რა არის განქორწინების მთავარი მიზეზი - კვირის პალიტრა

რა არის განქორწინების მთავარი მიზეზი

დღეს წყვილების ფსიქოთერაპევტთან მიმართვა ერთ-ერთი აქტიური თემა გახდა. კითხვა, შეარიგებს თუ არა წყვილს ფსიქოთერაპევტი, ამ შემთხვევაში, პრობლემის ზუსტ შინაარსს არ ასახავს. ფსიქოთერაპევტს ქირურგიული ოპერაციის მსგავსად შეუძლია ურთიერთობიდან ის მიზეზები "ამოიღოს" და წყვილს წარუდგინოს, რომელთაც მათი სიყვარული გადაფარეს და კონფლიქტები შვეს. შესაძლოა ამ მიზეზების დანახვა რთულიც იყოს, თუმცა სწორედ ეს სირთულე იწვევს იმას, რომ ადამიანები დაფიქრდნენ, შესაძლებელია თუ არა ურთიერთობის, სიყვარულის გადარჩენა. თუ როგორ, ამის შესახებ ფსიქოლოგ ნანა დარბაიძეს ვესაუბრეთ.

- ქალბატონო ნანა, გამოულეველი პრობლემების გამო წყვილთა ფსიქოთერაპიის პროფესიის აუცილებლობა თითქოს არ იკვეთებოდა, უცებ კი აღმოჩნდა, რომ წყვილების ფსიქოთერაპიის თემა გააქტიურდა და მიმართვებიც ძალიან გახშირდა. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ეს, სტრესებით დატვირთული გარემოს შიშმა თუ რაიმე სხვა პრობლემამ?

- ჩემი აზრით, იმან, რომ გამოიკვეთა­ განქორწინებების შედეგები, გაიზარდნენ და ჩამოყალიბდნენ განქორწინებული წყვილების შვილები და მათ სხვებთან ერთად გააცნობიერეს, რა პრობლემებს იწვევს­ განქორწინება. რა თქმა უნდა, ეს ყველაზე ვერ გავრცელდება, მაგრამ საბედნიეროდ, ტენდენცია უფრო აქეთ არის. ეს მოსალოდნელიც იყო, ჩვენ ხომ ის საზოგადოება ვართ, სადაც ოჯახური ღირებულებების განადგურება შეუძლებელი აღმოჩნდა; ოჯახის წევრების ემოციები განქორწინების შემდგომაც საკმაოდ მძაფრი რჩება. ბევრია შემთხვევა, როდესაც განქორწინება აუცილებელიც არის, მაგრამ ასევე ხშირად ნაუცბადევი და იმპულსური განქორწინებებიც ისევე დამანგრეველია, ვიდრე ამას წყვილი განქორწინების მომენტში წარმოიდგენს.

სტატისტიკის მიხედვით, განქორწინება ყველაზე ხშირია იმ თაობაში, რომელთაც ბავშვობა 90-იან წლებში გაიარეს. სხვათა შორის, თავადაც მყავს მათ შორის რამდენიმე ახლობელი, რომელთაგან, სამწუხაროდ, ყველა განქორწინებულია. ზოგიერთი ორჯერაც კი. რატომ მოხდა ეს? იმიტომ, რომ ამ ბავშვებმა მომენტალურად დაკარგეს არა მხოლოდ მატერიალური, არამედ სულიერი საყრდენები. ბევრის მშობელი ემიგრაციის პირველ ტალღაში მოხვდა და შვილებს ათეული და მეტი წლის განმავლობაში ვეღარ შეხვდა, არაერთი დაიღუპა, ზოგიერთის მშობელმა კი მშობლის ფუნქციები დაკარგა სიდუხჭირით ხელფეხშეკვრის გამო. ეს იმხელა სტრესი აღმოჩნდა, რომ მათი მცირეწლოვანი შვილებიდან ბევრმა სტრესებისაგან რაც შეიძლება სწრაფად "გაქცევა" სხვადასხვა გზით მოინდომა. ნაწილმა გამოსავალი არასრულწლოვან ასაკში ქორწინებაში დაინახა. ამ დროს, როგორც წესი, გაქცევა გამოსავალი არ არის. ამის საილუსტრაციოდ ჩვენში დამკვიდრებული გამოთქმაც შეიძლება გამოვიყენო, რომელიც გვეუბნება, საითაც გავიქეცი, იქით წავიქეციო. ასე რომ, გაქცევასა და ნაადრევ ქორწინებებს განქორწინებებიც მოჰყვა.

მომდევნო თაობაში სხვა რეალობაა. ბევრმა მათგანმა წინა თაობის შეცდომები­ ცნობიერად თუ ქვეცნობიერად გაიაზრა და უკვე ცდილობს ეს აღარ დაუშვას. არასრულწლოვან ასაკში დაქორწინებაც სტატისტიკურადაც მნიშვნელოვნად შემცირდა. მნიშვნელოვანია, რომ ბევრი მათგანი ქორწინებამდე ცდილობს ჩამოყალიბდეს ისეთ პიროვნებად, რომელიც მეწყვილეში მის პატივისცემას გამოიწვევს. ცდილობს განათლების მიღებას, კარიერისა და ქონებრივი მდგომარეობის შექმნას. გააქტიურდა წყვილების ფსიქოთერაპევტის პროფესიაც.

- თუმცა მატერიალურ მდგომარეობას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ექნება წყვილთა ურთიერთობაში.

- მატერიალური მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მთავარი.

მქონია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მეუღლეებში ქალის მატერიალური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელზე ბევრად მეტი იყო, მაგრამ განქორწინების ინიციატორი მაინც მამაკაცი აღმოჩნდა, რომელმაც მეუღლის მატერიალურ ღირებულებას სრული იგნორირება გაუკეთა და ქორწინებას წერტილი დაუსვა. იმიტომ, რომ პიროვნული რეალიზება აღმოჩნდა გადამწყვეტი. ქალი ფიქრობდა, რომ მატერიალური უზრუნველყოფა ყველაფერში დაეხმარებოდა, სიყვარულშიც კი. ამიტომ არ იზრუნა თვითრეალიზებაზე, პიროვნულ ზრდაზე, სულიერი ურთიერთობის გაღრმავებაზე, რის გამოც მეუღლისთვის უინტერესო გახდა.

რას ნიშნავს თვითრეალიზება ჩვენს რეალობაში? არ არის საჭირო იმის წარმოდგენა, რომ ეს მაინცდამაინც მატერიალური­ ღირებულებების შექმნაა. ზოგს მატერიალურის შექმნის ენერგია აქვს, ზოგს კი სულიერი ღირებულებებისა. სამყარო ისეა აწყობილი, რომ ეს ორივე ერთმანეთით უნდა შეივსოს. რა თქმა უნდა, თუ საუბარი არ არის გამონაკლის შემთხვევებზე - ანუ სულიერ ღირებულებებზე ზრუნვა და განვითარება აუცილებელია, განსაკუთრებით წყვილთა შორის. რაც არ უნდა შეცვლილი იყოს სამყარო, არსებობს საბაზისო კანონები, რომლებიც კაცობრიობის გაჩენიდან მოგვყვება: მამაკაცს მინიჭებული აქვს ბრძოლის, მიწათმოქმედის, ოჯახის დაცვის ფუნქციები, ქალს კი სულიერ სფეროზე ზრუნვისა და გრძნობების ჩამოყალიბების. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისები, როცა პირიქით არის, მაგრამ ესეც ოჯახის შექმნიდანვე მალევე უნდა გაირკვეს. მეუღლეები ერთმანეთს უნდა ეხმარებოდნენ თავიანთი ფუნქციების შესრულებაში, მაგრამ ისე არ უნდა გამოვიდეს, რომ ერთ მათგანს თავისი საკეთებელი მიტოვებული ჰქონდეს და აღარაფერს აკეთებდეს საინტერესოს, მეორეს ვერ ავსებდეს, დროდადრო ვერ სთავაზობდეს ვერაფერს შინაარსიანს, თუნდაც მცირეს, რადგან ეზარება ან ფანტაზია და უნარი არ ჰყოფნის. ადამიანს იმ ადამიანთან სურს ყოფნა, რომლის დახმარებითაც შეიგრძნობს სიცოცხლეს, სითბოს, მომხიბვლელობას. ადამიანისათვის ეს მოცემულობებია საყრდენი, სადაც ის თავისუფლდება შებოჭილობისაგან და აქვს მოთხოვნილება, რომ იგივე გამოამჟღავნოს. სადაც ეს წესები ირღვევა, იქ წარმოიქმნება პრობლემები ურთიერთობაში. ასე რომ, ხანდახან თუნდაც ლამაზად გაწყობილ სუფრას, გასეირნებას, მეგობართან "უფუნქციო" სტუმრობას, მეტი დადებითი ემოციები მოაქვს, ვიდრე ქრონიკულად ძვირფასი ნივთების შეძენასა და დეკლარირებას.­ ურთიერთობა თუნდაც მცირე სიახლეებით დროდადრო მაინც უნდა იყოს გაჯერებული.

როდესაც წყვილში ერთი მხარე, ასე ვთქვათ, ვერ იზრდება, მეორისაგან განსხვავებით, გაუცნობიერებლად ცდილობს მეორე მხარე თავის "სიბრტყემდე" დაიყვანოს და მის დამცირებას იწყებს.­ ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ვარიანტია ურთიერთობაში. ამას შესაძლოა ძალადობაც მოჰყვეს, ეს კი უპირობოდ უნდა აღიკვეთოს.O ორივე მხარემ, განსაკუთრებით დამცირებულმა, უნდა გააცნობიეროს, რომ დამცირების მიზეზის მოძიება­, თვალის ახელა, ორივესთვის პოტენციურ გამოფხიზლებას ნიშნავს.

ეს იმ მომენტებიდან ერთ-ერთია, რა დროსაც ცოლ-ქმარმა წყვილთა ფსიქოთერაპევტს უნდა მიმართოს. რა თქმა უნდა, თუკი ურთიერთობის შენარჩუნება სურთ. სხვათა შორის, შესაძლოა ოჯახის ახლობლებმაც ჩათვალონ, რომ მოძალადე "რაღაცაში" მართალია. სამწუხაროდ, ასეთებიც ხდება.

- საყოველთაო თვალსაზრისით, განქორწინების მთავარი მიზეზი მეუღლეებს შორის ჰარმონიული სექსუალური ურთიერთობის არარსებობაა.

- თუ ეს ჰარმონიულობა არ არსებობს, ე.ი. წყვილს ძალიან დიდი პრობლემა აქვს. თუმცა შეუძლებელია ქორწინება მხოლოდ თუნდაც სექსუალურმა ურთიერთობამ შეინარჩუნოს. ნებისმერი ფსიქოლოგი, არა მხოლოდ ფსიქოლოგი, გეტყვით, ოჯახი ძირითადად ორ საყრდენს ეყრდნობა: ვნებასთან ერთად, მეგობრობას. ამ ორივეს ფლობის შემთხვევაშიც კი ურთიერთობაში კრიზისი გარდაუვალია, მაგრამ როდესაც არსებობს ეს ორივე ერთად, მაშინ ოჯახი კრიზისიდან გამოდის. რელიგიის ეს თეზა ოჯახის შენარჩუნებისთვის ჰაერივით არის. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი უნდა გიყვარდეს, სიყვარული კი ნაკლებად ხარობს მაშინ, როდესაც ოჯახი შეკრული არ არის სულითა და სხეულით.

- საინტერესოა სტატისტიკა, ჩვენში დაახლოებით როდის დგება ოჯახური კრიზისები? ალბათ, ესეც დამოკიდებულია იმ გარემოს ემოციურ მდგომარეობაზე, რა გარემოშიც ვართ.

- სხვათა შორის, პირველი კრიზისი დაახლოებით ქორწინების პირველი წლის შემდეგ დგება. როდესაც წყვილი აღმოაჩენს, რომ თურმე ოჯახისთვის ვნება და სასიყვარულო ურთიერთობები საკმარისი არ ყოფილა. აი, ამ დროს იწყება კონფლიქტები, რასაც ამ "აღმოჩენით" გამოწვეული გაოგნებაც ახლავს და ამიტომაც საკმაოდ ძლიერია. თუ წყვილს არ აღმოაჩნდა სულიერი ურთიერთობის უნარი, რომ ნებისმიერ დეტალზე საუბარი შეძლონ, მაშინ გამორიცხული არ არის, რომ ვერც ოჯახი შეინარჩუნონ.

ფსიქოთერაპევტი წყვილებს ამ შეთხვევაშიც ეხმარება. მან წყვილი გულახდილი საუბრის აუცილებლობაში უნდა დაარწმუნოს. თუ საუბარი კონფლიქტების შემდგომ არ შედგა, წყვილმა ერთმანეთს გული არ გადაუშალა, პრობლემები ვერ შეაფასა, შესაძლოა ამ კონფლიქტებიდან ვეღარც გამოვიდნენ.

შემდგომი კრისიზისი ქორწინების მეშვიდე წელიწადაზე მოდის, რაც ჩვენში ოთხ წელიწადს ნაკლებად სცილდება. რატომ? იმიტომ, რომ ეს სტატისტიკა დაკავშირებულია ბავშვთან, რომლის საჭიროებები ნელ-ნელა ფართოვდება. ჩვენთან წყვილი შვილს ქორწინებიდან მალევე აჩენს. ჩემი აზრით, ეს ხდება ჩვენი საზოგადოების იმ მოცემულობით, როდესაც ისტორიულად გამრავლებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. თუმცა კიდევ გავიმეორებ - სულიერი ღირებულებების მქონე წყვილი ამ კრიზისსაც გადალახავს.

- ახერხებთ ყოველივე ამის ახსნას იმ წყვილისათვის, ვინც დახმარების იმედით მოდის, მაგრამ სათითაოდ ფიქრობს, რომ თავად არის მართალი და არა მეორე მხარე?

- ეს მართლაც ძნელია. რაღაც მომენტში ორივე ფიქრობს, რომ მისი მეწყვილის მხარეზე ხარ. თუმცა, როდესაც ადამიანს ქორწინების გადარჩენა სურს, უკვე ნიშნავს, რომ ის მზად არის გააცნობიეროს, რას ეუბნები, რა უშველის მათ.

- რა უშველით?

- ოჯახი, ორი ადამიანის სიყვარული ყვავილივით არის, რომელსაც წყალი გამუდმებით უნდა დაუსხა, რათა არ გახმეს. კონფლიქტით გაღიზიანებული წყვილიდან ორივე ფიქრობს, რომ მეორე "არ რწყავს ყვავილს", თორემ თავად წყალი სულ მომარაგებული აქვს. არადა, ასე არ არის და ამას ერთმანეთს მხოლოდ იმიტომ ვერ აგები­ნებენ, რომ არ შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი. არ ვამბობ, რომ ეს მარტივია - ძალიანაც ძნელია მუდმივად კონფლიქტში მყოფი ადამიანები დასხდნენ, ერთმანეთს­ უცქირონ და მშვიდად ისაუბრონ, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ ამას ვერ შეძლებენ,­ არაფე­რიც არ გამოვა. "პირველად იყო სიტყვა" - ეს ფილოსოფია ნებისმიერი ურთი­ერთობის ჯადოსნური ფორმულაა, ნებისმიერი იმ ტკივილის აღმწერი და მიზეზის მაძიებელი, რაც ერთმანეთს მიაყენეს. რამდენადაც არ უნდა ვსაჭიროებდეთ სხვას, თუნდაც ფსიქოლოგს, ის ყოველთვის ვერ შეძლებს ჩვენთვის ყველაფერი გააკეთოს. ამიტომაც უნდა მივენდოთ საკუთარ თავს და საკუთარი პრობლემების გაცნობიერებისა და ერთმანეთისთვის გამხელის უნარს, რასაც მოჰყვება სიმშვიდე და კრიზისის დაძლევა.