საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაშია
ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება ძალაშია. კონსტიტუციას დამატებული ახალი მუხლის მიხედვით, 2014 წლის 1-ელ იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, შესაბამისი ასაკიდან აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში, ამასთან, ამ მუხლის ამოქმედების მომენტისთვის აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა. ამ წესით არჩეულ პირებს შეეძლებათ დაიკავონ პარლამენტის თავმჯდომარის, პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებიც. თუმცა ივანიშვილმა ცვლილებების ძალაში შესვლამდე პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა და სთხოვა, არ მოეწერა ხელი კანონპროექტზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, "ქართული ოცნების" ლიდერი აცხადებდა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა.