"შვილზეც ვფიქრობთ... მთავარია, მოვასწრო და დედობა განვიცადო! სანამ ცოცხლები ვართ, ყველაფერი უნდა მოვასწროთ... რაც ჩემია, ამ ცხოვრებას უნდა გამოვგლიჯო - კვირის პალიტრა

"შვილზეც ვფიქრობთ... მთავარია, მოვასწრო და დედობა განვიცადო! სანამ ცოცხლები ვართ, ყველაფერი უნდა მოვასწროთ... რაც ჩემია, ამ ცხოვრებას უნდა გამოვგლიჯო"

რუსეთი განაგრძობს უკრაინაზე საჰაერო თავდასხმებს...

დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით, უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ქალაქებს მუდმივად ეწირებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა მშვიდობიანი მოსახლეობის ტერიტორიებზე თავდასხმები გააძლიერა, რაც უკრაინელების აშკარა დაშინების მცდელობაა, რათა დანებებისკენ უბიძგოს. რუსეთ-უკრაინის ომი 1000-დღიან ეტაპს უახლოვდება.

ამასთან, რუსეთიც და უკრაინაც ახლა ელიან, თუ როგორ შეცვლის ვაშინგტონი ომის პოლიტიკას მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი, იანვარში, პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს. ამერიკა უკრაინის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელია.

ცვლილებების მოლოდინშია ანასტასია ვოლოშუკიც, რომელიც მასშტაბური ომის დაწყებიდან დღემდე, მეუღლესთან ერთად, ფრონტის ხაზზეა.

- 24 წლის ვარ, ჩემი მეუღლე, ვიაჩესლავ ლუნტიკი კი 22-ის. ჩვენ სამშობლოს სამსახურში ვართ. პირველი დღეები იყო უმძიმესი. "რა ვქნათ?" - ვკითხეთ მეგობრებმა ერთმანეთს. ვიომოთ, - თქვა რომელიღაცამ და შემდეგ ყველამ ერთად მივიღეთ იარაღის ხელში აღების გადაწყვეტილება. თავდაპირველად თვითორგანიზებული მოხალისეობრივი ჯგუფი ვიყავით, შემდეგ უკვე ოფიციალურად უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავედით.

- ეს ნიშნავს, რომ დავალებებს იღებდით?

- დიახ, 22 მარტიდან უკვე ვიყავი მოხალისე, რომელიც თან ახლდა შეიარაღებულ ძალებს. მახსოვს, პირველი ცვლა ღამით მომიწია, ეს ჯოჯოხეთი იყო... მთელი ღამე გვბომბავდნენ, ცა წითლად იყო განათებული და მეშინოდა, რომ თავზე დამემხობოდა. ამ დროს კი ჩემ გვერდით იყვნენ ბიჭები, რომლებიც ისეთი გადაქანცული იყვნენ, რომ ამ ბათქაბუთქში ეძინათ. როგორ შეუძლიათ, ვფიქრობდი მათი შემყურე. მერე კი თავადაც არაერთხელ მომიწია ცალ ფეხზე მდგომს, მეგობრის მხარზე თავდადებულს თვალის მოხუჭვამ. უბრალოდ, აფეთქებების ხმას შეუცვლელ მოცემულობად იღებ და ცდილობ გონება გათიშო, რომ არ გადაიწვა. თურმე შეჩვევაა ყველაფერი...

სამედიცინო განათლება მაქვს, რაც ნიშნავს, რომ დაჭრილებთან ვმუშაობ. თავდაპირველად ვერ ვახერხებდი, ახლა კი ამასაც შევეჩვიე - მძიმედ დაჭრილ, მომაკვდავ ადამიანს ჭრილობას რომ დავუმუშავებ, ხელებს ვიწმენდ და ცოტა ხნის წინ დაწყებული ყავის დალევას ვაგრძელებ... პირველად ეს სხვა ექიმისგან რომ დავინახე, მეგონა, ფანტასტიკის ჟანრის ფილმის პერსონაჟს ვუყურებდი. რამდენჯერმე ვერ მოვითმინე და ვკითხე, - როგორ ახერხებთ ამას-მეთქი?!. ახალი ხართო? - კითხვა დამიბრუნა ექიმმა და დაჭრილ ბიჭს მკლავზე რეზინა ძლიერად გადაუჭირა... შემდეგ იმავეს გაკეთება მეც არაერთხელ მომიხდა. არ მახსოვს, სად, რომელ კონკრეტულ მომენტში გადავლახე ჩემში ეს შიში თუ მღელვარება, დავამარცხე ადამიანური სისუსტეები, მაგრამ ახლა მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ, რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადავარჩინო. ომში სენტიმენტების დრო არ არის, აქ ყველა წუთი მნიშვნელოვანია... ჩვენ ყველას ჩვენი ომი გვაქვს; ყველა ისე ვებრძვით მტერს, როგორც შეგვიძლია. ვცდილობ, ჩემიანები სიკვდილს გამოვგლიჯო და ამით დავასუსტო ტერორისტი რუსეთი.

- როგორც ვხვდები, პროფესიით ექიმი ხართ.

- ფარმაცევტი ვარ. ომამდე აფთიაქში ვმუშაობდი. სწორედ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების წინადღეს მოვაწერე ხელი ახალი სამსახურის ხელშეკრულებას - კომპანიამ, სადაც ვმუშაობდი, ახალი აფთიაქი გახსნა და იქ წამყვანი ფარმაცევტი უნდა ვყოფილიყავი. თუმცა, რუსეთმა მე და ჩემს თანატოლებს, ომში გვიკრა თავი. ზოგმა ქვეყანა დატოვა, მაგრამ ყველამ - არა. ჩემმა მეგობრებმა მომავალი მეუღლეები ფრონტის ხაზზე გაიცნეს.

- მეუღლეზე გვიამბეთ.

- ჩემი მეუღლე სტუდენტია. არაერთხელ მინახავს, ბალისტიკური რაკეტების დაბომბვისას როგორ იჯდა წიგნით ხელში და მეცადინეობდა... გიჟი ხარ-მეთქი, მითქვამს კიდეც. - რატომ? იმედი მაქვს, რომ გადავრჩები, რუსეთს ამ ომს მოვუგებთ, ჩემს ქვეყანას კი განათლებული თაობა სჭირდება, რომ განვითარდესო... ჩემი მეუღლის სახლთან ახლოს ვმუშაობდი, იქ გავიცანით ერთმანეთი. ნახევარი წლის შემდეგ, მე გადავწყვიტე ქვეყნის დაცვაში ჩემი წვლილი შემეტანა. ჩემს მეუღლეს იმდენად არ უნდოდა ომში წავსულიყავი, რომ კინაღამ დავშორდით. ულტიმატუმიც კი წამიყენა, - ისედაც ყოველდღე სიკვდილს ვუყურებთ თვალებში, მთელი ქვეყანა ომშია და ახლა შენზე დარდსაც ნუ დამიმატებ, გადაიფიქრე ან დამკარგავო... ცოტა ხნით გაიბუტა და როგორც ახლა ამბობს, დაფიქრების საშუალება მომცა... მე გავიმარჯვე. შემდეგ თავად დამიკავშირდა, - სადაც შენ იქნები, მეც იქ უნდა ვიყოო... ძალიან კარგ გუნდში აღმოვჩნდით, პატრიოტიზმმა თავისი ქნა. ხანდახან ძალიან მეშინია, ის მსროლელია და ჩემს თავზე მეტად, მასზე ვღელავ. მაგრამ ომში რომ გადარჩე, რაღაც ძლიერი იმედი გჭირდება, რისთვისაც და ვისთვისაც მზად ხარ უძილობა, შიმშილი, სიცივე, მონატრება, ყველაფერი ადამიანური დათმო ან აიტანო, ოღონდ ის გიმაგრებდეს ზურგს. აქ მხოლოდ ფიზიკური გადარჩენა არ არის მნიშვნელოვანი, შინაგანად უნდა გადარჩე, მძაფრი განცდების გარეშე ეს კი შეუძლებელია. მიყვარს, ე.ი. ღირს ბრძოლა და სიცოცხლე. ჩვენ ერთმანეთს ვასწავლით სამშობლოს სიყვარულს, მისთვის თავგანწირვას. ზოგჯერ, როდესაც პესიმიზმი შემოგვიტევს, ვეცემით და შემდეგ ისევ ვძლიერდებით... ომში არავინ საუბრობს სიკვდილზე, აქ ყველაზე მეტი სიცოცხლეა... სულ კარგ ამბებზე, პოზიტივზე, მხიარულ თემებზე ვსაუბრობთ, სხვანაირად შეუძლებელია.

- როგორია თქვენი ფუნქცია ომში?

- თავდაპირველად, მე ვმსახურობდი, როგორც მედიკოსი-მსროლელი, მეუღლე კი - მსროლელია. ახლა უკვე სამედიცინო პუნქტის ინსტრუქტორი ვარ, მეუღლე უფრო მრავალფუნქციურია - ლოჯისტიკაშიც არის.

- რა არის ომში ყველაზე მძიმე და რთული?

- ომში რთულია სამომავლო გეგმების აგება, მასზე ფიქრი. ვინმემ რომ მითხრას, რაზე ოცნებობო? მწარედ გამეცინება... როდესაც ცაში რუსული დრონები და ბალისტიკური რაკეტები დაფრინავენ, რაზე უნდა ვიოცნებოთ, გარდა სიცოცხლისა... შესაძლოა, რამდენიმე წუთში ყველაფერი დასრულდეს. ყველაზე მძიმე კი სიკვდილია. რამდენიმე წუთის წინ მოსაუბრე ადამიანის, მეგობრის, თანამებრძოლის უსიცოცხლოდ ჩამოვარდნილი ხელები და ღია თვალები, თითქოს რაღაცის თქმა ვერ მოასწროო. უამრავი შემთხვევა მქონია, გუშინ ან სულაც დილით, რაღაც თემაზე ვხალისობდით, მონატრებულ შეყვარებულზე ან სულაც, ცოლსა და შვილზე მესაუბრებოდა და რამდენიმე საათში მის გვარ-სახელს "გრუზ-200"-ის (ომში დაღუპული ცხედრებისთვის განკუთვნილი სპეციალური მანქანა) სიებში ვნახულობ. და კიდევ, კი ვთქვი, რომ სისხლს და სიკვდილს შევეჩვიე, მაგრამ ახლა რომ ვიხსენებ, არა, ხანდახან თმა ყალყზე მიდგება, ისეთი დაჭრილები მოჰყავთ; არ ვიცი, რით ვუშველო, ტკივილი როგორ გავუყუჩო ან როგორ ვანუგეშო, ან სულაც არსებობს თუ არა ნუგეში მაშინ, როდესაც 20-21 წლის ბიჭი ვერც ერთ კიდურს ვერ გრძნობს... მას კი ჯერ ცხოვრებაში არაფერი უნახავს და ომამდე ეგონა, რომ ყველაფერი წინ ჰქონდა. ომი ცვლის ყველაფერს, ადამიანებს, სამყაროს, ურთიერთობებს. მე მყავს მეგობრები, რომლებთანაც უამრავი კარგი მოგონება მაკავშირებს, მაგრამ ომის დაწყებისთანავე მათ ქვეყანა დატოვეს, პირადი კომფორტი არჩიეს. ისინი ვერასდროს იქნებიან ჩემი მეგობრები. ეს მათ პირადადაც ვუთხარი. მიპასუხეს, რომ ყველას არ შეუძლია ბრძოლა.

- ალბათ ასეც არის.

- ასეც არის, მაგრამ სხვანაირად შეუძლიათ ქვეყანას დაეხმარონ. მოხალისეებს არანაკლები როლი აქვთ, ქვეყანაში ომია და თუნდაც ერთ ბავშვს ან მოხუცს რომ მედიკამენტის ფული შეუგროვო, ისიც მნიშვნელოვანია. მადლობა ჩვენს მეთაურებს, რომ ზოგჯერ შვებულებაში გვიშვებენ, რა დროსაც შემიძლია უკრაინის ომსა და მის გარშემო მიმდინარე პროცესებს ოდნავ შორიდან შევხედო. ომში არაფრის თავი არ მაქვს, ვერაფერს ვამჩნევ დაჭრილების, გადარჩენილების, დაღუპულების გარდა...

- შვილი არ გყავთ, არა?

- ჯერ არა, მაგრამ ვგეგმავთ. ეს თემა ახლა განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან არ შეიძლება ცხოვრების გადადება. არ ვიცით, რა იქნება ხვალ, ამიტომ უნდა მოვასწროთ ყველაფერი. უნდა ვიცხოვროთ აქ და ახლა, იმით, რაც გვაქვს და ისე, როგორც შეგვიძლია. მთავარია, მოვასწრო და დედობა განვიცადო, ჩემს მშობლებს შვილიშვილი ვაჩუქო. რამდენი ჩემი თანატოლი, უფროსი ან სულაც, უმცროსი დაეცა ბრძოლის ველზე ისე, რომ შვილი ვერ ნახა, დედობა ვერ გამოცადა. ომმა მასწავლა, რომ უნდა მოვასწრო ყველაფერი! რაც ჩემია, ამ ცხოვრებას უნდა გამოვგლიჯო.

- ზამთარი ახლოვდება, რაც ალბათ ართულებს სიტუაციას, არა?

- ომში კარგი სეზონი არ არსებობს - ზაფხულში საშინლად ცხელა და სიცხეში აღჭურვილობით გადაადგილება ნამდვილი ჯოჯოხეთია. თუმცა ზაფხული იმით არის კარგი, რომ ბანაობის პრობლემა თითქმის არ არსებობს, რასაც ვერ ვიტყვით ზამთარზე - როდესაც დაბალი ტემპერატურაა, შხაპი ფუფუნებაა... გარეცხვა, გაშრობა და გათბობა უდიდესი პრობლემაა. თუმცა ვცდილობთ, გამოსავალი ვიპოვოთ, საქმეს ვინაწილებთ: ვიღაც რეცხავს, ვიღაც საჭმელს ამზადებს, სხვა აცხობს და ა.შ. უკვე მესამე ზამთარია, ომში ვართ. ასე რომ, ამასაც შევეჩვიეთ.

- თქვენ და მეუღლე ერთ ბატალიონში ხართ?

- დიახ, მადლობა ღმერთს, გაგვიმართლა. ვფიქრობ, ამაში მეთაურობამაც შეგვიწყო ხელი, შევებრალეთ და დაგვეხმარნენ... როდესაც ჩემი მეუღლე დავალებაზეა, გარშემო კი საჰაერო განგაში ისმის ან მეთაურობის ზარია, ვიდრე გავარკვევ რა ხდება, რასაც უნდა ვაკეთებდე, გულში ჩუმად ვამბობ, - ღმერთო, შენ გვიშველე!.. ღმერთო, შენ გადაგვარჩინე-მეთქი!.. ჯერჯერობით, გვშველის.

- ფრონტის ხაზიდან ხან საიმედო, ხან სახიფათო ცნობები მოდის. ახლა ირკვევა, რომ ოკუპანტი წინ მიიწევს. რას ფიქრობთ, რა შეიძლება მოხდეს?

- ამის პროგნოზი ძნელია, რადგან მხოლოდ, ჩვენზე, უკრაინაზე, უკრაინელებსა და იმ ადამიანებზე არ არის დამოკიდებული, ვინც ჩვენ გვერდით იბრძვიან, მთავარია, რას გადაწყვეტს დასავლეთი... ჩემი მეუღლე გამოუსწორებელ ოპტიმისტს მეძახის. მე მჯერა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. უბრალოდ, მეტი დახმარება სჭირდება, სამხედრო, საბრძოლო მასალით. ადამიანური რესურსის მხრივაც გვიჭირს... აუცილებელია დემობილიზაცია. გოგონები და ბიჭები, რომლებიც მესამე წელია ფრონტის ხაზზე არიან, დაიქანცნენ. მართლაც, სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძვით, მაგრამ ჩვენი რესურსიც არ არის ამოუწურავი.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "გზა"