"შევდივართ ჯოჯოხეთში!" - "მოგზაურობა ჯოჯოხეთში" ანუ რა დარღვევებს აწყდება "სახალხო კონტროლი" ქართულ საწარმოებში - კვირის პალიტრა

"შევდივართ ჯოჯოხეთში!" - "მოგზაურობა ჯოჯოხეთში" ანუ რა დარღვევებს აწყდება "სახალხო კონტროლი" ქართულ საწარმოებში

"შევდივართ ჯოჯოხეთში!" - ამ სიტყვებით დაიწყო "სახალხო კონტროლის" ერთ-ერთი ბოლო გადაცემა "მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერაციის" ხელმძღვანელმა და გადაცემის წამყვანმა მადონა კოიძემ, რომელიც ჩვენს უფლებებს ტელეეკრანიდანაც იცავს. გადაცემაში ნაჩვენები იყო კატასტროფული მდგომარეობა, რომელიც გადამღებ ჯგუფს დიდუბის ავტოსადგურთან ახლოს არსებულ თაფლაკვერას საწარმოში დახვდა.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"მსგავსი ფაქტები, სამწუხაროდ, ძალიან ხშირია. ჩვენს გადამღებ ჯგუფს არაერთხელ გადაუღია საწარმო, სადაც ენით უთქმელი ანტისანიტარია იყო. ბოლო პერიოდში "თაფლაკვერას" საწარმოში არსებულმა სიტუაციამ გაგვაოცა, საშინელება დაგვხვდა - სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ, რომ იქაური მდგომარეობა სრულად გადმოვცე!.."

"შემოსულ წერილებს ყურადღებით ვკითხულობთ, ჩვენი ჯგუფი სიტუაციას აფასებს და იმ ობიექტებზე მივდივართ, სადაც ყველაზე მძიმე სიტუაციაა. ზოგჯერ გვსაყვედურობენ, რატომ შედიხართ ერთ ობიექტზე და მეორეს უყურადღებოდ ტოვებთო?.. ჩემთვის სულ ერთია, მომხმარებელი სადაც მოგვწერს და სადაც უფრო რთული მდგომარეობაა, იქ მივდივარ გადამღებ ჯგუფთან ერთად. ცხადია, ჩვენ ყველას ვერ გავწვდებით..."

"წლების განმავლობაში ბიზნესი პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყო, მომხმარებელი იჩაგრებოდა. სახელმწიფოს მიდგომა იყო ისეთი, რომ ბიზნესსა და მომხმარებელს შორის მაკონტროლებელი რგოლი არ უნდა ყოფილიყო.

კარგა ხანს მიჩნეული იყო, რომ თვითონ მომხმარებელი გაერკვეოდა, მისი უფლებები ირღვეოდა თუ არა. ამგვარმა მიდგომამ სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანა და წლები დაგვჭირდა, რომ დღევანდელ მდგომარეობამდე მივსულიყავით..."

"რადგან სიტყვა აგრესიაზე ჩამოვარდა, უნდა ვთქვა, რომ ლიზა ვადაჭკორია უფრო ხშირად ხდება აგრესიის მსხვერპლი. ის უფრო ნაზი და მშვიდი ბუნებისაა, ამიტომ, ჩემზე გაბრაზებულები ხშირად, მასზე იყრიან ჯავრს. ამიტომ, მთელი გადამღები ჯგუფი მაქსიმალურად ცდილობს, ლიზა ამ უსამართლო აგრესიისგან დაიცვას..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 21 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე