ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები, რომლებიც ბალისტიკურ რაკეტებზე უკეთესად გაამაგრებენ უკრაინელების ფრონტს... - კვირის პალიტრა

ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები, რომლებიც ბალისტიკურ რაკეტებზე უკეთესად გაამაგრებენ უკრაინელების ფრონტს...

აშშ-ის პრეზიდენტის მიერ კიევისთვის ამერიკული ბალისტიკური და ბრიტანული ფრთოსანი რაკეტების რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენების უფლების მიცემის შემდეგ, რასაც უკრაინელებსა და რუსებს შორის სხვადასხვა კლასის ბალისტიკური რაკეტებით დარტყმების გაცვლა მოჰყვა, რაღაცნაირად ჩრდილში აღმოჩნდა კიდევ ერთი, შეიძლება მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია...

იმავე პრეზიდენტმა ბაიდენმა პენტაგონს უბრძანა, რომ უკრაინის არმიისთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მიწოდებაც დაიწყონ...

მკითხველს შეიძლება გაუკვირდეს- როგორ? მაშინ, როდესაც ამ ფართომასშტაბიან ომში ინტენსიურად იყენებენ მილიონდოლარიან რაკეტებსაც კი, რა პრობლემა გახდა სულ რაღაც ათიოდე დოლარიანი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებით დანაღმვაო?

მართლაც ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი ერთ-ერთი ყველაზე იაფასიანი საბრძოლო საშუალებაა, მაგრმ ამასთან გამოირჩევა როგორც მაღალი საბრძოლო შედეგით, ისე ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ზეწოლითაც მოწინააღმდეგის მებრძოლებზე - იქ სადაც ერთი მეომარიც კი მოულოდნელად აფეთქდება ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე, სხვები უფრო უკან გამობრუნდებიან, ვიდრე წინსვლას გააგრძელებენ, შედეგად ჩაიშლება მოწინააღმდეგის ქვეითების ეს შეტევა...

2-nagmi-1732351581.jpg
ამერიკული ADAM-ის ტიპის დისტანციური დანაღმვის M67 და M72 ტიპის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მოქმედების თანმიმდევრობა...

თუკი ასეა, მაშინ რატომ არ „ხუნძლავს“ სწორედ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებით უკრაინის გენშტაბი თავდაცვითი ზღუდეების მისადგომებს აღმოსავლეთ ფრონტზე, სადაც რუსი ოკუპანტები შეცვლილი საბრძოლო ტაქტიკით ძირითადად სწორედ ქვეითად უტევენ და არა ჯავშანტექნიკაზე ამხედრებულები?

ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ 2005 წელს უკრაინის ხელისუფლებამ, მაშინდელი პრეზიდენტის იუშჩენკოს მეთაურობით, დაუშვა დიდი სტრატეგიული შეცდომა და ოტავის ხელშეკრულების, იგივე „ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის კონვენციის“ რატიფიცირება მოახდინა...

რა თქმა უნდა, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე არაჰუმანური იარაღის სახეობას, რომლის ამოქმედება ხდება არა მარტო მებრძოლის, არამედ ნებისმიერი სამოქალაქო პირისა და მათ შორის ბავშვების ზემოქმედების შედეგად, იქნება ეს ამ ტიპის ნაღმებზე ფეხის დაბიჯება ან სხვა სახით კონტაქტი, ამიტომაც ძალიანაც ლოგიკურად მოჩანს, რომ 1997 წელს მიღებული ოტავის ხელშეკრულების რატიფიცირება 2017 წლისთვის უკვე მსოფლიოს 163 სახელმწიფოს ჰქონდა. მათმა დიდმა ნაწილმა საერთოდ შეწყვიტა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების წარმოება-ექსპორტი და ასევე გაანადგურა თავიანთი არმიების არსენალში დაგროვილი ამ კლასის ნაღმები.

და ერთ-ერთ ასეთ ქვეყანად სწორედ უკრაინა იქცა, რომელმაც „ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის კონვენციის“ მოთხოვნით დაიწყო საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი მილიონობით ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმის განადგურება დასავლეთელი დამკვირვებლების თვალწინ და ამით საკუთარი არმიის მარაგი თითქმის სამი მილიონი ერთეული ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმით შეამცირა, რომლებიც უკრაინელებს ჰაერივით დასჭირდათ რუსეთის თავდასხმის დღიდან და სჭირდებათ განსაკუთრებით დღეს, როდესაც ძლივს აკავებენ აღმოსავლეთ ფრონტზე რუსი ოკუპანტების მუდმივ იერიშებს...

პრეზიდენტ იუშჩენკოს ხელისუფლების სამხედრო-პოლიტიკური არაშორსმხედველობა იმაშიც გამოიხატა, რომ მან არ გაითვალისწინა უმნიშვნელოვანესი ფაქტორი-უკრაინის მეზობელი რუსეთი, რომლიდანაც შეფარული აგრესია მუდამ იგრძნობოდა, არათუ არ შეურთდა ოტავის ხელშეკრულებას, არამედ ახალი ტიპის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების წარმოებას შეუდგა...

სხვათა შორის, გარდა რუსეთისა, თვით აშშ-მაც, ისრაელმაც, ჩინეთმაც, ინდოეთმაც და საერთოდ 32 სახელმწიფომ უარი განაცხადა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების თავის არმიების არსენალიდან ამოღებასა და განადგურებაზე და მათ შორის, პირველი სწორედ ის სამხრეთ კორეა გახლდათ, რომელსაც 38-ე პარალელზე თავდაცვითი ზღუდეები სწორედ ასეთი მილიონობით ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმითაც აქვს გამაგრებული ჩრდილოკორეელების შესაძლო თავდასხმისგან დასაცავად...

ჩვენი საქართველოც შედის იმ ქვეყნების რიგებში, რომელმაც უარი განაცხადა შეერთებოდა ოტავის ხელშეკრულებას, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში დასავლეთის რიგი პოლიტიკური წრეებიდან სერიოზული კულუარული ზეწოლა ხორციელდებოდა ამის კატეგორიული მოთხოვნით

(ამ თემაზე იხილეთ ჩემი სტატია „კვირის პალიტრის“ 2024 წლის 14 ოქტომბრის ნომერში სათაურით „ევროპა ქართული არმიის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მარაგის ლიკვიდაციას მოითხოვდა, ახლა კი თავად ნაღმავს საზღვრებს რუსეთთან...“), მაგრამ კარგია, რომ ამაზე არ დავთანხმდით... დღეს უკვე თავად ის ევროპული ქვეყნებიც კი (მაგალითად იგივე ფინეთი, შვედეთი, პოლონეთი, ლიეტუვა, ლიტვა, ესტონეთი), რომლებიც სხვებს კატეგორიულად მოუწოდებდნენ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მარაგების განადგურებას, თავად იწყებენ სწორედ ასეთი ნაღმებით სახელმწიფო საზღვრების გამაგრებას რუსეთთან...

დავუბრუნდეთ უკრაინას...

უკრაინის არმია რუსეთთან ომში, რა თქმა უნდა, იყენებდა საბჭოთადროინდელი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების იმ მარაგს, რომლის განადგურებაც ვერ მოასწრო, ამასთან ამერიკული მხარეც აწვდიდა M18A1 Claymore-ის ტიპის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს, რომლებიც მიმართული მოქმედებისაა და ოტავის ხელშეკრულება არ ითვალსიწინებს მათ აკრძალვას, მაგრამ ეს არასაკმარისი გახლდათ...

პენტაგონი დიდი ალბათობით დაიწყებს ADAM-ის კლასის დისტანციური დანაღმვის M67 და M72 ტიპის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მიწოდებას უკრაინის არმიისთვის.

3-nagmi-1732351581.jpg
დისტანციური დანაღმვის შემდეგ M67 და M72 ტიპის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები მიწაზე წვრილ სადენებს მიმოფანტავენ,რომელთა ფეხით შეხებისთნავე ხდება ამ ნაღმების გააქტიურება...

ჩვეულებრივი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებიდან განსხვავებით, ამ ნაღმებს დაყენების შემდეგ 4-დან 48 სთ-მდე თვითლიკვიდაციის მექანიზმი უყენიათ და თუ არც იმუშავა ამ თვითლიკვიდაციამ, დაყენებიდან 14 დღე-ღამის შემდეგ ნაღმის ელექტრობატარეა ჯდება და ნაღმი არასაბრძოლო მდგომარეობაში გადადის.

ეს ტექნიკური დეტალები შეესაბამება ოტავის ხელშეკრულების მოთხოვნებს, რომ საბრძოლო მოქმედებების დამთავრების შემდეგ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები აღარ უნდა წარმოადგენდნენ დიდ საფრთხეს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის...

თუმცა, ეს ნაკლებად აწყობთ უკრაინის დამცველებს - წარმოიდგინეთ, მათ მოახდინეს ამგვარი ამერიკული ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებით ფრონტის წინა ხაზის დისტანციური დანაღმვა, მაგრამ რუსი ოკუპანტები, იციან რა ნაღმების „სიცოცხლის“ ხანგრძლივობა, დაელოდებიან მათი თვითლიკვიდაციის დროს და მხოლოდ შემდეგ გადავლენ შეტევაზე...

მაგრამ როგორც იტყვიან-ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო…