მამუკა არეშიძის პროგნოზი: თბილისის აქციებიდან ამერიკა-ჩინეთის პოლიტიკურ ომამდე - "ოპოზიცია პარლამენტში შევა მაშინ, როდესაც..."
მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები დაიშალნენ, ოპოზიციონერმა ლიდერებმა ისევ ახალი სამოქმედო გეგმის გამოცხადება დააანონსეს. ლიდერების თქმით, „საჭიროა პროტესტის რაიმე სხვა ლოკაციის ან ფორმის მოფიქრება“. ოპოზიციის სტრატეგიასა და პროცესების შესაძლო განვითარების შესახებ ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში - მამუკა არეშიძე გვესაუბრება:
- ოპოზიცია ახლა საკუთარი მომხრეების გამხნევებას და დასავლეთიდან გზავნილების სისტემის შენარჩუნებას ცდილობს.
საზოგადოებაში არ არსებობს მუხტი, რომელსაც არსებული ხელისუფლების დამხობა შეუძლია.
ამ ამბავში მთავარი ის არის, რომ ოპოზიცია ვერ ახერხებს იმ გამარჯვების დისკრედიტაციას, რომელიც ცესკომ გამოაცხადა. დარღვევები შეიძლება იყო, ამას ნამდვილად არ გამოვრიცხავ, მაგრამ ოპოზიცია ვერაფერს ამტკიცებს.
- ოპოზიციამ დაამტკიცა, რომ ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა...
- რა გითხრათ, მე შევძელი ხმის მიცემა ისე, რომ ჩემს მიერ გაკეთებული არჩევანი სხვას არ დაენახა. თუმცა, ფარულობის დარღვევაც მინახავს და უარესიც იმ პარტიის ზეობის ხანაში, რომელიც ახლა ამ ყველაფერს აპროტესტებს. მე ნამდვილად არ მომწონს საქართველოში რაც ხდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ დასავლეთზე თამაშს დავუჭირო მხარი.
- რას გულისხმობთ დასავლეთზე თამაშში?
- შთაბეჭდილება იქმნება, რომ ოპოზიცია მხოლოდ დასავლეთის მხარდაჭერის შენარჩუნების მიზნით მოქმედებს. მახსოვს, როდესაც აქციას დაარბევდნენ ან რაიმე აღმაშფოთებელი გარემოება იქმნებოდა, პასუხად უფრო მეტი ხალხი გამოდიოდა ქუჩაში. 2007 წლის 7 ნოემბრის აქცია რომ დაარბიეს, მეორე დღეს ორჯერ მეტი ხალხი გამოვიდა გარეთ. ახლა ასე აღარ ხდება. ხალხის განწყობის შეფასების ერთ-ერთი ინდიკატორია საცობში მოყოლილი ადამიანების რეაქციები.
თუ საცობში მდგომი ხალხის დიდი ნაწილი გამხნევებს, ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების მხარდაჭერა გაქვს, ხოლო თუ გაგინებს, ე.ი. ცუდად გაქვს საქმე.
ვერ ვიტყვი, რომ ოპოზიციას ცოტა მხარდამჭერი ჰყავს, ქუჩაში ნამდვილად გამოდის ანგარიშგასაწევი ძალა, მაგრამ მე მაინც მგონია, ეს აქციები შედეგს ვერ გამოიღებს. ჩემი აზრით, სწორი იქნება, თუ ოპოზიცია სიების გახსნას მოითხოვს. მათ თავად უნდა შექმნან ჯგუფი, რომელიც ხელისუფლებასთან იმუშავებს იმის დასადგენად, თუ რა მასშტაბით გაყალბდა არჩევნები.
- ამისთვის პარლამენტში შესვლაა საჭირო, ოპოზიცია კი ასეთი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, ექსპერტთა ნაწილის აზრით, დაკარგავს როგორც ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის, ასევე - დასავლეთის მხარდაჭერას.
- 2020 წელს ევროპელები ოპოზიციას დახურულ შეხვედრებზე პირდაპირ მოუწოდებდნენ, რომ პარლამენტში შესულიყვნენ, მაგრამ ესენი უარზე იყვნენ. სხვათა შორის, მე ისიც არ მომეწონა, 2008 წელს ოპოზიცია პარლამენტში რომ არ შევიდა. ჩვენ მანდატი იმისთვის მივეცით, რომ პარლამენტში შესულიყვნენ და ჩვენი ინტერესები დაეცვათ. პარლამენტში შევიდა მხოლოდ რამდენიმე დეპუტატი, რომლებიც ოპოზიციურად განწყობილი ხალხისგან მაგრად გაილანძღნენ, მაგრამ საქმის კეთება სწორედ მათ დაიწყეს. მართალია, კლიმატი ვერ შექმნეს, მაგრამ საზოგადოების განწყობას ახმოვანებდნენ.
ხომ არ შეიძლება, ყოველი არჩევნების შემდეგ ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობდეს? ამ გაუთავებელმა პროცესმა უკვე არასერიოზული სახე მიიღო.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიცია განსხვავებულ ვითარებაშია?
- მესმის, რასაც ამბობთ, ოპოზიცია დისკრედიტირდება იმ შემთხვევაში, თუ ხვალ და ზეგ შევა პარლამენტში, მაგრამ ოპოზიცია აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში - როდესაც დაინახავენ, რომ დასავლეთის მხრიდან ისეთი მხარდაჭერა არ ექნებათ, როგორი მოლოდინიც აქვთ.
- რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ოპოზიცია დასავლეთიდან შესაბამის მხარდაჭერას ვერ მიიღებს?
- ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ევროკავშირმა ბორელის გადაწყვეტილებები დაბლოკა. ისეთი ქვეყანა, მაგალითად როგორიც იტალიაა, გადაწყვეტილებებს ლობისტებზე დაყრდნობით არ იღებს. ოპოზიციონერმა ლიდერებმა სწორი დასკვნები რომ გააკეთონ, უნდა იცოდნენ, ევროკავშირში რა პროცესები მიმდინარეობს. ოპოზიციას მოუწევს ხელისუფლებასთან ურთიერთობის ფორმა გამონახოს. არ გამოვა ისე, როგორც ეგენი ამბობენ - ხელისუფლებას მხოლოდ მაშინ დაველაპარაკებით, თუ არჩევნებს თავიდან დანიშნავსო. მათ ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ ახლა ნებისმიერი პატარა რყევა სახელმწიფოს ასუსტებს. არადა ახლა ძალიან მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ პროცესში ვართ. შუა დერეფანი დღეს მთავარი დაპირისპირების საგანია ძლიერთა ამა ქვეყნისათა.
შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი პოლიტიკურ ომს იწყებს ჩინეთის წინააღმდეგ.
შუა დერეფანი ჩინეთისთვის მთავარი მექანიზმია, რეგიონზე ზემოქმედების თვალსაზრისით. ამერიკას კი არ სურს, აქ მისი კონტროლის მიღმა ხდებოდეს რამე. ასეთი მნიშვნელოვანი პროცესები ხდება ჩვენს რეგიონში, ჩვენ კი შიდადაპირისპირებით ვართ დაკავებული.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)