"ავანტიურული ექსპერიმენტია, ცოტა გიჟური, მაგრამ მე ჩემი თავის მჯერა, როგორც ყოველთვის" - სოფო შაფათავა პირად ცხოვრებასა და კარიერულ გეგმებზე - კვირის პალიტრა

"ავანტიურული ექსპერიმენტია, ცოტა გიჟური, მაგრამ მე ჩემი თავის მჯერა, როგორც ყოველთვის" - სოფო შაფათავა პირად ცხოვრებასა და კარიერულ გეგმებზე

"მე და ტიმი იმდენად ერთნაირები ვართ, შეუძლებელი იყო, ეს ყველაფერი მოწონებაში არ გადასულიყო. ერთმანეთს არაფერს ვატყუებთ, არ ვთამაშობთ, არ ვინიღბებით. "კოვიდის" დროს ერთ ოთახში რომ გავიჭედეთ ერთად, მაშინ ვთქვით, რადგან ახლა არ დავხოცეთ ერთმანეთი, ალბათ, ოჯახი უნდა შევქმნათო..."

"ძირეული ცვლილების გარეშე ქართულ ჩოგბურთში დიდ პროგრესს ვერ ვნახავთ. მსოფლიო რეიტინგში ისევ ის ოთხი ადამიანი ვართ, ვინც 15 წლის წინ ვიყავით. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ქვეყნის სამ ლიდერს შორის ვარ, მაგრამ ჩოგბურთის ზოგად სურათზე ეს ცუდად აისახება", - ამბობს ჩოგბურთელი სოფო შაფათავა, რომელიც ქართული ჩოგბურთის პრობლემებზე, პირად ცხოვრებასა და ნიკოლოზ ბასილაშვილზე გვესაუბრება.

- რა სიახლეებია თქვენს კარიერაში?

- "კოვიდის" შემდეგ ფინანსური პრობლემები შეგვექმნა, რამდენიმე თვე უმუშევარი ვიყავი... ამიტომ 2022 წლის ბოლოს გადავწყვიტე, მენეჯმენტურ კარიერაზე გადავრთულიყავი და ჩემი კომპანია შევქმენი. მინდოდა დავხმარებოდი ქართველ ბავშვებს და მათთვის ცოტა გამეადვილებინა გზა პროფესიონალურ ჩოგბურთში. იმ პერიოდში მე და ჩემი მეუღლე თბილისში ვიმყოფებოდით, ბავშვებს ის ავარჯიშებდა - რამდენიმე გოგონასგან დაკომპლექტებული გუნდი გვყავდა. საქმე არც ისე ცუდად მიდიოდა, მაგრამ მათთვის ფინანსების მოზიდვა ძალიან მიჭირდა. საქართველოში მეცენატური­ დაფინანსება არ არსებობს, ჩოგბურთის ფედერაციას კი არა აქვს საკმარისი სახსრები, რომ ყველას მიხედოს. ბავშვები რომ გვევარჯიშებინა, კორტების პოვნაც კი გვიჭირდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ევროპაში გადაგვენაცვლა. თბილისში გუნდი დავშალეთ და ორი მოწაფე დავიტოვეთ, რომლებიც დღესაც ჩვენთან არიან და შეჯიბრებებზე დაგვყავს. კომპანიის რებრენდინგის შემდეგ, ძირითადად, ევროპულ ბაზარზე ვართ. მოთამაშეებს უნივერსიტეტებში ვაწყობთ, ვეხმარებით აკადემიების მწვრთნელების მოძიებაში, ტურნირების, გასვლების ორგანიზებას ისე ვუწევთ, რომ ბავშვები შედარებით ბიუჯეტურ თანხაში ჩაეტიონ. ამჟამად ეგვიპტეში ვარ, სადაც ჩვენი მოსწავლე გვყავს­ წამოყვანილი­ - ანი ბოჭორაძე. მინდა იანვრიდან ისეთი­ კალენდარი შევუქმნა, რომ ყველგან წავიდეს, იქ, სადაც მისთვისაა საჭირო და მოგების შანსი ექნება, და არა იქ, სადაც იაფი დაუჯდება.

3bcd71ff-a914-4595-827e-fd8b020ac1a6-1732453466.jpg

- ევროპაში შედარებით იოლია ფინანსების მოძიება?

- ასეც ვერ ვიტყვი, ხომ იცით, ყველას პირველ რიგში შედეგი უნდა, ჩოგბურთი კი ისეთი სპორტია, რომ შედეგის მოსაპოვებლად დიდი თანხის დახარჯვაა საჭირო. ამ რისკის გაწევა კი არავის სურს, რადგან სპორტი თავისთავად რთული საქმეა, შეიძლება ტრავმა მიიღო ან უბრალოდ არ გამოვიდეს ისე, როგორც გეგმავდი.

საქართველოში ჯანსაღი კონკურენცია არ არის, მაგალითად, ჩვენ ბევრი დაბრკოლება შეგვხვდა, არა მხოლოდ ფინანსური, ჩვენი კოლეგებისგანაც. ათასგვარ ჭორს ავრცელებდნენ, მაგათთან არ მიხვიდეთო... ევროპაში ყველას თავისი­ გუნდი ჰყავს, სხვას თუ მეტი მოსწავლე ჰყავს, არ აღიზიანებთ. დავიღალე საქართველოში იმ ხალხთან ჭიდილით, ავდექი და ჩემს ქმარს ვუთხარი, სამსახური არსად გვიჭირს და წავიდეთ-მეთქი.

ევროპაში ისეთი კლუბური სისტემაა, სადაც ბავშვებს ბევრად ნაკლები თანხის გადახდა უწევთ - მაგალითად, გერმანიაში 1.000-1.500 ევროა წელიწადში, მწვრთნელს ცალკე უხდი, მაგრამ მაინც ხელმისაწვდომია მათთვის. საქართველოში ბევრად ძვირი გამოდის ვარჯიში.

მეტსაც გეტყვით, საქართველოში ერთი უდიდესი პრობლემა გვაქვს - მწვრთნელს ლიცენზირება არ სჭირდება, რომ კორტი დაიქირაოს და ბავშვები ავარჯიშოს, ნებისმიერ მოყვარულს შეუძლია სოციალურ ქსელში გვერდი შექმნას და გამოაცხადოს, ჯგუფების შეგროვებას ვიწყებ, ამა და ამ ადგილას გელოდებითო. ეს არანორმალურია, რადგან ბავშვობიდანვე ფუჭდებიან ტექნიკურად და ამის გამოსწორება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ეს ისეთი დიდი პრობლემებია, შეუძლებელია, ჩოგბურთში პროგრესი გვქონდეს.

წარმოიდგინეთ, მე თვითონ პროფესიონალურად ვთამაშობ 18 წლიდან, რაც ისედაც გვიანია, იუნიორები­ არ მითამაშია­. ჩვენს თაობაში ვიყავით მე, ეკატერინე გორგოძე, ისიც დღემდე თამაშობს, და ახლა გვყავს მარიამ ბოლქვაძე,­ ზოზი ქარდავა და სხვები, ერთეულები. 18-19 წლის ასაკში მე ქალების მსოფლიო რეიტინგში 300 მოთამაშეს შორის ვიყავი და ესეც არ ითვლებოდა დიდ შედეგად, ახლა კი 18 წლის გოგონები ქალთა დონეზე მატჩებს ვერ იგებენ, რადგან სახსრები არა აქვთ, რომ შეჯიბრებებზე იარონ. ჩოგბურთში წელიწადში 25-30 შეჯიბრებაზე უნდა გადიოდე, იქიდან 80%-ს მაინც აგებ. მოგებამდე რომ მიხვიდე, ბევრჯერ უნდა წააგო. ეს ამბავი კი ვერ დადის ვერც სპონსორებამდე, ვერც მშობლებამდე. ყველას მომენტალური შედეგი უნდა. ჩვენთან წაგება ტრაგედიაა და სანამ ასეა, ბავშვები ფსიქოლოგიურად ვერ გაიზრდებიან. ვარჯიშზე კარგად თამაშობენ, ტურნირზე - ვერა...

sopiko-1732557656.jpg

დღეს მსოფლიო რეიტინგში ისევ ის ოთხი კაცი ვართ, ვინც 15 წლის წინ ვიყავით. ჩემთვის სასიხარულია, რომ ქვეყნის სამ ლიდერს შორის ვარ, მაგრამ ჩოგბურთის ზოგად სურათზე ეს ცუდად აისახება.

- პირადად თქვენ თუ მონაწილეობთ ახლა შეჯიბრებებში?

- შარშან­ ერთმა პიროვნებამ შემომთავაზა, ისევ აქტიურად ვითამაშო პროფესიონალური ჩოგბურთი, რაც ძალიან მინდოდა, რადგან­ უზომოდ მიყვარს ეს სპორტი, მას კი გიჟური­ იდეა აქვს, შევძლებ თუ არა 35 წლის ასაკში (ჩოგბურთისთვის ეს დიდი ასაკია), დავიბრუნო დიდი სლემის საკვალიფიკაციო რეიტინგი - აი, ასეთი ავანტიურული შემოთავაზება ჰქონდა და აინტერესებდა, ავყვებოდი, თუ არა. ავყევი! ექსპერიმენტია, ცოტა გიჟური, მაგრამ მე ჩემი თავის მჯერა, როგორც ყოველთვის.

sss-1732561363.jpg

- სოფო, მეუღლეც სპორტსმენია, ხომ?

- კი, ჩემი მეუღლე გერმანელია - ტიმ შულცი, ის 42 წლისაა, 18 წლამდე თამაშობდა ჩოგბურთს, მერე უსახსრობის გამო დაანება თავი და 22 წელია მწვრთნელად მუშაობს, უამრავი ლიცენზია აქვს და თავისი საქმის პროფესიონალია. ჩვენ ერთმანეთი 6 წლის წინ გავიცანით. იმ პერიოდში, როცა ჩოგბურთისთვის კვლავ მინდოდა თავის დანებება, რადგან ტრავმა მივიღე და უკვე დაღლილი ვიყავი ამდენი ტკივილით, ანთებებით... მის მოსწავლესთან ერთად კლუბურ მატჩებს ვთამაშობდი, ერთ-ერთ თამაშზე ჩვენს საგულშემატკივროდ მოვიდა და საუბრისას გამომკითხა, რატომ აპირებ ჩოგბურთისთვის თავის დანებებას, ჯერ ახალგაზრდა ხარო. ამ თემას იმდენად შევყევით, რომ ბევრი რამ ამიხსნა. ის ნუტრიციოლოგია, ფიტნესშიც ერკვევა, და ეგებ მე დაგეხმაროო. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მის რჩევებს მივყევი და ერთად დავიწყეთ ვარჯიში... სამ თვეში მომეხსნა ქრონიკული წელის ტკივილი, რომელიც 18 წლიდან მაწუხებდა, წონაშიც დავიკელი, ჩემი თავი სარკეშიც მომწონდა და კორტზეც - 30 წლის ასაკში ისეთი რაღაცები ვიგრძენი, რაც არ მიგრძნია 20 წლისას, და ვუთხარი, იქნებ მართალი ხარ, მინდა ვცადო და ასეთი შეგრძნებებით ვითამაშო-მეთქი. მერე პანდემია დაიწყო და ბევ­რჯერ გავჩერდით...

შემიძლია ვთქვა, რომ 35 წლის ასაკში ბევრად უკეთეს ფორმაში ვარ, ვიდრე 20 წლის ასაკში ვიყავი. ამიტომ მაქვს ეს ამბიცია ახლაც, რომ ვცადო და კიდევ ვითამაშო დიდი ჩოგბურთი.

მე და ტიმი იმდენად ერთნაირები ვართ, შეუძლებელი იყო, ეს ყველაფერი მოწონებაში არ გადასულიყო. ერთმანეთს არაფერს ვატყუებთ, არ ვთამაშობთ, არ ვინიღბებით. "კოვიდის" დროს ერთ ოთახში რომ გავიჭედეთ ერთად, მაშინ ვთქვით, რადგან ახლა არ დავხოცეთ ერთმანეთი, ალბათ, ოჯახი უნდა შევქმნათო...

eb33bf3a-dfa5-4274-87b0-a4d43af2d390-1732453466.jpg

- დაქორწინებაზე საბოლოო გადაწყვეტილება როგორ მიიღეთ?

- ძალიან არარომანტიკულად. არ ვარ ის ტიპაჟი, რომელსაც თეთრი კაბა, მრავალკაციანი ქორწილი მოსწონს. ორ ადამიანს თუ ერთმანეთი უყვარს, არ არის საჭირო საბუთები. არც მეგონა, რომ ოდესმე ოფიციალურად დავქორწინდებოდი. მაგრამ "კოვიდის" დროს ისე გამოვიდა, რომ ძალიან გვიჭირდა ერთად ყოფნა - მას საქართველოში ყოფნა არ შეეძლო, მე - გერმანიაში. მოგზაურობისას, ზოგ ქვეყანაში­ ერთი ნომრის აღება არ შეიძლებოდა, თუ ოფიციალურად დაქორწინებული არ იყავი და

ეს უფრო რაციონალური გადაწყვეტილება იყო, ვიდრე რომანტიკული. იმ დროისათვის ჩვენ ისედაც ერთად ვცხოვრობდით. მას ჩემს მშობლებთან გადასარევი ურთიერთობა ჰქონდა და აქვს, მე კი - დედამისთან. ჩემი დედამთილი არაჩვეულებრივი ქალია, ძალიან მეგობრული, მის შვილს როცა ვეჩხუბები, ჯერ მას ვწერ, ეს რა გაზარდე ასეთი, ამისი სიჯიუტის მოთმენა აღარ შემიძლია-მეთქი. ძალიან ვუყვარვარ, ერთად დავდივართ სასეირნოდ, კაფეებში. დედაჩემიც ანალოგიურადაა ჩემს ქმართან. განა ისეთი­ იდილიაა, რომ არასადროს ვჩხუბობთ, არა, ჩვენს ოჯახში ყველა "გიჟია", მაგრამ იმდენად ჩემნაირი ადამიანი მყავს გვერდით, რომ კომფორტულად ვარ.

- თქვენი და - იუნა შაფათავა უკვე წლებია აშშ-ში ცხოვრობს, ამ დროის განმავლობაში, მასთანაც ხომ არ ყოფილხართ ჩასული?

- არა, იუნა იყო ჩვენთან, პორტუგალიაში. ისიც, კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა. მარაკეშში წავიდა დასასვენებლად, არ იცოდა, რომ ვიზა სჭირდებოდა, პირდაპირ მიადგა და არ შეუშვეს ქვეყანაში, თავისი შარმით ვერ მოხიბლა და აეროპორტში ღამის გათევის შემდეგ, ჩვენთან ჩამოვიდა, პორტუგალიაში. ისე დაემთხვა, რომ დედაჩემი და მაშა - ჩემი დისშვილიც ჩვენთან იყვნენ და ასე შევიკრიბეთ ყველა ლისაბონში, მამაჩემი და დეა გვაკლდნენ. ასე სპონტანურად ძალიან ლამაზი და დასამახსოვრებელი რამდენიმე დღე გამოგვივიდა.

3-a-1732561485.jpg
იუნა, სოფო და დეა შაფათავები

- გერმანიაში ჩვენს პირველ ჩოგანთან, ნიკოლოზ ბასილაშვილთან თუ გაქვთ კონტაქტი?

- ნიკუშას ბავშვობიდან ძალიან კარგად ვიცნობ კორტებიდან. შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ რომ გითხრათ, ახლო მეგობრობა გვაკავშირებს-მეთქი, მოგატყუებთ. მის წარმატებებს თვალს ვადევნებ, ვგულშემატკივრობ და მოხარული ვარ, რომ ფორმაშია. ნიკა მართლაც ძალიან კარგად თამაშობს, ძლიერი ჩოგბურთელია და ყოველთვის ვგულშემატკივრობდი. არა მარტო ნიკუშას, ყველა ქართველ სპორტსმენს. საბა ფურცელაძესაც სულ ვადევნებ თვალს, კარგად თამაშობს აგრესიულ ჩოგბურთს და კარგი შედეგები აქვს. ასევე, ზუკა ტყემალაძეც. ალექსანდრე ბაკში ყოველთვის ძალიან ნიჭიერი მოთამაშე იყო. ცაციაა, წელს საქართველოში ფინალი ითამაშა თავის პირველ ჩელენჯერზე.­ თუ არ ვცდები, მსოფლიოს ექვსასშია. ეს შეიძლება დიდ წარმატებად არ ჩანს, მაგრამ დღეს ჩოგბურთი ისეთ მაღალ დონეზეა მსოფლიოში, რომ ექვსასში ყოფნა მარტივი­ არ არის, კარგი შედეგია. მიხარია, რომ ოთხი ბიჭი გვყავს ისეთი, რომლებიც მსოფლიოს ასპარეზზე, ასე თუ ისე, წინ მიიწევენ, ცხადია, ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველობით. ცოტა მეტი ფინანსური მხარდაჭერა და პირობები რომ გვქონდეს, გაცილებით მეტი და უკეთესი გვეყოლებოდა.

sopo-2-1732560902.jpg

- როგორ ფიქრობთ, ნიკას შემთხვევაში რამ განაპირობა ასეთი წარმატება?

- ნიკა პატარაობიდანვე ძალიან მიზანდასახული იყო. მახსოვს, ახალი შემოსული იყო კამერიანი ტელეფონები, სულ იღებდა თავის ვარჯიშებს, რომ მერე ენახა, უფრო დახვეწილიყო. ძალიან დისციპლინირებული იყო, მთლიანად შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ ისეთი მენტალობა გვაქვს, რაღაცები ზოგჯერ გვეზარება და დისციპლინის დაცვა გვიჭირს, მეც ასე ვარ, მეც მაქვს ჩემი სისუსტეები და პატარაობისას უფრო მეტი მქონდა, მაგრამ ნიკა ამ მხრივ ყოველთვის გამოირჩეოდა, მაქსიმალურად იყო კონცენტრირებული ჩოგბურთზე და ალბათ ამანაც განაპირობა მისი ასეთი წარმატება, იმიტომ, რომ ასეთი დიდი შრომა და თავდადება არ იკარგება ხოლმე, ადრე თუ გვიან, შედეგი მოდის. მსოფლიოში მეთხუთმეტე რომ არ ყოფილიყო, მჯერა, რომ სხვა სიმაღლეებს მიაღწევდა ამ ან სხვა სფეროში.

ნიკა ხმამაღალ შედეგს ყოველთვის დადებს. ეს ჩემი სუბიექტურია აზრია და ასეთი შთაბეჭდილება მაქვს ნიკოლოზზე ბავშვობიდან. თვითონ ეს თაობაც იმდენად კარგი იყო, რომ იფიქრებდით, ესენი აუცილებლად დიდ წარმატებას მიაღწევენო, მაგრამ როგორც ვთქვი, ხელშეწყობა სათანადო არ იყო და სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ. შეჯიბრებაც და თამაშიც ყოველთვის თანხებთან იყო დაკავშირებული. ახლაც ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან და საერთოდ, ქართველები მართლაც ნიჭიერი ერი ვართ.

- სოფო, როგორია თქვენი უახლოესი გეგმები?

- საქართველოში დეკემბერში ჩამოვალთ, ახალ წელს დავრჩები თუ არა, ჯერ არ ვიცი, ახლა მომავალი წლის გეგმებს ვაწყობთ, მათ შორის, ჩვენი მოსწავლეებისთვის და ამის მიხედვით გადავწყვეტთ ყველაფერს. წავალთ სადმე, სადაც კარგად მოვემზადებით შეჯიბრებებისთვის, სითბოში.