„ტრამპს ბევრმა ქართველმა მისცა ხმა“ - კვირის პალიტრა

„ტრამპს ბევრმა ქართველმა მისცა ხმა“

დონალდ ტრამპი სოცქსელში კონსერვატიული ორგანიზაცია Judicial Watch-ის პრეზიდენტ ტომ ფიტონს გამოეხმაურა,­ რომელმაც ასევე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტრამპი "მზადაა ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და სამხედრო საშუალებები გამოიყენოს, რათა ემიგრანტთა შემოსევა მასობრივი დეპორტაციის პროგრამის საშუალებით შეაჩეროს". დონალდ ტრამპმა ტომ ფიტონის პასუხად დაწერა, რომ ეს "მართალია". ცნობისთვის: აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ე.წ. საზღვრის მეფედ ტომ ჰომენი დანიშნა, ხოლო ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მდივნის თანამდებობაზე სამხრეთ დაკოტის გუბერნატორ კრისტი ნოემის კანდიდატურა წარადგინა. ეს საკითხი ქართველებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუნდაც იმიტომ, რომ ამერიკაში ქართველების მიგრაცია ყოველწლიურად იზრდება და რამდენიმე ათასეულს შეადგენს. როგორია, ქართველების ამერიკული ცხოვრება ახალ პოლიტიკურ რეალობაში, რას ფიქრობენ ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკასა და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე, ქართველი ემიგრანტი ნიკა მამისეიშვილი გვესაუბრება.

- 17 წლის ვიყავი, მწვანე ბარათი რომ მოვიგე და ამერიკაში საცხოვრებლად წამოვედი. მას შემდეგ 20 წელი გავიდა. ნიუ-იორკში ვცხოვრობ, მეუღლე და ორი შვილი მყავს. ოჯახი აქ შევქმენი, ჩემსავით ემიგრანტ ქართველთან. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მაქვს, ხმა არავისთვის მიმიცია. ისეთი ცუდი არჩევანი იყო, არ მინდოდა პასუხისმგებლობის აღება.

- ტრამპის გაპრეზიდენტებას თუ ელოდით?­

- სიმართლე გითხრათ, არა, ეგზიტპოლის შედეგები ძალიან ახლოს იყო ერთმანეთთან. ტრამპის მხარდამჭერები ძალიან აქტიურობდნენ, კამალა ჰარისის მომხრეები კი ვფიქრობდი, რომ მხოლოდ საარჩევნო ყუთთან დააფიქსირებდნენ საკუთარ პოზიციას. ისიც უნდა ითქვას, რომ ტრამპმა არჩევნების დღეებში ისეთი რაღაცები გააკეთა, ბევრი ადამიანი გადაიბირა.

- ასეთი რა გააკეთა?

- მექსიკური წარმოშობის საშუალოზე­ დაბალი შემოსავლის მქონე ხალხს ბევრი დრო დაუთმო, ბევრად უკეთეს ამერიკას დაჰპირდა. ძალიან მარტივად, ხალხისთვის გასაგებ ენაზე, ისეთ დაპირებებს გასცემდა, რისი მოსმენაც სურდა უბრალო ხალხს. პანდემიისა და ომებისგან დასტრესილმა ხალხმა სიახლეს დაუჭირა მხარი. მართალია, ტრამპიც არ არის ახალი, მაგრამ კამალა ჰარისის გაპრეზიდენტების შემთხვევაში თითქმის ყველაფერი უცვლელი დარჩებოდა. ალბათ, ყველაფერი იმანაც განაპირობა, რომ ლიბერალებმა ხალხს თავი მოაბეზრეს, ნამეტანი მოუვიდათ.

- რას გულისხმობთ?

- სპორტში სქესის განსხვავება აღარ არის და ბავშვებს ჰორმონებზე "დაჯდომის" უფლება მისცეს. ამ ამბებმა ძალიან ბევრის უკმაყოფილება გამოიწვია. საქართველოში ჰგონიათ, ამერიკელებისთვის ოჯახი და ტრადიცია არაფერს ნიშნავს. სინამდვილეში ძალიანაც ტრადიციული ხალხია და ოჯახურ ღირებულებებსაც პატივს სცემენ, უბრალოდ, ძალიან ბევრნი არიან, ემიგრანტიც ბევრი ჩამოდის და შესაბამისად, საზოგადოებაც ჭრელია. აქ არიან ოჯახები, რომლებიც პირად ინტერესებზე მაღლა ოჯახს აყენებენ, აქვთ წესები და ტრადიციები, რომელთაც ქვეყანაც რომ დაიქცეს, არ დაარღვევენ, მაგალითად, კვირას აუცილებლად წავლენ ტაძარში და ისადილებენ ოჯახთან ერთად. ეს არის ქვეყანა, სადაც ნებისმიერი მსოფლმხედველობის, მრწამსისა და იდეოლოგიის ადამიანი მისთვის შესაბამის გარემოს იპოვის.

მე კარგ უბანში ვცხოვრობ, იქ, სადაც ტრადიციებისა და ოჯახის კულტის მატარებელი ხალხი ცხოვრობს. ორი ქალიშვილი მყავს და ძალიან მშვიდად მარტო ვუშვებ სკოლაშიც და სხვადასხვა წრეზეც.

- ტრადიციები და ოჯახი კარგია, მაგრამ ქართველი ემიგრანტების განწყობა როგორია ახლა, როდესაც ტრამპმა ემიგრანტების დევნა სამხედროებს დაავალა?

- შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ტრამპს ბევრმა ქართველმა მისცა ხმა. სიმართლე გითხრათ, მეც მომწონს, რასაც აკეთებს, უბრალოდ, მეთოდებს ვუწუნებ. მაგალითად, ვფიქრობ, რომ საემიგრაციო კანონი მართლაც გასამკაცრებელია, მაგრამ არ მომწონს, რომ ამას ხისტი მეთოდებით აკეთებს. პირველად რომ იყო პრეზიდენტი, მაშინ ძალიან ცუდი რაღაც გააკეთა - მშობლები გაყარეს ქვეყნიდან და შვილები დაატოვებინეს. ამას ძალიან დიდი პროტესტი მოჰყვა და იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ. როგორც მერე გაირკვა, მწვანე ბარა­თის მქონე ირანელ ცოლ-ქმარს სამშობლოში მოუწიათ პირად საქმეზე წასვლამ და შვილები ამერიკაში დატოვეს სკოლის გამო. ტრამპმა სწორედ ამ დროს მოაწერა განკარგულებას ხელი და უკან დაბრუნებულ ირანელებს აეროპორტიდან აღარ უშვებდნენ. იქვე, აეროპორტში ატყდა მთელი ამბავი.

მექსიკასთან საზღვარი მეტისმეტად მორღვეულია და მკაცრი ზომებია მისაღები, მაგრამ ტრამპმა შეიძლება ისე ქნას, რომ ხალხის დახვრეტა დაიწყონ. როგორც ლიბერალები არიან ზედმეტად დამთმობები, ისევე­ ტრამპისტები ძალიან ხისტები. შეიძლება გაგიკვირდეთ და, ქართველებსაც ძალიან უნდათ საემიგრაციო კანონის გამკაცრება. ძალიან ბევრი ქართველი აქ კრიმინალურ საქმიანობას ეწევა და წამალდამოკიდებულია. ეს ჩვენს იმიჯზეც ცუდად მოქმედებს. მე არ მინდა ჩემს შვილებს რცხვენოდეთ, რომ ქართველები არიან. მე მათ ვასწავლი, ქართველობა პატივია, უძველესი ცივილიზაციის, კულტურის მქონე ერი ვართ-მეთქი და ამ დროს ვიღაც უპრინციპო ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაშიც არაფრის გამკეთებლები არ არიან, ქართველი კაცის ყველაზე ცუდ ვერსიას წარმოაჩენენ.

- ქართველებს შორის კრიმინალისა და წამალში გაპარვის შემთხვევები ისევ ხშირია?

- სხვათა შორის, დიდი ხანია არაფერი მსმენია. დროდადრო ეპიდემიასავით იფეთქებს ხოლმე ეგ ამბავი. ერთ უბედურებას რომ გაიგებ, მეორე მიჰყვება ხოლმე. როგორც ჩანს, როდესაც ცუდი წამალი შემოდის, მაშინ ხდება რაღაც...

- როგორ ფიქრობთ, ხალხი, ვინც ქუჩაშია და წამალს მოიხმარს, თავიდანვე ასეთი მახასიათებლებით გამოირჩეოდნენ თუ პრობლემებს ვერ გაართვეს თავი და დეპრესიაში ჩაცვივდნენ?

- არავინ მოგატყუოთ, რომ აქ ჩამოსულმა ქართველმა იწვალა, იშრომა და შედეგი ვერ მიიღო. ამერიკა შესაძლებლობების ქვეყანაა. თუ იშრომებ, ნულიდანაც რომ დაიწყო, ყველაფერს მიაღწევ, თუ არ იშრომებ, დაიკარგები და არარაობად გადაიქცევი. აქ ყველაფერი ხელმისაწვდომია, თბილისში კი ფულიც ძნელი საშოვნელია და წამალიც, ამასთან, შეიძლება წამლის მოხმარებისთვის დაგიჭირონ კიდეც. აქ ფულსაც ადვილად შოულობ, წამალსაც და დასაჭერადაც არავინ დაგდევს. თბილისელი "კაი ბიჭები" ცდუნებას ვერ უძლებენ, სულ ეს არის. იყო პერიოდი, კვირაში ორი-სამი ქართველი იღუპებოდა წამლით.

- ამ მდგომარეობაში მხოლოდ ქართველები არიან? ზოგადი სიტუაცია როგორია?

- ამერიკა მრავალმილიონიანი ქვეყანაა და ზოგადად რამის თქმა რთულია. კარგი ის არის, რომ წამლის მომხმარებლებს დამალვა არ უწევთ და თუ მკურნალობას მოინდომებენ, ყველა პირობა ექმნებათ, უმკურნალებენ კი არა, თან გადაჰყვებიან, სარეაბილიტაციო ცენტრშიც კი გაუშვებენ. ახალი ჩამოსული რომ ვიყავი, მაშინ ძალიან ცუდი სიტუაცია იყო. ქართველი თუ იყავი, სამსახურს ვინ ჩივის, ბინას არ მოგაქირავებდნენ. მერე სიტუაცია გამოსწორდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ისევ აირია სიტუაცია. ამიტომ გადასახადის გადამხდელი მშრომელი ქართველები ვფიქრობთ, რომ საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება ძალიანაც კარგი იქნება. უბრალოდ, ყველა ერთ ქვაბში არ უნდა მოიხარშოს.

ხათუნა ბახტურიძე