"ძროხები გვყავს, ბიოპროდუქტს ვქმნი - მაწონს ვადედებ, ნადუღს, ყველს ვაკეთებ, კარაქს ვდღვებავ... ვერ ვიტყვი, რომ წარსული მენატრება" - რას ჰყვება ყოფილი პირველი ლედი სოფლის ცხოვრებაზე?
"თბილისში რომ ჩამოვდივარ, ერთი სული მაქვს, სასწრაფოდ ჩემს სახლში მოვიდე"
„აბსოლუტურად არაფერი მენატრება... ყველაფერი მომწონს, რაც დღეს ხდება, მაინტერესებს ხვალ რა იქნება! მაშინ რაც იყო, კარგი გახლდათ. ნამდვილად სასიამოვნოა, როცა ადამიანებს რაღაც მოსწონთ, ამჩნევენ, ესთეტიკური მხარე მათთვის ბევრს ნიშნავს... ვერ ვიტყვი, რომ წარსული მენატრება, რადგან დღვანდელი დღე უფრო მახარებს და მაინტერესებს. მონატრება კი ნიშნავს რაღაცის დაბრუნების სურვილს, წარსულში ჩარჩენას...“ - ამბობს მაკა ჩიჩუა, რომელიც დუშეთიდან ვრცლად და ჩვეული გულწრფელობით გვესაუბრა...
- ქალბატონო მაკა, წლების შემდეგ თუ გაქვთ მონატრება იმ წლების, როცა პირველი ლედი იყავით და გარკვეული პრივილეგიებიც არსებობდა?
- ეს კითხვა შეიძლება გაუჩნდეს ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ მართლა ვერ ვიხსენებ, რა პრივილეგიები იყო, რადგან ზუსტად ისევე დავდიოდი მაღაზიაში, რიგში ვიდექი და საკვებს ვყიდულობდი, როგორც დღეს. ძალიან ვიღლებოდი, როცა ოფიციალურ მიწვევებზე უცხოეთში მივდიოდი. იქ იმდენი დრო არ მქონდა, ჩემს ნებაზე, თავისუფლად ვყოფილიყავი. ვგულისხმობ, რომ მოეშვები, ფეხს ფეხზე გადაიდებ და ნებივრობ. დილიდან იწყებოდა გიორგის და ჩემი გაწერილი შეხვედრები, სამ დღეში კი უკან მოვქროდით. ისე დაემთხვა, რომ იმ პერიოდში გადავწყვიტე ბავშვების გაჩენა, შემდეგ ამ ბავშვების მოვლა-პატრონობა იყო მთავარი. დედა რომ ხარ, ასეა! დამხმარე შეიძლება გყავს, მაგრამ დიდი შრომა და თავისუფლების შეზღუდვა მაინც შენზეა, რადგან მშობელი ხარ და პასუხისმგებლობა გაქვს. ერთადერთი, შეიძლებოდა ბავშვები ჩემთან ყოფილიყვნენ მანქანაში და საჭესთან სხვა იჯდა, ისიც იმის გამო, რომ ბავშვების საჭიროებისთვის ჩავდიოდი თბილისში, თემოს თერაპია სჭირდებოდა... თუმცა, კარგი ის გახლდათ, რომ საშუალება მომეცა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უამრავი ბავშვისთვის სამსახური გამეწია, დამეკვალიანებინა, პრობლემებზე ხმამაღალი მესაუბრა და მათ გადასაჭრელად უფრო მეტი გზა მოგვეძებნა, მათთვის მხარი დამეჭირა... ეს ყველაფერი ნამდვილად კარგი იყო. რაღაცნაირი იმედისმომცემი გახლდათ, რომ ქვეყნის პირველი პირის მეუღლეს, პირველ ლედის ჰყავს ბავშვი იმავე სინდრომით, როგორც სხვებს. ტრისომიით რვაას ბავშვში ერთი იბადება და მათ განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა სჭირდებათ. ამ მხრივ ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემი მცირედი, მაგრამ ხმამაღალი სიტყვა. მისმენდნენ და აინტერესებდათ.
რა თქა უნდა, ბევრი ვერაფერი გავაკეთე, მაგრამ იმ პერიოდში რისი შესაძლებლობაც იყო, მშობლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს მხარში ვედექი. თავისი რეზონანსი ჰქონდა ამ ყველაფერს. ასე რომ, ბევრი საინტერესო დღე მქონდა და მახარებდა, იმ ადამიანებს რომ ვეხმარებოდი, რომლებიც დაბნეულები იყვნენ.
- ყველა ამბობდა, რომ მაღალი გემოვნებით გამოირჩეოდით...
- ამას ბავშვობიდან ვარ შეჩვეული, რადგან ყველა მეუბნებოდა, რომ გამორჩეული გემოვნება მაქვს. მე მაინც ხელოვნებას ვაბრალებ ამას, რომ შემოქმედ ადამიანებს თავიანთი ინდივიდუალური და განსაკუთრებული ხედვა აქვთ. ეს აისახება მათ გარეგნობაზე, ვიზუალზე, სამოსზე და ა.შ. მხოლოდ საქართველოში კი არა, უცხოეთშიც აღნიშნავდნენ და ამა თუ იმ ქვეყნის პირველი ლედი მეუბნებოდა, რომ კარგი გემოვნება მაქვს, შემიძლია ფერების კარგად შეხამება... რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნოა.
- იმ ვიზიტებიდან ალბათ, დაუვიწყარი მოგონებებიც დაგრჩათ...
- რა თქმა უნდა! სხვადასხვა ქვეყანაში რომ ჩადიხარ, აღმოაჩენ, რომ შენთვის რაღაც საინტერესო უკვე ხელშესახებია და მხოლოდ ინტერნეტიდან კი არ უყურებ, არამედ პირდაპირ ხედავ. ყველაზე მკაფიო და ნათელი, ყველაზე საინტერესო შეხვედრა მქონდა იაპონიის იმპერატორის მეუღლესთან. იაპონური ესთეტიკა ბავშვობიდან მიყვარს...
- დუშეთი ისევ მიმზიდველად რჩება თქვენთვის?
- დიახ, აქ სიმშვიდეა. შეიძლება პერიოდულად მომაბეზრებელია, რადგან არანაირი ინფრასტრუქტურა არ არის, ბავშვებისთვის ბევრი არაფერია გასართობი, მაგრამ მაინც.
თბილისში რომ ჩამოვდივარ, ერთი სული მაქვს, სასწრაფოდ ჩემს სახლში მოვიდე.
- ბავშვები არ ითხოვენ თბილისში ყოფნას?
- რა თქმა უნდა, ითხოვენ. ბავშვები ცნობისმოყვარეები არიან, საინტერესო თავგადასავლები სურთ, უცხო გარემო. ჩემთვის თბილისი დამღლელია, ეკოლოგიურად ძალიან დაბინძურდა, გადაადგილება იმდენად რთული გახდა, სანამ ერთი პუნქტიდან მეორემდე მიხვალ, მთელი დღე გადის. ეს ბავშვებიც მანქანაში იმდენად იღლებიან, მეცოდებიან. ჩამოვდივართ, მაგრამ იშვიათად. გაიზრდებიან და მერე თავიანთ ჭკუაზე ივლიან. ახლა, სანამ პატარები არიან, ბევრ გადაადგილებას ვერიდებით.
- დუშეთის სკოლაში დადიან?
- დიახ, ორივე დადის დუშეთის სკოლაში... ამაზე ბევრი სიუჟეტი გააკეთეს. ჟურნალისტები მირეკავდნენ, - ქალბატონო მაკა, თქვენ დუშეთში მიიყვანეთ ბავშვები სკოლაშიო?! აქ ვცხოვრობ და როგორ წარმოგიდგენიათ, კილომეტრები გავიარო, ვიწვალო, ბავშვები ვაწვალო, რომელიმე სკოლაში რომ იარონ? სანამ მივლენ, იმდენად დაღლილი იქნებიან, ვეღარაფერს ისწავლიან. აქ ადამიანები არ ცხოვრობენ, სკოლაში ბავშვები არ დაჰყავთ თუ რა ხდება? - ვერ ვხვდები, რა იყო აქ განსაკუთრებული!
- სნობიზმი...
- ჰოდა, აი, ამ სნობური სივრციდან მე ყოველთვის ამოვარდნილი ვიყავი, როგორც თეთრი ყვავი...
- დამხმარე თუ გყავთ?
- ხან გვყავს, ხან არა... როცა არ გვყავს, „დაბრედილი“ ვარ... დედა უკვე ხანში შესულია, გიორგის დედაც 90 წლისაა, ასე რომ, ვერ დაგვეხმარებიან. ჩემი უფროსი შვილი - მაშო დედას დახმარებით გავზარდე...
- ცოტა ხნის წინ ვიდეო გავრცელდა, სადაც მოკლე შორტით ხართ... ვიდეომ ბევრის აღფთოვანება გამოიწვია. ფორმას, სტილს როგორ ინარჩუნებთ?
- არ ვიცი, რა საოცარ ფორმაში მე ვარ? სარკეში რომ ვიხედები, ხანდახან ჩემს თავს ვერ ვცნობ. გადაღლილი, ზოგჯერ უძილო... უძილობა ყველაზე რთული რამაა... რაც შეეხება წონას და ფორმას, ალბათ ეს გენეტიკის დამსახურებაა... ჭამა არც მიყვარს. არ მიყვარს ისეთი პროდუქტები, რომლებიც გასუქებს და ფორმას გაკარგვინებს. შედარებით მსუბუქად ვიკვებები და ეს ახდენას ალბათ გავლენას.
- ნაკლები პური, ცომეული, ტკბილეული?
- სხვათა შორის, პური ძალიან მიყვარს... ტკბილეული, ცხიმი, "ფასტ ფუდები" ჩემს ორგანიზმს არ მოსწონს. ვცდილობ ბავშვებსაც ჯანსაღი საკვები მოვუმზადო, თუმცა პატარას მაინცდამაინც არ უყვარს. თემო უფრო ჯანსაღად იკვებება.
რაც შეეხება სტილს, როგორიც ვარ, ეს ვარ... მას მერე, რაც გიორგი პრეზიდენტი აღარ არის და აღარ მიწევს ეს ოფიციალური შეხვედრები, სულ სპორტულად მაცვია. ხანდახან გაპრანჭვა მართლაც მენატრება, მაგრამ აქ, ტალახში, ტყეში ვის გავეპრანჭო? სკოლაში "მხეცივით" გავრბივარ და გამოვრბივარ, ხშირ შემთხვევაში სარკეშიც არ ვიხედები. ამიტომაც, პერიოდულად მართლაც მინდება ლამაზად ჩავიცვა.
გულწრფელად გეუბნებით, ყოველთვის მირჩევნია სპორტულ ფორმაში ვიყო, რადგან მე თავისუფლება მიყვარს, სპორტული ტანსაცმელი კი ამ თავისუფლებას მანიჭებს, ფეხსაცმელიც ყოველთვის დაბალქუსლიანი მაცვია. იმ პერიოდშიც, როცა პირველი ლედი ვიყავი, ფეხზე ყოველთვის მინიმალური ქუსლიანი მეცვა. არ უნდა ვყოფილიყავი "გაკოჭილი", მოძრაობაში ხელი არ უნდა შემშლოდა. ჩემს ხასიათში არ არის, რომ სამოსით თავი შევიზღუდო... საყურეც დაახლოებით სამი წელია, არ შემიცვლია, სულ ერთი და იგივე მიკეთია. არ ვიცი, ოქროა თუ რაღაც ისეთი მეტალი, რომელიც ყურს არ აღიზიანებს. მთის ბროლია, პატარა, ციცქნა საყურე, ეს მიკეთია ამ ბოლო დროს. არც მიყვარს დიდად სამკაულები, იშვიათად, რომ მათი ტარება მომინდეს.
- ალბათ თქვენი დღევანდელობა დამღლელი, მაგრამ ძალიან საინტერესოა. რაზე ოცნებობთ?
- დიდი სურვილი მაქვს (ოცნება მე არასოდეს არ მქონია), როგორმე ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ. აი, ეს არის დღევანდელი ჩემი მთავარი საქმეც, ნატვრაც, ფიქრიც, დარდიც... ყველაფერი იმას უკავშირდება, როგორმე ამ ქვეყანას ეშველოს. მხოლოდ ის მაინტერესებს, სისტემა შევცვალოთ. ძალიან დიდი ხანი რაღაც გაუგებარ, მოჯადოებულ წრეში ვიყავით. პოსტსაბჭოთა ქვეყნები მძიმედ გამოდიან წარსულიდან. ნეტავ მომასწრო იმას, მოლაპარაკებებს ვაწარმოებდეთ ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით... ამდენი ბარიერი, ჩაკეტვა, საზიზღარი ბლოკები, რაც დაგვადეს და გვეჭიდავებიან, ეს უკვე გადალახული რომ გვქონდეს და ფონს გავიდეთ, ეს არის ჩემი მთავარი, სანუკვარი ნატვრა დღევანდელ დღეს... ხომ იცით, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და როდის მოხდება ეს გარდატეხა, არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად გვჭირდება; ქვეყანას სჭირდება, წინ რომ წავიდეს...
როცა მეკითხებიან, უცხოეთში ყველაზე მეტად რა მოგწონსო? უპირველესად, რასაც იქ ვუყურებ, ხანში შესული ადამიანები რომ კაფეებში სხედან და ფიქრობენ, სამოგზაუროდ სად წავიდნენ. იცინიან, კისკისებენ, სულ ხალისიანად არიან. იქ პენსიაზე გასვლა უხარიათ! ეს პენსია მათთვის რაღაცნაირი საჩუქარი ხდება ბევრწლიანი შრომის შემდეგ. ამიტომაც გეგმავენ მოგზაურობას, 80 წლის ადამიანები ალპებში ადიან, რათა თხილამურით დაეშვან მთიდან, ხალხო... ჩვენთან კი, 80-90 წლის ადამიანები, გამონაკლისების გარდა, ცხოვრებისგან იმდენად დაღლილები არიან, სიკვდილს ნატრობენ. ძალიან იშვიათი გამონაკლისია, ვისაც მატერიალურად ძლიერი ოჯახი აქვს და განებივრებულია, მაგრამ მათთვისაც კი უხალისობაა... ამიტომაც ვამბობ, გარემო თუ არ გაჯანსაღდა, მარტო შენ რომ ბევრი ფული გაქვს და დიდი გალავანი, იმის იქით რომ არ გაინტერესებს რა ხდება, არაფერი გვეშველება...
ჩემი სურვილია, ვიყო თავისუფალი ადამიანი, რომელსაც შემდეგი დღის შიში არ მექნება, - ვაიმე, ახლა ისე გააძვირებენ რაღაცას, ხვალ როგორ ვიყიდო, როგორ გავანაწილო თანხა-მეთქი?.. არ მაქვს მისწრაფება, მილიონერი გავხდე. ჩვეულებრივად, ლაღად მინდა ვიყო ჩემს შვილებთან ერთად და მათ ჰქონდეთ თავისუფლება საკუთარ არჩევანში. ეს არის ყველა ადამიანისთვის მაქსიმალურად კარგი და ნორმალური გარემო. ცოტა ხნის წინაც აქციაზე ვიდექი და ვამბობდი, როდემდე უნდა ვიდგეთ აქ და ვამბობდეთ, გვიშველეთ, გაგვათავისუფლეთ-მეთქი?.. ნუ დაგვჩაგრავთ, უფლებებს ნუ შელახავთ, ნუ გვცემთ, ნუ გვკლავთ და ასე შემდეგ... როდემდე? ჩვენთვის ხომ ყველაზე მთავარია, ყველა ადამიანს შეეძლოს რეალიზდეს, თავისი ნიჭი, შესაძლებლობები გამოავლინოს და ადამიანები აქედან არ გარბოდნენ. ყველა მშობელი უნდა იყოს შვილის გვერდით მაშინ, როცა მას სჭირდება, თორემ მერე ისედაც მიდის შვილი, თავის გზას ნახულობს, ოჯახს ქმნის, სულ სხვა გარემო აქვს. ღმერთმა ქნას, არც ერთ მშობელს გასაქცევად არ ჰქონდეს საქმე და ეს ყველაფერი შეიცვალოს! რაღაცების გასამართლებლად ზოგი იძახის, აბა, ომის გინდათო? ომი არ არის, შენ რომ მუდმივად დაპატიმრებულად და დაჩაგრულად გრძნობ თავს?! როცა მოუნდებათ, თავში წამოგარტყამენ. ეს ძალიან მძიმე რეალობაა.
რომ მახსენდება ჩვენი დედები, მამები როგორ ჩუმად უსმენდნენ ამერიკის ხმას, ეს არანორმალური გარემო იყო. ერთ პლანეტაზე ვცხოვრობთ და როგორ შეიძლება, ჩვენ შორის რკინის ფარდა იყოს?! ახლა კიდევ თუ ეს ვიზალიბერალიზაცია შეჩერდა, შეიზღუდება სადმე წავლა და ისევ იგივე დაიწყება... თანაც, ეს გაუბედურებული რუსეთი დღეს სულ სხვანაირია და საბჭოთა საქართველო კი აღარ იქნება, როცა ადამიანი დაპურებული მაინც იყო. ახლა ისეთი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, მარტო ერთეულები იქნებიან კარგად. დაპურების გარდაც, სულიერებაზე ზრუნვაც ხომ სჭირდება ადამიანს? ეს კი და ეს ხომ მათ ხელში გამორიცხულია! ამიტომაც, კიდევ უფრო მძიმე რეალობა გველოდება, რადგან ჩეჩნეთი გავხდებით, ეს პროგნოზი გარდაუვალია! ჩვენ ბელორუსიც არ ვიქნებით, რადგან სხვათა ბელორუსიას შიდა ეკონომიკა ძალიან კარგად აქვს აწყობილი. აქ არაფერი არ იწარმოება, არაფერი არ არის ისეთი, რასაც ხელშესახებად წამოვწევთ. ხომ ვხედავთ, საკუთარ პროდუქტს რომ ვეზიდებით, სხვაგან ვყიდით და რაღაც ნაგავი შემოგვაქვს, ბავშვებს ამით ვკვებავთ და საერთოდ რაღაზე ვსაუბრობთ?!.
- დუშეთში მეურნეობა გაქვთ?
- სხვათა შორის, ძროხები გვყავს, რის შედეგადაც დიდ ეკონომიას ვაკეთებთ, ბიოპროდუქტს ვქმნი.
- ძროხის მოწველა ისწავლეთ?
- ვერა, ვერ მოვახერხე. ახლობლები გვეხმარებიან. რძე რომ მოაქვთ, ბავშვებს ამ რძით ფაფას ვუმზადებ, მაწონს ვადედებ, ვცდილობ ყველი გავაკეთო, კარაქს ვდღვებავ... ძალიან მიყვარს რძის პროდუქტები. ვერ დავიკვეხნი, რომ ძლიერი ვარ რძის პროდუქტების მომზადებაში, მაგრამ არიან დამხმარეები, ვინც ამ მხრივ მხარში მიდგანან. მაწონს კი ყოველთვის მე ვადედებ. ორი ძროხა ჩვენია და ვინც გვეხმარება, მათ ჩამოიყვანეს კიდევ ორი. ეს ოთხი ძროხა ერთად ცხოვრობს, საძოვრად ერთად დადიან. ერთად ვაბამთ, რაღაც ბოსელივით პატარა შენობაში. იქ თავიანთი თივა აქვთ, დანამატი, რადგან ზამთარში ბალახი არ არის.
მე ყოველთვის მქონდა პატარა ბოსტანი, მაგრამ წელს ვერ მოვახერხე და განვიცდი. სეზონურად კიტრი და პომიდორი ყოველთვის მქონდა. ეტყობა, ცოტა გადავიღალე და ვეღარ შევძელი... სოფლად მართლაც ბევრი შრომაა საჭირო. მე რას შევედრები იმ ადამიანებს, რომლებიც დილიდან საღამომდე შრომობენ. თუ ვერ გამოვიძინე, მერე დაავადებულივით ვარ, კონცენტრირება მიჭირს.
მანანა გაბრიჭიძე
ჟურნალი "გზა"