ტრაგიკული ისტორია ანუ სუნამო, როგორც სასიკვდილო იარაღი - ამბავი იმაზე, როგორ ბჭობდა დასავლეთი და პუტინი იცინოდა
რატომ მარცხდება დემოკრატია დიქტატორულ/ავტორიტარულ რეჟიმებთან? ეს, XX და XXI საუკუნეების ისტორიული მოვლენებით არაერთგზის დადასტურებული ფაქტი შესაძლოა, თქვენთვისაც სერიოზული საფიქრალია. „დიდი“ და „პატარა“ დიქტატორები არაფრად დაგიდევენ არც საკუთარი მოქალაქეების უფლებებს და არც სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს. მათთვის საერთაშორისო სამართლის ნორმები უკვე წაკითხული მენიუსავითაა: წაიკითხავ, რაც გსურს შეარჩევ და გვერდზე გადადებ. მეოცე საუკუნის „დიდმა“ დიქტატორებმა (ჰიტლერი-სტალინი-მუსოლინი) ამ „ჟანრის“ კლასიკური მოდელი შექმნეს: ჯერ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები დაიმონეს, შემდეგ კი სხვა სახელმწიფოებს გადაწვდნენ. დემოკრატიული ქვეყნები კი ამაოდ მოუწოდებდნენ მათ საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვისკენ, რაც იგივეა, მშიერი დათვი მოგდევდეს და შენ ფეხბურთზე დაუწყო საუბარი.
XXI საუკუნეში პუტინი ცდილობს, „დიდი დიქტატორის“ სტატუსს შეწვდეს, თუ დასცალდა, ოცნებას ნამდვილად აისრულებს და შეუერთდება „ბოროტი კაცუნების“ ელიტას.
ყველა დემოკრატიული ქვეყნის ხელისუფლება ერთსა და იმავე შეცდომას უშვებდა/უშვებს: ჯერ ცდილობენ, არ გააღიზიანონ დიქტატორი, დაუყვავონ, მოეფერონ და „ანცობებზე“ თვალს ხუჭავენ. ასე იყო „აგვისტოს ომის“ შემდეგ, ასე იყო ყირიმის ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ, ასე იყო ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობის შემდეგ. არც ერთ შემთხვევაში „დასავლეთს“ პირადად „დიქტატორის“ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დაუყენებია. ამ დროს კი ყველამ მშვენივრად იცის, რომ პუტინის ნებართვის გარეშე რუსეთში „ცაში ფრინველი არ დაფრინავს და დედამიწაზე ჭიანჭველა არ დაცოცავს“.
აუცილებლად უკრაინის ტრაგედია უნდა მომხდარიყო, რომ რუსეთის და პირადად პუტინის ავი ზრახვების შესაჩერებლად „დასავლეთი“ გამოფხიზლებულიყო? ან გამოფხიზლდა კი ბოლომდე? - საეჭვოა.
ერთი, პირადად პუტინის შურისძიების ოპერაციის შედეგად მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის მაგალითიც საკმარისია იმისთვის, რომ დავასკვნათ: რუსეთის დიქტატორის მიმართ საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული საკადრისი და მისი დანაშაულების ადეკვატური სასჯელის მოთხოვნისგან მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები კვლავ თავს იკავებენ. ეს ტრაგიკული ისტორია კი ასეთია.
2018 წლის 4 მარტს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი, 67 წლის სერგეი სკრიპალი, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში 2010 წლიდან ცხოვრობს, და მისი 33 წლის ქალიშვილი იულია, ინგლისის პატარა ქალაქ სოლსბერში მდებარე იტალიურ რესტორან „Zizzi“-დან გამოსულნი, იქვე ახლოს, სკამზე უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ისინი სოლსბერის საავადმყოფოში გადაიყვანეს და ექიმებმა ძლივს გადაარჩინეს. ასევე, ცნობილი გახდა, რომ ინტოქსიკაციის ნიშნები სასწრაფო დახმარების იმ ექიმებსაც აღენიშნებოდათ, რომლებმაც სერგეი და იულია სკრიპალები საავადმყოფოში გადაიყვანეს. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო, ასევე, ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც პირველი გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე.
მამა-შვილი სკრიპალები იმ საბედისწერო დღეს
მკითხველს შევახსენებ, თუ ვინ იყო სერგეი სკრიპალი და რატომ სურდათ მისი ლიკვიდაცია. სკრიპალი 1951 წელს დაიბადა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიცერი იყო და თადარიგში პოლკოვნიკის სამხედრო წოდებით გავიდა. იგი მეუღლესთან და ქალ-ვაჟთან ერთად მოსკოვში ცხოვრობდა.
რუსეთის ეფ-ეს-ბეს მტკიცებით, სკრიპალი ბრიტანეთის დაზვერვის (მი-6) აგენტი ადრევე იყო, ხოლო 1995 წლიდან თადარიგში გასვლის შემდეგაც აწვდიდა მათ საიდუმლო ინფორმაციას.
2004 წელს სკრიპალი დააკავეს და სახელმწიფო ღალატში ბრალი დასდეს, 2006 წელს კი 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მან პატიმრობაში 6 წელი გაატარა. 2010 წელს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ჯაშუშების გაცვლის შესახებ მიღწეული შეთანხმების შემდეგ, სკრიპალი გაათავისუფლეს და მან პოლიტიკური თავშესაფარი დიდ ბრიტანეთში მიიღო. ჩემი აზრით, ამ ფაქტით არაპირდაპირ დადასტურდა ის, რომ სკრიპალი ბრიტანეთის სპეცსამსხურების სასარგებლოდ მუშაობდა. ის მომდევნო წლებშიც უწევდა კონსულტაციებს ბრიტანეთის დაზვერვას. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა პუტინის შურისძიების მიზეზი.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ნერვულ-პარალიტიკური პრეპარატი “ნოვიჩოკი” სითხის სახით იყო გამოყენებული.
მომწამვლელი ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია იმ სახლის შესასვლელი კარის სახელურზე აღმოჩნდა, სადაც სკრიპალი ცხოვრობდა.
სწორედ მან მიიღო შხამის დიდი დოზა, ხოლო იულია მოწამლული იყო ამ ნივთიერების შედარებით მცირე მოცულობით. იულია სკრიპალი გონს 2018 წლის 27 მარტს მოვიდა, ხოლო სერგეი სკრიპალი მხოლოდ 8 აპრილს გამოვიდა კომიდან. ამჟამად ისინი სხვა ადამიანების გვარებით ცხოვრობენ და შესაძლოა, გარეგნობაც გარკვეულწილად შეიცვალეს. მათი ადგილსამყოფელი უცნობია და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურები იმედია, ახლა კი გულმოდგინედ იცავენ.
დონ სტერჯესი
სკრიპალები შემთხვევითობის გამო ცოცხალი გადარჩნენ, თუმცა არ გაუმართლა ერთ ინგლისელ ქალბატონს. ინგლისელებს დიდია ხანია, რაც ჩვევად აქვთ ზედმეტი ან უკვე არასაჭირო ნივთები ქველმოქმედებისთვის გაიღონ. ამიტომაც დიდ-პატარა ქალაქებში, ყველგან არის შესაბამისი კონტეინერები, სადაც ამგვარ ნივთებს ალაგებენ. 2018 წლის 30 ივნისს სოლსბერის მახლობლად მცხოვრებმა წყვილმა: 45 წლის ჩარლი როულიმ და 44 წლის დოუნ სტერჯესმა ამგვარ საქველმოქმედო კონტეინერში ქალის სუნამო „Nina Ricci“ აღმოაჩინეს. ქალბატონმა სტერჯესმა „სუნამო“ კანზე შეისხურა, რამდენიმე საათის შემდეგ მათი მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ნოვიჩოკი“ Nina Ricci-ის სუნამოს ფლაკონში
დონ სტერჯესი 8 ივლისს გარდაიცვალა. ჩარლი როული კი გადაურჩა სიკვდილს, თუმცა დღემდე საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია.
ექსპერტები თვლიან, რომ „ნოვიჩოკის“ დოზა, რომელიც სტერჯესმა მიიღო, შესაძლოა, ათჯერ მეტი იყო, ვიდრე სერგეი სკრიპალის მოწამვლის დროს მიღებული, ხოლო თავად ფლაკონში იყო იმ მოცულობის „ნოვიჩოკის“ დოზა, რაც ათასობით ადამიანის სიკვდილს გამოიწვევდა.
2018 წლის 5 სექტემბერს ლონდონის პოლიციამ სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილი სამი პირი დაასახელა. ისინი აღმოჩნდნენ რუსეთის მოქალაქეები, სამხედრო დაზვერვის ოფიცრები: დენის სერგეევი, ალექსანდრე მიშკინი და ანატოლი ჩეპიგა. დიდ ბრიტანეთში კი იყენებდნენ ფსევდონიმებს, შესაბამისად: „სერგეი ფედოტოვს“, „ალექსანდრე პეტროვს“ და „რუსლან ბოშიროვს“. ისინი 2018 წლის 2 მარტს ჩაფრინდნენ ლონდონში. სასტუმროს ნომერში, სადაც „ალექსანდრე პეტროვი“ და „რუსლან ბოშიროვი“ იმყოფებოდნენ, შემდგომ „ნოვიჩოკის“ კვალი აღმოაჩინეს. სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის, იულიას მოწამლვაში ეჭვმიტანილმა გე-ერ-უს მზვერავ-კილერებმა „ნოვიჩოკით“ სკრიპალის კარის სახელურზე შესასხურებლად სწორედ ეს ფლაკონი გამოიყენეს, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთიდან ჩამოიტანეს. 2018 წლის 4 მარტს, საღამოს, მათ ლონდონი დატოვეს და ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ „დიქტატორის“ დავალება შესრულებული იყო.
„ალექსანდრე პეტროვი“ და „რუსლან ბოშიროვი“
„სერგეი ფედოტოვი“
საინტერესოა, როგორი იყო დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების პირველი რეაქცია.
2018 წლის 12 მარტს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, დიდი ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს სამხედრო ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, რომელიც ე.წ. ნოვიჩოკის ჯგუფს განეკუთვნება და ის რუსეთში მზადდებოდა. ეს დანაშაული ან პირდაპირ რუსეთის დავალებით ჩაიდინეს, ან რუსეთმა კონტროლი დაკარგა ამ მომწამვლელი ნივთიერების შენახვაზეო - ამგვარი იყო ტერეზა მეის ვერდიქტი.
დიდი ბრიტანეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა კი რუსეთის მიმართ “მკვეთრი და ძლიერი” საპასუხო ქმედების განხორციელების გეგმა გაასაჯაროვა: იმ შემთხვევაში, თუ სკრიპალების მოწამვლაში რუსულ კვალს იპოვიან, უკვე ძნელი წარმოსადგენია, რამდენად შეიძლება ჩაიაროს დიდი ბრიტანეთის დასწრებამ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთშიო (საუბარი იყო ოფიციალური დელეგაციის ჩასვლაზე და არა - ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მონაწილეობაზე). აბა, როგორ დასწყდა გული „მისტერ პუტინს“, დიდი ბრიტანეთის პოლიტიკოსები თუ გაებუტებოდნენ და არ დაესწრებოდნენ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს! საქმე ხომ გაკეთდა და მიზანი მიღწეულია: მორიგი გაქცეულ-შეწყალებული რეანიმაციაში იყო, ან გადარჩებოდა ან - არა. ეს კი კარგი გაკვეთილი იქნებოდა ყველა „სამშობლოს მოღალატისთვის“.
სკრიპალების მოწამვლის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, გერმანიამ და საფრანგეთმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, სადაც დაგმეს ინციდენტი და მოსკოვი დაადანაშაულეს თავდასხმაში.
ხოლო ბორის ჯონსონმა გაბედა და განაცხადა: ბრიტანეთი მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ სოლსბერიში გე-ერ-უს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის მოწამვლა პირადად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ იყო სანქცირებულიო.
ამის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატი გააძევა, საპასუხოდ, რუსეთმაც ასევე 23 ბრიტანელი დიპლომატი გააძევა და დახურა ბრიტანეთის გენერალური საკონსულო სანქტ-პეტერბურგში და შეაჩერა ბრიტანეთის საბჭოს საქმიანობა რუსეთში.
2024 წლის 14 ოქტომბერს სოლსბერიში დაიწყო დონ სტერჯესის გარდაცვალების გარემოებათა გამოძიების საჯარო მოსმენა. ერთ-ერთ სხდომაზე სტერჯესის ოჯახის ადვოკატმა ადამ სტროუმ მოითხოვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოწმის სახით გამოეძახებინათ, რათა გარდაცვლილის ნათესავებს უნდათ, თვალებში ჩახედონო, თუმცა შემდეგ თავადვე აღიარა: ამის შანსი ფაქტობრივად არ არსებობსო. ასე რომ, ოცნებასაც საზღვრები უნდა!
ერთი ლოგიკური კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: ასეთი საეჭვო და რეზონანსული მკვლელობების, "უბედური შემთხვევების“ და "თვითმკვლელობების“ შემყურე, რას აკეთებს დიდი ბრიტანეთის ლეგენდარული დაზვერვის სამსახური (მი-6)? ასევე, უძლიერესი კონტრდაზვერვა (მი-5)? ან თუნდაც სახელგანთქმული “სქოტლანდ იარდი”?
უკვე ათწლეულებია: ტონი ბლერი, დევიდ კემერონი, ტერეზა მეი, ბორის ჯონსონი და ადამ სტროუ ბჭობენ, დიქტატორი კი - იცინის.