რას ამბობს გია ხუხაშვილი გახარიას პოზიციაზე, რომელსაც ბევრი სკანდალურად მიიჩნევს?! - კვირის პალიტრა

რას ამბობს გია ხუხაშვილი გახარიას პოზიციაზე, რომელსაც ბევრი სკანდალურად მიიჩნევს?!

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან მანდატების ჩახსნისთვის „ყველაზე ადეკვატური მომენტი“ მაშინ იქნება, როდესაც „დასავლეთი იტყვის მარტივ რამეს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს და რომ დარღვევები ისეთ ხასიათს ატარებდა, რამაც შედეგები არსებითად შეცვალა. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის საუბრობს, რომ პარტია მანდატების შეწყვეტაზე პარლამენტისთვის ამ ეტაპზე მიმართვას არ აპირებს.

ხუხაშვილის შეფასებით, პარტიის ეს პოზიცია „პოლიტიკური ტაქტიკის თემაა და არა სტრატეგიის“.

მისივე თქმით, თუ დასავლეთი საპარლამენტო არჩევნებს „ირიბად აღიარებს“ და ხელისუფლებასთან თანამშრომლობას დაიწყებს, ოპოზიცია პარტნიორის გარეშე რჩება და ის „ვერანაირ პრაქტიკულ შედეგს ვერ მიიღებს“.

„ეს აბსოლუტურად ლოგიკური განცხადებაა იქიდან გამომდინარე, რომ ახლა განცხადების დაწერაზე საუბარი აზრს მოკლებულია. ჩვენი კანონმდებლობიდან გამომდინარე, პრაქტიკული შედეგი ამას არ მოჰყვება. აცხადო [მანდატების ჩახსნის შესახებ], ეს მხოლოდ პოლიტიკური განცხადების ხასიათს ატარებს იმიტომ, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, ყველა შემთხვევაში ცნოს 150 დეპუტატის უფლებამოსილება მიუხედავად იმისა, ასეთი განცხადება არსებობდა თუ არა. შესაბამისად, ეს არის პოლიტიკური ტაქტიკის საკითხი. დღეს ვინ როგორ მოიქცევა, ამას რეალური სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება.

რაც შეეხება რამდენიმეთვიან პროცესს, ამ მოსაზრებასაც გავიზიარებდი. ეს არ არის მდგრადი პროცესი. იმისათვის, რომ ეს პროცესი, ანუ ხელისუფლების დელეგიტიმაციის მოთხოვნა წარმატებით დასრულდეს, აუცილებელია დასავლეთის მხრიდან შესაბამისი დასკვნების გამოტანა. ამას დრო სჭირდება. რამდენიმე თვე შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ ორი თვე ნამდვილად საჭიროა იმისათვის, რომ საბოლოოდ დაიწმინდოს სიტუაცია და ვიცოდეთ, რა პოზიციაზე არიან - თანამშრომლობენ ამ ხელისუფლებასთან, არ თანამშრომლობენ თუ ა.შ. აქედან გამომდინარე, ამ განცხადებას, მაინც და მაინც, სკანდალურად არ ჩავთვლიდი. პოლიტიკური ტაქტიკის თემაა და არა სტრატეგიის. ზოგს ასეთი ტაქტიკა აქვს, ზოგს ისეთი. ფაქტობრივად, ამბობენ, რომ არ აპირებენ ამ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემას, ანუ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. დანარჩენს უკვე დრო აჩვენებს.

ავიღოთ მოდელი, როდესაც დასავლეთი კრიტიკულად შეხედავს ხელისუფლებას, მაგრამ ირიბად მაინც აღიარებს ჩატარებულ არჩევნებს და თანამშრომლობას დაიწყებს. ერთი მხრივ, ამის შემდეგ პროტესტის გრძნობა რჩება, მაგრამ მეორე მხრივ, თუ შენ, ოპოზიციონერი მთავარი პარტნიორის გარეშე რჩები, პრაქტიკულ შედეგს რას მიიღებ? - ვერაფერს.

ეს არის ის მომენტი, როდესაც დასავლეთი მიიღებს გადაწყვეტილებას და იტყვის მარტივ რამეს, რომ ეს არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს არჩევნებად; რომ დარღვევები ისეთ ხასიათს ატარებდა, რამაც შედეგები არსებითად შეცვალა. თუ დასავლელი პარტნიორები ამ საბოლოო შეფასებას მისცემენ არჩევნებს და იმ მექანიზმებს ჩართავენ, რაც დაანონსებული აქვთ, ვფიქრობ, ეს არის ყველაზე ადეკვატური მომენტი, რომ მანდატების ჩახსნა მოხდეს. ამასთან, მოხდეს არსებული ხელისუფლების სრული საშინაო და საგარეო დელეგიტიმაცია. ვფიქრობ, რომ ამ მომენტზე უნდა იყოს საუბარი“,- აღნიშნა ხუხაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, „სავსებით რეალურია“, რომ დასავლეთმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ აღიაროს და თუ მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტს ვინმე ლეგიტიმაციას მისცემს, მათ შორის გიორგი გახარია, ეს „პოლიტიკური სუიციდის ტოლფასი იქნება“.

„სავსებით რეალურია, რატომაც არა? ხომ ვხედავთ, რომ დასავლეთს ჯერ არ აქვს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული. აქაც გარკვეული ბუნდოვანების ელემენტია შემოსული იქიდან, რომ შეერთებული შტატების გარეშე ევროკავშირი მოქმედებას არ იწყებს. ისინი სინქრონულად მოქმედებენ. შეერთებულ შტატებში კი გარკვეული პაუზაა იქიდან გამომდინარე, რომ გარდამავალი ხელისუფლებაა. ამა თუ იმ ქვეყანასთან მიმართებით სტრატეგიული გადაწყვეტილებებისთვის, მაინც და მაინც არ სცალიათ. ეს გარდამავალი პერიოდი დასრულდება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ერთ თუ ორ თვეზე, ზუსტად ამ მომენტებზეა საუბარი. პარალელურად, ვფიქრობ, რომ პროტესტი არ უნდა განელდეს. თუ დღეს ხელისუფლებას ვინმე ლეგიტიმაციას მისცემს, მათ შორის გახარიაც, ეს იქნება პოლიტიკური სუიციდის ტოლფასი. მაგრამ მეორე მხრივ, ხიდების დაწვაც ჩემი აზრით, ცოტა არ იყოს ნაადრევია. ასე რომ, ჩვენ ახლა პროცესში ვართ. ნუ ვიჩქარებთ ფინიშის სწორზე გასვლას, ჯერ არ ჩანს ეს ფინიში. უნდა დაველოდოთ. როდესაც გამოჩნდება, ყველა თავის გადაწყვეტილებას მიიღებს“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ მანდატების შეწყვეტაზე პარლამენტისთვის ამ ეტაპზე მიმართვას არ აპირებს და არ გამორიცხავს, რომ "პროცესს რამდენიმე თვე" დასჭირდეს. აღნიშნულის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

როგორც გიორგი შარაშიძემ აღნიშნა, საპარლამენტო მანდატების შეწყვეტაზე პარლამენტს მიმართავენ მაშინ, როდესაც „ყველაზე კარგი დრო იქნება“.

„ჩვენ პროცესთან გვაქვს საქმე, ეს ხომ არ არის ერთდღიანი, თუნდაც ერთკვირიანი ან ორკვირიანი პროცესი, შესაძლოა, ჩვენ ვიხილოთ თვეების განმავლობაში გაწელილი პროცესი, რომელსაც უბრალოდ ვერ გავექცევით. ამას როდის გავაკეთებთ? გავაკეთებთ მაშინ, როდესაც ამის ყველაზე კარგი დრო იქნება“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

"ინტერპრესნიუსი"