ტრამპის გეგმა: რას "გაიყოფენ" ზელენსკი და პუტინი?! - არსებობს შანსი, რომ დაიწყოს მოლაპარაკება დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ზუსტად გა - კვირის პალიტრა

ტრამპის გეგმა: რას "გაიყოფენ" ზელენსკი და პუტინი?! - არსებობს შანსი, რომ დაიწყოს მოლაპარაკება დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ზუსტად განაწილების თაობაზე"

„ვლადიმერ პუტინი მზადაა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან - დონალდ ტრამპთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განსახილველად, მაგრამ გამორიცხავს რაიმე ტერიტორიულ დათმობას და კატეგორიულად ითხოვს, რომ უკრაინამ უარი განაცხადოს თავის ამბიციებზე ნატოში გაწევრების მიზნით“, - ნათქვამია ბრიტანული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს - „როიტერის“ (Reuters) მიერ გავრცელებულ ექსკლუზიურ სტატიაში სათაურით: „პუტინური მშვიდობის კონტურები უკრაინაში“ (ავტორი - გაი ფოლკონბრიჯი).

გთავაზობთ პუბლიკაციას, რომელიც ბრიტანელი ჟურნალისტის მიერაა მომზადებული, კრემლის პოზიციის მცოდნე ხუთი წყაროს ინფორმაციის საფუძველზე.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს საჯაროდ აცხადებდა რუსეთ-უკრაინის ომის სწრაფ დასრულებას, ამჟამად უკვე თეთრ სახლში ბრუნდება, თანაც ისეთ მომენტში, როცა საერთაშორისო არენაზე და ბრძოლის ველზე რუსეთის უპირატესობა ძლიერდება.

დღეისათვის მოსკოვი უკვე აკონტროლებს უკრაინის იმ ტერიტორიას, რომელიც ფართობით აშშ-ის ვირჯინიის შტატს უტოლდება და წინ სწრაფი ტემპით მიიწევს.

ისეთი სიჩქარით, როგორიც უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში ფიქსირდებოდა, 2022 წლის თებერვალ-მარტში.

რაზე შეუძლია დათანხმდეს რუსეთის პრეზიდენტს თავის ამერიკელ კოლეგასთან დადებული გარიგების ჩარჩოებში? ხუთმა ამჟამინდელმა და ყოფილმა რუსმა ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ კრემლი, მთლიანობაში, შეიძლება კონფლიქტის გაყინვას დაყაბულდეს, მაგრამ მხოლოდ ამჟამად არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ.

ხუთიდან სამი პიროვნების თქმით (რომლებმაც ანონიმად დარჩენა ისურვეს, საკითხის დელიკატურობის გამო), დღეისათვის არსებობს დიდი შანსი, რომ დაიწყოს მოლაპარაკება უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ოთხი ოლქის - დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ზუსტად გაყოფაზე.

მოსკოვი აცხადებს, რომ აღნიშნული ოთხი რეგიონი, რუსეთის კონსტიტუციის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უკვე რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შედის და, შესაბამისად, მათ ხელშეუხებლობას რუსული ბირთვული ქოლგა იცავს. რუსეთის არმია ოლქების სახმელეთო ტერიტორიის 70-80%-ს აკონტროლებს.

ორი ჩინოვნიკის თქმით, რუსეთი შეიძლება დათანხმდეს გარკვეულ კომპრომისს და უკან დაიხიოს ზოგიერთი მცირე ტერიტორიიდან, რომელიც მას აქვს დაკავებული ხარკოვისა და ნიკოლაევის ოლქებში.

ნოემბერში ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ შეთანხმებაში ასახული უნდა იყოს ადგილებზე არსებული „რეალიები, თუმცა იგი ეჭვის თვალით უყურებს ცეცხლის შეწყვეტის ყოველგვარ დროებით შეთანხმებას და მიაჩნია, რომ დასავლეთი მომენტით ისარგებლებს და უკრაინის შეიარაღებას გააგრძელებს. „თუ [უკრაინა] ნეიტრალიტეტს ოფიციალურად არ გამოაცხადებს, ძნელი იქნება კიევთან რაიმე კეთილმეზობლური და მშვიდობიანი ურთიერთდამოკიდებულების დამყარება“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა 7 ნოემბერს, „ვალდაის“ სადისკუსიო კლუბის წევრებთან შეხვედრის დროს, - „რატომ? იმიტომ, რომ ასეთი დროებითი შეთანხმება გამოყენებული იქნება უცხო ძალების მიერ ინსტრუმენტად, რუსეთის ფედერაციის საზიანოდ“.

რუსი ანონიმი ჩინოვნიკების თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობის შანსები შემცირდა ჯო ბაიდენის გადაწყვეტილების ფონზე, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის არმიას ამერიკული ATACMS-ების რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის დაბომბვის უფლება მისცა. რა თქმა უნდა, დასამალი არაა, რომ ამ ფაქტის გათვალისწინებით, თითქმის შეუძლებელი ხდება ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი მცდელობის რეალიზება. მოსკოვის პოზიცია უფრო ხისტი ხდება.

სამშაბათს, 19 ნოემბერს, უკრაინის არმიამ უკვე მიაყენა რუსეთის ტერიტორიას პირველი დარტყმა ATACMS-ების რაკეტებით, რაც, კრემლის განცხადებით, ომის სერიოზულ ესკალაციას წარმოადგენს.

რასაკვირველია, ასეთი სიტუაცია თუ გაგრძელდება, დონალდ ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადება ძალიან გაუჭირდება და მოსკოვი საომარ მოქმედებას გაორმაგებული ძალით გააგრძელებს. „ვლადიმერ პუტინი ადრეც აცხადებდა, რომ კონფლიქტის ნებისმიერი სახით გაყინვა პოზიტიურად არ იმუშავებს და სასურველი შედეგის მომტანი არ იქნება. ახლა კი, როცა აშშ-ის ნებართვით უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ATACMS-ის რაკეტები გაუშვა, ცეცხლის შეწყვეტის ყოველგვარი შესაძლებლობა ხელიდან არის გაშვებული“, - უთხრა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა „როიტერის“ ჟურნალისტს.

დონალდ ტრამპის გარემოცვაში კომუნიკაციების დირექტორის - სტივენ ჩუნგის თქმით, „აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ორი დაპირისპირებული მხარის - უკრაინისა და რუსეთის შერიგება და სისხლიანი ომის შეწყვეტა შეუძლია“.

დღეისათვის მეომარ მხარეთა პოზიციები ასეთია: უკრაინა მოითხოვს რუსეთის ჯარების გასვლას ქვეყნის მთლიანი ტერიტორიიდან და 1991 წლის საზღვრების აღდგენას (თუმცა ამერიკელი სამხედროები თვლიან, რომ ეს სურვილები ძალიან ამბიციურია და - უტოპიური). რუსეთი ითხოვს, რომ უკრაინამ უარი თქვას ნატოში გაწევრებაზე და უნდა აღიაროს მისი ყოფილი ოთხი ოლქის რუსეთის შემადგენლობაში მიღება (თუმცა კიევი კრემლის მოთხოვნაზე თანხმობას არ აპირებს). მოკლედ, ორივე მხარეს ძალიან ხისტი პოზიციები აქვს და ამ დროს გონივრული კომპრომისების მიღწევა ძალიან გართულებულია.

ამჟამად რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიის (110 ათასი კვ.კმ.) 18%-ს აკონტროლებს: ყირიმის ნახევარკუნძულს - 100%-ით, დონბასს („დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებს“) 80%-ით, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებს - 70%-ით, ხარკოვის ოლქს 3%-ით და ნიკოლაევის ოლქს - 1%-ით. თავის მხრივ, უკრაინის არმია აკონტროლებს რუსეთის კურსკის ოლქის 650 კვადრატულ კილომეტრს.

და მაინც, ხუთი ყოფილი და ამჟამინდელი რუსი ჩინოვნიკის თქმით, მართალია, მოსკოვი არასოდეს შეურიგდება უკრაინის ნატოში მიღებას და უკრაინის მიწაზე ნატოს ბაზების არსებობას, კრემლი შეიძლება გარკვეულ დათმობაზე წავიდეს და კიევისათვის უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკება დაიწყოს - თუ უკრაინა ოფიციალურად მოახდენს დეკლარირებას, რომ თავისი არმიის რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს და რომ არ შეზღუდავს რუსული ენის გამოყენებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, ვლადიმერ პუტინს, რა თქმა უნდა, შეუძლია, რომ თავისი მოსახლეობა სრულ გამარჯვებაში დაარწმუნოს, თუ უკრაინა ზემოთ დასახელებულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

ამასთან ყველა რუსულმა წყარომ განაცხადა, რომ ყირიმის სტატუსის საკითხი არავითარ განხილვას არ ექვემდებარება: ყირიმი რუსეთის შემადგენლობაშია.

ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელიც შიდაკრემლური დისკუსიების საქმის კურსშია, თქვა, რომ დასავლეთს მოუწევს მწარე და მკაცრი სიმართლის მიღება, რომ დახმარება, რომელსაც უკრაინა დასავლეთიდან იღებს, საკმარისი არ არის და ხელს ვერ შეუშლის რუსეთის გამარჯვებას.

ვლადიმერ პუტინმა, საბჭოური „კაგებეს“ ყოფილმა პოლკოვნიკმა, რომელიც დრეზდენში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საბჭოური ძლიერების დაკნინების მომსწრე გახდა, უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება თვითონ მიიღო და თავისი ნაბიჯი მხოლოდ რამდენიმე სანდო პიროვნებასთან შეათანხმა. ანუ, სავარაუდოდ, იმავე პიროვნებების აზრი გადამწყვეტი იქნება ცეცხლის შეწყვეტის საკითხშიც. კრემლის ბინადარის აზრით, „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უპირველესად მიმართულია „ქედმაღალი“ დასავლეთის წინააღმდეგ, რომელმაც ნატო აღმოსავლეთით გააფართოვა, რუსეთის საზღვრებამდე და უხეშად ჩაერია რუსეთის გავლენის სფეროში, კრემლის უკანა ეზოში - საქართველოსა და უკრაინის სახით, თუმცა მთავარი მაინც უკრაინაა.

როცა „როიტერმა“ რუს ანონიმ ჩინოვნიკებს ჰკითხა, თუ როგორ შეიძლება ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობები გამოიხატებოდეს, მათ დაიმოწმეს თურქეთში 2022 წლის სტამბოლის მოლაპარაკების დროს მიღწეული წინასწარი დოკუმენტის დებულებები: უკრაინის მუდმივი ნეიტრალიტეტი, უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებით, რასაც გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი უზრუნველყოფს: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი და რუსეთი.

კითხვაზე, „თუ უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებს ვერ მიიღებს, დაიდება თუ არა შეთანხმება“, ერთ-ერთმა რუსმა ჩინოვნიკმა უპასუხა: „მთავარია, თავიდან იქნას აცილებული ისეთი სიტუაცია, რომელიც ადრე თუ გვიან, დასავლეთსა და რუსეთს ერთმანეთთან პირდაპირ შეტაკებამდე მიიყვანს“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო