სასამართლომ მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულ 2 პირს 8-8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა - კვირის პალიტრა

სასამართლომ მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულ 2 პირს 8-8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიდან სამი პირი - ისაკო დევიძე, ირაკლი ანდღულაძე და დავით წოწორია სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო.

აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაკავებულების ერთ-ერთმა ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ განუცხადა.

მოსამართლე კობა ჩაგუნავას გადაწყვეტილებით, ისაკო დევიძეს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განესაზღვრა.

მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით, ირაკლი ანდღულაძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 700-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

დავით წოწორიას კი მოსამართლე ნინო ენუქიძიემ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა.

ცნობისთვის, მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 16 პირი დააკავეს. მათგან 3 ადამიანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, დანარჩენები კი დროებითი მოთავსების იზოლატორებში შეასახლეს. მათგან ამ ეტაპისთვის მხოლოდ 3 პირის სასამართლო პროცესი ჩატარდა. დარჩენილებს ადმინისტრაციული პატიმრობის 48-საათიანი ვადა ხვალ დილით, 08:00 საათზე ეწურებათ.

"ინტერპრესნიუსი"