მარაკუიის პლანტაცია ლიხაურში - კვირის პალიტრა

მარაკუიის პლანტაცია ლიხაურში

მარაკუიის, იმავე ვნების ხილის, სამშობლო სამხრეთი ამერიკაა, რეგიონი კონტინენტის შუა ნაწილში. დღეს ამ ხილს აშენებენ ტროპიკული და სუბტროპიკული ჰავის ქვეყნებში, აშშ-ის რამდენიმე შტატში (ცნობები ამ ეგზოტიკური ხილის შესახებ იხ. 2022 წლის 28 ნოემბრის "მამულ-დედულში"), ჩვენთან კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში იისფერი მარაკუიის პირველი კომერციული პლანტაცია დავით ავსაჯანიშვილმა გააშენა.

- როგორ გადაწყვიტეთ გაგეშენებინათ იმ ხილის პლანტაცია, რომელიც დღემდე ვერავინ გაბედა?

- მეუღლე ჩინელი მყავს, დაოჯახების შემდეგ სამი წელიწადი ჩინეთში ვიცხოვრეთ, სადაც მრავალი ეგზოტიკური ხილია, მათ შორის საკმაოდ გავრცელებულია მარაკუია. მოსახლეობას უყვარს და ჩვენც ხშირად ვყიდულობდით. აქ რომ ჩამოვედი, ერთხელ სუპერმარკეტში ვნახე და ძალიან მაღალი ფასი ედო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ ხილს ჯერ კარგად არ იცნობდნენ, შემოტანიდან ორ-სამ დღეში დახლზე აღარ იყო, მოთხოვნა იმდენად დიდი აღმოჩნდა.

მარაკუია წარმოშობით სამხრეთ ამერიკიდან არის, მაგრამ გაკულტურების, სამრეწველო ჯიშების გამოყვანის შემდეგ მთელი მსოფლიოს თბილ ქვეყნებში გავრცელდა. ეს მცენარე შედარებით ადვილი მოსაყვანია, ძალიან კარგად ხარობს სამხრეთ ჩინეთში, ასევე ინდონეზიაში, კენიაში, ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში, ვიეტნამში... როცა მარაკუიის საქართველოში გაშენება გადავწყვიტე, საგანგებოდ ჩავედი ალბანეთში, სადაც მარაკუიის მოყვანა ჩვენი ქვეყნის მსგავსს კლიმატში მოახერხეს. დაახლოებით იგივე განედია, რაც ჩვენთან, ჰავაც მიახლოებულია. რაკი ალბანეთში გაამართლა, სათესლე მასალა იქიდან წამოვიღე.

წარმოშობით ყაზბეგიდან ვარ, იქ გავიზარდე... რა თქმა უნდა, ოჯახს მეურნეობა გვქონდა. ყაზბეგში კარტოფილი, კომბოსტო, სტაფილო, მხოლოდ ბაღჩეული ხარობს. მარაკუიის გასაშენებლად ki მიწა ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში ვიყიდე. ვინაიდან ჯერ გამოუცდელი ვარ, რაღაცები შემეშალა. ზუსტად ის ადგილი, სადაც მარაკუია გავაშენე, ძალიან ცივია, ოზურგეთის სტანდარტების მიხედვითაც კი ძალიან ცივი. ზღვასთან სიახლოვეს ჯობდა, თუმცა იქ მიწა ძვირია. ლიხაურში 2 ჰექტარი მიწა შევიძინე, ნაკვეთის ნაწილზე პლანტაცია გავაშენე ტალავრებით, სარწყავი სისტემით, სატუმბი სადგურით... ბათუმში ვცხოვრობ, ოზურგეთში ყოველდღე სიარულს ვერ ვახერხებ, ამიტომაც შეძლებისდაგვარად ავტომატიზაცია დავნერგე ჩემს პლანტაციაში. მაგალითად, მორწყვის "რობოტი" გვაქვს - ანუ კომპიუტერი, რომელიც რწყვასა და სასუქის მიწოდებას მართავს. დისტანციურად, ინტერნეტითაც იმართება და ადგილზეც, ერთადერთი ღილაკის მეშვეობით. ხმოვანი ინტერფეისი აქვს, მორწყვის მიმდინარეობისა და მართვის ინსტრუქციებს ქართულად იძლევა, სინთეზური ხმით ლაპარაკობს, ამცნობს ოპერატორს, რამდენი ხნით არის ჩართული მორწყვა, როგორ შეიძლება მისი გაგრძელება, შეწყვეტა და სხვა.

mwife-2-1732192124.jpg

- როდის დარგეთ მარაკუია?

- პირველი პარტია აპრილში, მეორე - ივნისში ანუ საკმაოდ გვიან, რადგან ბევრი სამუშაო იყო, ყველაფერი რომ მომეწესრიგებინა. ნარგავები ზრდაში კარგად წავიდა... რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნარგავები ბათუმში ჩემს სახლში, მე-19 სართულზე გამოვიყვანე. როგორც გითხარით, ალბანეთიდან თესლი წამოვიღე, თორემ ნერგების ჩამოტანა საქართველოში არარეალური იქნებოდა. ათიათასობით ძირი რომ წამომეღო, მაშინ შეიძლებოდა ფასდაკლებაზე ფიქრი, მაგრამ არა ასეთი მცირე რაოდენობის ნერგებზე. თესლი უფასოდ გამომატანეს და როგორც მოგახსენეთ, ჩემს სახლში გამოვიყვანე.

- როგორ?

- თავიდან პატარა ქოთნებში, სპეციალური, ტროპიკული ნიადაგით... ზრდა რომ დაიწყო, შემდეგ ფეისბუკჯგუფში ერთმა ამერიკელმა გოგონამ ფოტო გამოაქვეყნა, როგორ გამოიყვანა ტროპიკული ხილი ჰიდროპონიკის დანადგარით. ყველაზე მეტად ჯგუფში რამაც გაგვაკვირვა, დათესვიდან ორ თვეში მცენარეს უკვე ყვავილი, სამ თვეში კი ნაყოფი ჰქონდა. ამის შემდეგ გადავწყვიტე, ჩემთანაც ჰიდროპონიკის დანადგარი დამედგა, ნერგები გამომეყვანა.

- უფრო დეტალურად აგვიხსენით...

- ჰიდროპონიკა მცენარეების ნიადაგის გარეშე, მხოლოდ სასუქის ხსნარით მოყვანას ნიშნავს. სასუქი მცენარისთვის სასურველი კონცენტრაციით ზავდება, მუდმივად მიმდინარეობს ამ კონცენტრაციის მონიტორინგი, რათა ოპტიმალურად შეერგოს ფესვთა სისტემას. ჩითილები ირგვება სუბსტრატში - ქოქოსის ქერქში, ტორფში ან აგროპერლიტში, რომელიც ხსნარს იწოვს და სინესტეს ინარჩუნებს, სწრაფი ზრდისთვის გამოიყენება ხელოვნური განათებაც. ამ გზით ბევრი ნერგის გამოყვანა შეიძლება შედარებით პატარა ფართობზე და მოკლე დროში. ჰიდროპონიკით ნერგები იმდენად მალე იზრდება, ორ კვირაში უკვე ძალიან მკვეთრი შედეგი ჰქონდა. ასე სამზარეულოში და შემდგომ აივანზე ათასზე მეტი ძირი გამოვიყვანე. კარგად გაიხარა! ნაკვეთის დროულად მომზადება ვერ მოვასწარი, დროებით ხუთასი ნერგის ქოთნებში გადარგვამ მომიწია, რაც საკმაოდ შრომატევადი იყო. სამაგიეროდ, ყველა ძირი ჯანსაღი და კარგი გამოვიდა... სხვათა შორის, ამჟამად ნაკვეთში საჩითილე სათბურს ვაშენებ.

1a3be405-00ec-443f-b7de-9e82c78cc778-1732192185.jpg

- ნარგავები ბათუმიდან ლიხაურში წაიღეთ და მარტომ დარგეთ?

- დიახ, ბათუმიდან ლიხაურში ჩავიტანე და იქ ხალხი დავიქირავე. დაახლოებით ნახევარ ჰექტარზე დავრგეთ ორივე პარტია. თქვენ წარმოიდგინეთ, ივნისში რომელიც დავრგეთ, იმათაც გამოისხეს ნაყოფი, თუმცა დამწიფება ვერ მოასწრეს. დამწიფებას ყვავილობიდან 70 დღე სჭირდება. წლეულს ვერ დამწიფდება, მაგრამ თუ ყინვისგან დაცვა მოვახერხეთ, მაშინ შეიძლება გაზაფხულზე დამწიფდეს. აპრილში 30 სმ ნერგები დავრგეთ და დღემდე 5 მეტრამდე გაიზარდნენ. სანამ გაიზრდება, ყვავილების ბუტკოებს გაიკეთებს, ყვავილს გაშლის - ამ ყველაფერს დრო სჭირდება. წესით, გაზაფხულზე უნდა იყვავილოს და ზაფხულ-შემოდგომაზე მოსავალი იქნება. მარაკუიას თუ სათანადო პირობები აქვს, მოსავალს მთელი წლის განმავლობაში იძლევა, უხვი ხილია. ჩვენს პირობებში, რადგან წინ ზამთარია, გაზაფხულიდან დაიწყებს ყვავილობას და შუა ზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე იქნება მოსავალი.

- როგორ აპირებთ ყინვისგან დაცვას?

- როცა ამინდი საშუალებას მაძლევს, მუშებთან ერთად ქსოვილით ვფუთავ.

- სანერგის ამოქმედებას აპირებთ?

- შევხედავ, თუ იქნება მოთხოვნა.

- ურჩევდით სხვებსაც, რომ ეს კულტურა უფრო ფართოდ გაშენდეს?

- დიახ, ჩემი აზრით, ძალიან კარგი იქნება. თურმე აქაც ხარობს და თან ძალიან კარგად. არავის ეგონა, პირველივე წელს თუ ხილს მოისხამდა. ეტყობა, მოეწონა აქაური ნიადაგი, განსაკუთრებით ოზურგეთის, რომელიც ზუსტად ასეთი კულტურებისთვის არის განკუთვნილი.

- გეხმარებათ ჩინელი მეუღლე?

- დიახ, ძალიან მიჭერს მხარს და გვერდში მიდგას. მისი დახმარების გარეშე, ალბათ, ვერ გავბედავდი გაშენებას.

- ლიხაურში ეს პლანტაციები კიდევ უფრო გაიზრდება, რა გეგმა გაქვთ?

- სავარაუდოდ, სხვა ეგზოტიკურ კულტურებსაც გავაშენებ... გეგმას წინასწარ არ გავახმაურებ.