"როგორც საქართველოში ჩხუბობენ "ნაცებისა" და "ქოცების" გამო, ისე არიან ამერიკაშიც ტრამპისა და კამალას მომხრეები. როცა აშშ-ში პირველად ჩამოვედი, ტრამპი სწორედ მაშინ გახდა პრეზიდენტი"
5 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობამ 47-ე პრეზიდენტი აირჩია
- 78 წლის პოლიტიკოსი და ბიზნესმენი დონალდ ტრამპი უკვე მეორედ გახდა ამერიკელი ხალხის რჩეული, "დემოკრატების" ქალ კანდიდატს მოგების შანსი არ დაუტოვა და საკმაო უპირატესობით აჯობა, "რესპუბლიკელებმა" კონტროლი დაიბრუნეს სენატზეც და წარმომადგენელთა პალატის წევრების არჩევნებშიც ლიდერებად მოგვევლინენ.
"ეს არის გამარჯვება ამერიკელი ხალხისთვის და ოქროს ხანა ქვეყნისთვის. ეს იყო ყველა დროის ყველაზე დიდებული პოლიტიკური მოძრაობა, ჩვენ ახლა დავეხმარებით ჩვენს სამშობლოს, რომ იარები მოიშუშოს. ისტორიული შედეგი დავდეთ, ეს არის პოლიტიკური გამარჯვება, რომელიც აქამდე არავის უნახავს და ეს გამარჯვება მოგვცემს შანსს, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გავხადოთ", - ამ სიტყვებით მიმართა დონალდ ტრამპმა მომხრეებს და აღნიშნა, რომ იგი მსოფლიოში ომებს დაასრულებს. გარდა პირადი სიმპათიისა, მისი პოლიტიკური თუ მსოფლმხედველობრივი შეხედულებებისა, სწორედ ომების დასრულების იმედია ერთ-ერთი, რის გამოც მას ხმა არაერთმა ადამიანმა მისცა...
მათ შორისაა ჩემი რესპონდენტიც - ნათია ტყემალაძე, რომელიც აშშ-ში 2016 წლიდან იმყოფება, მას შემდეგ, რაც ოჯახი შექმნა და თბილისიდან სიეტლში გადავიდა საცხოვრებლად. როგორც ლეგალურ მოქალაქეს, მას არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც აქვს და თავისი ვალი მოიხადა კიდეც.
ნათია ამერიკული ცხოვრების შესახებ გვიამბობს, თუ როგორ ჩაიარა აქტიურმა საარჩევნო პერიოდმა და როგორია მათი ყოველდღიურობა შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში. როგორც აღნიშნავს, ბოლო ოთხ წელიწადში ფასები საგრძნობლად გაიზარდა, ყველაფერი გაძვირებულია, რაც ასე არ იყო ტრამპის წინა პრეზიდენტობის დროს და თუ იგი დაპირებას შეასრულებს, სამომავლოდ, ბაზარზე არსებული სიტუაცია აუცილებლად გადაიხედება.
- ჩვენს შტატში არჩევნებმა და წინასაარჩევნო პერიოდმაც მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. არ მინახავს აქციები ან ვინმე ჩამოსულიყოს და მოსახლეობასთან შეხვედრები გაემართოს, ამ მხრივ, ძირითადად, აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილში აქტიურობენ - ნიუ-იორკი, ვაშინგტონი, პენსილვანია და ა.შ. კანდიდატები თავიანთ მომხრეებს შეკრებენ და წინასაარჩევნო დაპირებებს უზიარებენ, როგორც ეს ზოგადად ხდება ხოლმე. პოლიტიკური ცენტრი აღმოსავლეთია და ძირითადი ამბებიც სწორედ იქ ხდება, ჩვენ აქ ჩვენთვის წყნარად, მშვიდად ვცხოვრობთ, არავინ გვაწუხებს.
საერთოდ, ამერიკის დასავლეთ ნაწილში უმეტესად "დემოკრატების" მომხრეები არიან და შესაბამისად, მათ კამალა ჰარისის გამარჯვება უნდოდათ, აღმოსავლეთში კი უფრო "რესპუბლიკელები" ჭარბობენ. აქ თავისუფლება, ლიბერალური შეხედულებები, ლგბტ პროპაგანდა მეტადაა, იქ უფრო კონსერვატული ხალხია. თუმცა უფროსი თაობის ხალხი აქაც ტრამპს უფრო ემხრობა, რადგან ეროვნულ ღირებულებებს ის მეტად იცავს, ახალგაზრდები კი "დემოკრატებს" ამჯობინებენ. რაც შეეხება აქაურ ქართველებს, ამ შტატში ვისაც ვიცნობ, "დემოკრატები" არიან, ნიუ-იორკში კი უფრო "ტრამპისტები".
- როგორ წარიმართა ხმის მიცემის პროცესი?
- არჩევნებზე ჩვენ არსად მივდივართ, თვითონ გვიგზავნიან საარჩევნო ბიულეტენს, რომელიც აშშ-ის ფოსტით ჩვენს საფოსტო ყუთში მოდის, კონვერტში დევს დიდი ფურცელი, შემოვხაზავთ სასურველ კანდიდატს, ვდებთ კონვერტში, რომელსაც ჩვენივე ხელით ვაფასოებთ, ვაწებებთ, ხელს ვაწერთ, თარიღს ვუთითებთ და უკან ვგზავნით. აქ სულ ასეა. ეს ბიულეტენები არჩევნებამდე 2 კვირით ადრე მოგვივიდა. სხვა შტატებში კი ვიცი, რომ ადგილობრივად, უბნებზე მიდიან და იქ აძლევენ ხმას. ყველა შტატში სხვადასხვანაირადაა.
ამ არჩევნებზე მხოლოდ დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი კი არ იყო შემოსახაზი, სხვებიც ეწერა, მაგალითად, ვინ გინდა იყოს შენი შტატის შერიფი, მერი და ა.შ. ვინც არჩევნებზე ადგილზე მივიდა, ამბობდნენ, პირადობას არ ამოწმებდნენო, სახელს და გვარს გვეკითხებოდნენო და ამათ უკვირდათ, იქნებ სხვა პიროვნების ვინაობას ვეუბნებოდითო. რუსებისა და უკრაინელების ჯგუფში ვარ გაწევრებული და იქ წერდნენ. ერთ გოგონას უთქვამს, - მეზობლის სახელი და გვარი რომ მეთქვა, რას მიხვდებოდით, ვინ მოვიდაო და მერე შენი მეზობელი რომ მოსულიყო, იმას აღარ მივაცემინებდით ხმასო. ასეთებიც ხდება თურმე. სხვადასხვა შტატიდან წერდნენ, სად ითხოვდნენ აიდის და სად - არა.
- პოლიტიკა და საზოგადოება - ამ მხრივ რა ხდება? საქართველოს მოსახლეობას შორის მწვავე დაპირისპირებებია პოლიტიკური შეხედულებების გამო, ლამის ერთმანეთის მტრებადაც კი იქცნენ... მანდ თუ შესწრებიხარ მსგავს თემებზე ცხარე კამათს?
- კი, ქართველებიც და ადგილობრივებიც. როგორც საქართველოში ჩხუბობენ "ნაცების" და "ქოცების" გამო, ისეა ამერიკაში "დემოკრატებისა" და "რესპუბლიკელების" გამო. არიან ისეთები, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ და არც იციან რაიმე პოლიტიკოსების შესახებ, თუმცა ამ არჩევნებზე უფრო მეტი ჩართულობა და ენთუზიაზმი თვალში საცემი იყო. ჩემმა ყოფილმა თანამშრომელმა მითხრა, ტრამპს ხმა არ მისცე, მას ემიგრანტები არ უყვარსო, არადა, ჩემი ყურით მოვისმინე, რომ თქვა, - ემიგრანტები იყვნენ, არავის ვერჩი, მაგრამ კანონიერად, ლეგალური გზით შემოსულები და არა - არალეგალებიო. ვიზა აიღე და შემოდი. ჯერ ერთი, მე უკვე მოქალაქე ვარ, რადგან ჩემმა მეუღლემ აქ მრავალი წელი გაატარა და როცა მას ცოლად გავყევი, მეც ლეგალური გზით ჩამოვედი შტატებში საცხოვრებლად.
- რატომ არ მოსწონთ ტრამპი?
- მისი ხისტი განცხადებებიდან გამომდინარე. ამას წინათ, ერთმა უკრაინელმა გოგონამ დაპოსტა "ფეისბუკზე", ვინც ტრამპის მომხრე ხართ, მეგობრებიდან წამშალეთო... ტრამპი რომ ამბობს, ომს დავამთავრებო, ალბათ ამის გამო...
- კამალას მიმართ როგორი განწყობაა?
- ფლორიდაში ტორნადო რომ იყო, ასობით ადამიანი დაზარალდა, კამალამ თითოეულ ოჯახს 750 დოლარი გამოუყო დახმარების სახით და ვფიქრობ, ამით მან ბევრი ამომრჩეველი დაკარგა. ხალხმა თქვა, უკრაინასა და ისრაელს მილიარდობით დოლარით ეხმარებით და ჩვენ, ამერიკელებს ასე ცოტაო? მაღაზიაში ორჯერ წასვლის ტოლფასია. ხალხმა სახლები დაკარგა და რა არის 750 დოლარი? ამან მათი იმედგაცრუება გამოიწვია... ზოგს კამალა მხოლოდ იმიტომ უნდოდა პრეზიდენტად, რომ ქალია და აფროამერიკული წარმოშობის. ერთმა აქაურმა გოგონამ რომ გაიგო, საქართველოში ქალი პრეზიდენტი გვყავს, - რა მაგარია, ახლა ჩვენც ქალი პრეზიდენტი გვეყოლებაო. თუმცა, ასე არ მოხდა.
- თუ აქცევს ტრამპი ფლორიდას განსაკუთრებულ ყურადღებას?
- არ გამოყოფს, მე რაც ვიცი, თანაბრად აქცევს ყურადღებას და მთელი ამერიკა უყვარს, ყველა შტატზე ზრუნავს და არა - ცალკეულ რომელიმეზე. სხვათა შორის, როცა აშშ-ში პირველად ჩამოვედი, ტრამპი სწორედ მაშინ გახდა პრეზიდენტი.
- როგორი იყო მისი წინა პრეზიდენტობის წლები?
- ძალიან კარგი. მართალია, ახლა მთელ მსოფლიოში მოიმატა ფასებმა ყველაფერზე, მაგრამ ტრამპის დროს, აშშ-ში ცხოვრება ასე ძვირი არ იყო. ტრამპი კი ამბობს, ისევ დავწევ ფასებსო, მაგრამ ამას როგორ მოახერხებს, არ ვიცი.
- ბევრი ქართველია სიეტლში?
- მაქსიმუმ 40 ოჯახი იყოს, თუმცა მე ბევრს არ ვიცნობ. ქართველების შეკრებაზე 1-2-ჯერ ვიყავი, სანამ ბავშვი მეყოლებოდა, ახლა ვეღარ ვახერხებ. მაშინ 20-მდე ოჯახი იქნებოდა, მეტი არა. საქართველოდან უმეტესობა ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში ჩამოდის, ფილადელფიაშიც ბევრნი არიან. ზოგი გადავიდა აქედან. მაგალითად, სიეტლში მეგობრები მყავდა, რომლებსაც ორი შვილი ჰყავთ და ფლორიდაში გადავიდნენ საცხოვრებლად, რადგან არ უნდოდათ, ბავშვები სიეტლში მიეყვანათ სკოლაში, აქ ლგბტ პროპაგანდა აქტიურად მიდის, ბაღიდანვე ასწავლიან, იქ კი აკრძალულია. ლგბტ თემის წარმომადგენელი ბევრი თანამშრომელი მყავდა და მათთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ მეც ვფიქრობ, რომ ბაღის ასაკის ბავშვს ამ თემაზე არ უნდა ესაუბრო. ტოლერანტობა, რა თქმა უნდა, ყველას მიმართ უნდა გამოავლინო. ჩემი შვილი რომ დაიბადა, 1 წლის თავზე კლინიკაში მივიყვანე "ჩეკ-ინზე", მონაცემები გამომკითხეს და მერე მკითხეს, - როცა დაიბადა, მაშინაც მდედრობითი სქესის იყოო? გაკვირვებულმა შევხედე, 1 წლის ბავშვს სქესს ვინ უცვლის? ძალიან მეუცნაურა მისი ეს კითხვა. მომიბოდიშა, რა ვქნა, ჩვენს პროტოკოლში ასეა გათვალისწინებულიო... რომ დაბადების დროინდელი სქესი უნდა გკითხონ. მერეც ყოველ მისვლაზე მეკითხებოდნენ.
- ბავშვი ბაღში თუ დაგყავს?
- არა, მე თვითონ ვზრდი, აქ ბაღშიც იმხელა გადასახადია, რომ არ მიღირს - 2.000 დოლარია ყოველთვიური საფასური, მე მაინც სახლში ვარ და ყველაფერს ვასწავლი, რისი ცოდნაც მის ასაკშია საჭირო; ლამაზი პარკები, სკვერებია და სასეირნოდ გამყავს, რომ თანატოლებთან ითამაშოს; ხან სტუმრად დავდივართ. ზამთარში მთის კურორტზე მივდივართ, ზაფხულობით საქართველოშიც დიდ დროს ვატარებთ მთაში, ზღვაზე, ბევრი ლამაზი ადგილის მონახულებას ვახერხებთ. სოფიას საქართველო ძალიან უყვარს. ისე მოეწონა ქართველ ბავშვებთან თამაში, წამოსვლა აღარ უნდოდა.
- რადგან არჩევნებზე ვსაუბრობდით, აქვე გკითხავ, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში თუ მიიღე მონაწილეობა?
- ვერა, სან-ფრანცისკოში უნდა წავსულიყავით და ძალიან შორსაა. ერთხელ ექსკურსიაზე ვიყავით და 12 საათი ვიმგზავრეთ, მაშინ ვთქვი, რა უნდა მოხდეს, რომ აქ კიდევ მანქანით ჩამოვიდე-მეთქი. ძალიან დავიღალე. მოკლედ, ამჯერად, ვერ ვიყავი კარგი ამომრჩეველი.
- რა მოლოდინი გაქვს ტრამპის გამარჯვების შემდეგ?
- მთავარი, რაც მინდა, მსოფლიოში იყოს მშვიდობა და იმედია, ტრამპი ამას მოახერხებს.
- დაბოლოს, რას უსურვებ საქართველოს?
- საქართველოს ვუსურვებ ასევე მშვიდობას და აყვავებას. ძალიან მინდა დავბრუნდეთ მშვიდ და ძლიერ საქართველოში.
თამთა დადეშელი