გია ხუხაშვილის ანალიზი: რას იზამს ოპოზიცია და როგორია ხელისუფლების სტრატეგია - "პროტესტი "სამზარეულოში" შევიდა...ქუჩის ლიდერების დეფიციტი გვაქვს" - კვირის პალიტრა

გია ხუხაშვილის ანალიზი: რას იზამს ოპოზიცია და როგორია ხელისუფლების სტრატეგია - "პროტესტი "სამზარეულოში" შევიდა... ქუჩის ლიდერების დეფიციტი გვაქვს"

"აქციები ისევ გაგრძელდება, სხვა ადგილას ან ისევ ჭავჭავაძეზე", - ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერებმა მას შემდეგ განაცხადეს, რაც პოლიციამ თსუ-ის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაწმინდა. როგორც საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ, კახა ბუხრაძემ განმარტა, პოლიციამ მომიტინგეების დაშლა იმიტომ დაიწყო, რომ 112-ში გზის გაწმენდის მოთხოვნით მრავალი შეტყობინება შევიდა.

„გზა ორი დღის განმავლობაში იყო პარალიზებული. ხალხი სამსახურში ვერ მიდიოდა... აქციის მონაწილეების რაოდენობა კი გზის გადასაკეტად საკმარისი არ იყო", - განაცხადა პოლიციის უფროსმა. გაფლანგა თუ არა უკვე ოპოზიციამ საზოგადოებაში არსებული საპროტესტო მუხტი, რამდენად სწორია ახლა ოპოზიციონერი ლიდერების სტრატეგია და არსებობს თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ საპროტესტო აქციებმა მხარდაჭერის ნაცვლად, ხალხის გაღიზიანება გამოიწვიოს? - ამ საკითხთან დაკავშირებით ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გვესაუბრება:

- გასაგებია, მესმის, როდესაც ოპოზიციური მუხტის გაფლანგვაზე საუბრობთ, პრობლემა არ გამქრალა. პროტესტი ისევ ძალაშია. უბრალოდ, იქიდან გამომდინარე, რომ სკეპტიციზმი საქართველოს ისტორიას ლაიტმოტივად გასდევს და ყველას გმირობას ვერ მოვთხოვთ,

პროტესტი "სამზარეულოში" შევიდა და პროცესების შემდგომ განვითარებას ელოდება.

ყველაფერი ორ ძირითად ფაქტორზეა დამოკიდებული, ერთი - პოლიტიკური ელიტა არ უნდა დანებდეს და ბოლომდე შეინარჩუნოს პრინციპულობა; მეორე - დასავლეთმა უნდა დაიწყოს უკვე კონკრეტული მოქმედებები, იმიტომ, რომ "სამზარეულოში" შეყუჟული პროტესტი ელოდება შეფასებებს - როგორ შეხედავს ევროპა იმ ყველაფერს, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება. თუ ევროპა „ქართულ ოცნებას“ რაღაცებზე თვალს დაუხუჭავს, ხალხი იფიქრებს, რომ პროტესტს აზრი არ აქვს.

ისიც უნდა ითქვას, რომ ქუჩის ლიდერების დეფიციტი გვაქვს. ეს ძალიან სპეციფიკური საკითხია, შესაბამისი ხასიათი და ქარიზმა საჭირო იმისათვის, რომ საპროტესტო მუხტის კაპიტალიზაცია მოხდეს და "სამზარეულოებში" შეყუჟული პროტესტი ქუჩაში გამოვიდეს.

ვერ ვიტყვი, რომ ამის მცდელობები არ არის, ნამდვილად ვხედავ, როგორც ცდილობენ დღევანდელი ოპოზიციური ლიდერები ქუჩის ლიდერებად ჩამოყალიბებას. შეიძლება ითქვას, რომ პროცესის შუაგულში ვიმყოფებით, ჯერ დასრულებული არაფერია. სხვათა შორის, ეს სკეპტიციზმი უცებ შეიძლება გაქრეს, თუ ახალი ფაქტორები გამოიკვეთა. ვფიქრობ, ჯერ ნაადრევია დასკვნების გამოტანა. საპროტესტო მუხტის მუდმივად, მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება, უბრალოდ, შეუძლებელია, როდესაც პროტესტი პერმანენტულ ხასიათს ატარებს და ბევრი რამ ჯერ კიდევ გაურკვეველია.

- ახალი ფაქტორი შეიძლება გახდეს თუ არა პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები და იზოლაციაში აღმოჩენის რისკი იზრდება და, ასევე, გარს არის მომდგარი ეკონომიკურ-ფინანსური კრიზისი?

- მართლაც, უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ამ პროცესში პრეზიდენტ ზურაბიშვილს. მან გუშინ ძალიან მძიმე განცხადებები გააკეთა, რაც დასავლეთშიც მოისმინეს.

უნდა ითქვას, რომ სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ავტორიტეტია, რომელსაც დღეს დასავლეთში უსმენენ და რომლისაც სჯერათ. საქართველოში კი ყველა იმას ელოდება, რას მოიმოქმედებს დასავლეთი.

- გუშინ, გვიან ღამით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, არა ერთი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, საქართველოსთან დაკავშირებით. მათ შორის აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგებმა ევროპაში დიდი შეშფოთება გამოიწვია, უკუსვლის გამო და ადგილზე ვითარების შესასწავლად ტექნიკურ მისიას გამოაგზავნის.

- ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესი იქნება გრძელვადიანი და ორ, სამ დღეში არაფერი გადაწყდება. ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლება მხოლოდ ერთადერთ ფაქტორს უწევს ანგარიშს - ეს არის ძალა. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ვისაც დიდი კუნთები აქვს, გამარჯვებულიც ის იქნება. შესაბამისად, უკანაც მხოლოდ მაშინ დაიხევენ, თუ მათზე ძლიერ ძალას დაინახავენ. „ქართულმა ოცნებამ“ უდიდესი ძალისხმევა ჩადო 2024 წლის არჩევნებში და მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც სამართლიანობას ითხოვს, ძალაუფლებას არ დათმობს. ისეთი ძალის დემონსტრირება, რომ ამ ხელისუფლებამ ანგარიში გაუწიოს, მხოლოდ დასავლეთს შეუძლია, ამისთვის შიდარესურსი საკმარისი არ არის. დასავლეთის მხრიდან ძალის დემონსტრირებას კი ირიბი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტი ექნება.

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- სისტემა შიგნიდან ჩამოიშლება. ბიძინა ივანიშვილი ქუჩაში თავად ხომ არ იბრძვის? ის სისტემას ეყრდნობა. თუ სისტემა მიიჩნევს, რომ ბიძინა საკუთარ პრობლემებს ვეღარ ართმევს თავს, საბოტაჟის მთელი რიგი პრეცედენტები შეიქმნება. ეს უკვე შეიძლება, ძალიან სერიოზული პრობლემა გახდეს ხელისუფლებისთვის.

- თქვენვე აღნიშნეთ, რომ ბორელის განცხადება, საქართველოში არსებული ვითარების შესწავლასთან დაკავშირებით, პროცესების განგრძობადობის მანიშნებელია. ეს ყველაფერი მაინც იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ევროპა ელოდება, როგორი პოზიცია ექნება ამერიკის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას საქართველოსთან დაკავშირებით და საბოლოო გადაწყვეტილებებსაც იმის მიხედვით მიიღებს?

- დიახ, ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოში არსებულ განწყობებს აკვირდება. ეს ყველაფერი კვერცხის და ქათმის ამბავს ჰგავს. ამ ორი ამბის სინქრონიზაცია უნდა მოხდეს. ერთი მხრივ, დასავლეთი ელოდება, როგორ განავითარებს ქართველი ხალხი პროცესს, მეორე მხრივ, ქართველი ხალხი ელოდება, რა ნაბიჯს გადადგამს დასავლეთი. შესაბამისად, მოქმედებაა საჭირო, ორივე მიმართულებით. ჯერჯერობით ჩანს, ოპოზიციონერი ლიდერები პრინციპულები არიან, მერე რას იზამენ, ამაზე თავს ვერ დავდებ. რაც შეეხება ევროპას და ამერიკას, ისინი გადაწყვეტილებს სინქრონიზებულად, ერთიანი სტრატეგიის ფარგლებში მიიღებენ. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამერიკაში გარდამავალი პერიოდია და ამა თუ იმ გადაწყვეტილებების მიღება შეფერხებულია, რაც ბუნდოვანებას ტოვებს, მაგრამ გამორიცხულია არაფერია. ჩვენ ვითარებას უნდა მივყვეთ და ყველაფერი გაირკვევა. ხელისუფლების სტრატეგია გასაგებია -

შიდაპროცესების მარგინალიზაცია, დასავლეთისთვის დამტკიცება, რომ ოპოზიცია არაფრის მაქნისია და შეიძლება მე მამაძაღლი ვარ, მაგრამ მაინც მე უნდა მელაპარაკო. რას იზამს დანარჩენი საზოგადოება და ოპოზიცია, ამის თქმა გამიჭირდება.

- და ბოლოს, საინტერესოა, რას ფიქრობთ, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილისგან გამოდიან მოლაპარაკებაზე, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან?

- ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, იმის თქმა კი შემიძლია, რომ ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის კობახიძესაც ჩარეცხავს, ბევრ სხვა ვინმესაც, მაგრამ არა მგონია, ბიძინა ისეთი ბრიყვი იყოს, რომ არ იცოდეს, კობახიძის გადაგდება პრობლემას ვერ გადაწყვეტს. შესაბამისად, კობახიძით ვაჭრობა არასერიოზულად მიმაჩნია.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)