"მამა ცხინვალს არ ტოვებდა და რეპრესიების ქვეშ აღმოჩნდა. სახლში აკითხავდნენ: ოსი ხარ თუ ქართველიო? შენ წერდი პატრიოტულ თემებზე წერილებსო? მუქარები მოდიოდა სეპარატისტული დაჯგუფების მხრიდან"
"საბჭოთა ოსეთი" ავტონომიური ოლქის გაზეთი იყო ქართულ ენაზე, მამას კარგი ურთიერთობა ჰქონდა ოს ინტელიგენციასთან"
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ
თვითონ მოითხოვა სამუშაოდ ცხინვალში წასვლა. ის ცხინვალში დაიბადა, თუმცა მერე ოჯახი თბილისში ცხოვრობდა. საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი ოთარ ესიაშვილი (დაიბადა 1925 წელს) 40 წელზე მეტხანს ემსახურა გაზეთს - „საბჭოთა ოსეთი“. მისი ღვაწლი რამდენჯერმე აღინიშნა ჯილდოებით და საპატიო სიგელებით. ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, ბოლომდე ცხინვალში იყო, მაგრამ მაინც მოუწია იქიდან წამოსვლამ. ჟურნალისტის ქალიშვილი ქალბატონი ია ესიაშვილი იხსენებს მამის ცხოვრების ეპიზოდებს.
- „საბჭოთა ოსეთი“ იყო ავტონომიური ოლქის გაზეთი ქართულ ენაზე, კვირაში 5-ჯერ, საკმაოდ დიდი ტირაჟით (700 ათასზე მეტი) გამოდიოდა. რესპუბლიკის მასშტაბით ჯერ „კომუნისტი“ ლიდერობდა და მერე „საბჭოთა ოსეთი“. მამამ გაზეთში მუშაობა დაიწყო გასული საუკუნის 50-იან წლებში ჯერ ლიტმუშაკად, მერე გახდა რედაქტორის მოადგილე და ბოლო წლებში, სიცოცხლის ბოლომდე მოადგილისა და რედაქტორის მოვალეობის შემსრულებელი (რედაქტორის არყოფნის დროს) იყო. თბილისში გადმოსვლის ბევრი შეთავაზება ჰქონდა, მაგრამ ცხინვალიდან არ წამოვიდა, პატრიოტი ადამიანი თავის ფუძეს არ ტოვებდა. მას უნდოდა, რომ სამაჩაბლოში (სამხრეთ ოსეთს არ ამბობდა) რაც შეიძლება მეტი ქართველი საზოგადოება ყოფილიყო. კარგი ურთიერთობა ჰქონდა ოს ინტელიგენციასთან. ჩვენს ოჯახში როცა იშლებოდა სუფრა, ქართველებთან ერთად ისხდნენ ოსები, რომლებმაც ქართულიც კარგად იცოდნენ. მახსოვს, რედაქციის თანამშრომლების გარდა, ოლქის პირველი მდივანი გიორგი ჯუსოევი მოდიოდა, მამასთან მეგობრობდა. გამორჩეული ოსი ჟურნალისტი იყო გივი თედეევი. მამას ძალიან უყვარდა თავისი საქმე და პუბლიკაციებს გაზეთის არსებობის ბოლო დღემდე წერდა. მან რამდენიმე წიგნიც გამოსცა. ერთ-ერთს ჰქვია „სილამაზე და მამაცობა“, სადაც სამხრეთ ოსეთის წარმატებულ სპორტსმენებზე წერდა. ლევან თედიაშვილთან მეგობრობდა, თუმცა როგორ გაიცნო, ეს არ ვიცი.
- გაზეთის სტატიები თუ გახსოვთ?
- კომუნისტების დროს წერილები იწერებოდა ასეთ თემებზე: სოციალისტური შეჯიბრება, საბჭოთა მშენებლობის საკითხები, სოფლის კომუნისტების შესახებ, ქარხნისა და ფაბრიკის მუშებზე, ადგილობრივი შემოქმედებითი ორგანიზაციების და ხელოვნების მუშაკთა საქმიანობა, ოლქის კულტურული ცხოვრება... მამა საგაზეთო მასალის გარდა წერდა პატარა მოთხრობებს, ჩანახატებს, რომლებსაც ბეჭდავდა ჟურნალში „საქართველოს ბუნება“. მას ძალიან უყვარდა ბუნება. მონადირეც იყო, თუმცა მხოლოდ მწყერზე ნადირობდა, სხვა ფრინველსა თუ ცხოველს არ ესროდა არავითარ შემთხვევაში. მამა ხშირად დადიოდა სანადიროდ მერაბ ელიოზიშვილთან ერთად, ოჯახებით მეგობრობდნენ. ელიოზიშვილმა საშუალო სკოლა ცხინვალში დაამთავრა და თავის პირველ მოთხრობებს გაზეთ „საბჭოთა ოსეთში“ აქვეყნებდა. ახლოს ვიცნობდი ბატონი მერაბის მეუღლეს, ქალბატონ ნათელას და შვილებსაც. ხშირად გვქონდა თბილი, ოჯახური შეკრებები. დედაჩემი მერი იყო სტუმრების სული და გული, არაჩვეულებრივად მღეროდა, ოპერის სცენაზეც უმღერია. დედა პედაგოგად მუშაობდა ჯერ სკოლაში და მერე ქართულ საბავშვო ბაღში.
- კიდევ ვისთან მეგობრობდა?
- ცხინვალში ხშირად ჩადიოდა მუხრან მაჭავარიანი, უყვარდა იქ ჩასვლა. ყოველთვის ხვდებოდა ჟურნალისტებს და იმ შეხვედრების შემდეგ ქალაქგარეთ, ბუნებაში გრძელდებოდა საუბრები. ცხინვალის შემოგარენი საოცრად ლამაზია. ჯავის რაიონში არაჩვეულებრივი მინერალური წყლებია, მათ შორის არის „ბაგიათი“. მამა როცა თბილისში ჩამოდიოდა და დევნილობის დროსაც, ბატონ მუხრანს არაერთხელ შეხვდა. ცხინვალში ჩადიოდა ხოლმე თამაზ წივწივაძე და მასთანაც მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. მამას ახლო მეგობრები იყვნენ არქიტექტორი ლადო ალექსი-მესხიშვილი, ლანა ღოღობერიძე, დოდო აბაშიძე. სხვათა შორის, ქალბატონმა ლანამ ფილმის „როცა აყვავდა ნუში“ ერთ პატარა ეპიზოდში მამაც გადაიღო. ეს არის სცენა, როდესაც აღნიშნავენ მთავარი გმირის სპორტულ გამარჯვებას სუფრასთან, რომლის თავში დოდო აბაშიძე ზის. ფილმის ეპიზოდებს ბიჭვინთაში იღებდნენ და მამაჩემი ყოველწლიურად ისვენებდა ბიჭვინთის ხელოვნების მუშაკთა სახლში, სწორედ ამ დროს შეხვდა ქალბატონ ლანას.
- ქართულ-ოსური კონფლიქტის გამწვავების პერიოდში ცხინვალში დაძაბული მდგომარეობა შეიქმნა... მამა რას იხსენებდა?
- 1991 წელს განსაკუთრებულად დაიძაბა სიტუაცია. გაზეთი, რა თქმა უნდა, დაიხურა. მამა ქალაქს არ ტოვებდა და რეპრესიების ქვეშ აღმოჩნდა. დღეში სამჯერ სახლში აკითხავდნენ და ეკითხებოდნენ: ოსი ხარ თუ ქართველიო? შენ წერდი პატრიოტულ თემებზე წერილებსო? გაუსაძლისი იყო ჩემი მშობლებისთვის ცხინვალში გატარებული ბოლო სამი თვე. მუქარები მოდიოდა სეპარატისტული დაჯგუფების „ადამონ ნიხასის“ მხრიდან, თორემ ინტელიგენცია და ხალხი ყოველთვის იცავდნენ მამას. მერე უკვე შეუძლებელი გახდა ამ ყველაფრის ატანა და ერთ დღესაც ჩემთან თბილისში, კარზე ზარია. გავაღე და მამაჩემი ვერ ვიცანი... იმდენად შეცვლილი იყო (17 კგ დაიკლო იმ სამ თვეში). მას და დედას ხელში თითო პარკი ეჭირათ, რაც სახელდახელოდ შეკრიბეს. ყველაფერი ცხინვალში დარჩა: წიგნები, ალბომებში თავმოყრილი მამას პუბლიკაციები, მოგონებების ხელნაწერები, ავტომანქანა...
- ცხინვალის მერე, ბატონი ოთარი თბილისში ცხოვრობდა?
- მამა თბილისში არ გაჩერდა, წავიდა გორის რაიონის სოფელ ზემო ხვითში (ნიქოზის გვერდითაა), სადაც მამა-პაპის სახლი გვქონდა. პაპა ვასილ ესიაშვილი აგრონომი გახლდათ. მას და მის მეუღლე თამარ ბაბლიძეს კარგი განათლება ჰქონდათ მიღებული. პაპას დამთავრებული ჰქონდა პეტერბურგის უნივერსიტეტი, იცოდა რუსული და გერმანული ენები. ოჯახი თბილისში ცხოვრობდა, მაგრამ როცა პაპაჩემის მამა პეტრე ესიაშვილი 1937 წელს დაიჭირეს, მოუწიათ აქედან გადასვლამ. პაპაჩემი ვასილი პენსიაზე გასვლის შემდეგ საცხოვრებლად წავიდა ზემო ხვითში და ხელი მიჰყო მეურნეობას. უამრავი ფუტკარი ჰყავდა, ძალიან კარგი ვაშლის ბაღი ჰქონდა. ზაფხულობით იქ ჩავდიოდით, მამაც ჩვენთან ერთად იყო, რთველსაც ვესწრებოდით. ბებიაზე ამბობდნენ, სოფელში წერა-კითხვის გამავრცელებელი ქალბატონიაო.
მამაჩემმა ძველი სახლის გვერდით, იქვე ააშენა პატარა, სააგარაკე სახლის მსგავსი შენობა და იქ ცხოვრობდნენ დედაც და მამაც სიცოცხლის ბოლომდე... ორივე იმ სოფელში დავკრძალეთ.
ნანული ზოტიკიშვილი