ბჟანია გადადგა... რა ელის აფხაზეთს?!
აფხაზეთში შიდაგადატრიალებით "პრეზიდენტების" გაგდების ტრადიცია გრძელდება. 4 წლის წინ ქუჩის ამბოხით მოსული ასლან ბჟანია ისევ ქუჩის ამბოხით გადააგდეს. აფხაზური ოპოზიციის "პარლამენტში" შევარდნის შემდეგ სოფელ ტამიშში გაქცეულ ბჟანიას 4 დღე დასჭირდა, რომ ულტიმატუმს დასთანხმებოდა და გადამდგარიყო. გადადგომამ მოუწია ბჟანიას გუნდის ყველაზე გავლენიან პირს, დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ანქვაბსაც. ოპოზიციამ გაიმარჯვა. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც აფხაზეთში ქუჩიდან "პარლამენტში" შევარდნით, თუმცა სისხლის ღვრის გარეშე, წყდება დე ფაქტო ხელისუფლების ბედი. ოპოზიციასთან შეთანხმებით, დე ფაქტო ვადამდელ არჩევნებამდე ბჟანიას მოვალეობას ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა შეასრულებს. ის ანქვაბი-ბჟანიას ჯგუფის წევრია. ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობას კი შეასრულებს ოპოზიციის კანდიდატი ვალერი ბგანბა, რომელიც „ექსპრეზიდენტ“ რაულ ხაჯიმბას კლანიდანაა და ხაჯიმბას მმართველობისას "პრემიერი" იყო. უკვე დაიწყო ვადამდელი არჩევნებისთვის მზადება, რომელიც თებერვალში უნდა გაიმართოს. ბჟანია-ანქვაბის კლანს შანსი აღარ აქვს, ახლა ხაჯიმბას კლანის ჯერია. ოპოზიციურ ამბოხებას სამი ლიდერი მართავდა - კან კვარჩია, ლევან მიქაა და ადგურ არძინბა. ამ ტრიუმვირატში მთავარ ლიდერად ადგურ არძინბა გამოიკვეთა, "გაპრეზიდენტების" შანსი სწორედ მას აქვს. ასლან ბჟანია კრემლის მიერ კატეგორიულად მოთხოვნილ "საინვესტიციო შეთანხმების" საკითხს შეეწირა, რომელიც აფხაზეთში რუსი ოლიგარქებისთვის უპრეცედენტო შეღავათებს გულისხმობდა. დე ფაქტო პარლამენტში დოკუმენტის რატიფიცირება ჩავარდა, თუმცა ეს საკითხი ჯერ ისევ ჰაერშია და მომავალი "პრეზიდენტის" თავსატეხად რჩება. არავინ იცის, რამდენად კატეგორიული იქნება მოსკოვი - ბჟანიას მსგავსად დამარცხდება აფხაზურ ოპოზიციასთან და ეს საკითხი გაიყინება, თუ ე.წ. არჩევნების შემდეგ მუქარითა და სანქციებით აფხაზეთის ეკონომიკური ანექსიის გეგმას ცოტა შეცვლილი ფორმით მაინც გაიტანს და ახალ "პრეზიდენტს" მოუწევს რუსული საქმეების დალაგება?!
ბჟანიას სკანდალი
სოხუმში ოპოზიციური ამბოხი 15 ნოემბერს დაიწყო. ამ დღეს დე ფაქტო პარლამენტს უნდა განეხილა რუსულ-აფხაზური ე.წ. საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციის საკითხი. მომიტინგეების მოთხოვნა, გაწვეულიყო სადავო დოკუმენტი, "პრეზიდენტის", "ვიცე-პრეზიდენტისა" და "პრემიერის" გადადგომისა და ვადამდელი ე.წ. არჩევნების ულტიმატუმში გადაიზარდა. მომიტინგეები დე ფაქტო პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობებში შეიჭრნენ. ბჟანია იძულებული გახდა გაქცეულიყო. ის მშობლიურ სოფელ ტამიშში გაიხიზნა. მომდევნო დღეებში ბჟანია ტამიშის სკოლაში მართავდა საჩვენებელ "სხდომებს" რამდენიმე "დეპუტატთან" ერთად. აცხადებდა, რომ ოპოზიცია რუსეთის წინააღმდეგ განწყობებს აღვივებს და ოპოზიციას საქართველოსთან კავშირსაც აბრალებდა. ბჟანიამ მოახერხა და კონტროლი შეინარჩუნა ცენტრალურ ტელევიზიაზე. მისი პრესსამსახური ავრცელებდა ცნობებს, რომ კრემლი მათ უჭერს მხარს. გავრცელდა პუტინის პრესმდივან პესკოვის განცხადებაც, რომ მოსკოვი აფხაზეთში ხელისუფლების მკვეთრ ცვლილებას მხარს არ დაუჭერს - "მხოლოდ კონსტიტუციურ ჩარჩოებში". ბჟანიას პრესსამსახურმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინმა ბჟანია 6 თვით ადრე მიიწვია 9 მაისის ღონისძიებაზე და ამით ოპოზიციას მიანიშნა, რომ მოსკოვი მათ მხარესაა.
პარალელურად ოპოზიცია და მომიტინგეები ღამეებს ე.წ. სამთავრობო შენობებსა და ეზოში ათენებდნენ. თავდაპირველად მომიტინგეების ხელში იყო ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ჯავშანტექნიკა, რომელიც პარასკევს პიკეტირებისას ჩაიგდეს ხელში, თუმცა მეორე დღეს ის "სამინისტროს" დაუბრუნეს. შაბათს მომიტინგეებმა სრულად მოარღვიეს "პარლამენტის" წინ შემოვლებული რკინის ღობე და თქვეს, რომ ის სიმბოლურად გალში, ენგურის "საზღვართან"“უნდა აღმართონ. გარდა ამისა, ოპოზიცია მკაფიოდ აფიქსირებდა, რომ ანტირუსები არ არიან, ისინი ებრძვიან ოლიგარქებს და აქციაზე რუსეთის დროშაც კი ააფრიალეს. შეკრებისას ითქვა, რომ შევარდნაძე მათ სეპარატისტებს ეძახდა, ბჟანია - ექსტრემისტებს, ისინი კი პატრიოტები არიან, რომლებიც იცავენ სამშობლოს. პროტესტის მონაწილეები ღამის თევისას მღეროდნენ აფხაზეთის ომის დროს დაწერილ ირონიულ სიმღერებს ქართველების განადგურებაზე: „Вспомним, абхазец, Гумистинский бой: Зарево пожарищ, взрывы за рекой. Грохот автомата, крики „Мишвеле!..“
ამ ამბოხებისას ბჟანიასთან დაკავშირებით კიდევ ერთი სკანდალი აგორდა. ოპოზიციამ დე ფაქტო პრეზიდენტის კანცელარიიდან გამოიტანა დოკუმენტები, რომელთა ნაწილი ტელეგრამარხებზე გავრცელდა. ირკვევა, რომ ბჟანია და მისი გარემოცვა უზარმაზარ საბიუჯეტო თანხებს ხარჯავდნენ ბანკეტებზე, მივლინებებზე, გართობასა და ავტომანქანების ყიდვაზე. "ბჟანია საჩუქრად არიგებდა ასობით პერსონალურ პისტოლეტსა და აფხაზეთის მოქალაქეობას. იმ სასაცილო დოკუმენტებს შორის, რომლებმაც ინტერნეტში გაჟონა, გამორჩეულია თხოვნა რუსეთის პრეზიდენტისადმი, რომ ასლან ბჟანიას მიეცეს ნებართვა მოსკოვის ავტომობილზე ციმციმა დააყენოს, რაც ნიშნავს, რომ მძღოლს შეუძლია ყურადღება არ მიაქციოს შუქნიშნებსა და მოძრაობის სხვა წესებს", - წერს "ნეზავისიმაია გაზეტას" რედაქტორი იზიდა ჭანია. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ბჟანიამ პისტოლეტი აჩუქა რუს პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანის მეუღლეს, ასევე რამდენიმე რუს მომღერალსაც. ყველაზე სკანდალური კი აღმოჩნდა 2022 წელს მოსკოვის მხრიდან მოთხოვნილი "პირველი რიგის ამოცანების ჩამონათვალი". კერძოდ, უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა და ამისათვის "აგენტების" კანონის მიღება; რუსი ინვესტორების ქონებრივი მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომლებმაც უკანონოდ დაკარგეს უძრავი ქონება აფხაზეთში; ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში რუსულ ინვესტიციებზე აკრძალვის მოხსნა; რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში საცხოვრებლის შეძენის უფლების მიცემა, რისთვისაც ცვლილებები უნდა შევიდეს საბინაო და სამოქალაქო კოდექსში (დღეს არსებული დე ფაქტო კანონით აფხაზეთში არააფხაზისთვის უძრავი ქონების მიყიდვა აკრძალულია); თურქეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან რეპატრიანტებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭების პრაქტიკის გამკაცრება; გალის რაიონში ეთნიკური ქართველების უფლებების უზრუნველსაყოფად აფხაზეთის მოქალაქეობის მოპოვება და ა.შ. ოპოზიციურ ტელეგრამარხებზე იწერება, რომ ბჟანიას სურდა ათიათასობით უცხოელი დაესახლებინა აფხაზეთში, ამ დროს ჩვენს და-ძმა რეპატრიანტებს მოქალაქეობის მოპოვებას ურთულებდა და ეს ღალატია. გარდა ამისა, გამოქვეყნდა რუსეთის ეფ-ეს-ბესთან შეთანხმებული დოკუმენტი, რომ შემუშავდეს რეგულაციები დესტრუქციულად მოქმედი აფხაზების მიმართ რუსეთთან საზღვრის გადაკვეთისას. ბჟანიას ჰქონდა ჟურნალისტების, ოპოზიციონერებისა და სამოქალაქო აქტივისტების სია, საბანკო ამონაწერებითა და პერსონალური მონაცემებით, ვისაც საზღვარზე პრობლემები უნდა შეჰქმნოდა.
ბჟანიას 4-დღიანი გაჯიუტება
ორშაბათიდან ისევ დაიწყო მოლაპარაკებები ბჟანიასა და ოპოზიციას შორის. 8-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, გვიან ღამით, შეთანხმება შედგა - ბჟანიამ გადადგომაზე თანხმობა განაცხადა. ოპოზიცია ასევე მოითხოვდა ე.წ. პრემიერ-მინისტრის, ალექსანდრ ანქვაბის გადადგომასაც. ბოლოს ეს მოთხოვნაც დაკმაყოფილდა. ოპოზიცია თანახმაა, რომ ბჟანიას გადადგომის შემდეგ "პრეზიდენტის" მოვალეობა "ვიცე-პრეზიდენტმა" ბადრა გუნბამ შეასრულოს, "მინისტრთა კაბინეტს" კი ოპოზიციის წარმომადგენელმა უხელმძღვანელოს. მეორე დღეს "პარლამენტის" 35 წევრიდან 28-მ ბჟანიას გადაყენებას დაუჭირა მხარი. დამტკიცდა დროებითი მთავრობა...
ვადამდელი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 3 თვის ვადაში უნდა გაიმართოს, 19 თებერვლამდე. თარიღს დე ფაქტო პარლამენტი მალე დაადგენს.
„რუსეთმა შეიძლება აფხაზეთში სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს“
ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: - აფხაზეთში რუსეთის ანექსიურმა პოლიტიკამ ამ ეტაპზე კრახი განიცადა. აფხაზმა საზოგადოებამ შეძლო წინ აღსდგომოდა რუსეთის ანექსიონისტურ პოლიტიკას. ისიც ცხადი შეიქნა, რომ აფხაზეთი არ წარმოადგენს "დამოუკიდებელ, შემდგარ სახელმწიფოს", მას ამის რესურსი არ ჰქონდა და არც ახლა აქვს. რაც სოხუმში მოხდა, ეს იყო გადატრიალება. სროლა არ გამართულა, მაგრამ აქციაზე შეიარაღებული ხალხი იდგა. ყველა აფხაზ ოჯახს აქვს იარაღი, ტარების უფლება არა აქვთ, მაგრამ როცა უნდათ, ატარებენ. ზოგს არა მარტო ავტომატი, ტყვიამფრქვევიც აქვს და ნაღმსატყორცნიც. ბჟანიამ იმიტომ ვერ გაბედა ძალის გამოყენება, იცოდა, დიდი სისხლი დაიღვრებოდა, ამიტომაც არ გარისკა და გადადგა.
- ბჟანია ე.წ. საინვესტიციო ხელშეკრულებას გადაჰყვა, რა ბედი ელის ამ დოკუმენტს მომავალში, დათმობს მოსკოვი ამ მოთხოვნას?
- ვფიქრობ, ცოტას შეარბილებენ და მომავალ დე ფაქტო ხელისუფლებას მაინც აიძულებენ დოკუმენტის დამტკიცებას. აფხაზი ბიზნესმენებისთვის რაღაც შეღავათებს ჩადებენ, რომ მათი ინტერესებიც იყოს გათვალისწინებული. მოსკოვი არ დათმობს, მისი მიზანი აფხაზეთის სრული ანექსიაა. რუსეთს ამისთვის სჭირდება აფხაზეთი, რომ ეკონომიკურად და დემოგრაფიულად აითვისოს, სამხედრო თვალსაზრისით კი ისედაც აკონტროლებს. როდესაც ოპოზიცია ბჟანიას კაბინეტში შეიჭრა, უარესი დოკუმენტები აღმოაჩინა - მოსკოვიდან მოსული დავალებები, რაც ბჟანიას უნდა შეესრულებინა. ჩვენ ვიცით 45-პუნქტიანი პროგრამა, რომელიც გამოქვეყნებულია, თუმცა დამატებით არის მთელი რიგი მოთხოვნები, რომლებიც მიანიშნებს, რომ რუსეთი აფხაზეთს განიხილავს არა როგორც "დამოუკიდებელ რესპუბლიკას", არამედ როგორც რუსეთის ერთ-ერთ რეგიონს. ჩამონათვალში ბევრი ისეთი დავალებაა, რომლებიც შოკის მომგვრელი აღმოჩნდა აფხაზი საზოგადოებისთვის. ასე რომ, რუსეთს აქვს თავისი ინტერესები და ამის რეალიზებას ნელ-ნელა მოახდენს. არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც - თუ რუსეთი დარწმუნდა, რომ ის აფხაზეთის ეკონომიკურად და დემოგრაფიულად ათვისებას ვერ შეძლებს, მას ეს ტერიტორია არ სჭირდება, ხელს აიღებს აფხაზეთზე და აფხაზებს სხვა გზა არ დარჩებათ, გარდა იმისა, რომ დაბრუნდნენ საქართველოს შემადგენლობაში. ამ ეტაპზე ამას გამოვრიცხავ, მაგრამ სამომავლოდ ვამბობ. აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობის რესურსი არ გააჩნია, ამიტომ ან უნდა დაიღუპოს, ან დაბრუნდეს საქართველოს შემადგენლობაში.
ოპოზიციის მიერ რუსეთის დროშების ფრიალი, განცხადებები, რომ ისინი რუსეთს კი არ ებრძვიან, არამედ ოლიგარქებს, არ უნდა შეგვაცდინოს. ამას ვინ დაიჯერებს?! თქმას ვერ ბედავენ, თორემ სულელები არ არიან და კარგად იციან, რომ ეს ყველაფერი მოსკოვიდან მოდის. ვერ გაბედეს თქმა, რომ რუსეთის ანექსიონისტური პოლიტიკის წინააღმდეგნი არიან. ეს ნიშნავს, რომ აფხაზეთში პრობლემები და წინააღმდეგობები ისევ გარდაუვალია... რუსეთიდან ძალის გამოყენებასაც არ გამოვრიცხავ. რუსეთი შეძლებს აფხაზეთში იპოვოს ისეთი დასაყრდენი, რომ მას ამოფარებულმა სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს. გვახსოვს, ანქვაბს რამდენჯერმე მოუწყვეს ტერაქტი, მაგრამ ის გადარჩა. ბოლოს მაინც ჩამოაგდეს. ახლა ოპოზიციაში სამი გამორჩეული კანდიდატია და მათგან, ალბათ, რომელიმე გახდება ე.წ. პრეზიდენტი. თუ ის არ შეასრულებს დავალებებს, მასაც იოლად მოიშორებენ. არეულობა გაგრძელდება, რათა აფხაზები აიძულონ დათანხმდნენ შეთანხმებას. თუმცა რამდენადაც აფხაზებს ვიცნობ, ისინი არ დათანხმდებიან.
- ამ აქციას სამი გამოკვეთილი ლიდერი ჰყავდა, ვინ არიან ისინი?
- ოპოზიციაში ყველაზე გამოკვეთილია ადგურ არძინბა, რომელიც ხაჯიმბას მთავრობაში დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი იყო. ასევე არის კან კვარჩია, რომელიც ხაჯიმბას დროს სოხუმის დე ფაქტო მერი იყო. კვარჩიას მამა ხაჯიმბას დროს იყო დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე. მესამეა ლევან მიქაა, რომელიც ბაგრატ შინკუბას შვილიშვილი, ყოფილი „დეპუტატი“ და ბიზნესმენია. ყველანი პრორუსული ფიგურები არიან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთთან შეერთება უნდათ. მათი სურვილია აფხაზეთი დამოუკიდებელი“იყოს, მაგრამ დღემდე ვერ გაუგიათ, რომ ეს შეუძლებელია და რუსეთი მათ ბიუჯეტს ყოველთვის არ შეავსებს, ჩინოვნიკებს ხელფასებს არ დაურიგებს და ელექტროენერგიას უფასოდ არ მიაწვდის. რუსეთი ამ ყველაფერს დღემდე იმ იმედით აკეთებდა, რომ ეგონა, მადლიერი აფხაზები დაუშვებდნენ რუსების მომრავლებას აფხაზეთში - მიწების, ბინების შესყიდვას და ა.შ. უახლოეს დღეებში დე ფაქტო არჩევნებისთვის კანიდატების დასახელებასაც დაიწყებენ. საეჭვოა, რომ ბჟანიამ გაბედოს კენჭისყრა. ამ გუნდს იმხელა დარტყმა მიადგა, რომ ძალიან ძნელია დაასახელონ პირი, რომელიც კონკურენციას გაუწევს გადატრიალების მომწყობ ჯგუფს. ამბოხებულთა სამეულიდან, დარწმუნებული ვარ, ადგურ არძინბა "პრეზიდენტობის" კანდიდატი იქნება. "პრემიერის" კანდიდატად ვინ დასახელდება, არ ვიცი. ყოველი გადატრიალების შემდეგ ხელისუფლებაში მოდის ის, ვინც გადატრიალებას აწყობს.
ეკატერინე ბასილაია