ტრამპი უდიდეს სპეცოპერაციას იწყებს?! - გამოცხადდება თუ არა ამერიკაში საგანგებო მდგომარეობა - კვირის პალიტრა

ტრამპი უდიდეს სპეცოპერაციას იწყებს?! - გამოცხადდება თუ არა ამერიკაში საგანგებო მდგომარეობა

ამერიკული ჟურნალის „ნიუსვიქის“ (Newsweek) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპი მხარს უჭერს საგანგებო ეროვნულ გეგმას დამნაშავე მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის შესახებ“ (ავტორი - ბილალ რაჰმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა მოწოდებებს საგანგებო ეროვნული გეგმის შემუშავებას, რომელიც არჩეული პრეზიდენტის მიზნების ჩარჩოებში რეალიზდება - მასობრივი დეპორტაცის განხორციელება - და ხაზის გაუსვა, რომ ამისათვის ყველა შესაძლებლობასა და ინსტრუმენტს გამოიყენებს.

ჩანაწერში, რომელიც არჩეულმა პრეზიდენტმა თავის სოციალურ ქსელში - Truth Social -ში განათავსა, აღნიშნულია, რომ დონალდ ტრამპი იდეის რეალიზებისათვის -

იმ უცხოელი მიგრანტების დეპორტაციისათვის, რომლებიც არალეგალურად იმყოფებიან აშშ-ის ტერიტორიაზე, სამხედრო რესურსებით ისარგებლებს.

დონალდ ტრამპისათვის იმიგრაციის საკითხი ერთ-ერთი საკვანძო თემა იყო თავის საპრეზიდენტო რბოლაში თეთრ სახლში დასაბრუნებლად, რომელიც მან წარმატებით დააგვირგვინა - დემოკრატების კანდიდატი, მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაამარცხა.

ქეროლაინ ლივიტმა, დონალდ ტრამპისა და ჯეიმს დევიდ ვენსის წარმომადგენელმა გარდამავალ პერიოდში, „ნიუსვიქს“ განუცხადა: „დონალდ ტრამპი გამოიყენებს ყველანაირ ფედერალურ უფლებამოსილებას, რომელიც აუცილებელი იქნება აშშ-ის ისტორიაში უდიდესი ოპერაციის განსახორციელებლად, არალეგალური მიგრანტების - სხვადასხვა დამნაშავეების, ნარკო-და ადამიანებით მოვაჭრეების წინააღმდეგ, იმავდროულად კი ამერიკული რიგითი ოჯახების ხარჯებს შეამცირებს“.

„ამერიკელმა ხალხმა დონალდ ტრამპი თავის პრეზიდენტად უდიდესი უპირატესობით აირჩია და მას სრული უფლებამოსილების მანდატი მიანიჭა იმ დაპირებების შესასრულებლად, რომელიც რესპუბლიკელმა კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოსახლეობას აღუთქვა - მათ შორის, დამნაშავე მიგრანტების დეპორტაცია და ჩვენი სამშობლოს ეკონომიკური ძლიერების, მისი დიდების აღდგენა. დონალდ ტრამპი ტავის დაპირებას შეასრულებს“.

კონსერვატიულმა კომენტატორმა ტომ ფიტონმა პოსტის სახით სოციალურ ქსელში ასე დაწერა: „როგორც ამბობენ, დონალდ ტრამპის ახალი ადმინისტრაცია მზად იქნება გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში და გამოიყენოს სამხედრო საშუალებები, რათა მასობრივი დეპორტაციის მეშვეობით ჯო ბაიდენის [პოლიტიკის ნეგატიური შედეგები შეაჩეროს]“. თავის მხრივ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა აღნიშნა: „დიახ, ეს სიმართლეა“.

ტომ ფიტონი ცნობილი კონსერვატიული აქტივისტია და პრეზიდენტი საზოგადოებრივი ორგანიზაციისა Judicial Watch, რომელიც სამთავრობო კორუფციის კვლევებითაა დაკავებული.

დონალდ ტრამპს ადრეც განუცხადებია, რომ კრიმინალურ მიგრანტთა დეპორტაციის განსახორციელებლად ეროვნულ გვარდიასა და სხვა ძალოვან სტრუქტურებს გამოიყენებს, თუმცა არსებობს მართლწესრიგის დამყარებაში სამხედრო ქვედანაყოფებით სარგებლობასთან დაკავშირებული ზოგიერთი იურიდიული საკითხი.

„მე პრეზიდენტობის პირველივე დღეს დავიწყებ დამნაშავეთა დეპორტაციას და ეს იქნება უდიდესი ოპერაცია აშშ-ის ისტორიაში“, - ხაზს უსვამდა დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, - „ამ მიზნით გამოვიყენებ 1798 წელს მიღებულ კანონს, რომლის თანახმად, პრეზიდენტს ეძლევა უფლებამოსილება მოახდინოს იმ უცხოელ მოქალაქეთა დეპორტაცია, რომლებიც აშშ-ის მიმართ მტრულად განწყობილად პირებად ითვლებიან“ (იგულისხმება ბანდებისა და დანაშაულებრივი კარტელების წევრები).

დონალდ ტრამპის გეგმა მოიცავს სახელმწიფო საზღვრების უმკაცრეს დაცვას და ამ მიზნით სამხედრო ძალების გამოყენებას - სახმელეთო და საზღვაო ბლოკადის სახით, კიბერინსტრუმენტებისა და სპეციალური რაზმების სახით.

„როცა ადამიანები ერთმანეთს კლავენ, როცა ნარკობარონები ქვეყნის ახალგაზრდობას ანადგურებენ, ჩვენ სხვა არჩევანი არ გვქვს.

ამ დროს ხარჯებზე ლაპარაკი უადგილოა. ასეთ სიტუაციაში ფასების პრეისკურანტი არ არსებობს. ჩვენ მათ გავაძევებთ და საკუთარ ქვეყნებში დავაბრუნებთ“, - ამბობს დონალდ ტრამპი ტელეარხ „ენ-ბი-სი“-სადმი (NBC) ინტერვიუში.

სხვათა შორის, დონალდ ტრამპის გეგმას დეპორტაციის თაობაზე მასობრივ პანიკას იწვევს ამერიკელ ფერმერებში, რომლებიც პერსონალისა და ბიზნესის დაკარგვის რისკის წინაშე დადგებიან. როგორც აშშ-ის საქმიანი იმიგრაციის კოალიციამ (ABIC) განაცხადა, თუ დონალდ ტრამპის გეგმა განხორციელდება, ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება 30-60 მილიარდი დოლარით შემცირდება.

სასოფლო-სამეირნეო პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოებისა და რესტორნების მფლობელები დონალდ ტრამპის გუნდს მოუწოდებენ, რომ ისარგებლოს მიდგომებით, რომლის დროსაც ბიზნესის მხარდაჭერაც მოხდება და სამუშაო ძალის შენარჩუნებაც.

წყარო