"მთავარი ასაკი არ არის - მთავარია, შენი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ. არც ერთი მოპარული წელი არ მინდა იმიტომ, რომ ეს ჩემი ცხოვრებაა" - რას ჰყვ - კვირის პალიტრა

"მთავარი ასაკი არ არის - მთავარია, შენი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ. არც ერთი მოპარული წელი არ მინდა იმიტომ, რომ ეს ჩემი ცხოვრებაა" - რას ჰყვება ლალი მოროშკინა მილანსა და ნიცაში აღნიშნულ იუბილეზე?

ლალი მოროშკინას "მილანური არდადეგები"

ლალი მოროშკინა იმ ქალების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც წლები ვერაფერს აკლებს. 18 ნოემბერს მას 55 წელი შეუსრულდა და ეს ლამაზი თარიღი მილანში აღნიშნა:

- მე ასეთი ტრადიცია მაქვს: ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი დაბადების დღე ოჯახთან, ნათესავებთან და უახლოეს მეგობრებთან ერთად გადავიხადო, რომლებიც ევროპაში არიან გაფანტული. ჩემი დებიც შვეიცარიაში ცხოვრობენ, რის გამოც, ძალზე იშვიათად ვახერხებთ ერთად თავმოყრას. ძირითადად, დღესასწაულებზე ვიკრიბებით და ჩემი დაბადების დღეც, ასეთი დღესასწაული გახდა: 18 ნოემბერს ჩემი დაბადების დღე მილანში აღვნიშნეთ. ეს ჩემთვის მართლაც ლამაზი, დაუვიწყარი დღე იყო. ამას წინ კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი უძღოდა: წელს კიდევ ერთი ოცნება ავისრულე და ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის რესტორანი გავხსენი სიღნაღში - ეს ხანგრძლივი მოლაპარაკების და მუხლჩაუხრელი შრომის შედეგი იყო. იმის გამო, რომ ძალიან დიდი ჯაფა გავწიე, მივხვდი, რომ ცოტა ხნით უნდა დამესვენა.

moroshkina-1732010829.jpg

- დაბადების დღის აღსანიშნავად მილანი რატომ აირჩიეთ?

- ეს ჩემი მეგობრების იდეა იყო: მილანში, ერთ-ერთ ფეშენებელურ რესტორანში, ჩემმა უახლოესმა მეგობრებმა მაგიდა დაჯავშნეს, დამირეკეს და მითხრეს: ჩვენ არ ვიცით, 18 ნოემბერს აქ უნდა იყოო. აი, ასე, "ძალდატანებით" აღმოვჩნდი მილანში, სადაც ძალიან ლამაზი დაბადების დღე გადამიხადეს. იმის გამო, რომ ნიცაში მცხოვრები ჩემი ნათესავები აღშფოთდნენ, გადავწყვიტე, ნიცაშიც ჩავიდე, დაბადების დღე იქაც აღვნიშნო და მათაც, გული არ დავწყვიტო. ასეთი მხიარული არდადეგები მოვიწყე იმიტომ, რომ ადამიანმა, რომელიც ჩემსავით ბევრს შრომობს, პერიოდულად აუცილებლად უნდა გამონახოს დრო განტვირთვისა და დასვენებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ძალები აღარ გეყოს და გადაიწვა. ხშირად ვამბობ, რომ სიღნაღის სასტუმროში დამლაგებელიც მე ვარ, დირექტორიც, დამფუძნებელიც და მტვირთავიც. როცა ასეთი რიტმით მუშაობ, დასვენება აუცილებელია. რატომ მაინც და მაინც მილანი? - ჩემს მეგობრებზე უკვე გიამბეთ, მაგრამ ამავდროულად, მე ძალიან დიდი ყურადღებით ვუსმენ ჩემს მეგობარს, მიშა ცაგარელს, რომელსაც ასეთი რამ აქვს ნათქვამი: თუ გსურს, რომ შენს ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეები მოხდეს, დაბადების დღეს სხვა ქვეყანაში უნდა შეხვდეო. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი დაბადების დღე მილანსა და ნიცაში აღმენიშნა.

moroshkina-5-1732010853.jpg

- წლები გადის, როგორ ახერხებთ, რომ ისევ მოხდენილად და კარგად გამოიყურებით?

- ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი ფიზიკური შრომის შედეგია. ჩემთვის შრომა ბავშვობიდან არახალია, ჯერ კიდევ 15 წლის ვიყავი, როცა ვმუშაობდი და დღესაც ასეა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული რეჟიმი მაქვს, არასდროს ვწუწუნებ და ფარ-ხმალს არ ვყრი, არც ის მგონია, რომ ჩემი გასაკეთებელი სხვამ უნდა გააკეთოს. ალბათ, იმიტომაც მიმართლებს, რომ პატარ-პატარა დამარცხებებს არ ვეგუები, კარგად ვიცი, რომ დაღმართს აუცილებლად აღმართი მოჰყვება და ყოველთვის იმედით ვცხოვრობ. როცა ადამიანი გამარჯვებაზეა ორიენტირებული, საბოლოო ჯამში, მაინც გაუმართლებს, შეიძლება ეს გამართლება გვიან მოვიდეს, შეიძლება ისეთ დროს მოვიდეს, როცა უკვე აღარც გინდა, მაგრამ ის აუცილებლად მოვა.

moroshkina-3-1732010882.jpg

- არა ერთი ქალი 45-50 წელს რომ გადააბიჯებს, ითრგუნება და ფიქრობს, რომ მისი დრო წავიდა. რას ეტყოდით ასეთ ქალებს?

- მთავარი ასაკი არ არის, მთავარია, შენი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ - რამდენად შეგიძლია, რომ სიტუაცია შეაფასო და სიმართლეს თვალი გაუსწორო. მე ვიცი ჩემი თაობის ძალიან ბევრი ლამაზი გოგო, რომელიც ისე ჩაქრა, რომ ვერც კი ამობრწყინდა, რატომ? - ზოგს ძალა არ ეყო, ცხოვრებისეული გამოცდებისთვის გაეძლო, ბევრმა ვერ გაუძლო ბულინგს და განკითხვას, რომელიც ჩვენს სამყაროში ყოველ ნაბიჯზე გხვდება. ვისაც შინაგანი ძალა ეყო, მათ ამ ყველაფერს გაუძლეს და გადარჩნენ. ცხოვრება თავისებური გამოცდაა და რა უფლება გვაქვს, რომ ვერ გავუძლოთ? სამწუხაროა, როცა ადამიანი ამ გამოცდას ვერ უძლებს და თვითგვემას იწყებს. არ მესმის, რატომ, ვისი, ან რის გულისთვის უნდა დაითრგუნოს ქალმა თავი!

moroshkina-4-1732010917.jpg

ადამიანი მხოლოდ საუკეთესოსკენ უნდა იყოს მიმართული და ადრე თუ გვიან თავის მიზანს მაინც მიაღწევს. ისიც მჯერა, რომ ყველა განსაცდელს ღმერთი გვიგზავნის და ყველაფრის მადლობელი ვარ. თუ ღმერთი მოისურვებს, რომ უფრო მეტი მომცეს, მე ამისიც მადლობელი ვიქნები და თუ ასე არ მოხდება, მაინც მადლობელი ვიქნები - ასეთი მიდგომა ძალიან მამშვიდებს და მაძლიერებს. რაც შეეხება ასაკს, ნაოჭებს და გარეგნობას, არ შეიძლება ამის გამო ქალმა თავი დაითრგუნოს. ჩემ ირგვლივ არ მეგულება ქალი, რომელსაც თავისი, განსაკუთრებული ხიბლი არ ჰქონდეს. მერილ სტრიპი, მაგალითად, ერთ-ერთი შეუხედავი ქალი იყო ჰოლივუდში, მაგრამ დღეს ძალიან ბევრ ლამაზმანზე უფრო მომხიბლავია. თუნდაც, ბარბარა სტრაიზანდი გავიხსენოთ: მიიჩნევდნენ, რომ მას ეკრანთან შეხებაც კი ვერ ექნებოდა, იმდენად შეუხედავი იყო, მაგრამ ვხედავთ, რომ დროს გაუძლო და დღესაც აქტუალურია.

- და ბოლოს, რას ნიშნავს თქვენთვის 55 წელი?

- ეს მხოლოდ ციფრებია და სხვა არაფერი. დანამდვილებით ვიცი, რომ ეს ის ასაკია, როცა მოდუნება და გაჩერება არ შეიძლება, პირიქით, უფრო მეტი უნდა შექმნა, მეტი იშრომო... შვილები გაიზარდნენ, შვილიშვილებიც და უნდა შეძლო შენი პოტენციალი და გამოცდილება, რომელიც ამ წლების განმავლობაში დაგიგროვდა, მთლიანად საქმისთვის გამოიყენო. მერე კი, ცხოვრება გაჩვენებს, რა როგორ წავა. ყველამ ვიცით, რომ არსებობს ბავშვობა, სიყრმის ასაკი, ზრდასრულობა და მოხუცებულობა.

moroshkina-1-1732010689.jpg

ადამიანისთვის ყველა ეს ასაკი მისაღები უნდა იყოს. პირიქით, ბედნიერი უნდა იყო, თუ გარკვეულ ასაკს გადააბიჯე, თუ შენი შვილების და შვილიშვილების სიცოცხლით ტკბები. თუ ეს არ შეგიძლია, ესე იგი, პრობლემა შენშია. ადამიანი უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ მუდმივი ახალგაზრდობა არ არსებობს. უკვე 55 წლის ვარ და ჩემი ასაკი არასდროს დამიმალავს. არც ერთი მოპარული წელი არ მინდა იმიტომ, რომ ეს ჩემი ცხოვრებაა, ჩემი განვლილი წლებია, რომელმაც ბევრი განსაცდელი მომიტანა, მაგრამ ამავე დროს, ბევრი მშვენიერი მოგონება დამიტოვა.

ხათუნა ჩიგოგიძე

(სპეციალურად საიტისთვის)