"ძალიან ბოროტი უნდა ვიყო, რომ ასე მოვიქცე. ამას არ გავაკეთებ - გამორიცხულია"
ტელემაყურებლებს ვიოლეტა სხვა კონკურსებიდანაც ახსოვთ. როგორ მოახერხა "ქავერ შოუში" გამარჯვება და რა გეგმები აქვს სამომავლოდ, ამის შესახებ ვიოლეტა გულწრფელად გვესაუბრა...
- ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ! ჩემი საქმე ისე ძლიერ მიყვარს, რომ ამ ეტაპზე ჩემს კარიერაში ამაზე დიდი გამარჯვება ვერაფერი იქნებოდა. ის ემოციები, რასაც ახლა განვიცდი, გულწრფელად ვამბობ, ენით აღუწერელია!.. ჩემთვის ამ პროექტში გამარჯვება საკუთარ თავზე გამარჯვებასაც ნიშნავს, რადგან როგორც მომღერალმა, რამდენიმე პროექტი გამოვიარე - "ქავერ შოუ" ჩემთვის პირველი არ ყოფილა. წინა პროექტში - "ვოისში" ფინალშიც ვიდექი.
- როგორ ფიქრობთ, რა იყო ახლა მთავარი, რამაც გამარჯვება შეგაძლებინათ?
- ის შრომისუნარიანობა, რაც აღმომაჩნდა. ზოგადად, ნებისმიერი მუსიკალური პროექტი საკმაოდ სტრესულია. მაქსიმალური შრომისუნარიანობა, საქმეში პასუხისმგებლობა (რასაც მასწავლებლები გავალებენ, უნდა შეასრულო) გამოვიჩინე. ისეთი კადნიერიც ვერ ვიქნები, რომ ვთქვა, ჩემი საქმე 100%-ით გავაკეთე, მაგრად ვიმღერე-მეთქი, მაგრამ ვფიქრობ, მაქსიმუმს "წავეპოტინე"... ჩემს შრომისუნარიანობას თავად ვერც შევნიშნავდი, მონაწილეებს რომ არ ეთქვათ. შემიძლია საათობით ვიმუშაო ტექსტზე, მელოდიაზე... საბოლოოდ, წარმატებას ხომ ეს ქმნის. ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში 10 ადამიანი რომ გავაჩეროთ, შესაძლოა, მათგან 7 ძალიან მაგრად მღეროდეს. ნიჭთან ერთად, ის უნარებია მნიშვნელოვანი, რაც საჭიროა, რომ საბოლოოდ პროექტის ფორმატში მომღერლად შედგე.
- იმ ეჭვებსა და სირთულეებს, რომ შეიძლებოდა ვერ გაგემარჯვათ, როგორ უმკლავდებოდით?
- გულწრფელად გითხრათ, ჩემთვის აუცილებელი გამარჯვება არ ყოფილა "პიკის წერტილი". შეიძლება მკითხველს შეკითხვა გაუჩნდეს, - აბა, პროექტში რისთვის მონაწილეობდიო? უბრალოდ მინდოდა, საკუთარი შესაძლებლობები დამემტკიცებინა. კონკურსანტებს კონკურენციის შესახებაც ბევრჯერ გვისაუბრია: მაგალითად, როცა "ბეთლზე" ჩავდიოდით, ეს 2 მხარეს შორის პაექრობა არ ყოფილა. ეს იყო მცდელობა, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი მეჩვენებინა. კონკურსში მონაწილე 60 ადამიანი უნიკალურია, რადგან ერთმანეთთან ქიშპი და ბინძური კონკურენცია არ გვქონია. ეს გახლდათ მუსიკალური კონკურენცია და ნამდვილად გამიმართლა.
- ამ კონკურსმა რომელიმე მათგანთან განსაკუთრებული კავშირი ხომ არ ჩამოგიყალიბათ?
- რომ ვთქვა, სამოცივესთან ახლო მეგობრობა მაკავშირებს-მეთქი, ტყუილი იქნება - კოლეგები, მეგობრები ვართ, მაგრამ მათგან ერთ-ერთი უნიკალური გოგო - ანანო სხილაძე, ჩემთან ერთად ცხოვრობდა. ანანომ ფანტასტიკურად იმღერა. დღესდღეობით ჩემთვის უძვირფასესი, შეუცვლელი მეგობარი გახლავთ. ბოლოს წინა, მეექვსე ეპიზოდში კი ვოვა პოღოსოვი შემოგვიერთდა.
მე, ვოვა და ანანო ერთმანეთთან განსაკუთრებულად კარგად ვართ. გამიმართლა, რომ ეს 2 "ოქროს ადამიანი" ამ პროექტში აღმოვაჩინე, ამის გამო მუდამ მადლიერი ვიქნები.
- როგორც აღნიშნავენ, რეალურ ცხოვრებასა და სცენაზე აბსოლუტურად განსხვავებული ხართ. რა გაძლევთ შთაგონებას, როცა სცენაზე დგახართ და რადიკალურად გარდაისახებით?
- ეგ ამბავი მართლა ძალიან უცნაურია... უპირველეს ყოვლისა, ჩემთვის შთაგონების წყარო ოჯახი და მეგობრები არიან. რაღაცნაირად, გამიმართლა, რომ ვინც ყველაზე მეტად მიყვარდა, ჩემს საგულშემატკივროდ იქ ისხდნენ. ამაზე დიდი მოტივაცია არ არსებობს, როცა საყვარელი ადამიანები გგულშემატკივრობენ. შემდეგ - საკუთარი თავის შესახებ ვიტყვი: მიყვარს სცენა და მაყურებელი, რომელიც ჩემს თითოეულ კონცერტს ესწრება. შვიდივე ეპიზოდის დროს დარბაზი სავსე იყო!
- წინა პროექტებში მონაწილეობისას (განსაკუთრებით - "ვოისში"), როცა კარგად იმღერეთ, მაგრამ ვერ გაიმარჯვეთ, ემოციები როგორ დაძლიეთ?
- ცხოვრებაში ასეც ხდება: ხან წავაგებთ, ხან - მოვიგებთ. "ვოისს" რაც შეეხება, მაშინ ჩემმა უძვირფასესმა ადამიანმა - მაგდა ივანიშვილმა გაიმარჯვა. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. პირადად ჩემთვის, გამარჯვება იყო, რომ დაახლოებით 5 წუთი სცენაზე ვიდექი - ბარბრა სტრეიზანდის 2 სიმღერა შევასრულე. ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, შოუს წამყვანი გამარჯვებულად ვის გამოაცხადებდა. იმ წუთში მთავარი, მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ჩემმა უნიჭიერესმა მენტორმა - ნიკოლოზ რაჭველმა რა დავალებაც მომცა, ის სიმღერები 4 დღეში მომემზადებინა. თქვენთან საუბრისას კიდევ უკეთესად ვხვდები, რომ მნიშვნელობა აქვს, კონკრეტულ სიტუაციაში მიღებულ დავალებას როგორ ასრულებ, დანარჩენი უკვე ჟიურის და მაყურებლების გადასაწყვეტია. მთავარია, საკუთარ თავთან მართალი იყო...
- ამ გამარჯვებამ თქვენი ყოველდღიურობა როგორ შეცვალა?
- ვერ ვიტყვი, რომ ჯერ ყველაფერი სრულად გავიაზრე. მთელი ცხოვრება რაღაც ეპიზოდს რომ ელოდები და ბოლოს ეს დღეც დგება, ეტყობა, გააზრება მაინც რთულია, მაგრამ რა თქმა უნდა, ცვლილება დიდია. ქუჩაში ადამიანები მცნობენ და მეუბნებიან, - ძალიან მაგარი გოგო ხარ, გგულშემატკივრობდითო! ამაზე დიდი ბედნიერება რა არის, როცა ასეთ გულთბილ დამოკიდებულებას გრძნობ? მუსიკოსები ჩვენს საქმეს იმისთვის ვაკეთებთ, რომ მსმენელებს თავი შევაყვაროთ და ჩვენი პატარა, 3-წუთიანი ნომრით დღე გავულამაზოთ. ჩემთვის ყველაზე დიდი ცვლილება ეს არის, ასევე - ის ადამიანები, ახალი მეგობრები და დამოკიდებულებები, რომლებიც ამ პროექტმა შემძინა. პიროვნულად თავადაც შევიცვალე - ბევრი კარგი თვისება შემემატა. ამის დაუნახაობა და დუმილი ჩემგან უსამართლობა იქნება.
- როგორც ვიცი, იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრეთ. ამ მიმართულებით განათლების მიღება რატომ აირჩიეთ?
- მამაჩემის თხოვნით, რჩევითა და მუდარით (იცინის). მეუბნებოდა, - მუსიკა ძალიან კარგია, მღერი, ღმერთმა ნიჭი მოგცა, მაგრამ კიდევ გჭირდება პროფესიაო. საბოლოოდ, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე და არც მინანია!
- მიღებული განათლების გამოყენებას როგორ აპირებთ?
- ახლა მაგისტრატურის კურსს გავივლი და მერე გადავხედავ, რა მიმართულებით შეიძლება ძალები მოვსინჯო...
- რით მოგხიბლათ ამ პროფესიამ?
- სკოლაში ჰუმანიტარულ საგნებს ძალიან კარგად ვსწავლობდი. თან, წლების განმავლობაში მამაჩემი შსს-ს თანამშრომელი გახლდათ. ასეთ გარემოში რომ იზრდები, იურიდიული ფაკულტეტიც უფრო "ახლოსაა" შენთან. საერთოდ, მამაჩემის აზრი გასათვალისწინებელია. ვიცოდი, რომ მის რჩევას არაფრით ვინანებდი და მართლაც ასეა. ბედნიერი ვარ, რომ მუსიკის გარდა, სხვა სფეროშიც შემიძლია ბედი ვცადო. საკმაოდ კარგი სტუდენტი გახლდით. დანარჩენს, თუ რა და როგორ იქნება, დრო გვიჩვენებს...
- საავტორო სიმღერები თუ გაქვთ?
- სამწუხაროდ, ჯერჯერობით, გამოქვეყნებული საავტორო სიმღერები არ მაქვს, მაგრამ ძალიან მაგარი საჩუქარი - "ბრავო რეკორდსში" სინგლი მივიღე. ჩემთვის ეს დიდი ტრამპლინია, რომ ჩემი პირველი სინგლი (ჩემი ტექსტი, მელოდია...) გამოვა და არა - ქავერი. ეს მახარებს. ჩემთვის ამაზე დიდი საჩუქარი ვერაფერი იქნებოდა...
- როგორ შეხვდა თქვენი ოჯახი თქვენს წარმატებას, როგორ აღნიშნეთ?
- მამა მთელი ცხოვრება ყველა წამოწყებაში მხარს მიჭერს, ასევე - დედაც. ნებისმიერი ეპიზოდის დროს, როცა სცენაზე ვიდექი და ვგრძნობდი, მშობლები დარბაზში იყვნენ, თითქოს უკვე წელგამართული ვიყავი - ამ სიტუაციას სხვაგვარად ვერ ავხსნი. წარმოიდგინეთ, როცა ადამიანები, შენი სისხლი და ხორცი, გელოდებიან, რომ შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი წარმოაჩინო, რომც ვერ შეძლო, მაინც მოვლენ, ჩაგეხუტებიან, გაკოცებენ და გეტყვიან, - ყველაფერი კარგადაა, ცხოვრება გრძელდება, შენი საქმე უნდა გააგრძელოო... მგონია, რომ მშობლებსა და შვილებს შორის დამოკიდებულება სწორედ ასეთი უნდა იყოს. არასოდეს, მით უმეტეს - "ქავერ შოუში" მონაწილეობისას, ოჯახის არც ერთ წევრს ჩემთვის არ უთქვამს, - კონკრეტულად ვინმეს უნდა აჯობოო. მიხარია, რომ მსგავსი ფრაზები მშობლებისგან არასოდეს მომისმენია, რადგან ასეთი რამის თქმა არაფრით შეიძლება - ადამიანს სტრესს ვაყენებთ და ბოროტებას ვთესავთ. ამიტომ უბედნიერესი ვარ, რომ ღმერთმა ასეთი მშობლები მაჩუქა.
- ოჯახში მუსიკალური ნიჭით კიდევ თუ გყავთ ვინმე დაჯილდოებული?
- არა (იცინის). მშობლები და და-ძმა მყავს. ოთხივეს კარგი მუსიკალური სმენა აქვს, გადასარევი მსმენელები არიან. სიმღერას რაც შეეხება, ჩემი დიდი ბებო მღეროდა. დიდმა ბებომ და დიდმა ბაბუმ ერთმანეთი ფოლკლორულ ანსამბლში გაიცნეს...
- თქვენს მუსიკალურ არჩევანზე, გემოვნებაზე გავლენა ვინ მოახდინა? ყველაზე კომფორტულად რომელი ჟანრის სიმღერების შესრულებისას გრძნობთ თავს?
- ჩემს მუსიკალურ გემოვნებაზე გავლენა ნიკოლოზ რაჭველმა მოახდინა, რომელმაც რაღაცნაირად, "კარი გამიხსნა" და მაჩვენა, რა შემეძლო. ის 4 სიმღერა, რომელიც "ვოისში" შევასრულე, საკუთარი თავის აღმოჩენა იყო. მადლობა ღმერთს, რომ ამ პროფესიონალ ადამიანს ბოლომდე მივენდე. მისი მადლიერი ვარ. ჟანრს რაც შეეხება, მხოლოდ მეტალსა და მძიმე როკში ვერ ვხედავ საკუთარ თავს (იცინის).
- კარიერას და პირად ცხოვრებას როგორ აბალანსებთ?
- ალბათ, ამაშიც უნდა გაგიმართლოს, რომ გვერდში ისეთი პიროვნება გყავდეს, რომელსაც შენი საქმე ეყვარება და მხარს დაგიჭერს. თუკი ასეა, შენს საქმესაც 100%-ით მაგრად გააკეთებ...
- მომავალში სხვა კონკურსებშიც გეგმავთ მონაწილეობას თუ პროფესიულ კარიერაზე კონცენტრირდებით?
- კონკურსში მონაწილეობას დიდი ემოციური რესურსი სჭირდება. პირადად მე, ნამდვილად არ მაქვს იმის რესურსი, რომ კონკურსისთვის საჭირო საფეხურები კიდევ ერთხელ გავიარო. თან, ძალიან უსამართლო ვიქნები მათ წინაშე, ვინც ამ სფეროში მუშაობას ახლა იწყებს - კონკურსში პირველად მონაწილეობს. ძალიან ბოროტი უნდა ვიყო, რომ ასე მოვიქცე. ამიტომ ამას არ გავაკეთებ - გამორიცხულია.
ეთო ყორღანაშვილი