"ამერიკაში პირდაპირ ჯანი ვერსაჩეს მაღაზიაში შევედი და მუშაობა დავიწყე, მოდის სამყაროს იქ დავუახლოვდი... მომწონს ჩემი გამოცდილება და სიბრძნე, რომელიც დ - კვირის პალიტრა

"ამერიკაში პირდაპირ ჯანი ვერსაჩეს მაღაზიაში შევედი და მუშაობა დავიწყე, მოდის სამყაროს იქ დავუახლოვდი... მომწონს ჩემი გამოცდილება და სიბრძნე, რომელიც დავაგროვე. ასაკი მხოლოდ ციფრებია"

"არ მომწონდა სამოსი, რომელსაც უფროსები მთავაზობდნენ. ამიტომ, ყველაფერს მიკერავდნენ. ე.წ. სპეკულანტებს ჩემთვის ჩამოჰქონდათ ჟურნალი "ვოგი", რომელსაც ცივილიზაციის წყაროს ვეძახდი"

"ასაკი მხოლოდ ციფრებია და წლები, რომელიც გავიარეთ, უფლის დიდი მადლია", - ამბობს მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე. ყოველთვის ელეგანტური, მოხდენილი ქალბატონი დღეს ჩვენი სტუმარია და თავის ცხოვრებასა და პროფესიაზე გვიამბობს.

- იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებით, რომლებიც თავის ასაკს არ მალავენ. რას ნიშნავს თქვენთვის წლები, რომელიც უკვე გაიარეთ?

- არ მესმის, ჩემი ასაკი რატომ უნდა დავმალო? 61 წლის ვარ, მაგრამ ჩემთვის ეს 61 წელი მხოლოდ ციფრებია. სანამ ჯანმრთელი ხარ, მუშაობის ხალისი გაქვს და პროგრესს განიცდი, წლებს და ნაოჭებს რა მნიშვნელობა აქვს? წლების მატება მეორეხარისხოვანია, თუ ადამიანი ჯანმრთელი და რეალიზებულია. მე პირიქით, მომწონს ჩემი გამოცდილება და სიბრძნე, რომელიც განვლილ ცხოვრებაში დავაგროვე. ძალიან მომწონს გამონათქვამი, - იმდენი წლის ხარ, როგორც გამოიყურებიო. მინახავს 20 წლის გოგოები, რომლებიც თავის ასაკთან შედარებით დიდები ჩანან და ასაკიანი ქალები, რომლებიც ძალიან ლამაზები და მოხდენილები არიან. ამიტომ, ასაკის დამალვა არ მიყვარს, არც ადრე მიყვარდა.

- ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში თუ ფიქრობდით, რომ მოდის სამყაროში აღმოჩნდებოდით და ეს თქვენი პროფესია გახდებოდა?

- დღესაც დიდი სიყვარულითა და სევდით ვიხსენებ, როგორ ვკამათობდი დედასთან იმის გამო, რომ არ მომწონდა სამოსი, რომელსაც უფროსები მთავაზობდნენ. ბავშვობიდანვე მომწონდა ისეთი რაღაცების ჩაცმა, რაც თვითონ მომწონდა. ამიტომ, დედა იძულებული იყო, მკერავებისთვის მიემართა და ჩემთვის ისეთი რამ შეეკერა, რასაც ვთხოვდი.

ფეხსაცმელსაც კი მკერავთან მიკერავდნენ, რომ არაფერი ვთქვა სამოსზე. რომ წამოვიზარდე, ე.წ. სპეკულანტებს ჩემთვის ყოველთვის ჩამოჰქონდათ ჟურნალი "ვოგი", რომელსაც ცივილიზაციის წყაროს ვეძახდი, ყურადღებით ვათვალიერებდი და ყველაფერს ჩემი გემოვნებით ვიკერავდი.

- სკოლის დამთავრების შემდეგ თუ შეძელით, რომ თქვენს ინტერესებთან დაახლოებული პროფესია შეგეძინათ?

- მაშინ ჩემი პროფესია საერთოდ არ იყო, მარტო დიზაინი ისწავლებოდა, ამიტომ, ჯერ მუსიკალურ სასწავლებელში ჩავაბარე, მერე კონსერვატორიაში. ჩაცმა და მოდა ჩემი ცხოვრების სტილი და განუყოფელი ნაწილი იყო. მართალია, საბჭოთა ბავშვობა მქონდა, მაგრამ ვხატავდი და ყველაფერს ჩემი გემოვნებით ვიცვამდი. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვიპოვე ჩემი მოწოდება და საქმე, რომელიც ასე ძალიან მიყვარს. სთაილინგი და მოდის ისტორია - ეს არის ჩემი პროფესია, რომელიც ცოტა მოგვიანებით აღმოვაჩინე და რაც დღეს ვიცი, წლების შემდეგ ვისწავლე.

- სამოდელო ბიზნესს როგორ დაუახლოვდით?

- 15 წელი გავატარე ემიგრაციაში, ნიუ-იორკში ვცხოვრობდი. მოდის სამყაროს სწორედ იქ დავუახლოვდი. როგორც მუსიკოსს, ამერიკაში ძალიან გამიჭირდებოდა სამსახურის შოვნა. მოდის ინდუსტრია ყველაზე მეტად მაინტერესებდა, ამიტომ, პირდაპირ ჯანი ვერსაჩეს მაღაზიაში შევედი და მუშაობა დავიწყე.

ის ხშირად ჩამოდიოდა ნიუ-იორკში, მასთან საქმიანი კონტაქტი გვქონდა და ძალიან კარგად ვიცნობდი. ფანტაზიები, რომელიც ბავშვობიდან მქონდა, პრაქტიკაში სწორედ იქ - ნიუ-იორკში განვახორციელე. ძალიან ბევრი ცნობილი კლიენტი მყავდა, რომელსაც კონსულტაციას ვუწევდი. ზოგჯერ სახლშიც მირეკავდნენ და მათ შეკვეთებს შინ ვასრულებდი. 2002 წელს დავოჯახდი, რამდენიმე წლის შემდეგ, მეუღლესთან ერთად საქართველოში დავბრუნდი და 2008 წლიდან აქ ვარ. პროფესიული საქმიანობაც ჩემს ქვეყანაში გავაგრძელე. ამაში ძალიან დამეხმარა სოციალური ქსელები, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში ასე პოპულარულია.

- მოდის მიმართ დამოკიდებულება ორგვარია: არის ხალხი, რომელიც ზედმეტ ყურადღებას აქცევს ადამიანის ჩაცმულობას, მაგრამ არის კატეგორია, რომელიც სამოსს დიდ ყურადღებას არ აქცევს. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

- ადამიანს თავისი თავი თუ უყვარს და იმიჯზე ზრუნავს, აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება, რას იცვამს და გარეთ როგორ გამოდის. შენი ჩაცმულობა საზოგადოების მიმართ პატივისცემის გამოხატულებაა. როცა მოწესრიგებული და მოვლილი ხარ, როცა ლამაზად და ელეგანტურად გაცვია, შენ მიმართაც, ყველას ანალოგიური დამოკიდებულება ექნება. საზოგადოება სანამ გაგიცნობს და შენს პროფესიონალიზმს ან შენს პიროვნებას შეაფასებს, პირველად შენს გარეგნულ მხარეს ხედავს და ამის მიხედვით გაფასებს: როგორ გაცვია, როგორ გამოიყურები, მით უმეტეს თუ საჯარო სამსახურში ხარ, ეკრანზე ჩანხარ ან სცენაზე დგახარ. მე ქუჩაშიც რომ დავდივარ ან ვსეირნობ, ვცდილობ მოხდენილად და ლამაზად ჩავიცვა. მგონია, ამით ჩემს ქალაქს და მის ლამაზ ქუჩებს ვცემ პატივს. ისე მსიამოვნებს ქუჩაში ლამაზად ჩაცმულ ადამიანს რომ ვხედავ, კარგ ხასიათზე ვდგები. მინდა მივიდე და კომპლიმენტი ვუთხრა. ჩემი აზრით, დიასახლისიც კი, რომელიც ოჯახს უვლის და მთელი დღე ფუსფუსებს, კარგად უნდა გამოიყურებოდეს. იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, სახლში როგორ გამოიყურები.

- ზოგიერთ ქალს ემართება ასე: ოჯახს შექმნის, შვილებს გააჩენს და მერე თავის გარეგნობას ყურადღებას აღარ აქცევს.

- ასეთი რამ არ შეიძლება, ქალი ყოველთვის მოწესრიგებული უნდა იყოს. უნდა მოიცალო შენი ვიზუალისთვის და ეცადო, თავი მოიწესრიგო და მოვლილი იყო. რაც მთავარია, შენს ჯანმრთელობას უნდა მიხედო და ეცადო, მოხდენილად გამოიყურებოდე. ამ ყველაფრის საფუძველი საკუთარი თავის სიყვარულია. თუ ადამიანს თავი უყვარს, ის ჯანმრთელობას და გარეგნობას ყოველთვის აქცევს ყურადღებას. სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და ყოველთვის აისახება ადამიანის გარეგნულ იერზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ხასიათს. მე, მაგალითად, გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და დღესაც შემიძლია ცხოვრება თავიდან დავიწყო. არ მეშინია, რადგან ჩემი თავისა მჯერა. ვიცი, რომ ცხოვრება ისეთი სიურპრიზებით არის სავსე, არავინ იცის, ხვალ რა გველოდება, ამიტომ, დღევანდელი დღით უნდა ვიცხოვროთ, ყოველი დღის მადლიერები ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ ასაკის მატება ცუდი სულაც არ არის. სოციალურ ქსელში ხშირად მინახავს დამცინავი კომენტარები და ასაკზე ხაზგასმა, რაც საშინლად არ მომწონს. ამ კომენტარების ავტორები მეტწილად ახალგაზრდები არიან. ისინიც მალე მიაღწევენ ხანდაზმულ ასაკს და მიხვდებიან, რომ ასაკი დასაცინი კი არ არის, ღმერთის წყალობაა. ეს მე ყველაზე კარგად ვიცი, რადგან ახალგაზრდა და-ძმა მყავს გარდაცვლილი. ეს ჩემთვის უდიდესი ტრაგედია იყო! ჩემი სული და გული წაიღეს და სწორედ მაშინ მივხვდი, რამხელა მადლია ხანდაზმულობა.

- აუცილებლად უნდა გკითხოთ ოჯახსა და სიყვარულზე - რა თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ სიყვარული შეინარჩუნოს?

- ეს ადამიანის ხასიათსა და ნამდვილ სიყვარულზეა დამოკიდებული. ყველაფერი ინდივიდუალურია და რაღაც სტანდარტული ფორმულა არ არსებობს, თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს ქალმა ოჯახი და ურთიერთობა. მე შეიძლება ადამიანს მივუთითო, ვურჩიო, მაგრამ ვერავის პირად ცხოვრებაში ვერ ჩავერევი, ვერ ვეტყვი ასე და ასე მოიქეცი-მეთქი.

ადამიანებს ერთად ცხოვრება თუ აღარ სურთ, არ უნდა დააძალო, ცხოვრებაში ძალით არაფერი ხდება. ზოგჯერ ჰგონიათ, ერთმანეთი უყვართ, მაგრამ ვნება და გატაცება ნელ-ნელა გადის და ამ სიყვარულისგან აღარაფერი რჩება. ამიტომ, მეორე ნახევარი შენი მეგობარი და პარტნიორი უნდა გახდეს. თუ ასე მოხდა, ესე იგი, სიცოცხლის ბოლომდე ერთად იქნებით.

- სამწუხაროდ, ყოველთვის ასე არ ხდება.

- დიახ, რადგან ცხოვრება მოულოდნელობებითაა აღსავსეა. ამიტომ, მე ვერავის გავამტყუნებ. მე თვითონაც, პირველი ოჯახი დამენგრა. ძალიან პატარა გავთხოვდი, ჩემი შვილის მამა ჩემზე უფროსი იყო, ერთმანეთს ვერ გავუგეთ და დავშორდით. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის ჩემი მტერია. პირიქით, ჩემს შვილს მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და მეც კარგად ვარ მის ოჯახთან. ჩვენ ყველაზე დიდი გრძნობა გვაერთიანებს - საერთო შვილი გვყავს, ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ვფიქრობ, დედ-მამის კონფლიქტის გამო, ბავშვი არ უნდა დაითრგუნოს.

- როგორ ფიქრობთ, ოჯახში ქმარზე უფრო ბევრი რამ არის დამოკიდებული თუ ცოლზე?

- ორივეს ერთნაირი წილი აქვს ოჯახის მთლიანობაში და არავის ევალება ყოველთვის თავად დათმოს, მოითმინოს. არც ის უნდა მოითმინო, როცა გჩაგრავენ და არც ის, როცა გღალატობენ. როცა ორ ადამიანს ერთმანეთი აღარ უნდა, უმჯობესია დაშორდნენ და ნორმალური, მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნონ... რაც მთავარია, ქალმა ძალადობა არ მოითმინოს და მოძალადეს თავის დროზე უნდა გასცილდეს.

- დავუბრუნდეთ ძირითად თემას - როგორ მოგწონთ თანამედროვე ახალგაზრდების ჩაცმის სტილი?

- ერთ რამეზე შევთანხმდეთ: ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და სილამაზეც ინდივიდუალურია. სილამაზის სტანდარტებს, რომელიც საყოველთაოდ არის მიღებული, ყველა არ ეთანხმება - ზოგისთვის ერთი ადამიანია ლამაზი, ზოგისთვის - მეორე. ადამიანის ჩაცმულობაც, მისი შინაგანი სამყაროს გამოხატვაა. ამიტომ, ვიღაცის ჩაცმის სტილი თქვენ შეიძლება არ მოგწონდეთ, მაგრამ მას მოსწონს. ამიტომ, არასდროს უნდა მივუთითოთ ადამიანებს, ეს რატომ გაცვიაო. მთავარია, შენ ჩაიცვა ისე, როგორც თავად გსურს და მოგწონს. შეიძლება მითხრათ, ყველას არა აქვს საშუალება, მოდურად და ლამაზად ეცვასო. დამიჯერეთ, დღეს, ყველანაირი ბიუჯეტის მქონე ადამიანი ჩაიცვამს მოხდენილად, თუ მოინდომებს. თავისუფლად შეგვიძლია შევიძინოთ ტრენდული და კარგი ხარისხის სამოსი ჩვენთვის მისაღებ, ბიუჯეტურ ფასად. არსებობს აუთლეტური სისტემის მაღაზიები, მეორადი სამოსის მაღაზიები, სადაც ნაყიდი სამოსი შეგიძლია მოაწესრიგო და ისე ჩაიცვა, რომ ყველასგან გამოირჩეოდე.

- დაბოლოს, ტრადიციული შეკითხვა უნდა დავსვა: რა არის საჭირო, რომ ადამიანმა წარმატებას მიაღწიოს?

- დავიწყებ იმით, რომ წარმატებულ ადამიანს უყვარს თავისი თავი, ის სულ სწავლის და განვითარების რეჟიმშია. სიკეთის და უფლის რწმენაც აუცილებელია. ამასთან, ის თვითონაც ბედნიერი უნდა იყოს და გარშემო ბედნიერებას ასხივებდეს. რასაკვირველია, ნიჭი და შრომისმოყვარეობაც საჭიროა - ამ თვისებების გარეშე ჩვენს სფეროში წარმატებას ვერ მიაღწევ. ალბათ იგივე უნდა ითქვას ნებისმიერ პროფესიაზე.

ხათუნა ჩიგოგიძე

ჟურნალი "გზა"