უკრაინამ რუსეთს ამერიკული რაკეტები "დაუბრაგუნა" - გაბედავს გამწარებული პუტინი "ბოლო ჟამის" იარაღის გამოყენებას?! - კვირის პალიტრა

უკრაინამ რუსეთს ამერიკული რაკეტები "დაუბრაგუნა" - გაბედავს გამწარებული პუტინი "ბოლო ჟამის" იარაღის გამოყენებას?!

კამიკაძე-დრონები, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები - უკრაინამ ომის მეათასე დღიდან დაიწყო რუსეთის ტერიტორიაზე საჰაერო შეტევები იმ „ტრიადის“ გამოყენებით, რითაც რუსეთი თითქმის ყოველ ღამე უტევს უკრაინის ქალაქებს...

კამიკაძე-დრონები „შაჰიდები/გერანები“, ფრთოსანი „კალიბრები“ და აერობალისტიკური „ისკანდერები“ - ომის ამ განვლილ ათას დღეღამეში არ „მოჰკლებია“ უკრაინას, მაგრამ ანალოგიური საპასუხო კომბინირებული საჰაერო დარტყმების განხორციელების საშუალება თავად აქამდე არ ჰქონდა...

უფრო სწორად, ეპიზოდურად კიევი ამას ცდილობდა ომის საწყის ეტაპზე, როდესაც საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილ ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსის „ტოჩკა-უს“ ბალისტიკურ და სამამულო ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსან „ნეპტუნებს“ იყენებდა, რომლებსაც ხანდახან საზენიტოდან ბალისტიკურად გადაკეთებულ С-200-ებსაც წაახმარდა ხოლმე...

მაგრამ ამ რაკეტების შემორჩენილი მარაგი მალევე ამოიწურა და რუსეთის სისტემატურ კომბინირებულ საჰაერო შეტევებს უკრაინა მხოლოდ თვითმფრინავის კონსტრუქციის კამიკაძე-დრონების რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გაგზავნით პასუხობდა...

უკრაინელებს ბოლო დროს მართლაც ჰქონდათ წარმატებები ამ მხრივ - მათი კამიკაძე-დრონების რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში შეღწევის მანძილმა 1 800-2 000 კმ-მდე მიაღწია, ამასთან კიევმა აითვისა ამ სამამულო დრონების სერიული წარმოება და მათი მასობრივი საბრძოლო გამოყენებაც დაიწყო.

ამის პარალელურად, უკრაინელმა ინჟინრებმა შესძლეს ხომალდსაწინააღმდეგო „ნეპტუნების“ ისე მოდერნიზება, რომ სახმელეთო სამიზნეების ზუსტად და შორ მანძილზე დაზიანებაც შეუძლიათ.

1-bal-1732089105.png
ამერიკელებმა კი ნება დართეს უკრაინელებს მათ მიერ გადაცემული ბალისტიკური რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამხედრო ობიექტებზე საჰაერო იერიშების მიტანაზე, მაგრამ გადასცემენ კი კიევს იმ რაოდენობის რაკეტებს, რომ აგრესორ რუსეთზე ამან მტკივნეულად იმოქმედოს და დაფიქრდეს უკრაინასთან ომის შეჩერებაზე?

გარდა ამისა, უკვე იწყება უკრაინული ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემის „გრომ-2/ საპსანის“ სერიული წარმოება, რომელიც თავისი ტაქტიკურ-ტექნიკური მაჩვენებლებით მიუახლოვდება რუსულ „ისკანდერ-მ“-ს და მისი ფრენის მაქსიმალური სიშორე 450 კმ-ს მიაღწევს.

მაგრამ, გარდა ამისა, უკრაინის არმიის არსენალში ინახებოდა ამერიკული მხრიდან მიწოდებული ოპერატიულ-ტაქტიკური სისტემის ATACMS-ის ორი, 165 და 300 კმ-ზე მფრენი მოდიფიკაციები, ისევე როგორც ფრანგულ/ბრიტანული ფრთოსანი SCALP/Storm Shadow-ებიც, რომელთა საბრძოლო გამოყენების უფლება უკრაინელ სამხედროებს მხოლოდ ანექსირებულ ყირიმსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი რუსი აგრესორების წინააღმდეგ ჰქონდათ მიცემული...

შესაბამისად, უკრაინა რუსეთზე თავის საპასუხო საჰაერო დარტყმების „ტრიადას“ ვერ ქმნიდა, ხოლო თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, მოკლედ ავხსნით...

თვითმფრინავის კონსტრუქციის შიდაწვისძრავიანი კამიკაძე-დრონების ფრენის სიჩქარე 180 კმ/სთ-მდეა, ფრთოსანი რაკეტების - 900 კმ/სთ-მდე, ხოლო ბალისტიკური რაკეტების კი - 1-2 კმ/წმ-ში ანუ ისინი სხვადასხვა დროის ინტერვალით უნდა იქნენ გაშვებულნი, რომ თითქმის ერთდროულად მიაღწიონ სამიზნეებს და, ამასთან, გადატვირთონ მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის სისტემა.

აგრესორ რუსეთს უკრაინაზე საჰაერო თავდასხმების ეს ტაქტიკა უკვე კარგად აქვს დახვეწილი - უკრაინული ქალაქების მიმართულებით ისინი მასობრივად ჯერ ნელა მფრენ „შაჰიდებს“ უშვებენ (რომელთა რიგებშიცაა, ასევე, იაფფასიანი „ცრუ-შაჰიდები“, საბრძოლო ქობინების გარეშე - უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემის გადასატვირთავად), რომლებსაც კუდში ფრთოსანი რაკეტები მიჰყვებიან, ხოლო ამ „საჰაერო აღლუმს“ უკვე ბალისტიკური რაკეტები ამთავრებენ...

რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ბაიდენმა, სავარაუდოდ, მომავალ პრეზიდენტ ტრამპთან შეთანხმებით (რადგან ეს გადაწყვეტილება 13 ნოემბრის, მათი თეთრ სახლში პირისპირ შეხვედრის შემდეგ იქნა მიღებული),

კიევს ნება დართო, გამოეყენებინა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ამერიკული ბალისტიკური რაკეტები, რასაც მოჰყვა საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის თანხმობაც, ფრანგული ფრთოსანი SCALP-ების გამოყენებაზე.

თუმცა ჯერ კიდევ არ არის ნათელი დიდი ბრიტანეთის ოფიციალური პოზიცია Storm Shadow-ებთან დაკავშირებით.

ექვსთვიანი მოლოდინით გამწარებულმა უკრაინელებმაც აღარ დაახანეს და 19 ნოემბერს, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან მეათასე დღეს, პირველად გამოიყენეს ამერიკული ოპერატიულ-ტაქტიკური სისტემის - ATACMS-ის ბალისტიკური რაკეტები

რუსეთის ბრიანსკის ოლქის ქალაქ კარაჩევში მდებარე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მატერიალური უზრუნველყოფის 1046-ე ცენტრზე თავდასასხმელად...

ეს რუსული არსენალი უკრაინელებს აქამდეც ორჯერ ჰქონდათ აგიზგიზებული, ოღონდ კამიკაძე-დრონების გამოყენებით, მაგრამ ამჯერად მას რვა ამერიკული ATACMS-ი „ესტუმრა“, რომელთაგან ორის ჩამოგდება რუსულმა С-400-ებმა მართალია, შეძლეს, მაგრამ დანარჩენი ექვსის აფეთქებებმა კი ეს რუსული არსენალი მესამედ ააგიზგიზეს (რუსეთის გენშტაბის მტკიცებით, უკრაინელებმა ექვსი ამერიკული ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს ამ არსენალის მიმართულებით, რომელთაგან რუს მეზენიტეებს თითქოს ხუთი გაუნადგურებიათ, ერთი კი - დაუზიანებიათ და ამ დაზიანებული რაკეტების ფრაგმენტებს მხოლოდ ბალახი გადაუწვავს, სამხედრო საწყობების პერიმეტრზე - მაშინ რას უნდა ნიშნავდეს თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში აღბეჭდილი მეორადი დეტონაციების სერია?!).

2-bal-1732089198.png
რუსეთის ბრიანსკის ოლქის ქალაქ კარაჩევში მდებარე სამხედრო საწყობები პირველი რუსული სამიზნე აღმოჩნდა, რომელზეც უკრაინიდან გაშვებული ამერიკული ბალისტიკური რაკეტები აფეთქდნენ...

იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან რუსეთის ბრიანსკის ოლქის კარაჩევის სამხედრო საწყობებამდე პირდაპირი ხაზით მხოლოდ 115 კმ-ია,

უკრაინელებს შეიძლება გამოეყენებინათ როგორც 165 კმ-მდე მფრენი ATACMS-ის მოძველებული მოდიფიკაციის რაკეტები, ისე - 300 კმ-ის რადიუსის ამერიკული აერობალისტიკური რაკეტებიც.

ექვსთვიანი აკრძალვის შემდეგ უკრაინამ მართალია, მიიღო ნებართვა დასავლური ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების უშუალოდ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენებაზე, მაგრამ რჩება მეორე, კიდევ უფრო დიდი პრობლემა -რამდენი ასეთი რაკეტა აქვს შემორჩენილი უკრაინის არმიას და გააგრძელებენ თუ არა მათ მოწოდებას ამერიკელები, ფრანგები და ბრიტანელები (გერმანიის კანცლერი შოლცი კვლავ კატეგორიული წინააღმდეგია უკრაინისთვის „ტაურუსის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების გადაცემის).

ეს კი მეტწილად აშშ-ის მომავალ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე იქნება დამოკიდებული, რომელიც ზუსტად ორ თვეში, 2025 წელს დაბრუნდება თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, რის შემდეგაც არა მარტო უკრაინას, არამედ - მთელ მსოფლიოს ბევრი სიახლე მოელის...

რუსეთმა კი, თითქოს სპეციალურად, დაამთხვია და სწორედ 19 ნოემბერს მიიღო ბირთვული შეკავების ახალი კონცეფცია.

მასში ღიად წერია - რუსეთი თავს უფლებას აძლევს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი იმ არაბირთვული სახელმწიფოს წინააღმდეგაც, რომელიც ჩვეულებრივი შეირაღებით უტევს რუსეთის ტერიტორიას და რომლის მოკავშირესაც ბირთვული სახელმწიფო წარმოადგენს...

რუსეთის ბირთვული შეკავების ახალი კონცეფციით თუ ვიმსჯელებთ, უკრაინის მხრიდან მასობრივი საპასუხო საჰაერო სარაკეტო დარტყმების ფონზე, კრემლს უკვე გახსნილი აქვს ხელ-ფეხი იმისთვის, რომ უკრაინაზე ბირთვული დარტყმები განახორციელოს, მაგრამ გაბედავს კი პუტინი მუდმივი „ბირთვული შანტაჟის“ ხორცშესხმას?..