უკრაინელებმა პუტინის ბუნკერს დაარტყეს?! - რატომ "მიახარჯეს" ბარიატინსკის მამულის განადგურებას ათი ორმილიონიანი ბრიტანული რაკეტა
თვით პუტინის ბუნკერის განადგურებას ხომ არ ცდილობდნენ უკრაინელები, როდესაც ათი ორმილიონიანი ბრიტანული რაკეტა „მიახარჯეს“?
ვერ მოასწრო დასავლეთმა შეზღუდვის მოხსნა მის მიერ გადაცემული რაკეტების გამოყენებაზე რუსეთის ტერიტორიაზე, რომ ლოდინით დაღლილმა უკრაინელებმა ჯერ ბალისტიკური ATACMS-ები გაუშვეს „დაუპატიჟებელ სტუმრებად“ რუსეთის ბრიანსკის ოლქში მდებარე სამხედრო საწყობზე, გუშინ კი უკვე ფრთოსანი Storm Shadow-ებით დაადუღეს იმავე რუსეთის კურსკის ოლქში ერთი საინტერესო ადგილი...
ორივე შემთხვევაში უკრაინის გენშტაბმა არ დაინანა ძვირადღირებული ამერიკული ბალისტიკური(ერთი ATACMS-ის ღირებულება 3 მლნ დოლარამდეა) და ბრიტანული ფრთოსანი(ერთი Storm Shadow არანაკლებ 2 მლნ ფუნტი სტერლინგი ღირს) რაკეტები-რუსული სამხედრო საწყობისკენ 8 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, ხოლო კურსკის ოლქის სამიზნეზე კი 10 ფრთოსანი რაკეტა.
სამხედრო საწყობის მიზნად ამოღება სრულად გასაგებია, მაგრამ
20 მლნ-მდე ფუნტი სტერლინგი ზუსტად ორიოდე წუთში დაიხარჯა კურსკის ოლქში მდებარე...ცნობილი რუსი თავადების ბარიატინსკების საგვარეულო მამულის ტერიტორიაზე მძლავრი აფეთქებების განსახორციელებლად...
რაში დასჭირდა უკრაინის გენშტაბს რუსი ბარიატინსკების სასახლიდან აღმოსავლეთით სამასიოდე მეტრში ათი ბრიტანული ფრთოსანი რაკეტის დამიზნება, რომელთა მიზანში მოხვედრის შთამბეჭდავი ვიდეოკადრები გადაღებული თვითმხილველის, ასევე უკრაინული სადაზვერვო დრონის მიერ, ინტერნეტში მალევე გავრცელდა?
ვიდეო: თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეოკადრები, თუ როგორ ფეთქდებიან ერთმანეთის მიყოლებით რაკეტები კურსკის ოლქის მარინოში,ბარიატინსკების მამულის მიდამოებში...
არსებული ინფორმაციით, იქ მდებარეობდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს „კავშირგაბმულობის კვანძი“. თუმცა ასეთი კვანძები რუსეთის არმიას ასობით თუ ათასობით აქვს და მაინცდამაინც ამ კვანძის ისეთ ძალზე მნიშვნელოვან სამიზნედ არჩევა, რომელზეც იხარჯება ასე ძვირიანი და დეფიციტური ფრთოსანი რაკეტები, ძალაუნებურად აღძრავს ეჭვს, რომ ეს კავშირგაბმულობის კვანძი განსაკუთრებული მნიშვნელობის გახლდათ...
დიდი ალბათობით, უკრაინის სამხედრო დაზვერვას გააჩნდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ამ „კავშირგაბმულობის კვანძის“ სახელის ქვეშ იმალებოდა მიწისქვეშა მართვის პუნქტი, საიდანაც ხდებოდა რუსეთისა და ჩრდილოეთკორეის საჯარისო დანაყოფების მართვა კურკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს...
თუმცა არის კიდევ უფრო სენსაციური ვერსიაც - კურსკის ოლქის მარინოს მამულში მდებარე ბარიატინსკების სასახლე არის რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა მართვის ფედერალური სააგენტოს განკარგულებაში სანატორიუმის სახით და კურსკის ფრონტის პირადად გასაკონტროლებლად თვით პუტინი ესტუმრა ამ მამულის ტერიტორიაზე მოწყობილ მიწისქვეშა ბუნკერს,
სადაც ჯარების მართვის პუნქტი იყო მოწყობილი და ამიტომაც თითქოს უკრაინელებმაც არ დაინანეს ძვირადღირებული და დეფიციტური ფრთოსანი რაკეტებიო...
სხვათა შორის, ბარიატინკების ეს მამული უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან მხოლოდ 40-იოდე კმ-ით თუ არის დაშორებული და იქამდე თავისუფლად მისწვდებოდნენ „ჰაიმარსებიდან“ ზალპად გაშვებული 84 კმ-მდე მფრენი ბევრად იაფი GMLRS-ის მართვადი რაკეტებიც, მაგრამ არჩევანი მაინც 250 კმ-მდე მფრენ ბრიტანულ ფრთოსან რაკეტებზე შეჩერდა...
საქმე ის არის, რომ ჯერ ერთი ბრიტანულ ფრთოსან Storm Shadow-ს ამერიკულ ბალისტიკურ ATACMS-ზე( ATACMS-ის მსხვრევად-ფუგასური ქობინი მხოლოდ 227 კგ-ს იწონის, ხოლო GMLRS-ის კი 91 კგ-ს)ორჯერ ძლიერი, 450 კგ-იანი საბრძოლო ქობინი უყენია. მეორეც-ეს ქობინი BROACH-ის ტიპისაა ანუ მიზანში მოხვედრისას ჯერ ამოქმედდება რაკეტის თავში განთავსებული კუმულაციური ქობინი, რომელიც კარგად დაცულ სამიზნეში(მაგალითად მიწისქვეშა ბუნკერში) ჯერ აკეთებს „ხვრელს“, რომელშიც შედის რაკეტის მეორე, მსხვრევად-ფუგასური ქობინი და უკვე სამიზნის შიგნით დეტონირდება...
ახლა გასაგებია თუ რატომ აირჩიეს უკრაინელმა სამხედროებმა სწორედ ეს ბუნკერსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტები საზღვრიდან ასე ახლოს მდებარე, მაგრამ კარგად დაცული მიწისქვეშა ბუნკერისა და მის შიგნით მყოფთა გარანტირებულად გასანადგურებლად...
ვიდეო: უკრაინული სადაზვერვო დრონის მიერ სიმაღლიდან გადაღებული, ბარიატინსკების სასახლის აღმოსავლეთით მდებარე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს „კავშირგაბმულობის კვანძზე“ უკრაინული ფრთოსანი რაკეტების ჯგუფურად „სტუმრობის“ ვიდეოკადრები...
და თუკი, თვით რუსეთის პრეზიდენტ პუტინის იქ ყოფნის ვერსია არც დადასტურდება, ვინც ადგილზე დახვდა უკრაინელების „ფრთოსან საჩუქრებს“, კარგი დღე არ დაადგებოდათ...
ამ საჰაერო ოპერაციის დროს კიდევ ერთი საინტერესო დეტალი გამოჩნდა - 10 ერთეული Storm Shadow-ს ერთი რაიონიდან(სავარაუდოდ ჩერნოგოვის ოლქიდან) და თითქმის ერთდროულად გასაშვებად (დაბალ სიმაღლეზე რელიეფის გაყოლებით ფრენისას მიზნამდე მისაღწევად, რომელსაც ათივე რაკეტა ორიოდე წუთის განმავლობაში მოხვდა,ამ რაკეტებს 2,5-3 წუთი თუ დასჭირდათ,რამაც შეუძლებელი გახადა მათი ჩამოგდება რუსი მეზენიტეების მიერ) უკრაინელებს ზუსტად 5 ცალი მოდიფიცირებული Су-24М ტიპის საფრონტო ბომბდამშენი დასჭირდებოდათ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინელები კარგად უფრთხილდებიან მათ, არადა ოფიციალურ რუსულ პროპაგანდას თუ დავუჯერებთ, რუსებმა უკრაინელებს ომის დაწყების შემდეგ ...550 თვითმფრინავი გაუნადგურეს და მათ შორის ყველა უკრაინული საფრონტო ბომბდამშენი. არადა, უკრაინას ამდენი სამხედრო და მითუმეტეს საბრძოლო თვითმფრინავი ომის დაწყების წინ საერთოდ არ ჰყოლია...