ომის 1000 დღე: დროში გაწელილი საშინელება - როგორ შეიძლება დასრულდეს რუსეთ-უკრაინის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება
2024 წლის 19 ნოემბერს შესრულდება 1 000 დღე-ღამე მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვლის გამთენიისას რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა უკრაინას.
ამ განვლილ ათას დღეში რუსეთ-უკრაინის ომი გადაიქცა არა მარტო ყველაზე ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებების თეატრად ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, არამედ თავის ხანგრძლივობით ასევე უახლოვდება მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდ ომს.
რა ჰქონდა ჩაფიქრებული და რას მიაღწია ამ ათას დღეში აგრესორმა რუსეთმა
ათიოდე დღეში უკრაინის დედაქალაქ კიევის დაპყრობა, უკრაინის ხელისუფლების ჩამოგდება, მარიონეტული მთავრობის დასმა და თანდათან მთელი უკრაინის კრემლისთვის დამორჩილება პუტინის რეჟიმს საშუალებას მისცემდა ბელარუსისა და უკრაინის სრული გაკონტროლების შემდეგ დაეგეგმა დასავლეთისკენ "გაჩოჩება", უპირველესად ბალტიისპირეთის პოსტსაბჭოური რესპუბლიკების რუსეთის ახალ იმპერიაში დასაბრუნებლად...
საბედნიეროდ, კრემლს ჩაეშალა ბლიცკრიგის გეგმა, რაც უდიდეს დარტყმად იქცა პუტინისთვის, რადგან მისი ქვეყანა არ იყო მზად უკრაინის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი და ხანგრძლივი საბრძოლო მოქმედებებისთვის. მართლაც, აგრესიის დაწყებიდან ორ-სამ თვეში რუსეთის გენშტაბმა თავისივე ინიციატივით გაიყვანა საოკუპაციო შენაერთები კიევის მისადგომებიდან, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებიდან.
2022 წლის სექტემბრიდან კი უკრაინის არმიამ სწრაფი და შედეგიანი კონტრშეტევები წამოიწყო ხარკოვიდან აღმოსავლეთით, ლუგანსკის ოლქის მიმართულებით, ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად, რასაც დაემატა რუსი ოკუპანტების გაყრა ხერსონიდან და მდინარე დნეპრის მთელი მარჯვენა სანაპიროდან.
რა მოხდებოდა, რომ 2022 წლის შემოდგომა-ზამთარში უკრაინას გაეგრძელებინა წარმატებულად დაწყებული კონტრიერიშები
2022 წლის მიწურულს ფრონტის ხაზზე, განსაკუთრებით კი მის ჩრდილოეთ ნაწილში, შეიქმნა ისეთი ოპერატიული სიტუაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების სარდლობამ დაკარგა ჯარების მართვის სადავეები და მისი ქვედანაყოფებისა და თვით შენაერთების მოქმედებები უფრო გაქცევას დაემსგავსა, ვიდრე ორგანიზებულ უკანდახევას. უკრაინის არმიამ ფრონტის ამ მონაკვეთზე ხელში ჩაიგდო საბრძოლო ინიციატივა, რაც მას საშუალებას აძლევდა გაქცეულ მტერს კუდში მიჰყოლოდა კუპიანსკი-სვატოვო-ლიმანის ხაზზე აღმოსავლეთისკენ, თვით ლუგანსკამდეც კი. მაგრამ კონტრშეტევების ტემპის შესანარჩუნებლად აუცილებლად საჭირო იყო საბრძოლო წარმატებით ფრთაშესხმული უკრაინის არმიის სასწრაფო უზრუნველყოფა დამატებითი საბრძოლო ტექნიკითა და აღჭურვილობით.
რატომ შეუმცირა დასავლეთმა სამხედრო დახმარება კონტრიერიშებზე გადასულ უკრაინის არმიას
თუკი კიევის დაცვა და პუტინის ბლიცკრიგის ჩაშლა უკრაინელებმა ძირითადად თავიანთი რესურსებით შეძლეს (რა თქმა უნდა, ამერიკელებისა და ევროპელების ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინებისა" თუ საზენიტო "სტინგერების" დახმარებითაც), ამ ფართომასშტაბიანი ომის მეათე თვისთვის ეს რესურსები თითქმის ამოიწურა და უკრაინელი სამხედროები დიდად დამოკიდებული აღმოჩნდნენ დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე... და ამ მნიშვნელოვან მომენტში, 2022 წლის მიწურულს, დასავლეთი მნიშვნელოვნად უმცირებს უკრაინელებს საარტილერიო ჭურვების მიწოდებას, რომლებიც აუცილებელია შეტევითი ოპერაციების საცეცხლე მომზადებისთვის. ამერიკელები და გერმანელებიც უსაშველოდ წელავენ "აბრამსებისა" და "ლეოპარდების" გადაცემას, რაც ლოგიკას ეწინააღმდეგება - აგრესორი ქვეყნის საოკუპაციო ძალები დეზორგანიზებულია, უკან გარბიან ფრონტის ერთ მონაკვეთზე, და საღი აზრი მხოლოდ იმას კარნახობს, რომ კონტრშეტევების გასაგრძელებლად და გასაძლიერებლად აუცილებელია უკრაინის არმიის სასწრაფო მომარაგება ყველა საჭირო საშუალებით, მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ ხდება.
დასავლეთი პუტინის "ბირთვულმა შანტაჟმა" შეაშინა?
მხოლოდ ახლა, ორი წლის შემდეგ, აღიარებენ რიგი დასავლელი გადამდგარი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსები და სამხედროები, რომ სწორედ 2022 წლის დეკემბერში, როდესაც უკრაინის არმიის კონტრშეტევების წარმატება პიკს აღწევდა... პუტინი მზად იყო ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოეყენებინა უკრაინის ფრონტზე მოწინააღმდეგის კონტრშეტევების შესაჩერებლად. თითქოს დასავლეთმა სწორედ ამიტომ შეამცირა უკრაინის არმიის მომარაგება და ამასთან, ოფიციალურ კიევზე კულუარული ზეწოლა მოახდინა, რათა მასაც შეეჩერებინა აღმოსავლეთისკენ გამარჯვებით სვლა.
გასაგებია დასავლეთის შიში, რომ ისედაც ამხელა ომი, რომლის მსგავსი ევროპას რვა ათეული წელი არ ენახა, არ გადაზრდილიყო ბირთვულ დაბომბვებში, რომელთა რადიოაქტიური ღრუბლები ევროპაშიც გადავიდოდა. მაგრამ იყო კი "ბირთვული მუქარის" შემსრულებელი პუტინი, თუ ეს მორიგი "ბირთვული შანტაჟი" იყო, რამაც, უკრაინელების სამწუხაროდ, სრულად იმუშავა.
"ზაფხულის გენერალურ კონტრიერიშზე" გაცრუებული იმედი...
2022 წლის ბოლოს შეჩერებული კონტრიერიშების შემდეგ, დასავლეთი აიმედებდა კიევს, რომ საკმარისად მიაწვდიდა სამხედრო ტექნიკასა და საბრძოლო მასალებს, რათა 2023 წელს უკრაინის არმიას ფართომასშტაბიანი გენერალური კონტრიერიში წამოეწყო.
მზადება და იმედი მართლაც გრანდიოზული იყო - თითქმის მთელი მსოფლიო ელოდა, რომ 2022 წლის წარმატებით (როდესაც უკრაინელებმა დაპყრობილი ოლქები გაათავისუფლეს) დამთავრებით ფრთაშესხმული უკრაინის არმია, რომლის შეიარაღებაში ნატოს ტანკებიც გამოჩნდა, პირდაპირ გადაუვლიდა რუსი ოკუპანტების თავდაცვით ხაზებს.
არც ის წარმოადგენდა დიდ საიდუმლოებას, საით იქნებოდა მიმართული უკრაინელების უმთავრესი კონტრიერიში - ზაპოროჟიედან სამხრეთით, ოკუპირებული მელიტოპოლისა და ბერდიანსკისკენ, რათა გადაჭრილიყო ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულისკენ დონის როსტოვიდან მიმავალი სამხედრო მომარაგების სახმელეთო გზა და რაც მთავარია, უკრაინის არმია გასულიყო აზოვის ზღვის სანაპიროზე, რითაც მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებდა ანექსირებულ ყირიმში გამაგრებულ რუსეთის საოკუპაციო ძალებს და ასევე შექმნიდა წინა პირობას მარიუპოლის უკან დასაბრუნებლად.
უკრაინის გენშტაბს გრანდიოზული გეგმები ჰქონდა 2023 წლის ზაფხულიდან ქვეყნის ფართომასშტაბიანი დეოკუპაციის დასაწყებად, მაგრამ... მაგრამ ნატოს ნაქები ტანკები უძლური აღმოჩნდნენ გადაელახათ სამხრეთ ფრონტზე რუსი ოკუპანტების რამდენიმე ასეულკილომეტრიანი თავდაცვითი ზღუდის ტანკსაწინააღმდეგო "დრაკონის კბილები", რადგან მანამდე მისასვლელები რუსებს უხვად ჰქონდათ დანაღმული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით.
უკრაინელების გენერალური კონტრიერიშის დაწყების თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია, ელოდნენ დასავლეთიდან სამხედრო დახმარების ახალ პარტიებს, რომლებიც იქაური ბიუროკრატიის გამო გვიანდებოდა. ამასთან, რუსეთის დაზვერვამ, სავარაუდოდ, მოიპოვა კონტრიერიშის გეგმაც და მძიმე შედეგმაც არ დაახანა - უკრაინელების გაპიარებული გენერალური კონტრშეტევა ჩაიფუშა, თანაც მნიშვნელოვანი საბრძოლო დანაკარგით.