თუ გსურთ შეიცვალოთ სახელი და გვარი - კვირის პალიტრა

თუ გსურთ შეიცვალოთ სახელი და გვარი

გაზეთ "კვირის პალიტრაში" გრძელდ­ება მკითხველებისთვის საინტერესო­ კითხ­ვებზე პასუხების გაცემა. თუ გაქვთ­ შეკი­თხვა­ იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური­ პასუხის მიღება, შეგახსენებთ­ ჩვენი ფოსტის­ მისამართს: Tea.khurtsilava@gmail.com ამ ფოსტაზე და ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე,­ სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ­ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში­ მიიღოთ პასუხები. შეკითხვებს ამჯერად უპასუხებს სისხლის სამა­რთლის საქმეების, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში ლიცენზირებული ადვოკატი­ თამარ ფირცხალავა.

  • მინდა ვუჩივლო მოძალადეს და მაინტერესებს, რა განსხვავებაა დამცავ ორდერსა და შემაკავებელ ორდერს შორის?

- შემაკავებელ ორდერს პოლიციის თანამშრომელი გასცემს, უშუალოდ, ფაქტზე რეაგირების დროს. კონკრეტული ძალადობის ფაქტის დროს თუ გამოიძახებთ პოლიციას, ის გამოსცემს შემაკავებელ ორდერს და იგი დაუყოვნებლივ შედის ძალაში. შემაკავებელი ორდერის ასლი, ასევე დაუყოვნებლივ ეგზავნება: საქართველოს შს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით, საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს, შესაბამისი ინფორმაციის სათანადო ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვის, სამართალდარღვევებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისა და სტატისტიკური მონაცემების წარმოების მიზნით და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, თუ შემაკავებელი ორდერი იარაღთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება; ასევე, მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს, თუ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული საკითხი არასრულწლოვანს შეეხება. შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით. მსხვერპლმა ან მოძალადემ შემაკავებელი ორდერი შეიძლება გაასაჩივროს მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან 3 დღის ვადაში. რაც შეეხება დამცავ ორდერს, სასამართლო უფლებამოსილი პირის განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში განიხილავს ამ საკითხს და გადაწყვეტილებას იღებს დამცავი ორდერის გამოცემის, გაუქმების, მოქმედების გაგრძელების ან გამოცემაზე უარის თქმის შესახებ. კანონის თანახმად, დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ან პირს, მსხვერპლის თანხმობით, რომელიც მსხვერპლს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს. აღნიშნულის თაობაზე ხსენებულმა პირებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასამართლოს. დამცავი ორდერი­ გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ორდერის მოქმედების პერიოდში, და დამატებით - არა უმეტეს 3 თვისა, თუ არსებობს საფრთხე მსხვერპლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

  • ჩემი შეყვარებული იყო ქორწინებაში, დიდი ხანია განქორწინებულია, მაგრამ ოფიციალურად არ აქვთ განქორწინება გაფორმებული. მისი ყოფილი ცოლი არის საზღვარგარეთ. ამ შემთხვევაში ჩვენ ოფიციალურად ხელმოწერას ვერ შევძლებთ?

- დაქორწინება არ დაიშვება იმ პირთა­ შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვაზე; პირდაპირ, აღმა­ვალი ან დაღმავალი შტოს ნათესავებს შორის; ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის; მშვილებელსა და ნაშვილებს შორის; იმ პირებს შორის, რომელთაგან­ თუნდაც ერთი მხარდაჭერის მიმღებია და რომლებსაც არ დაუდვიათ საქორწინო ხელშეკრულება... თქვენი კითხვის პასუხად გეტყვით, რომ პირველ რიგში­ თქვენი საქმრო უნდა დაუკავშირდეს ყოფილ მეუღლეს და ჯერ უნდა მოხდეს მათი განქორწინება.მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ ოფიციალურად საჯარო რეესტრში გააფორმოთ თქვენი ქორწინება. ორივე მეუღლის თანხმობის შემთხვევაში, განქორწინება ხდება იუსტიციის სახლში. აღნიშნულ ორგანოს მეუღლეები მიმართავენ ერთობლივი განცხადებით, თუ თვითონ არ იმყოფება საქართველოში, შეუძლია ეს მისი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით მოხდეს. თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, მაშინ განქორწინება ხდება სასამართლოს წესით.

  • მეუღლესთან განქორწინებული ვარ სასამართლოს გზით. მაინტერესებს, უნდა დარეგისტრირდეს თუ არა განქორწინების შესახებ სასამართლოს­ გადაწყვეტილება იუსტიციის სახლში, თუ სასამართლო თვითონ გადაგზავნის ამ გადაწყვეტილებას?

- დიახ, ეს გადაწყვეტილება უნდა დარეგისტრირდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან იუსტიციის სახლში. განქორწინების შემთხვევაში ქორწინება შეწყვეტილად ითვლება განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.

  • მინდა სახელისა და გვარის შეცვლა, შემიცვლიან თუ არა უპრობლემოდ იუსტიციის სახლში?

- საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის დაბადება­ რეგისტრირებულია საქართველოში, შეუძლია შეიცვალოს როგორც სახელი, ისე გვარი. ამისთვის საჭიროა მიმართოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგე­ნტოს. სახელისა თუ გვარის შეცვლის შემდეგ პირს მონაცემები ეცვლება, ხოლო დაბადების რეგისტრაციის მომენტიდან მისთვის მინიჭებული პირადი ნომერი ამ შემთხვევაში უცვლელი რჩება. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ სრულწლოვან პირს შეუძლია­ შეიცვალოს როგორც სახელი, ასევე­ გვარი მხოლოდ ერთხელ, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი და მიიღოს, მაგალითად, მშობელთა შეერთებული გვარი; პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის, მეოთხე თაობის ნათესავების ჩათვლით გვარი; საკუთარი გვარისა და პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარის გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი; ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი; მშვილებლის გვარი; შეუძლია დაიბრუნოს ქორწინებამდელი გვარი, თუ ქორწინების შეწყვეტისას მას არ დაუბრუნებია ეს გვარი; მიიღოს ასევე მამის გვარი, თუ მოხდა მამობის დადგენა. ასევე, დაინტერესებულ პირს შეუძლია აღიდგინოს ისტორიული გვარი, მოახდინოს მისი გვარის კანონიერად აღიარება. რაც შეეხება სახელს, სახელის შეცვლა შესაძლებელია დაინტერესებული პირის სურვილის მიხედვით. თუმცა სახელის შეცვლა დაუშვებელია, თუ განმცხადებელი სახელად ირჩევს­ ციფრებს, სასვენ ნიშნებს, გეომეტრიულ ფიგურებს, გრაფიკულ გამოსახულებებს, სიმბოლოებს, უცენზურო ან შეურაცხმყოფელ სიტყვებს ან მრავალწევრიან (ორზე მეტი სახელისაგან შემდგარ) სახელს. ასევე დაუშვებელია შეცვლა, თუ ეს პირი დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი და იძებნება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ; ან თუ განხორციელდა დაინტერესებული პირის დეპორტაცია ან რეადმისია საქართველოში და ამის განხორციელებიდან 5 წელი არ გასულა; იმ შემთხვევაშიც, თუკი დაინტერესებული პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ეს პირი იძებნება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის მიერ, ამ გარემოების აღმოფხვრამდე. როგორც ზემოთ აღვნიშნე, თუ გსურთ შეიცვალოთ სახელი და გვარი, უნდა დაწეროთ განცხადება იუსტიციის სახლში და ამ საკითხს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განიხილავს. როგორც წესი, განცხადების განხილვის დროს საჭიროა ზეპირი მოსმენის ჩატარება. ამასთან, განცხადება განუხილველი დარჩება, თუ, შეტყობინების მიღების მიუხედავად, დაინტერესებული პირი არ გამოცხადდება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში ზეპირ მოსმენაში მონაწილეობისათვის. რაც შეეხება მოწმობის გაცემის ვადას, ამისთვის განსაზღვრულია 60 კალენდარული დღე.