მამებისა და შვილების ბრძოლა ამერიკაში - როგორ აუმხედრდა პოლიტიკური "ჯენზი" 82 წლის ჯო ბაიდენსა და 84 წლის ნენსი პელოსის - კვირის პალიტრა

მამებისა და შვილების ბრძოლა ამერიკაში - როგორ აუმხედრდა პოლიტიკური "ჯენზი" 82 წლის ჯო ბაიდენსა და 84 წლის ნენსი პელოსის

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია სტატია სათაურით: „ამერიკელი ახალგაზრდა დემოკრატები პარტიის ხელმძღვანელობაში „გერონტოკრატთა“ შევიწროებას გეგმავენ“ // 84 წლის ნენსი პელოსის ისევ კონგრესის წევრობა სურს“ (ავტორი - ტონი დაივერი, კორესპონდენტი ვაშინგტონში).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ამერიკელი დემოკრატების „ჯენზის“ თაობის წარმომადგენლები (ანუ ვინც ინტერნეტისა და პორტატული ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში გაიზარდა) ისწრაფვიან, რომ პარტიის ხელმძღვანელობიდან მოხუცები და „გაქვავებული ისტორიული გადმონაშთები“ განდევნონ, იმ იმედით, რომ სამომავლო საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატებს უფრო ახალგაზრდა კანდიდატი ეყოლებათ და ის რესპუბლიკელთა კანდიდატს (დონალდ ტრამპის პოლიტიკურ მემკვიდრეს) აჯობებს და დაამარცხებს.

ახალგაზრდა დემოკრატები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ ზოგიერთი დემოკრატი ლიდერის ასაკი - ისეთების, როგორებიც არიან ჯო ბაიდენი და ნენსი პელოსი, ამომრჩევლებს აფრთხობს.

82 წლის ჯო ბაიდენი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმულ მოქმედ პრეზიდენტს წარმოადგენს, რომელიც, მიმდინარე წლის დასაწყისში მკვეთრი კრიტიკის ქვეშ მოექცა, თავისი წლოვანებისა და „მახვილსიტყვაობის“ გამო, წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

დემოკრატებს იმედი აქვთ, რომ შედარებით უფრო ახალგაზრდა კანდიდატს შეარჩევენ პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, 2026 წლის შუალედური არჩევნების მზადების ჟამს. „დემოკრატიულ პარტიას მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემა აქვს, რომელიც გამოხატულია „დრომოჭმული“ და „გაქვავებული“ ხელმძღვანელების არსებობით და თუ ისინი პარტიის ზედაფენიდან არ წავლენ, შიდაპარტიული კრიზისია მოსალოდნელი“, - ამბობს გაზეთ "პოლიტიკოსთან" საუბარში დემოკრატთა წარმომადგენელი.

დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი ორგანოს ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრება ბენ ვიკლერი, 43 წლის პროგრესული დემოკრატი, რომელიც, აქტივისტების აზრით, პარტიის შტაბბინას „მეორე სუნთქვას“ გაუხსნის და სიცოცხლეს შთაჰბერავს. ასევე, ამბობენ, რომ დევიდ ჰოგი, „ჯენზის“ თაობის წარმომადგენელი, რომელიც იარაღის ტარების უფლებისათვის გამოდის, ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე პრეტენზიას აცხადებს.

პარტიის ზოგიერთი წევრის მტკიცებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში მაღალჩინოსანი პარტიული ლიდერების ასაკი სულ უფრო მატულობდა, რაც, თავის მხრივ, პოტენციურ მომავალ ახალგაზრდა პოლიტიკოსებს მაღალი თანამდებობების დაკავებას შესაძლებლობას უსპობს.

როგორც მაიკლ ბაროუნი, ამერიკელი ისტორიკოსი, წერს, არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებაში მნიშვნელოვანწილად დამნაშავეს დემოკრატიული პარტიის „გერონტოკრატია“ წარმოადგენს.

„ჩვენს ისტორიას რომ გადავხედოთ, ძნელად მოიძებნება ისეთი პერიოდი, როცა პარტიული ხელმძღვანელობა დიდი ხნის განმავლობაში ესოდენ ღრმად მოხუცი პირებისაგან შედგებოდა“,

- აღნიშნავს იგი პენსილვანიის შტატის გაზეთ Lock Haven Express-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ბევრია ისეთი დემოკრატი, რომელთა ასაკი პოლიტიკოსისათვის კრიტიკულად ითვლება, მაგალითად, 83 წლის ბარნი სანდერსი. ასეთებს „ჯენზის“ თაობა ბრალს უყენებს იმაში, რომ ისინი თავიანთი ახალგაზრდა ამომრჩევლების ინტერესებს ყურადღებას არ აქცევენ და პარტიულ-პოლიტიკური კარიერისთვის გზას აღარ უთმობენ.

84 წლის ექსსპიკერმა ნენსი პელოსიმ გასულ კვირაში დავა გამოიწვია იმით, რომ მისმა გუნდმა დოკუმენტები წარადგინა კონგრესში, 2026 წლისათვის კიდევ ერთხელ ბალოტირების მიზნით ანუ 39 წლის შემდეგ, როცა იგი პირველად იქნა არჩეული წარმომადგენელთა პალატაში, კალიფორნიიდან.

60 წლის კამალა ჰარისის პრეზიდენტობის კანდიდატად წამოყენებამ აგვისტოში ბევრ დემოკრატს იმედი გაუჩინა, რომ იგი შეძლებდა იმ უარყოფითი ტენდენციის შეჩერებას, რომელიც ამერიკელ ახალგაზრდებში დემოკრატიული პარტიის ავტორიტეტის დაცემით გამოიხატა. კამალა ჰარისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამტკიცებდა, რომ იგი ვაშინგტონში „ლიდერთა ახალ თაობას“ მიიყვანდა (ამით იგი თითქოსდა მიანიშნებდა 78 წლის რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს, რომ იგი პრეზიდენტობის პოსტის დასაკავებლად ძალიან მოხუცია).

მაგრამ 5 ნოემბრის შედეგებმა ყველას აჩვენა, რომ ამერიკელი ახალგაზრდები, „ჯენზები“ თუ „ზუმერები“, დონალდ ტრამპის მხარეს გადავიდნენ და ამით დემოკრატიული პარტიის საარჩევნო ბაზას ძირი გამოუთხარეს.

წყარო