"პარლამენტში შესვლით ოპოზიცია მხოლოდ ბუტაფორია იქნება" - რას აცხადებს ნინო ლომჯარია?
ხელისუფლებამ ისე შეცვლა კანონმდებლობა, რომ ოპოზიციის პარლამენტში შესვლას, არანაირ პროცესზე რაიმე ტიპის გავლენის მოხდენა არ შეუძლია, ისინი მხოლოდ ბუტაფორია იქნებიან, გაალამაზებენ ან შეალამაზებენ ე.წ. ხელისუფლების მიერ მიტაცებულ არჩევნებს , - ამის შესახებ პლატფორმა „ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
ყოფილი სახალხო დამცველი თვლის, რომ პარლამენტში მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის წარმართვისთვის, „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება ოპოზიციის ხმა.
„არ ვფიქრობ, რომ პარლამენტში შესვლა უფრო გააძლიერებს ოპოზიციას. კანონმდებლობაც იმგვარად არის შეცვლილი, რომ რეალურად არც ერთ საკვანძო თანამდებობაზე, საერთოდ არ არის საჭირო ოპოზიციის ხმები. ისე შეიცვალა კანონმდებლობა, რომ ხელისუფლებას უმრავლესობით შეუძლია [გადაწყვეტილება] ნებისმიერი თანამდებობაზე, სადაც რომელიმე თანამდებობის პირის არჩევაა საჭირო - არ სჭირდებათ ოპოზიციის ხმა. იგივე ეხება კანონების მიღებას და ცვლილებების შეტანას. ხელისუფლებამ ისე შეცვლა კანონმდებლობა, რომ ოპოზიციის პარლამენტში შესვლას რამე ტიპის გავლენის მოხდენა არ შეუძლია არანაირ პროცესზე, ისინი მხოლოდ ბუტაფორია იქნებიან, გაალამაზებენ ან შეალამაზებენ ე.წ. ხელისუფლების მიერ მიტაცებულ არჩევნებს“,- განაცხადა ლომჯარიამ.
ნინო ლომჯარიას თქმით, პოლიტიკური კრიზისის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ოპოზიციის პარლამენტში არშესვლა.
უფრო მეტიც, ლომჯარია თვლის, რომ ოპოზიციამ ხელისუფლება ისეთ კრიზისში უნდა ჩააყენოს, რომ მოუწიოს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, მაგალითად, ხელახალი არჩევნების ჩატარება.
„პოლიტიკური კრიზისი არა მარტო არჩევნების გაყალბებამ გამოიწვია, არამედ საზოგადოებაში იმის გააზრებამ, თუ ამ ყველაფერმა ისე ჩაიარა, რომ ხელისუფლებამ მძიმე პოლიტიკური ფასი არ გადაიხადა, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ხალხი დაკარგავს ძალაუფლებას და საერთოდ არ გვექნება არჩევნები.
ვფიქრობ, რომ ხელისუფლება უნდა ჩააყენო ისეთ კრიზისში, რომ მას მოუწიოს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. მიზანი არის ხელახალი არჩევნები, ოღონდ ახალი არჩევნებიც ამ ცესკო-სა და სამართალდამცავი ე.წ. უწყებების ხელმძღვანელების მიერ არ უნდა ჩატარდეს, არამედ ახალი შემადგენლობით და სანდო პირების მიერ. ასეთ კრიზისში უნდა ჩადგეს ხელისუფლება“, - განაცხადა ლომჯარიამ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტია და მათი არც ერთი წევრი არ შევიდეს პარლამენტში, რადგან ეს ხელს შეუწყობს „გაყალბებული არჩევნების გზით ძალაუფლების ლეგიტიმაციას“.
ამასთან, ლომჯარიას თქმით, ხელისუფლებისთვის დიდი დიდი პრობლემა იქნება, თუკი პარლამენტში მარტო იქნებიან.
„რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის შექმნილი ვითარება არის პრობლემა. რა თქმა უნდა, პრობლემა არის ის, რომ „ქართული ოცნების“ არჩევნებში ე.წ. გამარჯვება არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანას არ მიულოცია. არავის უთქვამს, რომ ეს იყო სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. მათთვის პრობლემაა აგრეთვე ის, რომ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ეს პოლიტიკა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტია და მათი არც ერთი წევრი არ შევიდეს პარლამენტში, რადგან ეს ხელს შეუწყობს გაყალბებული არჩევნების გზით ძალაუფლების ლეგიტიმაციას. ასევე, გასაგრძელებელია მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთანაც. სანქციების განხილვას, როგორც ევროკავშირი და აშშ-ი და, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი პროტესტი. ამ სტრატეგიით სვლა: არაღიარების მიღწევა, ხელისუფლების კრიზისში ჩაყენება და ა.შ. მათთვის დიდი პრობლემა იქნება, თუკი „ქართული ოცნება“ პარლამენტში მარტო იქნება“,- განაცხადა ლომჯარიამ.
გადაცემაში ლომჯარიამ შეაფასა ქართული ოპოზიციის გეგმები და ქმედებებიც. როგორც ლომჯარია აცხადებს, ოპოზიცია თავის გადაწყვეტილებებში თანმიმდევრული უნდა იყოს.
„თუკი ჩვენ გვინდა ხელისუფლება კრიზისულ მდგომარეობაში ჩავაყენოთ, ოპოზიცია თავის გადაწყვეტილებებში უნდა იყოს თანმიმდევრული, ასეთი ერთ-ერთი საკითხია, რომ არც ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა არ უნდა შეუქმნას მის ხელისუფლებას ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაცია არ უნდა გაუკეთოს არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, რადგან ეს არჩევნები გაყალბდა. არსებობს ძალიან ბევრი მტკიცებულება, იმაზე მეტი, ვიდრე რომელიმე არჩევნების დროს არსებობდა. თუ რომელიმე პოლიტიკურმა პარტიის წევრმა გადაწყვიტა აღიაროს ან ცნოს არჩევნები , ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი იღებენ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ მომავალ 10 წელში საერთოდ არ გვქონდეს არჩევანის შესაძლებლობა“,- განაცხადა ლომჯარიამ.
"ინტერპრესნიუსი"