"გამორიცხული არაფერია, მაგრამ თუ ოპოზიცია 25 ნოემბერს პარლამენტში შეიჭრება..." - პოლიტიკური კრიზისის ცხელი ფაზა: რა მოხდება ამ დღეებში?!
„ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ სახალხო პარლამენტის ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა დააანონსა. მისი თქმით, ახალი არჩევნების მისაღწევად საჭიროა 5-პუნქტიანი გეგმა: 1. ქუჩაში პერმანენტული საპროტესტო აქციების გაგრძელება, სხვადასხვა ფორმით, გეოგრაფიულად სხვადასხვა ლოკაციაზე, თბილისსა და მთელ საქართველოში; 2. პარლამენტის დელეგიტიმაცია, რაც გამოიხატება არჩეული ოპოზიციური დეპუტატების მიერ ინდივიდუალურად მანდატების ჩაბარების შესახებ განცხადებებით მიმართვაში, ასევე, ოპოზიციური პარტიების მიერ საარჩევნო სიების ჩახსნა; 3. ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ „სახალხო პარლამენტის“ ფორმირება, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოწვევა „სახალხო პარლამენტის“ საპატიო თავმჯდომარედ, რეალური, ეროვნული პოლიტიკური ცენტრის შექმნა; 4. „სახალხო პარლამენტის“ მოქმედების გეგმის შემუშავება; 5. „სახალხო პარლამენტის“ დელეგაციის გაგზავნა დასავლელ მეგობრებთან და მათი მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერება.
"სახალხო პარლამენტის" იდეაზე და მიმდინარე მოვლენებზე ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება:
- შესაძლოა, არც იყოს ურიგო იდეა "სახალხო პარლამენტის" შექმნა, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რა მისიას შეასრულებს ასეთი ორგანო და როგორი პოლიტიკური დატვირთვა ექნება. სხვათა შორის, 2007 წელს პარლამენტში მყოფ ოპოზიციონერებს მე შევთავაზე, რომ სხდომებს არ დასწრებოდნენ და პარლამენტის სხდომის პარალელურად, ოპოზიციონერ დეპუტატთა სხდომები გაემართათ, მაგრამ მაშინ სხვაგვარი პრობლემა იყო - საინფორმაციო გარღვევა იყო საჭირო. არ ვიცი, ვის როგორ გახსოვთ, მაგრამ იმ პერიოდში მთელი მედიასივრცე მონოპოლიზებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ.
დღეს "სახალხო პარლამენტის" შექმნას მხოლოდ პროპაგანდისტული ხასიათი ექნება, სხვა რა უნდა ქნას ოპოზიციურმა პარლამენტმა?
ძალიან საინტერესოა, დაკომპლექტების საკითხი. თუ აქ მხოლოდ ის დეპუტატები შეიკრიბებიან, რომლებსაც მანდატი ცესკომ გამოუწერა, მაშინ ეს არჩევნების არაპირდაპირი აღიარებაა. თუ არჩევნების შედეგებს არ აღიარებ, ცესკოს მიერ გაცემულ მანდატებს რატომ აღიარებ? შესაძლოა, ეს არც ისე მნიშვნელოვანი ნიუანსი იყოს, მაგრამ ხელისუფლება აუცილებლად გამოიყენებს პროპაგანდისთვის. ისიც საკითხავია, მოიწონებს თუ არა მთლიანი ოპოზიციური სპექტრი ამ იდეას.
თანაც, ყურს ცუდად ხვდება, საპატიო თავმჯდომარედ პრეზიდენტის მიწვევის ამბავიც.
პერსონალურად სალომე ზურაბიშვილთან არც მე მაქვს პრობლემა და მგონია, რომ არც სხვას ექნება, მაგრამ თავად ეს პოზიცია - საპატიო თავმჯდომარე იწვევს ცუდ აღქმებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოწინააღმდეგემ შენივე გეგმა არ გამოიყენოს შენს წინააღმდეგ. ზოგადად, იდეა ცუდი არ არის, მაგრამ იმაზეც უნდა დავფიქრდეთ, როგორი ეფექტი ექნება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.
- სხვათა შორის, ხელისუფლებამ უკვე გამოიყენა პროპაგანდისთვის ის ფაქტი, რომ ოპოზიციონერების ნაწილმა პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე დაწერეს განცხადებები მანდატების დატოვების შესახებ. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ განცხადებები პარლამენტიდან გასვლაზე კანონის დარღვევით იმიტომ დაწერეს, რომ მერე კანონის დაცვით აღარ დაწერონ და გასვლა მართლა არ მოუწიოთ.
- დიახ, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე მანდატებზე უარის თქმის უფლება არავის აქვს. სხვათა შორის, თავის დროზე ეს კანონი იმიტომ მიიღეს, რომ კანდიდატებზე ზეწოლა არ მომხდარიყო. ადრე ხშირად ხდებოდა მსგავსი პრეცენდენტები. ისეთი შემთხვევაც ყოფილა, რომ ამა თუ იმ პარტიის სიაში მყოფ კანდიდატს, ზეწოლის შედეგად უარი უთქვამს მანდატზე, შემდეგ კი იმ მოტივით, რომ სიაში დეპუტატების საჭირო რაოდენობაზე ნაკლები ხალხი აღმოჩნდა, საერთოდ გაუუქმებიათ სია. ასე, რომ, ოპოზიციის მხრიდან ნაადრევად მანდატებზე უარის თქმა ნამდვილად პოპულისტური ნაბიჯი იყო. რაც შეეხება მდინარაძის და კობახიძის ვერსიას, რომ საბოლოოდ ოპოზიცია მაინც შევა პარლამენტში, ამასაც მალე ვნახავთ. 25 ნოემბერიც მალე მოვა და პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა წარედგინება. ვნახოთ, რას იზამს ოპოზიცია.
- 25 ნოემბრისთვის ოპოზიცია ხალხმრავალ აქციას აანონსებს.
- ოპოზიციამ სწორად უნდა გათვალოს საკუთარი შესაძლებლობები. ბლიც-კრიგი დამთავრდა.
25 ნოემბერს შესაძლოა ხალხმრავალი აქციაც იყოს, მაგრამ ეს „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებას ვერ დაათმობინებს.
მე მაინც მგონია, ვადამდელი არჩევნების დანიშვნისთვის გადამწყვეტი დრო გაზაფხულზე იქნება და არა ახლა.
- ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა, მაგალითად, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ აქციებზე ცეკვა-თამაშის დრო დასრულდა, დროა, ახლა ქვეყანა დავიბრუნოთო. ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ჩვენ ოპოზიციის მხრიდან რადიკალური ზომებიც ვიხილოთ?
- გამორიცხული არაფერია, მაგრამ თუ ოპოზიცია, მაგალითად, 25 ნოემბერს პარლამენტში შეიჭრება, ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს. ოპოზიციამ უნდა შეძლოს მშვიდობიანი აქციების პარალელურად, დასავლელ პარტნიორებთან მუშაობა. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დღემდე არ მახსოვს, რომ ქართულ ოპოზიციას დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა ასე ძალიან დასჭირვებოდეს. ოპოზიციას ყოველთვის ჰქონდა იმის რესურსი, რომ ქვეყანაში თავად შეეცვალა ვითარება. დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა ყოველთვის ბონუსი იყო და არა - მთავარი საკითხი. ოპოზიციას დასავლური დახმარება ახლა მხოლოდ განცხადებების დონეზე კი არა, კონკრეტულად გადადგმული ნაბიჯების სახით სჭირდება. ამიტომ ვამბობ, რომ ოპოზიციას ქუჩის გარდა ძალიან ბევრი სამუშაო აქვს დასავლელ პარტნიორებთანაც.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)