პუტინის პირადი კილერი - კაცი, რომელმაც, სავარაუდოდ, ბორის ბერეზოვსკისა და ბადრი პატარკაციშვილის ყველა საიდუმლო იცოდა
2000 წლიდან, ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური ფიგურის გაძლიერების პარალელურად, განსაკუთრებით იმატა შეკვეთილმა მკვლელობებმა და “ტრაგიკულმა შემთხვევებმა”, რის შედეგადაც პუტინის პოლიტიკური ოპონენტები და ყველაზე რეალური კონკურენტები, რუსეთში და მის საზღვრებს გარეთ, საიდუმლო ვითარებაში იღუპებიან. დღეისთვის ცნობილია სამ ათეულამდე ამგვარი შემთხვევა და კიდევ რამდენი „ფანჯრიდან გადმოვარდნის“, „საკვებით მოწამლვის“ და „თვითმკვლელობის“ ფაქტი დარჩა სათანადო ყურადღების მიღმა, ეს ჯერ დაუდგენელია.
ძნელად დასაჯერებელია, თუმცა ფაქტია, რომ XXI საუკუნეში რუსეთის დიქტატორი ძალზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ხშირად არა ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობილი რაციონალური გათვლებით, არამედ - სუბიექტურად, პირადი სიმპათია-ანტიპათიის საფუძველზე იღებს. ეს ეხება, როგორც უმნიშვნელოვანეს გეოსტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, ასევე, პუტინისთვის მიუღებელი პოლიტიკოსების ლიკვიდაციას. ამას კი თავად რუსეთისთვის მოაქვს სერიოზული ზიანი.
2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაზე თავდასხმა და თითქმის სამი წლის მანძილზე მიმდინარე ომი, ჩემი აზრით, საბოლოოდ რუსეთის იმპერიის დაშლის ობიექტური საფუძველი გახდება. უკრაინაზე თავდასხმა პუტინის ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო, რამაც რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი პირებიც კი შოკში ჩააგდო (თუნდაც თავდასხმის დღეს საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, საქართველოს „დიდი გულშემატკივარის“, სერგეი ნარიშკინის გაოგნებული სახე და აბდაუბდა გამოსვლა გავიხსენოთ).
მსოფლიოს დასანახად პუტინმა სამხრეთ კავკასიის „გეოპოლიტიკური რუკა“ საკუთარი ხუშტურებით შეცვალა: 2008 წელს და 2022 წელსაც.
რუსეთის დიქტატორს სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიმართ ისეთი პიროვნული ანტიპათია ჩამოუყალიბდა, რომ ამ შუღლს სომხეთთან საუკუნეების მანძილზე დალაგებული სტრატეგიული ურთიერთობები ანაცვალა. ამ რეალობის გათვალისწინებით, ადვილი წარმოსადგენია, თუ რამდენად უმნიშვნელოა პუტინისთვის „ვიღაც“: იანდარბიევის, პოლიტკოვსკაიას, ლიტვინენკოს, ბერეზოვსკის, ნემცოვის, სკრიპალის, ხანგოშვილის ან ნავალნის ლიკვიდაციის განკარგულების გაცემა.
2004 წლის 13 თებერვალს ყატარის დედაქალაქ დოჰაში ჩეჩნეთის ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ზელიმხან იანდარბიევის ლიკვიდაციის ოპერაციის შემდეგ, პუტინმა „მცირედი დისკომფორტი“ განიცადა. ის იძულებული იყო ამ ტერორისტული ოპერაციის შემსრულებლები, რომლებსაც ყატარში 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და 2004 წლის 23 დეკემბერს ყატარიდან რუსეთში იყვნენ ექსტრადირებული, მცირე ხნით საპატიმროში ჩაესვა. ამ ფაქტის შემდეგ პუტინმა გადაწყვიტა “დე იურე” დაემტკიცებინა ის, რასაც “დე ფაქტო” აკეთებდა ანუ პოლიტიკური მკვლელობების და ტერაქტების ჩატარება (ბუნებრივია, საზღვარგარეთ, თორემ რუსეთში რაც და როგორც უნდათ, იმას აკეთებენ) ოფიციალურად დაეკანონებინა.
2006 წლის ივნისის ბოლოს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში, დახურულ კარს მიღმა განიხილეს და მალევე დაამტკიცეს რუსეთის სპეცსამსახურების “სპეცნაზებისთვის” საზღვარგარეთ სპეცოპერაციების ჩატარების ნებადამრთველი კანონი.
ასე რომ, 2006 წლის ზაფხულიდან რუსეთის სპეცსამსახურების (საგარეო დაზვერვის, ეფ-ეს-ბეს და გე-ერ-უს ) კილერებს უკვე ოფიციალურად შეუძლიათ ტერორიზმში და სხვა სახელმწიფო დანაშაულში სასამართლო პროცესზე დაუსწრებლად გასამართლებულების და სიკვდილმისჯილების მიმართ განაჩენის სისრულეში მოყვანა. ეს კილერები რუსეთის ტერიტორიაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან, თანაც, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაშიც კი, მათ არც სხვა ქვეყანას გადასცემენ. რუსეთში კი პატივი და „კარგი ცხოვრება“ გარანტირებული ექნებათ.
შენი ქვეყნის სპეცსამსახურს შენვე მიანიჭო სხვა სუვერენულ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე (ამ ქვეყანასთან შეუთანხმებლად) სპეცოპერაციების (თუნდაც ტერორისტთა და მათი ბაზების ლიკვიდაციის) ჩატარების უფლება, ეს სკანდალური გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა და ნონსენსია. თუმცა ამას ყურადღებას რუსეთში ვინ აქცევს? რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებული კანონი სრული ინდულგენციაა რუსი კილერებისთვის, რაც 2006 წლის ნოემბერშივე დადასტურდა.
მანამდე კი, 2006 წლის 12 ოქტომბერს, ალექსანდრე ლიტვინენკოს (რომელიც უკვე ექვსი წელი ითხოვდა და ბოლოს ეღირსა) დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა მიანიჭეს. ლიტვინენკომ, უსაფრთხოების მიზნით, გვარიც შეიცვალა: ის „ედვინ კარტერი“ გახდა. თუმცა მისი ლიკვიდაცია უკვე გადაწყვეტილი იყო კრემლში და „წამზომიც ჩაირთო“. ლიტვინენკო ფრთხილობდა, იცოდა, „პუტინის კილერები“ ლონდონშიც ადვილად მისწვდებოდნენ, ამიტომ მხოლოდ კარგად ნაცნობ ადამიანებს ხვდებოდა. ერთ-ერთი ასეთი იყო ანდრეი ლუგოვოი, რომელსაც ლიტვინენკო ბერეზოვსკისა და პატარკაციშვილის ერთგულ პიროვნებად თვლიდა და ენდობოდა.
ანდრეი ლუგოვოი 1987 წელს, სამხედრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, კა-გე-ბეს მე-9 სამმართველოში („სამთავრობო დაცვა“) მსახურობდა, 1991-1996 წლებში კი - „რუსეთის ფედერაციის დაცვის ფედერალური სამსახურის“ ოფიცერი იყო და რუსეთის პრემიერ-მინისტრის პირად დაცვაში მსახურობდა. შემდეგ ის ბერეზოვსკი-პატარკაციშვილის ბიზნესსტრუქტურების დაცვას ხელმძღვანელობდა, 2001-2006 წლებში კი პატარკაციშვილის პირადი დაცვის უფროსიც იყო.
ანდრეი ლუგოვოი და ბორის ბერეზოვსკი
2006 წლის 1 ნოემბერს, დღის ოთხ საათზე, ლონდონის სასტუმრო “მილენიუმის” ბარში ლიტვინენკო ანდრეი ლუგოვოისა და დიმიტრი კოვტუნს შეხვდა.
საბჭოთა გენერლის შვილი დიმიტრი კოვტუნი, ლუგოვოისთან ერთად სწავლობდა სამხედრო სასწავლებელში და შემდეგ საბჭოთა არმიის ოფიცერი იყო, მსახურობდა ჩეხოსლოვაკიასა და აღმოსავლეთ გერმანიაში. 1990 წლის ბოლოს დასავლეთ გერმანიაში გაიქცა და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა იმ მიზეზით, რომ თურმე, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტებში არ უნდოდა მონაწილეობის მიღება, თანაც უარი თქვა სამხედრო კარიერაზე. ჩემი აზრით კი, ეს იყო საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ დასავლეთ გერმანიაში დიმიტრი კოვტუნის „ჩანერგვის“ ოპერაცია. კოვტუნი წლების მანძილზე გერმანიასა და რუსეთში „ბიზნესმენობდა“ .
დიდი ბრიტანეთის „სქოთლანდ იარდის“ ანტიტერორისტული დანაყოფის ინფორმაციით,
2006 წლის 1 ნოემბერს, სასტუმრო Millennium-ის ბარში ანდრეი ლუგოვოიმ ალექსანდრე ლიტვინენკოს ჩაის ფინჯანში რადიოაქტიური ნივთიერება - პოლონიუმ-210-ის ხსნარი შეურია.
ლუგოვოი-კოვტუნის დუეტთან შეხვედრის შემდეგ ლიტვინენკომ თავი ცუდად იგრძნო და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სამ კვირაში გარდაიცვალა.
ანდრეი ლუგოვოი და დიმიტრი კოვტუნი. ისინიც ჩაის მიირთმევენ?
ბრიტანეთის საგამოძიებო სტრუქტურებმა ბევრი ადამიანი დაჰკითხეს, მათ შორის იყო ბადრი პატარკაციშვილიც, რომელმაც გამომძიებლებს განუცხადა, რომ ლუგოვოი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა მისი უსაფრთხოების საკითხებს, თუმცა 2006 წელს მილიარდერმა უარი თქვა ლუგოვოისთან თანამშრომლობაზე, რადგანაც საქართველოში რუსი დაცვის თანამშრომელი არ იყო საუკეთესო ვარიანტიო. ფაქტია, რომ წლების მანძილზე ანდრეი ლუგოვოი ბერეზოვსკი-პატარკაციშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო და მათი ყველა საიდუმლო იცოდა. როგორ ფიქრობთ, ვლადიმერ პუტინი არ გამოიყენებდა ამ გარემოებას? რა თქმა უნდა: ანდრეი ლუგოვოი ოფიციალურად თადარიგში იყო გასული, სინამდვილეში კი კვლავ ეფ-ეს-ბეს დავალებებს ასრულებდა. ლიტვინენკოს ლიკვიდაციაც ამგვარი დავალება იყო, რომლის შესრულებასაც პირადად პუტინი აკონტროლებდა.
ბადრი პატარკაციშვილი, ბორის ბერეზოვსკი და ანდრეი ლუგოვოი. 1999 წლის 1 დეკემბერი.
დიდი ბრიტანეთის “სქოთლანდ-იარდის” გამომძიებლები რუსეთის ხელისუფლების მხრიდან დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ, მთავარი ეჭვმიტანილების - ანდრეი ლუგოვოისა და დიმიტრი კოვტუნის დასაკითხად წარდგენის საკითხში.
2007 წლის ივლისში დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ლუგოვოის, როგორც ბრიტანეთის მოქალაქის - ლიტვინენკოს მკვლელობაში ეჭვმიტანილის ექსტრადირება მოსთხოვა. რუსეთის ხელისუფლებამ თავისი მოქალაქეების ექსტრადირების კონსტიტუციური აკრძალვის მოტივით, უარი თქვა ლუგოვოის ექსტრადირებაზე, რამაც გამოიწვია დიპლომატიური კონფლიქტი: გაერთიანებული სამეფოდან 4 რუსი დიპლომატი გააძევეს. საპასუხოდ, რუსეთიდანაც ოთხი ბრიტანელი დიპლომატი გააძევეს. ამასთან ერთად რუსეთის ხელისუფლებამ მთავარი ეჭვმიტანილისთვის სასჯელის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი გააკეთა და ანდრეი ლუგოვოი 2007
ანდრეი ლუგოვოი და ბადრი პატარკაციშვილი
წლის სექტემბერში „ჟირინოვსკის პარტიის“ სიით რუსეთის სათათბიროს (პარლამენტის) წევრად აირჩიეს. იგივე განმეორდა 2011, 2016 და 2021 წლებში.
წლების მანძილზე დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ამაოდ ითხოვდა ლიტვინენკოს მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილის, ანდრეი ლუგოვოის დასაკითხად წარდგენას.
თუმცა მოსკოვი ამ ბრალდებას აბსურდულს უწოდებდა. რუსეთის ხელისუფლებამ აშკარა თვითლუსტრაცია მაშინ მოახდინა, როცა “უდანაშაულო” ლუგოვოი სასწრაფოდ რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს შეაფარა და რუსეთის სათათბიროს უშიშროებისა და კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გაამწესა. 2015 წლის მარტში კი ანდრეი ლუგოვოი “სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის” სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვეს.
2016 წელს დასრულდა გამოძიება და დიდი ბრიტანეთის სასამართლომ ლიტვინენკოს მკვლელობა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ შესრულებულ მკვლელობის აქტად შეაფასა, რომელიც რუსეთის ხელისუფლების დავალებით განხორციელდა.
სასამართლოს განაჩენში აღნიშნულია, რომ ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობა ანდრეი ლუგოვოიმ და დიმიტრი კოვტუნმა განახორციელეს, ოპერაციის ფარგლებში, რომელსაც, სავარაუდოდ, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ხელმძღვანელობდა. სასამართლომ რუსეთს ლიტვინენკოს ქვრივის - მარია კარტერის (ლიტვინენკოს) მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100 000 ევროს, სხვა ხარჯებისთვის კი - 22 500 ევროს გადახდა დააკისრა.
2016 წლის 21 იანვარს დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე სერ რობერტ ოუენმა ალექსანდრე ლიტვინენკოს საქმის საჯარო გამოძიების შედეგების გამოცხადებისას აღნიშნა: სასამართლომ დაადგინა, რომ ლიტვინენკო მოკლეს “რუსეთის ხელისუფლების აგენტებმა” - ანდრეი ლუგოვოიმ და დიმიტრი კოვტუნმაო. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რაც ოუენმა შემდეგ განაცხადა:
ლიტვინენკოს მკვლელობა, სავარაუდოდ, დაამტკიცეს პირადად ეფ-ეს-ბეს ხელმძღვანელმა ნიკოლაი პატრუშევმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაო.
სტრასბურგში, ECHR-ის მიერ გამოტანილი განაჩენის მიხედვით, ლუგოვოი არის ალექსანდრე ლიტვინენკოს მოწამვლის უშუალო დამნაშავე. მას დაწესებული აქვს ევროკავშირის ქვეყნების, აშშ-ის, კანადის, შვეიცარიის, ავსტრალიის, იაპონიის, უკრაინის და ახალი ზელანდიის პერსონალური საერთაშორისო სანქციები.
დიმიტრი კოვტუნი 2022 წლის 4 ივნისს გარდაიცვალა: ოფიციალური ვერსიით კოვიდის გართულების შედეგად. „პოლიტიკოსი-კილერი“ ანდრეი ლუგოვოი კი დღემდე დაუსჯელია და ცხოვრებით ტკბება: ფლობს რესტორნებს, 2012 წელს მესამედაც დაქორწინდა: მისი რჩეული 24 წლით უმცროსი ქსენია პეროვაა.
პარალელურად, „პუტინის კილერი“ გეოპოლიტიკურ საკითხებსაც „ეთამაშება“:
2023 წლის ზაფხულში ანდრეი ლუგოვოიმ გამოაქვეყნა „სპეციალური გამოძიების შედეგები“ იმ ბრიტანული ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც, თურმე, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით „ჰიბრიდულ ომს“ აწარმოებენ რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის, „საქართველოს პლაცდარმიდანო“. ლუგოვოი ასახელებს ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა: Zinc Network, BBC, British Council, TRF, CSSF და მათ... რუსოფობიაში და დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ამაზეა ნათქვამი: „ჩემი შენ გითხარიო“...
უკვე ათწლეულებია, რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი ცდილობს, მსოფლიოს დაანახოს, რომ არც საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებს ემორჩილება და არც სხვა ქვეყნების აზრი აინტერესებს. კეთილი და პატიოსანი: ეს მისი არჩევანია, თუმცა ამის შედეგად რუსეთი მარგინალურ ქვეყნად რომ აქცია, ესეც ხომ რეალობაა?! ისიც ხომ ფაქტია, რომ რუსეთის იმპერია არასდროს ყოფილა კატასტროფასთან ისე ახლოს, როგორც დღეს?!