გეოპოლიტიკური "თხამ შეჭამა ვენახი" - "თუ დონალდ ტრამპს სი ძინპინზე გამარჯვება სურს, მან ჯერ პუტინი უნდა დაამარცხოს" - კვირის პალიტრა

გეოპოლიტიკური "თხამ შეჭამა ვენახი" - "თუ დონალდ ტრამპს სი ძინპინზე გამარჯვება სურს, მან ჯერ პუტინი უნდა დაამარცხოს"

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია ცნობილი ინგლისელი პოლიტიკური მიმომხილველის - ჩარლზ მურის სტატია სათაურით

„თუ დონალდ ტრამპს სი ძინპინზე გამარჯვება სურს, მან ჯერ ვლადიმერ პუტინი უნდა დაამარცხოს“.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, რომ უკრაინამ ამერიკული შორი მოქმედების რაკეტებით რუსეთის ტერიტორიას დარტყმა მიაყენოს (პირველ რიგში, კურსკის ოლქს, სადაც ჩრდილო-კორეელები არიან განლაგებულნი), რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ამასთან, მისი ნაბიჯი ჰგავს პრუსიელი გენერლის - გერჰარდ ბლიუხერის მოქმედებას, რომელმაც ვატერლოოს ბრძოლაში (ნაპოლეონის წინააღმდეგ) საკმაოდ დაიგვიანა. ჯო ბაიდენს რაკეტებით სარგებლობის ნებართვა ჯერ კიდევ შარშან შეეძლო მიეცა კიევისათვის.თუმცა ისევე, როგორც ბლიუხერზე, ბაიდენზეც ვრცელდება გამონათქვამი - „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“.

გერმანიას კვლავ ეშინია და უკრაინისათვის რაკეტა „ტაურუსის“ გადაცემაზე უარს ამბობს.

რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს: ჩვენი Storm Shadow-ის რაკეტა, რომელსაც ფრანგებთან ერთად ვამზადებთ, უკრაინას ადრეც მივეცით, თუმცა ახლა რაც შეიძლება უფრო მეტად და სწრაფად უნდა დავეხმაროთო.

ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე კიდევ ორიოდე თვეს იქნება და შემდეგ მისი სახელი ისტორიას ჩაბარდება. ალბათ, იმან, თუ როგორ იქნება მისი სახელი ჩაწერილი ისტორიაში, აიძულა ჯო ბაიდენი, უფრო თამამად ემოქმედა, განსაკუთრებით - ჩრდილოეთ კორეელების ფაქტორის გამო.

ჩრდილო-კორეელების ყოფნა კურსკის ოლქში იმდენად უხეში დარღვევაა საერთაშორისო სამართლისა, რომ თვით „მძინარე ჯომაც“ კი გაიღვიძა.

რა იქნება შემდეგ, რასაკვირველია, დამოკიდებული იქნება დონალდ ტრამპზე და არა - დემოკრატებზე.

დონალდ ტრამპის ბანაკს აქვს თეორია, რომ უკრაინა ამერიკელების საქმე კი არ არის, არამედ - მასზე ევროპელებმა უნდა იზრუნონ. თეთრი სახლის მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრობლემა 20 იანვრიდან (ანუ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ) უკრაინისადმი დახმარება კი არა, ჩინეთის „მოთვინიერება“ იქნება - ამერიკამ მთელი თავისი ენერგია პეკინთან დაპირისპირებას უნდა მოახმაროს.

უკრაინული ტვირთის ევროპელთა მხრებზე გადადების საკითხში ტრამპისტები სრულიად მართლები არიან - ნატოს ევროპელი წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან უკრაინის მთავარი დამცველები იყვნენ. ჩვენ კი რას ვაკეთებთ? სწორად იქცევა დონალდ ტრამპი, როცა გვსაყვედურობს, სამხედრო ხარჯების გაზრდას არ ჩქარობთო. მისი კრიტიკული განცხადებები ჩვენ თითქმის პროპუტინურ მოქმედებად შევაფასეთ, მაგრამ ის კაცი მართალია - რამდენად უნდა გაიჭრეს ამერიკა, რომ ყველას დაეხმაროს? მისთვის ახლა მთავარია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი, სადაც მას ასევე ჰყავს მოკავშირეები, როგორც ევროპაში - იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია...

მაგრამ ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ მომენტს: ჩრდილოეთ კორეის სახალხო არმიის სამხედრო ქვედანაყოფების ყოფნა ევროპის ცენტრში იმას მოწმობს, რომ ევრაზიის კონტინენტი დასავლეთს ერთიანად უნდა ჰქონდეს აღქმული და არა ცალ-ცალკე.

ის, რაც ხდება უკრაინის მეზობელ რუსეთის კურსკის ოლქში, იმას ნიშნავს, რომ აზიასა და ევროპას შორის საზღვარი არ არსებობს.

ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური ავტორიტარულ-დიქტატორული რეჟიმი ჩინეთის კომუნისტურ რეჟიმზეა დამოკიდებული, ორივე კი რუსეთის მოკავშირეა.

კაცმა რომ თქვას, კიმ ჩენ ინის კორეელი ჯარისკაცები ვერანაირად ვერ გამოჩნდებოდნენ კურსკის ოლქში, რომ არა ჩინეთის ლიდერის - სი ძინპინის მხარდაჭერა. ერთი „არა“ რომ ეთქვა პეკინს, მოსკოვი და ფხენიანი ვერაფერს ვერ იზამდნენ...

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა „უსაზღვრო მეგობრობა“ გამოაცხადეს (თუმცა გულში მათ ერთმანეთი სძულთ). ორივეს ერთნაირი იმპერიული ზრახვები აქვთ, თუმცა ფარულად ერთმანეთსაც ექიშპებიან. ამასთან, ეს ხელს არ უშლის იმას, მოსკოვი მიესალმება პეკინის მიერ ტაივანის მიტაცებას, ხოლო პეკინი - კიევის დამარცხებას მოსკოვის მიერ. დასავლეთის სისუსტე მათ თავიანთი ამოცანების შესრულებას უადვილებს.

მოკლედ, დღევანდელ მსოფლიოში ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული: ევროპა - ამერიკასთან, ამერიკა აზიასთან... დონალდ ტრამპს, რა თქმა უნდა, ავტოკრატები დიდად არ ესიმპათიურება, მაგრამ იგი, ყოველი ავტოკრატის მსგავსად, დამარცხებასაც ვერ ეგუება. ამიტომ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინოს: მისი გამარჯვების შანსები ჩინეთთან ბრძოლაში უფრო სუსტი იქნება, თუ რუსეთს უკრაინაზე გამარჯვების ნებას მისცემს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო