მძიმე ღამე მელიქიშვილზე, დაშლა და "გადაგეგმვა" - როდის განაცხადებს ოპოზიცია ახალ გეგმებზე?
დღეს გამთენიისას პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირზე მყოფი მომიტინგეები კიდევ ერთხელ დაშალა. სამართალდამცველებმა ღონისძიება დაახლოებით დილის 06:00 საათზე დაიწყეს. მომიტინგეებმა მელიქიშვილისი გამზირის გავლით, ფილარმონიის მხარეს დაიხიეს.
ოპოზიციის ლიდერებმა მომიტინგეებს მოუწოდეს, რომ „ძალების მოსაკრებად“ დროებით დაშლილიყვნენ.
„შევძელით ის, რომ დავიბრუნეთ ლოკაცია, საიდანაც პოლიციამ გუშინ იძულებით გაგვიყვანა. მადლობა მათ, ვინც მთელი ღამის განმავლობაში იდგა აქციებზე. ვითხოვეთ, რომ ცოტა ძალები მოვიკრიბოთ, ვინც ამ პროტესტში იღებდა მონაწილეობას. გვჭირდება ინფრასტრუქტურულად მომზადება, ჩვენი მანქანები და ტექნიკა წაღებულია, ასევე ღამის გასათენებელი საშუალებები. ძალებს მოვიკრებთ. რამდენიმე ვერსია გვაქვს და უახლოეს მომავალში, სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად გაგაცნობთ. ბოლომდე ვიბრძვით გამარჯვებისთვის! - აღნიშნა ვაშაძემ.
როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძე აცხადებს, ოპოზიცია მორიგ ნაბიჯებთან დაკავშირებით „გადაიგეგმება“ და სამოქმედო გეგმას საზოგადოებას საღამოსთვის გააცნობს.
ამ დროისთვის მელიქიშვილის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.
ტერიტორიას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც ტოვებენ.