ბაქო კავკასიაში ყველაზე ზუსტ "შტორმს" ყიდულობს...
თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობა აზერბაიჯანს კიდევ ერთხელ გამოადგა. ბაქო ანკარისგან 36 ცალ თვითმავალ ჰაუბიცა T-155 Firtina-ს (ქართ. "შტორმი") ყიდულობს, რის შემდეგაც აზერბაიჯანის არმიას სამხრეთ კავკასიაში ყველაზე შორსმსროლელი და ამასთანავე, ზუსტი თვითმავალი საარტილერიო დანადგარები ექნება.
სამხრეთ კავკასიის ქვეყნების არმიების გადაიარაღების პროცესში შორსმსროლელი საარტილერიო და სარაკეტო შეიარაღების განახლების ტენდენცია შეიმჩნევა. ქართული არმიისგან განსხვავებით, რომლის შეიარაღებაშიც ბოლო პერიოდში მხოლოდ "გრად-კრაზები" (ჩვეულებრივი "გრადის" პაკეტით, რომლიდან გაშვებული უმართავი რაკეტები მხოლოდ 21კმ-მდე მიფრინავს) და "გვოზდიკები" (2C1 Гвоздика საბჭოთა არმიის შეიარაღებაში ჯერ კიდევ 42 წლის წინ იყო მიღებული და რომლის 122 მმ-იანი ჭურვის მაქსიმალური სროლის მანძილი 15,2 კმ-ს არ აღემატება) მიიღეს, სომხეთისა და განსაკუთრებით, აზერბაიჯანის არმიების საარტილერიო და სარაკეტო შეიარაღების მოქმედების სიშორე მნიშვნელოვნად გაიზარდა.
თურქული T-155 Firtina თავის მხრივ სამხრეთკორეული თვითმავალი ჰაუბიცა K9 Thunder-ის ლიცენზირებულ ვარიანტს წარმოადგენს, რომლის აწყობა თურქეთმა 11 წლის წინ დაიწყო და დღემდე 150-ზე მეტი ასეთი დანადგარი დაამზადა.
სულ თურქეთს 350-მდე "შტორმის" აწყობა აქვს დაგეგმილი, რომელთა ნაწილს სტრატეგიულ პარტნიორს - აზერბაიჯანს მიჰყიდის.
პირველი პარტიის - 36 "შტორმის" ყიდვა აზერბაიჯანის ბიუჯეტს 200 მლნ დოლარამდე უჯდება, რაც არც ისე დიდი თანხაა.
წესით, თურქული "შტორმები" აზერბაიჯანის არმიის შეიარაღებაში ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ გერმანიამ ეს კონტრაქტი დროებით დაბლოკა. საქმე ის არის, რომ თურქულ "შტორმებს" 1000 ცხ.ძ-ის გერმანული წარმოების დიზელის ძრავები აქვს და ბუნდესტაგს არ სურს, სომხეთთან დაპირისპირებულ აზერბაიჯანს სამხედრო დახმარება გაუწიოს.
გერმანელების კატეგორიული უარის შემდეგ თურქეთმა მოძებნა ძრავების მწარმოებელი სხვა ქვეყანა (სავარაუდოდ, უკრაინა), რომელიც საკუთარ დიზელის ძრავებს ბაქოს არ დაამადლის.
თურქულ T-155 Firtina-ს შეუძლია 155მმ კალიბრის ჭურვების სროლის მაღალი ტემპით დააზიანოს 40 კმ-ის მანძილზე არსებული სამიზნე. სროლის მაღალ სიზუსტეს (მიზნისთვის აცილების მანძილი 17,5 მ-ს არ აღემატება) განაპირობებს ის თანამედროვე რადიოელექტრონული აპარატურა, რომელიც ამ თვითმავალ ჰაუბიცაზეა დამონტაჟებული. შედარებისთვის - ქართული არმიის შეიარაღებაში არსებულ ერთადერთ შედარებით თანამედროვე თვითმავალ ჰაუბიცა 2C19 MCTA-ჩ-ს (რომლის საბრძოლო მზადყოფნა ძალიან დიდ ეჭვს იწვევს) 152 მმ კალიბრის სტანდარტული მსხვრევადფუგასური ჭურვის სროლა მხოლოდ 24,7კმ-ზე შეუძლია.