პუტინის "Орешник": ექსპერიმენტული რაკეტა, რომელიც უკრაინას ესროლა - რატომ გააფრთხილა კრემლმა ვაშინგტონი დარტყმამდე ნახევარი საათით ადრე?! - კვირის პალიტრა

პუტინის "Орешник": ექსპერიმენტული რაკეტა, რომელიც უკრაინას ესროლა - რატომ გააფრთხილა კრემლმა ვაშინგტონი დარტყმამდე ნახევარი საათით ადრე?!

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც უკრაინის დნიპროზე მძლავრი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, განაცხადა,რომ რუსეთმა პირველად გამოიყენა ექსპერიმენტული საშუალო სიშორის რადიუსის ბალისტიკური რაკეტა «Орешник» -ი არაბირთვული ჰიპერბგერითი ქობინებით და ეს იყო პასუხი უკრაინელებისთვის, ამერიკული ბალისტიკური და ბრიტანული ფრთოსანი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების გამო...

«Орешник» -ის სახელით რუსეთის სარაკეტო შეიარაღებაში აქამდე არაფერი ფიქსირდებოდა და უფრო რეალურია, რომ ეს სახელი სულაც სპონტანურად იქნა მოგონილი კრემლში, პუტინის სატელევიზიო გამოსვლის წინ.

სინამდვილეში ლაპარაკია РС-26 "Рубеж"-ზე, რომლის შექმნა რუსეთმა 2006 წელს დაიწყო და თითქოს 2018 წელს შეაჩერა.

ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ სწორედ რუსული РС-26 "Рубеж"-ის უკრაინაზე გაშვების საფრთხეზე დასავლური და უკრაინული მასმედია დარტყმამდე ერთი დღით ადრე ალაპარაკდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ამ საიდუმლო ინფორმაციის პრესაში გაჟონვა სპეციალურად უზრუნველყვეს, ალბათ კრემლის გასაფრთხილებლად, რომ ამერიკულმა სადაზვერვო თანამგზავრებმა „კაპუსტინ იარის“ პოლიგონზე აღმოაჩინეს ამ სარაკეტო სტარტისთვის წინასწარი მზადება...

და რაც მთავარია - ამ სტრატეგიული მნიშვნელობის რაკეტით უკრაინულ ქალაქზე იერიშის მიტანამდე ნახევარი საათით ადრე მოსკოვმა თავად ჩააყენა ვაშინგტონი საქმის ყურში!

ეს სრულიად მოსალოდნელი გახლდათ, რადგან რუსეთის ფედერაციასა და აშშ-ის „ბირთვული საშიშროების შემცირების ეროვნულ ცენტრებს“ შორის ათწლეულებია მოქმედებს მუდმივი კავშირი, რომლის საშუალებითაც ავტომატურ რეჟიმში გადაეცემა ინფორმაცია იმის შესახებ, თუკი რომელიმე მხარე აპირებს ბალისტიკური რაკეტების გამოცდას.

kremltan-1732263971.jpg
კრემლთან

ასეთი ორმხრივი კავშირის ტექნიკური საშუალება მას შემდეგ ამოქმედდა, როდესაც პირველი ცივი ომის დროს საბჭოთა და ამერიკულმა „სარაკეტო სტარტების ადრეული აღმოჩენისა და შეტყობინების სისტემებმა“ რამდენჯერმა დაუშვეს სერიოზული შეცდომა-ამერიკულს გადამფრენი ფრინველების დიდი გუნდი საბჭოთა ბირთვულბომბებიან ბომბდამშენებად „მოეჩვენა“,

საბჭოთა კომპიუტერმა შეცდომის შედეგად განგაში ატეხა-სტარტაღებული ამერიკული საკონტინენტშორისო ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტები მოსკოვს 27 წუთის შემდეგ დაეცემიანო!

ამ ორივე შემთხვევაში, სამხედროებმა, როგორც ვაშინგტონში, ისე მოსკოვში, საბედნიეროდ არ დაუჯერეს „ჭკუიდან გადასულ“ კომპიუტერებს და არ გასცეს ბრძანება საპასუხო სარაკეტო სტარტების განხორციელებაზე...

მას შემდეგ ამოქმედებული „ბირთვული საშიშროების შემცირების ეროვნულ ცენტრები“ წინასწარ აფრთხილებენ თეთრ სახლსაც და კრემლსაც, თუკი ბალისტიკური რაკეტების საცდელ გაშვებებს აპირებენ.

უკრაინულ დნიპროზე განხორციელებული ეს რუსული სარაკეტო დარტყმაც, სიმართლე რომ ითქვას, უფრო საცდელი გახლდათ და ამიტომაც მან მინიმალური დაზიანებები მიაყენა-ექსპერიმენტალური РС-26 "Рубеж"-ის გამოცდა კამჩატკაზე მდებარე კურას სარაკეტო პოლიგონზეც ზუსტად ასე ხდება, როდესაც მიწაზე მხოლოდ ჰიპერბგერითი მასაგაბარიტული ქობინები ეცემა, რომლებიც არ ფეთქდება, მაგრამ უზარმაზარი კინეტიკური ენერგიის გამო მიწაზე დაცემსას დიდ კრატერებს ტოვებს.

ახლა რაც შეეხება თავად РС-26 "Рубеж"-ს - ის არის საკონტინეტშორისო თუ საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტა?

სწორედ ამ დეტალებშია მთელი „მუღამი“, მაგრამ ცოტა შორიდან უნდა დავიწყოთ...

1987 წლის 8 დეკემბერს აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის პრეზიდენტებმა რეიგანმა და გორბაჩოვმა ხელი მოაწერეს „საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ“ ხელშეკრულებას, რითაც მთელმა ევროპამ ამოისუნთქა, რადგან განადგურებული იქნებოდა დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში განთავსებული და ერთმანეთს დამიზნებული ნატოსა და ვარშავის პაქტის არსენალში არსებული ბირთვულქობინიანი ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები...

სწორედ მაშინ პირობითად განისაზღვრა, რომ 500-დან 1 000 კმ-მდე მფრენი რაკეტები მიეკუთვნებინათ ნაკლები, ხოლო 1 000-დან 5 500 კმ-მდე მფრენები კი საშუალო სიშორის რაკეტების კლასებისთვის. შესაბამისად, ისინი, რომლებიც 5 500 კმ-ზე შორს მიფრინავდნენ, გადადიოდნენ საკონტინენტშორისო რაკეტების კლასში.

ასეთი კლასიფიკაციის შემდეგ, 1991 წლისთვის აშშ-მა ევროპიდან გაიტანა და გაანადგურა სხვადასხვა ტიპის 846 სარაკეტო კომპლექსი, ხოლო საბჭოთა კავშირმა 1 846 სარაკეტო კომპლექსი(მათგან ნახევარი არ იდგა საბრძოლო მორიგეობაზე).

ორმხრივი შეთანხმების შედეგად, თუკი ლიკვიდირებული ამერიკული ბალისტიკური რაკეტების უმრავლესობას MGM-31C Pershing II-ები შეადგენდნენ, მოსკოვს ძირითადად РСД-10 «Пионер»-ების დაჭრა მოუწია.

სწორედ, ჩვენი თანამემამულე საბჭოთა კონსტრუქტორის ალექსანდრე ნადირაძის იმ „პიონერებისა“, რომლებიც 150 კილოტონა ტროტილის ექვივალენტი სიმძლავრის ბირთვული ქობინით იყვნენ აღჭურვილნი და 5 500 კმ მაქსიმალურ სიშორეზე მიფრინავდნენ, რითაც შიშის ზარს სცემდნენ მთელ ნატოს, რადგან აღმოსავლეთ გერმანიაში განთავსებულ „პიონერების“ მობილურ სარაკეტო დანადგარებიდან გაშვებული ნადირაძის ბირთვულქობინიანი რაკეტები მთელ ევროპას თავისუფლად „ფარავდნენ“.

ნაკლები და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შემდეგ, აღარც აშშ-ს და აღარც დაშლილი საბჭოთა კავშირის მემკვიდრე-რუსეთის ფედერაციას არ ჰქონდათ უფლება შეექმნათ ,გამოეცადათ და მით უმეტეს შეირაღებაში მიეღოთ 500-დან 5 500 კმ-მდე მფრენი ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები.

„საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ“ ხელშეკრულებას წყალი 2007 წლიდან შეუდგა, როდესაც რუსეთმა აშშ-ს ბრალი დასდო მისი დარღვევის მცდელობაში - თუკი თეთრი სახლი ევროპაში ისეთ ანტისარაკეტონ სისტემებს განათავსებდა, რომელთა უნივერსალური ვერტიკალური გასაშვები კონტეინერებიდან შესაძლებელი იყო, როგორც „სტანდარდის“ ტიპის ანტირაკეტების, ისე „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების სტარტი. 2 500 კმ-მდე მფრენი სახმელეთო ბაზირების „ტომაჰავკების“ ფრთოსანი რაკეტების განთავსებას ევროპაში ხელშეკრულება კრძალავდა.

თავის მხრივ, ამერიკამ არანაკლები პრეტენზია წაუყენა კრემლს -2008-2011 წლებში რუსეთი ფარულად ახდენდა „ისკანდერის“ ტიპის სარაკეტო დანადგარიდან ახალი ფრთოსანი რაკეტების გამოცდას, რომელთა ფრენის მაქსიმალური სიშორე დიდად აღემატებოდა 500 კმ-იან ზღვარს, რაც არღვევდა ნაკლები სიშორის რაკეტებზე აკრძალვას.

k0e8kvnmpjg9lsqyed4afrijlhefvneeev7cnjvrju6m53wg7u0l75puf6jv5jzvsvod59fv2uyhj7lttv-cxa-1732264026.jpg

2019 წლის თებერვალში აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა - იმის გამო, რომ რუსეთის მხარე სისტემატურად არღვევს ამ ხელშეკრულებას და ფარულად აგრძელებს აკრძალული რაკეტების შექმნასა და გამოცდებს, აშშ იწყებს „საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ“ ხელშეკრულებიდან გამოსვლის პროცედურას, რასაც დაუყოვნებლივ მოჰყვა პრეზიდენტ პუტინის საპასუხო რეაქციაც, რომ რუსეთიც შეაჩერებს ამ ხელშეკრულების შემდგომ შესრულებასო...

მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა და ხელფეხგახსნილი რუსეთიცა და აშშ-ც დაჩქარებული ტემპებით ახორციელებენ 500-დან 5 500 კმ-მდე მფრენი ახალი სარაკეტო სისტემების შექმნისა და გამოცდის პროგრამებს...

რაც შეეხება სწორედ РС-26 "Рубеж"-ს: მისი დაპროექტებისა და გამოცდების პირველი ეტაპი 2006-2018 წლებში მიმდინარეობდა და ამის შესახებ ამერიკულ მხარესაც ჰქონდა ინფორმაცია, მაგრამ დიდ პროტესტს არ გამოხატავდა, რადგან ეს რუსული ბალისტიკური რაკეტა იქმნებოდა, როგორც საკონტინენტშორისო, 6 ათას კმ-ზე მეტ მანძილზე ფრენის შესაძლებლობით და შესაბამისად არ ხვდებოდა „საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ“ ხელშეკრულებით(რომელიც ამ პერიოდში ჯერ კიდევ მოქმედებდა) განსაზღვრულ აკრძალვებში.

აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ტექნიკური ნიუანსი-საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტის, რომელიც გათვლილია 12-15 ათასი კმ მაქსიმალურ მანძილზე საფრენად, გაშვება 500-800 კმ-ში მდებარე მიზანზე ტექნიკურად ურთულესია, თუ შეუძლებელიც არა, რადგან მისი ფრენის მინიმალური მანძილი 5 ათასი კმ-ით მაინც არის შეზღუდული.

21 ნოემბერს რუსეთმა ასტრახანის „კაპუსტინ იარის“ პოლიგონიდან უკრაინის დნიპრომდე РС-26 "Рубеж"-ი მხოლოდ 800 კმ მანძილზე გაუშვა, რაც უკვე იმაზე მიუთითებს, რომ РС-26 "Рубеж"-ის დაპროექტება - გამოცდებით,რუსეთი უკვე 2006-2018 წლებში ფარულად არღვევდა ჯერ კიდვ მოქმედ „საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ“ ხელშეკრულებას და ამერიკულ მხარეს ატყუებდა - 6 ათას კმ-ზე შორს მფრენი და შესაბამისად, საკონტინენტშორისო რაკეტების კლასში მიკუთვნებული РС-26 "Рубеж"-ის საფარქვეშ ქმნიდა საშუალო სიშორის კლასის ბალისტიკურ რაკეტასაც, რომელსაც შეეძლებოდა ბევრად ახლო მანძილზეც, იგივე 800 კმ-შიც მიეტანა ბირთვული ქობინები...

ასე რომ, ექსპერიმენტული რუსული ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსი РС-26 "Рубеж"-ი, რომელიც პუტინმა «Орешник» -ად გადანათლა, მიეკუთვნება, როგორც საკონტინენტშორისო, ისე საშუალო სიშორის რაკეტების კლასს,

რადგან შეუძლია ბირთვული და კონვენციური ქობინების გადატანა 800-დან 6 ათას კმ-ზე უფრო შორ მანძილზე, რაც არც არის გასაკვირი, რადგამ მისი წინამორბედის, ალექსანდრე ნადირაძის „პიონერის“ ფრენის მანძილების დიაპაზონი 600-დან 5 500 კმ-მდე გახლდათ(ეტყობა ამიტომაც განისაზღვრა რეიგან-გორბაჩოვის 1988 წლის ხელშეკრულებაში სწორედ 5 500 კმ-ი, როგორც საშუალო და საკონტინენტშორისო რაკეტების კლასებს შორის გამყოფი ზღვარი).

ისე კი, თავის გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე, 1985 წელს ნადირაძემ გამოსცადა „პიონერის“ მესამე მოდიფიკაცია, რომელსაც 50 კილოტონა სიმძლავრის ბირთვული ქობინი 7 400 კმ მაქსიმალურ მანძილზე უნდა გადაეტანა-დიდი ალბათობით, დღევანდელი რუსული РС-26 "Рубеж"-ი სწორედ ალექსანდრე ნადირაძის იმდროინდელი “პიონერის“ მესამე მოდიფიკაციის გაუმჯობესებული ვარიანტი შეიძლება იყოს...

უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინასთან ათასდღიან ომში აგრესორმა რუსეთმა უკვე გამოიყენა ბირთვული იარაღის გადამტანი ყველა საშუალება-საარტილერიო ჭურვები, ტაქტიკური და ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, საფრონტო და სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენები და ახლა უკვე საკონტინენტშორისო რაკეტაც კი,ოღონდ ჩვეულებრივი საბრძოლო მუხტებით...

რუსეთ-უკრაინის საშინელი ომის ესკალაციის შემდეგი ეტაპი რა იქნება? პუტინი ზემოხსენებულ, ბირთვული იარაღის გადამტან საშუალებებში მართლაც ბირთვული მუხტების განთავსებას უბრძანებს?