დიმიტრი ტატიშვილისა და იმედა კახიანის პოლიტიკა - რას ფიქრობენ მსახიობები აქციებზე, არჩევნებზე და დიდ პოლარიზაციაზე
„შენ რაღაც არ მოგწონს, ამის გამო გზები გადაკეტო და ქალაქის პარალიზება გამოიწვიო, ეს როგორი სამართალია?“
იმედა კახიანი, საქართველოს სახალხო არტისტი: - ის არეულობა, დაძაბულობა და ქიშპობა, რომელიც საქართველოშია, მხოლოდ მტერს უხარია. ჩემთვის აუხსნელია, რატომ უნდა იყოს ქართველებს შორის ასეთი მტრული დამოკიდებულება. საბედნიეროდ, გვაქვს სახელმწიფო, რომლის კანონს და კონსტიტუციას ყველა უნდა დავემორჩილოთ. შენ რაღაც არ მოგწონს, ამის გამო გზები გადაკეტო და ქალაქის პარალიზება გამოიწვიო, ეს როგორი სამართალია?
- ოპოზიცია ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა და ამას აპროტესტებენ...
- თუ არჩევნები გააყალბეს, არსებობს სამართალი, კანონი და ამ გზით უნდა გაირკვეს - გააყალბეს თუ არა. გაუთავებელი პროტესტი და მიტინგები რას მოგვიტანს. მეგობრობა მე ყველასთან მინდა - ამერიკელთანაც, აფრიკელთან, ევროპელსა და ჩინელთანაც, მაგრამ პირველ ყოვლისა, მეგობრული ურთიერთობა ჩვენს მეზობლებთან უნდა გვქონდეს - სომხეთი, თურქეთი, ჩრდილოეთი კავკასია და რუსეთი მანამ იარსებებენ, სანამ საქართველო რუკაზე იქნება. ამიტომ მეზობლებთან მტრობა რას მოგვიტანს? ჩემს ეზოში ღობეს რომ ვაკეთებდი, ორი პატარა ჭიშკარი დავტოვე მეზობლებისთვის - იმერეთში ასეთი წესი გვაქვს, ქართული წესია - მეზობელი მტრად არ უნდა გადაიკიდო... მე ისიც არ მესმის, რაც ჩვენსა და აფხაზებს შორის ხდება. ამ კონფლიქტში არ შეიძლება მარტო აფხაზები ან ოსები დავადანაშაულოთ. ერთი ამბავი ატეხეს, ივანიშვილმა ბოდიში მოიხადაო, კი მაგრამ, თუ ძმები ვართ და ძმებს შორის გაუგებრობა მოხდა, ერთმაც და მეორემაც ბოდიში არ უნდა მოიხადოს? ისე როგორ შერიგდებიან?! ჩვენ, კავკასიელები, სულ სხვა ტრადიციებისა და წესების მქონე ხალხი ვართ.
ამას წინათ ვუსმენდი, შუა ევროპაში, ერთი ცნობილი ქალაქის მერი გათხოვდაო, ქრისტიანულ ეკლესიაში ძაღლებს ჯვარიც კი დასწერეს, ამაზე მეტი წარღვნა და მკრეხელობა რაღა უნდა მოხდეს?! კიდევ კარგი, ჩვენთვის ეს ყველაფერი უცხო და მიუღებელია. დიდი იმპერიები ვერ გაიგებენ, რას ნიშნავს ქართული სული, რას ნიშნავს "არ გავცვლი სალსა კლდეებსა, უკვდავებისა ხეზედა", ან რას ნიშნავს მიწის ყივილი... დღეს ერთ ქვეყანაში დასახლდებიან და ის ხდება მათი სამშობლო, მერე მეორეში გადავლენ და სამშობლოს სხვა ქვეყანას დაუძახებენ. ამ დროს მე მინახავს უცხოეთში მცხოვრები ქართველები, რომლებსაც ყველაფერი აქვთ, მაგრამ სულ იმის ოცნებაში არიან, ნეტავ ჩემი ქვეყანა მაჩვენა და ჩემს ქუჩაზე გამატარაო. დღესაც ვერ ნახავთ მსოფლიოში ბედნიერ ქართველს, რომელიც თავის მიწაზე არ ცხოვრობს, თუნდაც მილიონერი იყოს.
მჯერა, რომ ცოტა ხანში აფხაზეთი და სამაჩაბლოც საქართველოს შემადგენლობაში იქნება და ამას რუსეთიც მხარს დაუჭერს.
რატომ? - რუსეთის ინტერესებში სულაც არ შედის საქართველოსთან ცუდი ურთიერთობა. ყველა ხედავს, რა მდგომარეობაშია უკრაინა, რომელიც საქართველოზე გაცილებით დიდი ქვეყანაა, აქ ორ საათში გაჩნდებიან და საქართველო აღარ იქნება! ნებისმიერი სახელმწიფო თავის ინტერესებზე ზრუნავს და ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. ქართველებს ნიჭიერი ხალხი ყოველთვის გვყავდა და დიდ იმპერიებს შორის ლავირებას კარგად ვახერხებდით, იმედია, ამას ჩვენს რთულ და დაძაბულ დროშიც მოვახერხებთ. ქართველი ხალხი ოდითგანვე სარწმუნოებამ და ქრისტეს სიყვარულმა გადაარჩინა, ახლაც ასე იქნება.
"არჩევნები გაყალბდა, ნორმალურმა საზოგადოებამ ეს არ უნდა გააპროტესტოს?!"
დიმიტრი ტატიშვილი, მსახიობი, ტელეწამყვანი: - დემოკრატიული საზოგადოების წესი ასეთია: ყველა თვითონ წყვეტს, სად შეიკრიბონ და აქცია სად უნდა ჩაატარონ. მშვიდობიანი მიტინგის ჩატარება ყველგან შეიძლება. არჩევნები გაყალბდა, ნორმალურმა საზოგადოებამ ეს არ უნდა გააპროტესტოს?! ადამიანები მშვიდობიანად რომ იკრიბებიან, თუნდაც ქუჩა გადაკეტონ, ეს არ არის კანონის დარღვევა - კანონის დარღვევა არჩევნების გაყალბებაა.
- მაგრამ ხომ უნდა დამტკიცდეს, რომ არჩევნები გაყალბებულია?
- ეს დოკუმენტურად არის დამტკიცებული... ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას არავინ აღიარებს, არც ქვეყანაში და არც მის გარეთ. უბრალოდ, არავის სჯერა, რომ ყოველი მეორე საქართველოს მოქალაქე "ოცნების" მხარდამჭერია. სინამდვილეში იცით, რა მოხდა? - "ოცნებამ" რუსეთის დახმარებითა და ხელმძღვანელობით გააყალბა არჩევნები, რაც მოსალოდნელი იყო: როგორც წესი, ასეთი ხელისუფლებები არჩევნების გზით ხელისუფლებას არ თმობენ და არ მიდიან - ამის დასტურია, პოლიციელები მშვიდობიან მომიტინგეებს ასე რომ უსწორდებიან. ვინც ფიქრობს, რომ ეს კანონის დაცვაა, ძალიან ცდება.
- რას ეტყვით ხალხს, რომელიც ამტკიცებს, აქციებით საქმე არ კეთდებაო?
- ასეთ ხალხთან ლაპარაკს აზრი არა აქვს.
დღეს ჩვენ ორი გზა გვაქვს: ან ევროკავშირსა და ნატოში შევალთ, ან რუსეთში.
ტყუილია, როცა ამბობენ, არც რუსეთი გვინდა და არც დასავლეთიო, ესეც რუსული პროპაგანდის ნაყოფია. ვიცით, რომ რუსეთი ადვილად არ გაგვიშვებს, მაგრამ ჩვენ ჩვენი უნდა ვცადოთ.
- ბევრი მიიჩნევს, რომ რუსეთთან საერთო ენის გამონახვა შეიძლება.
- ეს ტყუილი იმედია: დამპყრობელთან საერთო ენა როგორ უნდა გამონახო?! ან მისი ჩექმის ქვეშ უნდა იცხოვრო, ან უნდა დაუსხლტე. ტყუილია ისიც, რომ რუსებთან ბევრი საერთო გვაქვს. ქართველ ადამიანს რუსეთთან საერთო არაფერი ჰქონია - ესეც მოგონილია. რაც შეეხება აფხაზეთის დაბრუნებას, რუსებმა პირდაპირ გვითხეს, რომ არაფრის დაბრუნებას არ აპირებენ. თან გვუბნებიან, დაკარგული მიწები დაივიწყეთო და თან დაბრუნებას აპირებენ?
- როგორ ფიქრობთ, შეძლებს ოპოზიცია, რომ პროცესები სწორად წარმართოს?
- ოპოზიცია არა, ხალხი შეძლებს! თუ ხალხი არ მოინდომებს, ოპოზიცია ვერაფერს მიაღწევს. არჩევნებზე ხმის მიცემით ჩვენი პრობლემები ვერ გადაწყდა, ახლა ხალხმა მოპარული ხმების დაბრუნება და ხელახალი არჩევნები უნდა მოითხოვოს - თუ ხალხი ამას მიაღწევს, ეს ვითომ მთავრობაც უკან დაიხევს. ფაქტია, ხელისუფლება მიტაცებულია და 26 ოქტომბრის შემდეგ ეს თვალნათლივ გამოჩნდა.
თუ ჩვენი ხალხი დამარცხდება, შეიძლება აქ რუსული დროშები ვერ ააფრიალონ, მაგრამ დაახლოებით იგივე მოხდება, რაც 1921 წელს მოხდა! - საქართველოს სუვერენიტეტი აღარ ექნება და აქ მობილიზაციას გამოქცეული ხალხი კი არ ჩამოვა - ჩამოვა "ბიდლო", ჩამოვა კრიმინალი და ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება აუტანელი იქნება. ამიტომ, ჩვენ თუ არ ვივარგებთ, საქართველოს საქმე წასულია! ოპოზიციამ რა უნდა გააკეთოს ხალხის გარეშე? - ხალხმა უნდა მოინდომოს და ამ ქვეყნის გადარჩენაზე იზრუნოს.
ხათუნა ჩიგოგიძე