"გასტრო ბათუმის“ ფარგლებში კულინარიული მასტერკლასები მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

"გასტრო ბათუმის“ ფარგლებში კულინარიული მასტერკლასები მიმდინარეობს

ბათუმში მეორე გასტრონომიული ფორუმი „გასტრო ბათუმი“ მიმდინარეობს. მიშლენის ვარკვლავის მქონე რესტორნების შეფები საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან და შვეიცარიიდან ადგილობრივ მზარეულებს ხორცის, თევზისა და დესერტების მომზადების მასტერკლასს უტარებენ. სამი დღის განმავლობაში, აჭარაში მოქმედი სხვადასხვა რესტორნებისა და კვების ობიექტების მზარეულები უცხოელი კოლეგებისგან კერძების მომზადების თანამედროვე ტექნიკებს, სტანდარტებსა და გამოცდილებას ეცნობიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გასტრონომიულ ფორუმს „გასტრო ბათუმი“ რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და აჭარული კერძების სარესტორნო ქსელებში დანერგვის მიზნით ატარებს.

ფორუმის პირველ დღე ისეთ მნიშვნელოვან თემებს დაეთმო, როგორიცაა კულინარიის როლი ტურიზმის განვითარებაში და ქართული გასტრონომიული ტურიზმის ტენდენციები და გამოწვევები. სპიკერებს შორის იყო გასტრონომიის საერთაშორისო ექსპერტი სებასტიან რიპარი, საფრანგეთის კულინარიისა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის უმაღლესი სკოლის „FERRANDI Paris“ შეფ ინსტრუქტორი სტეფან იაკიჩი, ამავე სკოლის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი ნიკოლოს კალიარდი, ასევე მსოფლიო მასშტაბით აღიარებული კონდიტერი ნიკოლა გერსოი და საერთაშორისო კულინარიის ექსპერტი ბერტრან ვალეჟა. ადგილობრივ სპიკერებიდან კი ფორუმში მონაწოლეობდა ბრენდ შეფი, მანუელ ფაუნდეს ბარანდა, წისქვილი ჯგუფის ბრენდ შეფი ალექსანდრე ნათაძე, სასტუმრო ბიზნესის ექსპერტი მაია წერეთელი, Gault&Millau საქართველოს დამფუძნებელი მია კუპრავა და რესტორანი ოცი-ს შეფ მზარეული და დამფუძნებელი გიორგი ნინუა.

467343236-958891569600288-2674295359615164714-n-1732005467.jpg

ფორუმის ფარგლებში ადგილობრივმა მზარეულებმა სტუმრებს აჭარული სამზარეულოს საჩვენებელი კულინარიული მასტერკლასი (6 COURSE მენიუს პრეზენტაცია და დაგემოვნება) შესთავაზეს. მათ შორის იყო ისეთი ტრადიციული აჭარული კერძები, როგორიცაა სინორი, ბორანო, იახნი და ქაფშია ტაღანაი. ასევე მომზადა უცხოელი მზარეულების მასტერკლასების ვიდეორეცეპტები, რომელთა ნახვა მსურველებს serviceajara.ge-ზე შეეძლებათ. ფორუმს ადგილობრივი შეფები, მზარეულები, რესტორატორები და ზოგადად, გასტრონომიულ ტურიზმში ჩართულ პირები ესწრებოდნენ. „გასტრო ბათუმი“ 16 ნოემბერს გაიხსნა და დღეს დასრულდება.

NS