ნათია წიწილაშვილი ეკრანს დაუბრუნდა: "იყო პერიოდი, როცა პროფესიაზე დამოკიდებული ვიყავი - ფინანსურად, ფსიქოლოგიურად... დღეს ჩემი პროფესია ჰობივითაა"
გარკვეული პაუზის შემდეგ, მსახიობი ნათია წიწილაშვილი ეკრანზე ბრუნდება:
მას უკვე პოპულარულ სერიალში - "სიყვარულს მიღმა" ვიხილავთ. ოჯახური ცხოვრების და დედობის ახალი გამოცდილების ფონზე, 2 შვილის დედა გულწრფელად გვესაუბრა, თუ რა იყო სამსახიობო სფეროსგან დროებითი დისტანციის მიზეზი, როგორ გადააფასა კარიერული მიზნები და პრიორიტეტები...
- ნათია, სერიალში "სიყვარულს მიღმა" როგორ მოხვდი?
- როგორც ხდება ხოლმე, კასტინგის მენეჯერმა დამირეკა და როლი შემომთავაზა. სერიალის - "სიყვარულს მიღმა" მეხუთე, საფინალო სეზონია. შესაბამისად, სერიალი დასრულდება. ცოტათი გული კი დამწყდა, რომ საფინალო სეზონში ვმონაწილეობ, მაგრამ არა უშავს... რა თქმა უნდა, ამ პროექტში მონაწილეობას სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან ყოველთვის ძალიან მომწონდა.
- როგორ პერსონაჟს თამაშობ?
- ჩემი პერსონაჟი სერიალს მერვე სერიიდან უერთდება. კარგი ადამიანია, მაგრამ როგორც მივხვდი, ურთიერთობებში ცოტათი გამოუცდელია და შეიძლება, რაღაც სისულელეებიც ჩაიდინოს.
- მისი ხასიათის თვისებები შენს რეალურ ხასიათს რამდენად ჰგავს ან განსხვავდება?
- უი, ჩემი რეალური ხასიათისგან ძალიან "შორსაა". აბსოლუტურად განსხვავებული პიროვნებაა - ასეთი შტერი თავად ნამდვილად არ ვარ, თუმცა სათამაშოდ კარგი პერსონაჟია. თან, საყვარელიცაა. საერთოდ, ყველა შტერი ხომ საყვარელია, არა (იცინის)?
- როგორ ფიქრობ, მაყურებელი შენს პერსონაჟს როგორ მიიღებს?
- სხვათა შორის, ძალიან მაინტერესებს, რადგან როგორც იცი, დიდი ხანია, ეკრანზე არ გამოვჩენილვარ. სიმართლე გითხრა, ამის მიზეზი არ ვიცი. რატომღაც, მიიჩნიეს, რომ გარკვეული პერიოდი განსაკუთრებულად დავუთმე ოჯახს, ბავშვის აღზრდას... ჩემს პერსონაჟთან დაკავშირებით, ვფიქრობ, მაყურებლებზე პირველი შთაბეჭდილება უკვე მოვახდინე სოციალურ ქსელში "სთორებით", "პოსტებით"... როგორც მივხვდი, ეკრანზე ჩემი გამოჩენა ძალიან გაუხარდათ, მაგრამ ხომ იცი, ყველანაირი ხალხი არსებობს, არა? ამიტომ შესაძლოა, ჩემი პერსონაჟის შესახებ ვინმემ ნეგატიური კომენტარიც დაწეროს. ისეთი ადამიანებიც არსებობენ, ვინც პერსონაჟს მსახიობთან აიგივებს... მოკლედ, დაველოდოთ, რა მოხდება, მაგრამ მგონია, რომ დადებითი შეფასება და კარგი კომენტარები იქნება, რადგან დიდი ხანია, ეკრანზე არ გამოვჩენილვარ.
- უკვე პოპულარული სერიალის გუნდთან შეერთება როგორი გამოცდილება იყო? როგორ მიგიღეს?
- რა თქმა უნდა, უმრავლესობას ვიცნობ. სტაფთან მუშაობის გამოცდილება ერთხელ მქონდა - შორიდან მათაც ვიცნობდი. ერთმანეთთან განსაკუთრებულად გულთბილი დამოკიდებულება აქვთ, რადგან ერთი გუნდია. მათი მეგობრობა და ერთგულება ამ სერიალით არ დაწყებულა - ბევრ წელს ითვლის. განსაკუთრებულად კარგი შემოქმედებითი გუნდია. მათ წარსულში საერთოდ რომ არ შევხვედროდი, დარწმუნებული ვარ, მაინც გულთბილად მიმიღებდნენ, ისეთი კარგი პიროვნებები და თავიანთი საქმის დიდი პროფესიონალები არიან.
- წლების წინ სერიალიდან - "ჩიფსების თაობა" გახდი პოპულარული. იმ პირველმა გამოცდილებამ შენი ცხოვრება და კარიერა როგორ შეცვალა?
- იცი, როგორ იყო? თავდაპირველად სერიალი - "ბიჭები და გოგოები" გადიოდა. როცა ამ სერიალს ვუყურებდი, იმ პერიოდში სტუდენტი ვიყავი - სამსახიობო ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ვერ აღგიწერ, ამ სერიალში მონაწილეობის როგორი ძლიერი სურვილი მქონდა! როცა "ბიჭები და გოგოები" დასრულდა, ახალი სერიალისთვის - "ჩიფსების თაობა" კასტინგი გამოცხადდა. მივედი, როლზე დამამტკიცეს... ჩემს სიხარულს და ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა! მაშინ ეკრანზე პირველად გამოვჩნდი, მანამდე სხვა გამოცდილება არ მქონია... პირველი საქმე ეს იყო, რაც შეიძლებოდა მეკეთებინა. რა თქმა უნდა, ჩემს ცხოვრებაზე, კარიერაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა.
- ხომ არ ფიქრობ, რომ უფრო "სერიალების მსახიობად" მოიაზრები, მიუხედავად იმისა, რომ ფილმებშიც მონაწილეობ, რეკლამებშიც?..
- "ჩიფსების თაობა" ბევრი წლის განმავლობაში გადიოდა. შემდეგ სახელი გადაერქვა - "ჩვენი ოფისი" დაარქვეს. როდესაც ეს სერიალი დასრულდა, რამდენიმე წელი თითქოს "დავიშტამპეთ": წარმოიდგინე, სერიალი ბევრი წელი რომ "ტრიალებს", უკვე ყველა შენს პერსონაჟთან გაიგივებს. შესაბამისად, ამ მიზეზს ვასახელებ, რომ როცა სხვა პროექტები დაიწყო, დიდი ხნის განმავლობაში შემოთავაზება არ მიმიღია, თუმცა მერე და მერე, ხალხს ცოტათი რომ გადავავიწყდით, შემოთავაზებებიც იყო (იღიმის).
"ჩემი ცოლის დაქალებშიც" ვმონაწილეობდი და კიდევ ბევრ სხვა პროექტშიც.
არსებობს კლიპები და რამდენიმე ფილმიც, რეკლამებიც, რომლებშიც ვმონაწილეობ. სხვათა შორის, გაგიკვირდება და, ერთ-ერთ ფილმს პანდემიის დროს ვიღებდით. ლოკდაუნის პერიოდში, როცა ყველაფერი "გაყინული" იყო - კინოინდუსტრია, შოუბიზნესი, სარეკლამო ბიზნესი, ზუსტად მაშინ ქართულ-ყაზახურ ფილმზე ვმუშაობდით. 1 თვე ყაზახეთში ვიცხოვრე. ტესტებს ვიკეთებდით, პირბადეები გვეკეთა... მოკლედ, გადაღებები ძალიან მკაცრად ორგანიზებული იყო. შემდეგ, როგორც იქნა, ფილმის პრემიერაც გაიმართა...
- სერიალების უკვე განსახიერებული პერსონაჟები როგორი გრძნობით გახსენდება? მათ შორის შენთვის განსაკუთრებული რომელია?
- იმდენი ხანია, ამ სფეროში არ გამოვჩენილვარ, რომ რა თქმა უნდა, ცოტათი ნოსტალგიაც მქონდა, რადგან ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს - ამ პროფესიით გავიზარდე და ამ პროფესიამ გამზარდა. განსაკუთრებულ როლს ვერ გამოვყოფ, თუმცა ალბათ, ისევ ნინის დავასახელებ "ჩიფსების თაობიდან", რადგან პირველი გამოცდილება, ასე ვთქვათ - პირველი სიყვარული იყო, რა (იღიმის)...
- ყოფილა პერიოდი, როცა არჩევანის წინაშე დამდგარხარ და ამის გამო, კარიერაში "წყვეტა" გქონია?
- არა. იმდენი პროექტი არაა, რომ მსახიობი სულ დაკავებული იყო. ვინც თეატრში მუშაობს, შესაძლოა, ასეთი არჩევანის წინაშე დამდგარა, მაგრამ თავად თეატრში მხოლოდ სტუდენტობის პერიოდში ვიყავი დაკავებული. ასე რომ, ოჯახს და კარიერას ერთმანეთს მაინც ვუთავსებდი... როცა მეორე შვილი - ლივი გავაჩინე, იმ პერიოდში ყურადღება მას დავუთმე. თან, პანდემია დაემთხვა. ისე გამოვიდა, რომ დიდხნიანი პაუზა მქონდა, თუმცა არჩევანის წინაშე არ დავმდგარვარ. ალბათ, უფრო პროექტებთან დაკავშირებით ვიდექი ასეთი არჩევანის წინაშე.
- რა ტიპის პროექტებში გთავაზობდნენ მონაწილეობას?
- 2 სერიალიდან იყო შემოთავაზება, მაგრამ უარი ვთქვი, ოღონდ - ოჯახური სიტუაციის გამო არა, ანუ არჩევანის წინაშე - ოჯახი ან კარიერა - არ დავმდგარვარ. უბრალოდ, სერიალისგან - "სიყვარულს მიღმა" განსხვავებით, ჩემთვის მოსაწონი პროექტები არ იყო. ისე არ ვარ განწყობილი, რომ ეკრანზე გამოჩენის გამო, ნებისმიერ შემოთავაზებას დავთანხმდე.
- სერიალმა - "სიყვარულს მიღმა" შენს გამოცდილებას რამე განსაკუთრებული თუ შემატა, რაც სხვა პროექტებში არ მიგიღია?
- თავად უფრო მეტად გავიზარდე. უკვე ყველაფერს სხვაგვარად ვუყურებ. წინა სერიალებში მონაწილეობის დროს პატარა ასაკისაც ვიყავი. შემდეგ კარიერაში პაუზაც უნებურად მოხდა: კასტინგის მენეჯერებისთვის, რეჟისორებისთვის თავად არასოდეს მითქვამს, რომ პაუზა მქონდა... "სიყვარულს მიღმას" რაც შეეხება, სულ რამდენიმე სერიაში ვმონაწილეობ. შესაბამისად, ეს პერიოდი ისეთი მცირე იყო, რომ ალბათ, რაღაცის შეძენა ვერ მოვასწარი, გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივ ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა - მეგობრები ვართ, ერთმანეთი გვიყვარს და საერთო საქმეს ვაკეთებთ. მოკლედ, ვერ მოვასწარი, თორემ დარწმუნებული ვარ, დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილებას მივიღებდი.
- კონკრეტულად, კარიერაში პაუზამ რა შეგძინა? კარიერასთან დაკავშირებული შეხედულებები, მიზნები, პრიორიტეტები თუ შეგიცვალა?
- ჩემს ოჯახთან უფრო მეტად დამაახლოვა, მეტად გამარკვია, რამდენად ვარ დამოკიდებული პროფესიაზე, ჩემი ინტერესები დამანახვა. ალბათ, როცა გინდა, კარიერა აიწყო, რაღაცებზე უარი უნდა თქვა და მთელი დრო თუ არა, ძირითადი მაინც პროფესიას დაუთმო. ამ ქვეყანაში ჩვენი პროფესია დაფასებული მაინც არ არის. შესაბამისად, მეც გადავაფასე ეს ყველაფერი. მივხვდი, რამდენად მიღირდა თუ არ მიღირდა...
იყო პერიოდი, როცა ამ პროფესიაზე დამოკიდებული გახლდით - ფინანსურად, ფსიქოლოგიურად... ვნერვიულობდი, პროექტი იქნებოდა თუ არა... დღეს ჩემი პროფესია ჰობივითაა. ძალიან მინდა, ყოველთვის პროექტზე ვმუშაობდე, მაგრამ - ჰობის დონეზე. ვერ გეტყვი, რომ შემოთავაზებას ველოდები. კასტინგის მენეჯერებს თავს არ ვახსენებ, თუმცა ძალიან მიხარია, როცა გარკვეული წინადადებით მიკავშირდებიან.
- უკვე მეორე შვილის დედა ხარ. ეს განსხვავებული გამოცდილებაა, არა?
- დიახ. ისევ და ისევ ასაკიდან გამომდინარე, უფრო გააზრებულად ვიღებ გადაწყვეტილებებს, ყველაფერს სხვანაირად ვაკვირდები, სხვაგვარად ვუყურებ. მაგალითად, როცა უფროსი შვილი - ნასტია გავაჩინე, მაშინ მეც ძალიან პატარა ვიყავი. ის შეგრძნებები თითქმის არ მახსოვს, რაც ახლა ლივისთან დაკავშირებით მაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე უფრო მეტად მიყვარს. უბრალოდ, ახლა დედობაც მეტად გააზრებული მაქვს და საერთოდ, ყველაფერს სხვაგვარად აღვიქვამ.
- გოგონებს ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა აქვთ?
- ლივია 3 წლისაა. ჩემს შვილებს შორის ასაკობრივი სხვაობა 10 წელია. რა თქმა უნდა, კარგი ურთიერთობა აქვთ. ლივი ნასტიაზე გიჟდება, ისე უყვარს! ნასტიასაც უყვარს ლივი, მაგრამ ლივის - განსაკუთრებულად: სულ მასთან ყოფნა და თამაში უნდა, რასაც ნასტია მეტ-ნაკლებად ახერხებს, რადგან სკოლაში დადის, ასევე - სხვადასხვა წრეზე. სახლშიც არ არის ხოლმე, რომ ლივის სათანადო ყურადღება დაუთმოს. ისე, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. იყო პერიოდი, როცა ნასტია ეჭვიანობდა კიდეც, მაგრამ ისიც გაიზარდა და შესაბამისად, ამან გაუარა - მიხვდა, რომ საეჭვიანო არაფერი აქვს.
- თუ გააცნობიერე, ეკრანზე დაბრუნებულს ყველაზე მეტად რა მოგნატრებია?
- ჩემი პროფესიიდან ყველაზე დიდ სიამოვნებას გადაღების პროცესი, მისი ყველა დეტალი მანიჭებს - "სეტზე" შესვლიდან დაწყებული, "მეიქაფით" გაგრძელებული და ა.შ. ეკრანზე გამოჩენა ყველაზე ბოლო ადგილზეა იმასთან შედარებით, რაც გადაღების პროცესში მსიამოვნებს...
ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი "გზა"