ამასაც მოვესწარით! 21 ნოემბრის დილა მსოფლიო ომების ისტორიაში შევა - პუტინმა უკრაინას დედამიწაზე არსებული ყველაზე მრისხანე იარაღი ესროლა
ამასაც მოვესწარით - რუსეთმა ომში პირველად გამოიყენა ნადირაძისეული საკონტინეტშორისო ბალისტიკური რაკეტა, ოღონდ „ფუჭი ქობინებით“...
2024 წლის 21 ნოემბრის დილა მსოფლიო ომების ისტორიაში შევა, რადგან პირველად იქნა გამოყენებული ჩვენი პლანეტაზე არსებული ყველაზე მრისხანე იარაღი - საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტა...
მას შემდეგ, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინა ერთმანეთის მიყოლებით ხან ბალისტიკური და ხანაც ფრთოსანი რაკეტებით ურტყამს უშუალოდ რუსეთის ტერიტორიას, სრულიად მოსალოდნელი გახლდათ, რომ გამძვინვარებული პუტინი რაღაც ახალს მოიფიქრებდა-კრემლს არ შეუძლია საჰაერო დარტყმები მიაყენოს ამერიკას თუ ევროპას. ამიტომაც ისევ მრავალტანჯულ უკრაინას დაარტყა, ოღონდ ამჯერად ისეთი კლასის იარაღით, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არავის გამოუყენებია საბრძოლო მოქმედებების დროს და აი, რატომ...
ბალისტიკური რაკეტებით ლონდონის დაბომბვა ჰიტლერმა ჯერ კიდევ 1944 წელს დაიწყო, ბალისტიკური რაკეტები არც ირანსა და ერაყს „დაუმადლიათ“ ერთმანეთისთვის 1980-იანი წლების ომში, საბჭოთა კავშირიც უხვად ბომბავდა „სკადებით“ ავღანელ მოჯაჰედებს და ახლაც ისრაელ-ირანის „სარაკეტო პინგ-პონგიც“ სწორედ ბალისტიკური რაკეტებით იმართება. მაგრამ ბალისტიკური რაკეტაცაა და რაკეტაც...
აქამდე საბრძოლო მოქმედებებში გამოყენებული ყველა ტიპის ბალისტიკური რაკეტა ტაქტიკური(70-80 კმ ფრენის სიშორე), ოპერატიულ-ტაქტიკური(300-500 კმ ფრენის რადიუსი) ან კიდევ საშუალო სიშორის (1 000-2 000 კმ)იყო.
რუსეთმა კი 21 ნოემბრის დილას ასტრახანის ოლქის „კაპუსტინ იარის“ სარაკეტო პოლიგონიდან უკრაინის ქალაქ დნიპროს მიმართულებით გაუშვა, სავარაუდოდ, РС-26 "Рубеж"-ის ტიპის საცდელი ბალისტიკური რაკეტა, რომლის ფრენის მაქსიმალური მანძილი აღემატება 6 ათასს კმ-ს.
შესაბამისად, ის უკვე გადის საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტების კლასში ანუ მისი საშუალებით შეიძლება ბირთვული ქობინების ერთი კონტინენტიდან მეორეზე „მიტანა“...
დღეს დილას, დნიპროს დამიზნებულ რუსულ „რუბეჟში“, რომელმაც ასტრახანიდან ამ უკრაინულ ქალაქამდე 800 კმ-ი იფრინა, საბედნიეროდ არ ეყენა ბირთვული ქობინები, უფრო მეტიც, მას არც ჩვეულებრივი(ტროტილი,ჰექსოგენი)ქობინები ჰქონია, მხოლოდ ინდივიდუალური დამიზნების საიმიტაციო ქობინების „ცეცხლისფრქვევა“ დაფიქსირდა ღამისეულ ცაში-ეს საიმიტაციო ქობინები არ ფეთქდებიან, მაგრამ იმის გამო,რომ ფაქტობრივად დედამიწის ორბიტიდან უზარმაზარი სიჩქარით ,ეცემიან,თავინთი დიდი კინეტიკური ენერგიითაც შეუძლიათ გამოიწვიონ ნგრევა...
რაში დასჭირდა კრემლს საცდელი და ძვირადღირებული ამ რაკეტის გამოყენება?
შეიძლება იმიტომ, რომ უკრაინას და დასავლეთს აჩვენოს, რომ შემდეგ უკრაინულ ქალაქზე დამიზნებული მორიგი რუსული საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტა უკვე საშტატო ბირთვული ქობინებით იქნება აღჭურვილი?
საგულისხმოა, რომ РС-26 "Рубеж"-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტა წარმოადგენს საშუალო სიშორის РСД-10 «Пионер»-ისა და საკონტინენტშორისო РТ-2ПМ «Тополь»-ის „შვილიშვილსა“ და “შვილს“. სწორედ იმ „პიონერისა“ და „ტოპოლის“, რომელიც ჩვენმა თანამემამულემ,საბჭოთა კონსტრუქტორმა ალექსანდრე ნადირაძემ 1970-80-იან წლებში შექმნა „მოსკოვის თბოტექნიკის ინსტიტუტში“, რომლის დირექტორი და მთავარი კონსტრუქტორი 1961-87 წლებშიც გახლდათ.
და კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი-ნადირაძის რაკეტების „შთამომავლით“ პუტინმა დაარტყმევინა უკრაინული დნიპროს იმ ქარხანაზე,რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში „იუჟმაშის“ სახელით აწარმოებდა Р-12 და Р-14 ტიპის საშუალო სიშორის ბალისტიკურ რაკეტებს, რომლებიც ხრუშჩოვმა 1962 წელს კუბაში ფარულად გააგზავნინა, რითაც მესამე მსოფლიო ომის დაწყება კინაღამ გამოიწვია...
ხრუშჩოვის მემკვიდრე,კრემლის დღევანდელი ბინადარი პუტინიც ძალიან საშიშად იწყებს ბალისტიკური რაკეტებით „თამაშს“ და ემანდ ჩვენ პლანეტა დედამიწას რაიმე არ უწიოს...