თუ ბავშვი უცნაურად შფოთავს
გარკვეულწილად შფოთვის შეგრძნება ყველა ბავშვს შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, 3 და 4 წლის ასაკის ბავშვებს ხშირად ეშინიათ სიბნელის ან მონსტრების. მოზრდილ ბავშვებს ან მოზარდებს შფოთვა ხშირად აღენიშნებათ თანაკლასელების წინაშე გაკვეთილის მოყოლისას. ამგვარი შიშები და შფოთვა დაავადებაზე არ მიუთითებს. თუმცა, თუ ბავშვი იმდენად შფოთავს, რომ ეს გავლენას ახდენს მის ყოველდღიურ აქტივობებზე ან ძალზე სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება, მას შფოთვითი აშლილობა შეიძლება ჰქონდეს. ბავშვობაში 10-15%-ს აღენიშნება შფოთვითი აშლილობა. შფოთვისადმი მიდრეკილება შესაძლებელია მემკვიდრეობით გადაეცეს. შფოთვითი აშლილობის მქონე მშობლებს შესაძლებელია შფოთვითი აშლილობის მქონე შვილები ჰყავდეთ.
შფოთვითი აშლილობის ერთ-ერთი სახეა ობსესიურ-კომპულსური აშლილობა (ოკა).
ობსესიურ-კომპულსური აშლილობა (ოკა) ხასიათდება განმეორებადი, უნებლიე, აკვიატებული იდეებით, წარმოდგენებითა (ობსესია) და რაიმე ქმედების დაუოკებელი სურვილით (კომპულსია). ობსესია და კომპულსია მნიშვნელოვან წუხილს იწვევს და გავლენას ახდენს სკოლაში სწავლასა და ურთიერთობებზე. ბავშვები ობსესიურ-კომპულსური აშლილობით ხშირად შფოთავენ ან ეშინიათ, რომ მათ ან მათთვის ძვირფას ადამიანს რაიმე შეემთხვევა, და ცდილობენ, შიშები რაიმე ქმედებით გაანეიტრალონ. მკურნალობისათვის ხშირად გამოიყენება ქცევითი თერაპია და მედიკამენტები.
ცნობილი არ არის, რა იწვევს ობსესიურ-კომპულსურ აშლილობას, თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია, მნიშვნელობა ჰქონდეს სტრეპტოკოკური ინფექციის არსებობას.
სიმპტომები
ტიპურ შემთხვევაში სიმპტომები თანდათან ვითარდება. დასაწყისში ბავშვები მალავენ სიმპტომებს. ბავშვს ხშირად აკვიატებული აქვს შფოთვა და შიში, რომ შესაძლოა რაიმე ზიანი მიადგეს. მაგალითად, აიკვიატებს, რომ მომაკვდინებელი დაავადება ან ტრავმა დაემართება მას ან სხვებს და წუხილისა და შიშის გასანეიტრალებლად რაიმე ქმედების დაუოკებელი სურვილი უჩნდება. მაგალითად:
კარების შემოწმება, დაკეტილია თუ არა, ან სასიგნალო სისტემა გამორთულია თუ არა;
ხელების ხშირად დაბანა;
სხვადასხვა საგნის თვლა;
სკამზე დაჯდომა და წამოდგომა;
საგნების მუდმივად წმენდა;
ჩასწორებები საშინაო დავალების რვეულში;
საკვების დაღეჭვა რამდენჯერმე;
გარკვეულ საგნებთან შეხებისთვის თავის არიდება;
დარწმუნების მიზნით, კითხვების ხშირად, ზოგჯერ დღეში ასობით, დასმა.
ზოგჯერ კომპულსიასა და ობსესიას ლოგიკური კავშირი აქვთ, მაგალითად, ბავშვი შეიძლება ხელებს იბანდეს დაავადებების თავიდან ასაცილებლად. თუმცა, ზოგჯერ მათ შორის არანაირი ლოგიკური კავშირი არაა. მაგალითად, ბავშვი შეიძლება კვლავ და კვლავ ითვლიდეს 50-მდე, იმისათვის, რომ ბაბუას გულის შეტევა არ დაემართოს. თუ წინააღმდეგობას უწევენ ან ხელს უშლიან ქმედებებში, ეს ბავშვის ძალზე გაღიზიანებასა ან შეშფოთებას იწვევს.შემთხვევათა უმრავლესობაში დაავადებას ქრონიკული ხასიათი აქვს.
დიაგნოზი და მკურნალობა
დიაგნოზი სიმპტომების მიხედვით ისმება.
თუ ხელმისაწვდომია და ბავშვი მოტივირებულია, სავსებით საკმარისი შეიძლება იყოს ქცევითი თერაპია. საჭიროების შემთხვევაში, ჩვეულებრივ, ეფექტიანია ქცევითი თერაპიისა და სსუი-ის (სეროტონინის სელექციური უკუტაცების ინჰიბიტორები) კომბინაცია, რაც ბავშვს საშუალებას აძლევს ნორმალურად იცხოვროს. მკურნალობის გაგრძელება განუსაზღვრელი დროითაა საჭირო. ბავშვების მცირე ნაწილს შორის მკურნალობა უშედეგოა.
სტრეპტოკოკური ინფექციის თანაარსებობის შემთხვევაში ინიშნება ანტიბიოტიკები.
ექიმთან კითხვები გამოგზავნეთ mkurnali.ge-ზე რუბრიკაში - შეკითხვა ექიმს
ექიმი თამარ მამაცაშვილი