„ჩემმა დაბადების დღემ ნაცრისფრად ჩაიარა“
"მე ნამდვილად ვგრძნობ ხალხისგან დიდ სიყვარულს, ქუჩაში რომ მივდივარ, ნაბიჯს ვერ გადავდგამ, რომ არ გამაჩერონ და ფოტოს გადაღება არ მთხოვონ, სულ მესმის, ძალიან გვიყვარხარო", - ამბობს აღიარებული ქართველი მსახიობი ლეო ანთაძე. მას 12 ნოემბერს 92 წელი შეუსრულდა. თუ როგორ აღნიშნა, რა არის მისთვის უმთავრესი და ყველაზე დიდი ნატვრა, ამის შესახებ თავად გვესაუბრება:
- ბატონო ლეო, გილოცავთ დაბადების დღეს, თუ არის საღამო დაგეგმილი თქვენს დაბადების დღესთან დაკავშირებით?
- გმადლობთ... არა, 90 წლის რომ გავხდი, მაშინ გადამიხადეს, ახლა მრგვალი თარიღი არ არის. ჩემმა დაბადების დღემ ნაცრისფრად ჩაიარა, თუმცა მილოცავდნენ, ბევრი თბილი სიტყვა მითხრეს.
- დღევანდელი გადასახედიდან როგორ უყურებთ განვლილ წლებს... მსახიობობა ბავშვობიდანვე გსურდათ?
- დედა მსახიობი იყო, მამა რეჟისორი, ბებია ცნობილი მწერალი, ნინო ნაკაშიძე... ჩვენს სახლში სულ მსახიობები, რეჟისორები, მწერლები იკრიბებოდნენ. მსახიობობა საბავშვო ბაღიდანვე დავიწყე. სპექტაკლი დადგეს და მე რომ ჩემი როლი შევასრულე, ნატო ვაჩნაძემ კალთაში ჩამისვა და მომეფერა. ის დღე მთელი ცხოვრება თბილად მახსოვს... ბავშვობაში დიდი მსახიობები რუსთაველის, მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე რომ ვნახე, ვოცნებობდი, მათ გვერდით ყოფნას, თუნდაც დროშა, ქურთუკი გამოვუტანო-მეთქი, და შემდეგ ისე მოხდა, რომ მათი პარტნიორიც კი გავხდი. სახალხო არტისტი წოდებაც მომანიჭეს, ბევრი ჯილდო მივიღე. ჩვენთან ძალიან ბევრი ბუმბერაზი მსახიობი იყო და ასეთი სიყვარული იშვიათად თუ ვინმეს ღირსებია, რასაც მე ვგრძნობ. ალბათ, მიზეზი ის არის, ასეთი როლები რომ ვითამაშე.
- თქვენი როლი ფილმში "ყვავილი თოვლზე" მომხიბვლელი იყო?
- სულ მახსენდება კახელმა ტაქსის მძღოლმა რომ მკითხა, იმ გამოშტერებულს (ოღონდ სხვა სიტყვა თქვა, ვერ ვიტყვი) თქვენ თამაშობთო? ახალგაზრდა ვეტექიმის როლში ზოგს მოვწონდი, იმ ქალმა რომ დაჩაგრა, გულშემატკივრობდნენ...
- თქვენთვის რომელი იყო საოცნებო როლი, რომელიც განასახიერეთ?
- ზურიკელას როლი სპექტაკლში "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", რომელიც 600-ჯერ ვითამაშე. ნაწარმოები ახალი წაკითხული მქონდა და უცებ რომ როლი დამატაკეს, საოცრად ბედნიერი ვიყავი. შემდეგ მქონდა საყვარელი როლი სპექტაკლში "კახაბერის ხმალი", რომელიც პოლიკარპე კაკაბაძის პიესის მიხედვით დაიდგა, მაგრამ ხშირად არ გასულა. ადრე ამ სპექტაკლში მოსაშვილი თამაშობდა და მისი როლი იმდენად დატვირთული იყო, ვოცნებობდი, მეც შემესრულებინა. ისე მოხდა, რომ მოსაშვილმა უცებ მსახიობობას თავი დაანება, მითხრეს, სამ დღეში დილის სპექტაკლია დანიშნული, შენ უნდა შეცვალოო. მაშინ სპექტაკლის გაუქმება არ შეიძლებოდა, ეს დიდი სკანდალის მიზეზი ხდებოდა. მე ამ სპექტაკლში ერთ როლს ისედაც ვთამაშობდი და მოსაშვილის გმირის ტექსტი რომ მესმოდა, ჩემთვის ნაცნობი იყო. თავიდანვე საოცარი მეხსიერება მაქვს, ახლაც, ამ ხნის კაცსაც კი... თუმცა მარტო ტექსტი ხომ არ არის, როლს დამუშავება, გააზრება უნდა. ღამე არ მეძინა, სკვერში გავდიოდი და ვმეცადინეობდი, როლს მხატვრულად ვამუშავებდი. სამ დღეში დავამუშავე და სპექტაკლშიც ვითამაშე, მაგრამ ძალიან ცუდად გამომივიდა. ვღელავდი, დაძაბული ვიყავი, გააზრებით კი ყველაფერი სწორი იყო. შემდეგ, დროთა განმავლობაში, ეს როლი იმდენად გამოიძერწა, მოსკოვში გასტროლებზე რომ წარმოვადგინეთ, იქ ყველაზე ცნობილმა თეატრმცოდნემ რეცენზია მიუძღვნა და მე განსაკუთრებულად მაქო. ძალიან გამიხარდა, მაგრამ მეორე მხრივ საშინლად მეწყინა...
- რატომ?
- ჩემზე საოცარი ფრაზა იყო, ასეთ მატყუარა და აფერისტს, ქართველი თუ ითამაშებდაო... შემდეგ მარჯანიშვილის თეატრიდან ახალგაზრდების ჯგუფი რუსთავში რომ გადავედით, ეს სპექტაკლი იქ გადავიტანეთ და ძალიან დიდ სიამოვნებას მგვრიდა ამ როლის თამაში, "ზურიკელაზე" არანაკლებად მიყვარდა.
- რომელმა როლმა მოგიტანათ ყველაზე დიდი პოპულარობა?
- ჯემალის როლმა ტელესერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები"... ყველა თაობის წარმომადგენელმა გაიცნო ჩემი გმირი. საოცრად ნიჭიერი, მოაზროვნე ქალია ქეთი დევდარიანი. მახსოვს, მითხრა, არაფრით მეგონა, ამ როლზე თუ დათანხმდებოდით, გვიკადრებდითო... სცენარის პირველი ნაწილი რომ წავიკითხე, უკვე მივხვდი, როგორ უნდა მეთამაშა.
- მაყურებელმა ძალიან შეიყვარა ჯემალი და მანანა, სამწუხაროდ, ეკრანული ოჯახი დაირღვა...
- ძალიან განვიცადე მედიკო ლორთქიფანიძის გარდაცვალება. საოცარი ადამიანი იყო, ყველას ძალიან დაგვაკლდა... ბოლოს ძალიან ბევრმა დაგვტოვა. ჩემი სამეგობროდან აღარავინ დამრჩა და ძალიან განვიცდი. მართლაც ბრწყინვალე მსახიობები იყვნენ თენგიზ არჩვაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, მალხაზ გორგილაძე... რამდენი ერთი ჩამოვთვალო, მათ ეპოქა შექმნეს...
- დღეს როგორი მდგომარეობაა საქართველოს თეატრებში?
- შეიძლება რეჟისორებს ეწყინოთ, მაგრამ მეჩვენება, თითქოს კარგი მსახიობი იმდენად არ სჭირდებათ, როგორც ჩანაფიქრის განხორციელება სანახაობრივად. დღეს სიღრმეს აღარ მიჰყვებიან, ყველაფერი უფრო ზედაპირულადაა.
- ქართულ კინოზე რას იტყვით?
- რამდენიმე კარგი ფილმი შეიქმნა... ერთი რამ ძალიან მაღიზიანებს! ფილმებს რომ ვუყურებ, ყველაზე მეტად ის მაინტერესებს, მსახიობი როგორ თამაშობს. უნდა ჩანდეს გამომეტყველება, მიმიკა, ემოცია... საზღვარგარეთის ფილმებშიც ასეთი ტენდენცია წამოვიდა, რომ ყველაფერს ჩაბნელებულში იღებენ. მსახიობის მოქმედება, სახე, თვალები არ ჩანს. მსახიობის თამაში თუ ვერ დავინახე, ის ფილმი რად მინდა?!
- ქვეყანაში როგორი ვითარებაა დღეს?
- ჩვენს დიდებულ მწერალს მიხეილ ჯავახიშვილს შესანიშნავი ფორმულა აქვს, ვისაც რუსეთი უნდა, ის ან ბრიყვია, ან ნაძირალაო... ამით ყველაფერია ნათქვამი! "ქართული ოცნება" ხომ ამბობს, ევროკავშირისკენ მივისწრაფვით, ევროპაში გვინდაო, და ამიტომ ეს ნათქვამი არ უნდა ეწყინოთ. თუ ეწყინებათ, მაშინ გამოდის, ქურდს ქუდი ეწვისო... ღმერთმა დაგვიფაროს, ისევ რუსეთში აღმოვჩნდეთ, საქართველო აღარ იქნება! ერთ ამბავს ხშირად ვიხსენებ, რომელიც მსახიობმა გოგი გელოვანმა მიამბო. მთამსვლელი მეგობრები ჰყავდა სვანეთში და მათგან იცოდა. საქართველოში რუსეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ნიკოლოზ ტიხონოვი რომ ჩამოვიდა, თან გადაჰყვნენ, ცნობილი ქართველი პოეტები და მწერლები - სად აღარ დაატარებდნენ. ბოლოს სვანეთში ჩაუყვანიათ და იქ ცოტა შეზარხოშებული სადღაც მწვერვალზე ასულა, გადმოუხედავს ულამაზესი ხედებისთვის და რუსულად უთქვამს, აქ რუსები უნდა ცხოვრობდნენო. მთამსვლელებს ეს რომ გაუგონიათ, მისცვივდნენ და ხრამში უნდა გადავაგდოთო, ემუქრებოდნენ. ქართველმა მწერლებმა გადაარჩინეს, მთამსვლელებს დაუჩოქეს, მთელ საქართველოს გადაგვასახლებენო, თურმე ძლივს შეაკავეს... ამით იმის თქმა მინდა, რომ ტიხონოვის ეს ოცნება თითქმის ყველა რუსშია. რუსეთში მქონდა გადაღებები, ბევრს დავუმეგობრდი და გადასარევი, ინტელიგენტი ხალხი ჩანდნენ, მაგრამ მაინც ყველას ასეთი მიდგომა ჰქონდა, ქართველებს ჩვენთან რატომ არ გინდათო... ვერაფრით იგებენ, ჩვენ რომ დამოუკიდებლად ყოფნა გვინდა. ტიხონოვისა და მისნაირების ოცნება საქართველოში არასოდეს ამხდარიყოს!.. ბრეჟნევსაც უთქვამს, მოდი, ყველანი რუსები ვიყოთო. ეს სუსლოვისგან ჩაწვეთებული იყო, მას ჰქონდა გეგმა, ყველა გაერუსებინა. შევარდნაძემ ერთი რამ თუ კარგი გააკეთა, ეგ იყო, რომ ეხვეწა, საქართველოში ეგ არ დაუშვა, დიდი უსიამოვნება მოჰყვებაო...