ფინალის ტოლფასი მატჩი - კვირის პალიტრა

ფინალის ტოლფასი მატჩი - რეპორტაჟი ჩეხეთიდან: როგორ ემზადება საქართველოს ნაკრები

უკრაინის ნაკრებთან ნათამაშები ფრეს შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ბათუმის აეროპორტიდან ჩეხეთში გაემგზავრა - წლის ბოლო მატჩის გასამართად.

ბრნოში 17 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 17:00-ზე ჩავფრინდით და ჩეხეთი-საქართველოს მასპინძელ ქალაქ ოლომოუცში გავემგზავრეთ (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და სფფ-სთან. სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგია, ეროვნული ნაკრების გასვლითი მატჩების გაშუქების შესაძლებლობა რომ გვეძლევა). ჩრდილოეთ მორავიის მხარის ქალაქი ოლომოუცი ჩეხეთის ერთ-ერთ ყველაზე ცივი ადგილია და ამაში თვითონ დავრწმუნდი - დღისითაც კი საკმაოდ ცივა, დღევანდელი მატჩის დროს კი, ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება, მოსალოდნელია მცირე წვიმაც...

467586615-550491171074232-5098228313712789620-n-1732016735.jpg
ფოტო: ეროვნული ნაკრები

ოლომოუცი, რომელიც სიდიდით ჩეხეთის მეხუთე-მეექვსე ქალაქია, არის სატრანსპორტო კვანძი და ხელოსნობის ძველი ცენტრი, ამჟამად კი მნიშვნელოვანი სამრეწველო ქალაქი. ოლომოუცი ჩეხეთის ქალაქ-ნაკრძალი გახლავთ. ასევე, ცნობილია ადგილობრივი უნივერსიტეტითაც. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ის ადგილობრივი "სიგმას" მშობლიურ არენაზე - სტადიონ "ანდრუვზე" გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

"ანდრუვ სტადიონის" ტრიბუნები 12 500 მაყურებელს იტევს და დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ მათ შორის, რადენიმე ათასი ქართველიც იქნება!

ვილი სანიოლის გუნდმა (ტრავმირებული საბა გოგლიჩიძის გარდა, გაფართოებულ შემადგენლობაში გამოძახებული ყველა, 23 მოთამაშე მწყობრშია) "ანდრუვზე" გუშინ საღამოს ივარჯიშა, იქამდე კი, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და ლუკა ლოჩოშვილმა ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

whatsapp-image-2024-11-19-at-1452-1732016795.01_2a467840.jpg

ვილი სანიოლი: "ჩეხებთან პირველი თამაშისგან განსხვავებული მატჩი გველის. ბოლო პერიოდში ჩეხეთის ნაკრებში ბევრი მოთამაშე და სათამაშო სტილი შეიცვალა. თუმცა, ჩვენთვის მთავარია არა ჩეხეთის ნაკრების თამაში, არამედ ის, თუ როგორი მოტივაციითა და ამბიციით დავიწყებთ ამ შეხვედრას ჩვენ. ხვალ ჯგუფის დასკვნითი და ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. ამიტომ დისციპლინის დაცვით და ამავდროულად ამბიციურად უნდა ვითამაშოთ.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაახლოებით ხუთი წლის წინ საქართველოს ნაკრები D ლიგაში ასპარეზობდა. შემდეგ კი, ორჯერ დავწინაურდით და ყოველ ჯერზე უფრო ძლიერ მეტოქეებს ვეთამაშებოდით. A ლიგაში გადასვლის შემთხვევაში, თითოეული მატჩი საუკეთესო ნაკრებების წინააღმდეგ გვექნება. ახლა ნამდვილად არ ვიცი, მზად ვართ ამისთვის თუ არა, თუმცა ძალიან მინდა ძალების მოსინჯვა ასეთ დონეზე. ასეთი დონის მეტოქეებთან თამაში ჩვენი ფეხბურთელებისთვის შესანიშნავი გამოწვევა იქნება. სწორედ ასე სწავლობ და აგრძელებ განვითარებას. მეც და ფეხბურთელებსაც ყოველთვის მეტი გვსურს. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანი ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვებაა, რადგან A ლიგაში გადასვლა გვსურს.

467586615-550491171074232-5098228313712789620-n-1732016735.jpg
ფოტო: ეროვნული ნაკრები

ვეცდებით, კონცენტრირებული ვიყოთ იმაზე, რაც კარგად ვიცით. წარსულშიც ვაჩვენეთ, რომ ნებისმიერი გუნდისთვის შეგვიძლია ძალიან უხერხული მეტოქე ვიყოთ, რომელიც თავს კომპაქტურად იცავს და სწრაფად უტევს. თუ მოგება გინდა, შენი ძლიერი მხარეები მაქსიმალურად უნდა წარმოაჩინო და სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებთ".

ლუკა ლოჩოშვილი: "ძალიან სასიამოვნოა, როდესაც პირველ თამაშს დამაჯერებლად იგებ, მაგრამ ხვალ განსხვავებული მატჩი გველის. პირველ რიგში, ჩვენ თავზე უნდა ვკონცენტრირდეთ.

მეტოქეს საშინაო კედლები დაეხმარება, მაგრამ აქ მოსაგებად ვართ ჩამოსულები.

მნიშვნელოვანია, რომ ერთა ლიგაზე ყოველთვის ვპროგრესირებთ და ამჟამად ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის. ყველა თამაშზე მოსაგებად, მაქსიმალური შედეგისთვის გავდივართ. სასიამოვნოა, როდესაც ჯგუფის მოგებას მხოლოდ ერთი გამარჯვება გაშორებს. ფეხბურთელი მსგავს თამაშებში მონაწილეობაზე უკეთესს ვერაფერს ინატრებს. თითოეულ მოთამაშეს ეს გათავისებული აქვს. ყველას გვსურს პროგრესი გაგრძელდეს და ვფიქრობ, რომ თამაში ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება. სასიამოვნო ტრადიციას არ დავარღვევთ და A ლიგაში გადავალთ.

ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი ორი მატჩია ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა წარმატება ვუსურვო ახალგაზრდულ ნაკრებს. ვიმედოვნებ, ორივე თამაში ჩვენი გამარჯვებით დასრულდება და მთელი ქვეყანა ბედნიერი იქნება გულშემატკივრებისგან ძალიან დიდ სითბოს ვგრძნობთ. კარგი კავშირია ფეხბურთელებს და გულშემატკივარს შორის, რაც ორმაგ სტიმულს გვაძლევს. ვიმედოვნებ, რომ ასე დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება".

შეგახსენებთ, რომ გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ჯგუფის გამარჯვებული გახდება და ერთა ლიგის A ლიგის საგზურს მოიპოვებს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟის ნახვა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე შეგიძლიათ.

(სპეციალურად საიტისთვის - ოლომოუციდან)

TOP.GE