პოლიტიკური კრიზისის სკანდალური ვერსია ფარულ მოლაპარაკებებზე და ჯეიკ სალივანზე - "ოპოზიციის აქტიურობაში ხელისუფლების შტოებიც ფიგურირებენ" - კვირის პალიტრა

პოლიტიკური კრიზისის სკანდალური ვერსია ფარულ მოლაპარაკებებზე და ჯეიკ სალივანზე - "ოპოზიციის აქტიურობაში ხელისუფლების შტოებიც ფიგურირებენ"

"ოპოზიციამ უკვე გაფლანგა საპროტესტო მუხტი და ეს გარკვეულ ეჭვებს იწვევს, მათ შორის - დასავლურ პოლიტიკურ წრეებში", - ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი. მისი ვერსიით, დღევანდელ ოპოზიციურ ლიდერებს დასავლეთის მხარდაჭერა არ აქვთ. „ევროპელებისა და ამერიკელების დასაყდენი ძალა საქართველოში ოპოზიცია რომ იყოს, ამას ღიად იტყოდნენ, მაგრამ ისინი ასეთს არაფერს ამბობენ“. ანალიტიკოსი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და დასავლეთის პოზიციებზე საკმაოდ საინტერესო ვერსიებს გვიზიარებს:

- ერთთვიანი პაუზა, რომელიც ოპოზიციამ აიღო რადიკალურ რელსებზე გადასასვლელად, ძალიან დიდი დრო აღმოჩნდა იმისთვის, რომ საპროტესტო მუხტი არ განელებულიყო. ძალიან ბევრი მიტინგი მაქვს ჩატარებული, როგორც ეროვნულ ხელისუფლებაში, ასევე - ოპოზიციაში ყოფნის დროს და ძალიან კარგად ვიცნობ ქართველი ხალხის ფსიქოლოგიას, მიტინგების კონტექსტში.

20-25 დღე სრულიად საკმარისია საპროტესტო მუხტის გასანელებლად.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია იძულებული გახდა, რადიკალურ რელსებზე გადასულიყო მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გაარკვია, რომ დასავლეთმა საქართველოში ჩატარებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურად მიიჩნია. ამ მოცემულობაში ოპოზიციის პარლამენტში შესვლა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. ოპოზიციონერი ლიდერები დაკარგავდნენ არა მხოლოდ საკუთარი ელექტორატის მხარდაჭერას, ასევე, სამუდამოდ ამოიშლებოდნენ პროდასავლური პარტიების რეესტრიდან. უფრო მეტიც, შესაძლოა, მთელ რიგ ქვეყნებში "შავ სიაშიც" შეეყვანათ.

ოპოზიციის მიერ იძულებით, საკუთარი ნების წინააღმდეგ დაწყებული რადიკალური პროტესტი დაგვიანებულია და მეეჭვება, რომ პროდუქტიული იყოს.

- რატომ ფიქრობთ, რომ ოპოზიციონერი ლიდერები საკუთარი ნების წინააღმდეგ მიმართავს რადიკალურ ღონისძიებებს, რატომ არ უნდა სურდეთ რეალური გამარჯვების მოპოვება?

- ამ კითხვაზე პასუხი კონსპიროლოგიაში გვაგდებს, მაგრამ ფაქტი სახეზეა - ოპოზიციას შეეძლო მრავალათასიანი მიტინგები მოეწყო არჩევნების მეორე, მესამე დღეს და იმ დღეებში არსებული კოლოსალური მუხტით ძალიან სერიოზული შედეგი დაედო, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს. ვაჭრობის თვალსაზრისითაც ყველაზე კარგი მომენტი იყო.

ისე კი, როგორც საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, ამ ერთი თვის განმავლობაში ძალიან სერიოზული ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და სწორედ ამაში გაიფლანგა დრო.

- თქვენს ვერსიაში მოლაპარაკებები რომელ სუბიექტებს შორის მიმდინარეობდა და როგორი შინაარსის იყო?

- ვერსიების ნაწილი კონცენტრირდება იმაზე, რომ ივანიშვილი მზად იყო, ოპოზიციის პარლამენტში შემოსვლის გარდა გადაედგა გარკვეული ნაბიჯები, მაგალითად, სანაცვლოდ გაეწირა კობახიძე

- ამ ვერსიის შესახებ საზოგადოებამ უკვე იცის, თუმცა არ არის ცნობილი, კობახიძის გარდა, კიდევ ვისზე იყო ლაპარაკი.

- დიახ, კობახიძის გარდა სხვა სახელები და გვარებიც იყო დასახელებული, მაგრამ ოპოზიციისთვის მხოლოდ კობახიძე იყო საინტერესო. როგორც ჩანს, ოპოზიციის გარკვეული წრეები, რომლებიც მიჩვეულები იყვნენ ბიძინა ივანიშვილთან ფარულ გარიგებებს, მიიჩნევდნენ, რომ კობახიძემ მათ შორის ბარიკადი აღმართა. ამიტომ კობახიძის პოლიტიკური კულინარიიდან ჩამოშორების მიზანი ივანიშვილთან კომუნიკაციების გაუმჯობესება, უფრო სწორად, ძველ ნიშნულზე დაბრუნება იყო.

- თუ ეს ვერსია მართალია, ამ მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ პროცესების როგორი განვითარებაა მოსალოდნელი, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის განცხადების მიხედვით, ის მხარს უჭერს ქართველ ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო?

- თუ დააკვირდით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების თუ, ზოგადად, დასავლეთის პოლიტიკური ლიდერების მიერ ბოლო თვის განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებს, ალბათ შენიშნავდით, ოპოზიციას არსად ახსენებენ. ისინი საუბრობენ ქართველ ხალხზე და ოპოზიციურ ელექტორატზე. ეს სწორედ იმას ნიშნავს, ოპოზიციონერ ლიდერებს მხარს არ უჭერენ.

მათი ფსონი დღეს არსებული ოპოზიცია რომ ყოფილიყო, ამის მარკერი იცით რა იქნებოდა? მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი დადგებოდა არა დასავლეთის მარგინალური წრეების დღის წესრიგში, არამედ - სერიოზული ლიდერების დონეზე.

ბოლოსდაბოლოს, პუტინის ჯურღმულებიდან გამოიყვანა ბაიდენმა ხალხი (იგულისხმება ის რუსი ოპოზიციონერები, რომლებიც რუსეთის ციხეში ისხდნენ - ავტ.) და მიშასაც გაათავისუფლებდა როგორმე, მასზე ფსონის დადება რომ სდომოდა. ამიტომ მე არ მჯერა, რომ დასავლელ ლიდერებსა და ქართულ ოპოზიციონერებს შორის კომუნიკაცია არსებობს. სიმართლე გითხრათ, მე არც იმის მჯერა, რომ დასავლეთს უნდა რიგგარეშე არჩევნები.

- მაშინ რა უნდა დასავლეთს?

- დასავლელ ლიდერებს უნდათ, მიმდინარე პოლიტიკური პოროცესების შედეგად ბიძინა ივანიშვილის მართვის ბერკეტები შექმნან. მათ ასევე სურთ, რომ გავლენა იქონიონ რიგგარეშე არჩევნებზეც, რომელიც ახლა კი არა, მომავალში, დასავლეთისთვის ოპტიმალურ მომენტში ჩატარდება. ეს ოპტიმალური მომენტი კი შეიქნება ამერიკაში ხელისუფლების ტრანსფერის შემდეგ. მე ვერ ვხედავ იმის სურვილს, რომ დასავლეთმა ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციის სასარგებლოდ მოსთხოვოს ნაბიჯების გადაგმა.

- კი მაგრამ, დასაყრდენი ძალა ხომ სჭირდებათ, თუნდაც მათთვის ოპტიმალურ მომენტში ჩასატარებელი ვადამდელი არჩევნებისთვის ?

- სალომე ზურაბიშვილს არა ერთხელ გაახმოვანებინეს ტექნიკური პრემიერის და ტექნიკური მთავრობის საკითხი. მე ძალიან მაინტერესებდა, რა იშიფრებოდა ამ პოლიტიკური აბრევიატურის უკან და ვინ იყო ამის ავტორი.

გაირკვა, რომ საქართველოში ტექნიკური მთავრობის შექმნისა და მომავალში ვადამდელი არჩევნების ჩატარების იდეის ავტორი ყოფილა ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში - ჯეიკ სალივანი.

ამიტომაც აღმოჩნდა ეს ინიციატივა სალომე ზურაბიშვილის „ქარტიაში“. მე მაქვს მოლოდინი, რომ დასავლეთი მისთვის საჭირო მომენტში ტექნიკური პრემიერის და ტექნიკური მთავრობის საკითხს დააყენებს. ვფიქრობ, რომ დროის ლიმიტი სამი-ოთხი თვეა.

- ამ შემთხვევაშიც აუცილებელი იქნება კონკრეტული პიროვნებების დასახელება. ვინ უნდა იყოს ტექნიკური პრემიერი ან როგორ შეიძლება დაკომპლექტდეს ტექნიკური მთავრობა?

- იმ პიროვნებების ვინაობა, რომლებმაც, დასავლეთის აზრით, საკვანძო როლი და ფუნქცია უნდა იკისრონ, ცნობილი გახდება კიდევ უფრო მოგვიანებით, უფრო კონკრეტულად მაშინ, როდესაც ამერიკის ახალი ადმინისტრაცია რუსეთის ხელისუფლებაზე პოლიტიკურ ბერკეტებს მოიპოვებს. აი, ამის შემდეგ მიხედავენ საქართველოს საკითხს უფრო აქტიურად.

- მანამდე პოლიტიკური პროცესი ქუჩაში დარჩება?

- როგორც ერთმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა მითხრა, ქართულ ოპოზიციას სურს, რომ ამერიკის განახლებულ პოლიტიკურ გეგმაში ადგილი მოიპოვოს.

ოპოზიციონერმა ლიდერებმა ძალიანაც კარგად იციან, რომ ამერიკელების პატერნალიზმის მიღმა აღმოჩნდნენ. მგონია, ბიძინა ივანიშვილმაც იგრძნო, რომ ოპოზიციის უკან ამერიკის შეერთებული შტატები არ დგას.

ერთი საინტერესო და ერთობ უცნაური ამბავი უნდა გითხრათ, მელიქიშვილისა და ვარაზის ხევის გაკვეთაზე გაშლილ კარვებს შორის ორი ცალი სამაშველო სამსახურს ეკუთვნოდა.

ამ კარვების ყიდვა შეუძლებელია საცალო ვაჭრობაში, სპორტულ მაღაზიებში ან სადმე სხვაგან. ხომ საინტერესოა, როგორ აღმოჩნდა სამაშველო სამსახურის კარვები ოპოზიციის მიტინგზე? ამიტომ ვამბობ, რომ ეს პროტესტი, პოლიტიკური კულინარიის თვალსაზრისით, ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს.

- თქვენი ვერსია, როგორია?

- ჩემი ვერსიით, ოპოზიციის აქტიურობაში ხელისუფლების გარკვეული შტოებიც ფიგურირებენ.

- შეიძლება ეს ვინმემ ისეც გაიგოს, რომ ხელისუფლებაში შიგნიდან დაიწყო რღვევა?

- შეიძლება, მაგრამ ჩემი ვერსიით, ბიძინა ივანიშვილს ამ პატარა კარვების ქალაქის და აქციის დაშლით იმის გარკვევა უნდოდა, თუ როგორია დასავლეთის პოზიცია მისი პერსონის მიმართ. თუ ამ პატარა დარბევას დასავლეთიდან ხმამაღალი და კრიტიკული განცხადებები მოჰყვებოდა, მაშინ ბიძინა იფიქრებდა, დასავლეთი და კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ჩასაფრებული იქნებოდა. დღეს მან მიიღო ინფორმაცია, რომ ამერიკა ჩასაფრებული არ არის.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)