიან ბედნიერი და სიხარულით სავსე წუთები იყო ეს ჩვენთვის. ზღვა ემოცია, უდიდესი მადლიერება.
- ვიცით, რომ ემიგრაციაში ხართ, ეს პერიოდი სულ საქართველოში იყავით?
- თავიდან ვიყავი ამერიკაში, მაგრამ კონკურსის დაწყებამდე 10 დღით ადრე ჩამოვედი საქართველოში, რომ ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და მას შემდეგ ანდრიასთან ერთად ვარ. ანდრია ძალიან შრომისმოყვარე, ძალიან გაწონასწორებული ბავშვია, შეუძლია ემოციების მართვა. გატაცებას რაც შეეხება, უყვარს ხატვა, კომპიუტერული თამაშები, ძალიან უყვარს ცურვა, ცოტა ჯიუტიც არის, მაგრამ მიზანსწრაფული და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს. სწავლობს ბათუმში, მეგა სკოლაში, დადის სტუდია "ზღვის შვილებში" და, ასევე, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ 11-წლედში. როგორც უკვე აღვნიშნე, 6 წლის იყო, სტუდიაში რომ შევიყვანე და სკოლის პარალელურად იქ დადის. ყველაფერს ყოველთვის მასთან შეთანხმებით ვაკეთებ. მუსიკა არის ერთადერთი სფერო, რომელიც უკონკურენტოა მისთვის. მისი საყვარელია საქმეა სიმღერა. თუ რაიმე მიზეზით მუსიკის გაკვეთილი ცდება, ეს არ უყვარს. სიმღერა მისთვის დიდი სიყვარულის მომნიჭებელია.
- სიმღერა, რომელიც ანდრიამ შეასრულა ცოტა სევდიანიც არის, რა ემოცია დაგეუფლათ, როცა ეს სიმღერა მოისმინეთ, ემიგრაციის წლებზეც გვიამბეთ.
- ყველა ემიგრანტისთვის ძალიან რთულია საკუთარი ქვეყნის გარეთ ცხოვრება. მით უმეტეს რთულია, როცა არასრულწლოვანი შვილისგან შორს ხარ. ეს სიმღერა როცა მოვისმინე, ძალიან ემოციური იყო და ორმაგად ამაღელვებელი, რადგან დედას ეძღვნება. ცხოვრების საჭიროებიდან გამომდინარე მომიწია წასვლა საქართველოდან, ეს გავაკეთე იმისთვის, რომ ანდრიას მიეღო კარგი განათლება, არაფერი დამეკლო მისთვის. ამის გამო ცხოვრებაში რაღაცების დათმობა მომიწია, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობ, მნიშვნელოვან მომენტებში ვიყო მის გვერდით. თავიდან ძალიან გაგვიჭირდა, ადვილი არ არის ეს. თავიდან ერთი წელი ვერ ჩამოვედი, ყველაზე რთული პირველი ერთი წელი იყო. ახლა წელიწადში ორჯერ ყოველთვის ვახერხებ ანდრიასთან ჩამოსვლას. ამ წელს უფრო მეტჯერ მომიწია ჩამოსვლამ, რადგან ჩვენთვის დიდი ცვლილებების პერიოდი იყო. რთულია ერთადერთი შვილისგან შორს ყოფნა, ვერ ვიტყვი რომ რაღაცებს მივეჩვიე, რაც იზრდება ანდრია, ვხედავ უფრო მეტად უჭირს ჩემთან განშორება. ცდილობს, არ მაგრძნობინოს ეს, მაგრამ ამას უთქმელადაც ვგრძნობ.
- ბებოს და ანდრიას ურთიერთობაზეც გვიამბეთ.
- მე რომ ემიგრაციაში წავედი, ანდრია 8 წლის ხდებოდა, თუმცა მანამდეც ბებოს და ანდრიას ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. დაბადებიდან მეგობრები არიან. მე ისეთი სამსახური მქონდა საქართველოში ყოფნის დროსაც, რომ ხშირად მიწევდა მივლინებაში ყოფნა. სამსახურში 6- 7 საათამდე ვიყავი. ის კარგი თვისებები, რაც აქვს ანდრიას, ეს არის უფრო მეტად ბებოს დამსახურება, ვიდრე - ჩემი. ბებოს ძალიან დიდი როლი აქვს ანდრიას აღზრდაში. ბებოს და ბაბუას დაჰყავდათ ის ყველა წრეზე. ბებიასთან და ბაბუასთან იზრდება. ერთი შვილი მყავს, ერთი ანდრია, ძალიან მაგარი ბიჭი მყავს და ძალიან ბედნიერი დედა ვარ.