უცნობი საქართველო ევროპულ რუკებში
სულხან სალაძის ევროპული კარტოგრაფიით დაინტერესება საქართველოს ისტორიით დაიწყო: დარწმუნებული იყო, რომ უცნობ ევროპულ კარტოგრაფიაში საქართველოს უცნობი ისტორიებიც აუცილებლად მოიძებნებოდა. ძველი ევროპელების შედგენილი რუკების მოძიება მან თავდაპირველად მარტომ და მხოლოდ საკუთარი ხარჯებით დაიწყო. ძიებაში ბევრი ევროპული ქვეყანა მოიარა, არაერთი ევროპელი და ამერიკელი კოლექციონერი გაიცნო და საქართველოშიც არაერთი ფასდაუდებელი ისტორიული რუკა ჩამოიტანა. ასე გავიდა ცხრა წელიწადი. ამ წლების შრომამ ის იმ ქართველებთან დააახლოვა, რომელთაც საქართველოს ისტორიის ძიებას სიცოცხლე მიუძღვნეს, რითაც ფასდაუდებელი საქმე გააკეთეს ქვეყნისთვის.
- უამრავი ადამიანი ფიქრობს, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უკვე ყველაფერი გამომზეურებულია, თქვენ კი უცნობ ევროპულ რუკებში ჩვენი უცნობი ისტორია აღმოაჩინეთ, მასთან ერთად კი საოცარი გრავიურები თანამედროვე ქართველების გამოსახულებით.
- თავიდან ევროპული რუკების მოპოვება ჩემთვის მხოლოდ ჰობი იყო. პროფესიით იურისტი ვარ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაც ვხელმძღვანელობდი. თუმცა მალე პროფესია ძველი ევროპული კარტოგრაფიისადმი ინტერესმა ჩაანაცვლა. უცნობი და ძალიან საინტერესო გრავიურები ვიპოვე - ვინც ძველ კარტოგრაფიას იკვლევს, იქ გრავიურებსაც შეხვდება. როგორც წესი, ისინი ერთმანეთთან კავშირშია. ეს ძალზე საინტერესო თანამედროვე ქართველების გამოსახულებებია ევროპულ გრავიურებზე. სულ ახლახან ამ საქმიანობის გაფართოებისთვის საქართველოში კომპანია დავაარსეთ: "მაპპა კარტოგრაფიკა". გვაქვს ვებგვერდი და სულ მალე გვექნება საგამოფენო სივრცეც, რომელიც მნახველისთვის სიურპრიზი აღმოჩნდება, თანაც მათ საინტერესო ძველი ევროპული რუკების, გრავიურებისა თუ წიგნების შეძენის შესაძლებლობას მივცემთ.
- მეც მაინტერესებს ისეთი რუკების ნახვა, რომლებზეც ვრცელ საქართველოს ვიხილავ.
- ძველი კარტოგრაფია ამოუწურავი სამყაროა და მასთან ერთად ის რუკებიც, რომლებზეც საქართველოა. ახლა ევროპაში ხშირად მხოლოდ იმისთვის მივდივარ, რომ ევროპელ კოლექციონერებს შევხვდე და საკოლექციო სახლები დავათვალიერო. კოლექციონერები ძალიან საინტერესო ადამიანები არიან, ღრმა ცოდნითა და ისტორიებით. ზოგიერთი მათგანი კარტოგრაფიის დიდი ტრადიციების ოჯახებიდან მოდის და წინაპართა საქმიანობას აგრძელებს... ამ საქმეში პირადი ურთიერთობები უმთავრესია, ეს რუკების ფასზეც მოქმედებს. კოლექციონერებთან შესახვედრად სპეციალურად ჩავდივარ იტალიაში, ავსტრიაში, ბელგიაში, გერმანიაში, თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში. შესაძლებელია ჩვენთვის უძვირფასესი რუკები ნებისმიერ მომენტში გამოჩნდეს და გაიყიდოს, ამიტომ მათზე ინფორმაცია ყველა მხრიდან უნდა გვქონდეს. ცხადია, არსებობს ისეთი რუკებიც, რომლებიც არასოდეს გაიყიდება, რადგან ისინი მხოლოდ ერთი ეგზემპლარია, ხელით არის შესრულებული და მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში ინახება.
- წარმომიდგენია, რას გრძნობთ, როცა ასეთ რუკებს ხელით ეხებით.
- როდესაც რუკა საქართველოში ჩამოდის, ხსნი და ხელით ეხები ამ უდიდეს სიძველეს, ეს ისეთი განცდაა, მხოლოდ აღელვებას ვერ დაარქმევ. წარმოიდგინეთ, ჩემზე როგორ იმოქმედებდა, როდესაც შევიძინე მეფე ლუი XIV-ის კარტოგრაფ გიომ დელილის მიერ დაბეჭდილი კასპიის ზღვის მეზობელი ქვეყნების რუკა, მასზე სულხან-საბა ორბელიანის სახელით. უდიდესი სიამოვნებაა, როდესაც ძველ ევროპულ რუკებზე საქართველოსთან დაკავშირებულ სახელებს ამოიკითხავ. მაგალითად, კოლხეთის ზღვა, სამეგრელოს ზღვა, გურჯისტანის ზღვა და ა.შ. რამხელა სიამაყეა, როდესაც კოლექციაში მოგეპოვება კაცობრიობის პირველი გამომცემლის, იოჰან გუტენბერგის შეგირდის მიერ 1490 წელს დაბეჭდილი რუკა. გვინდა ეს ყველაფერი ქართველ საზოგადოებას საგამოფენო დარბაზში გავაცნოთ.
- არ დავივიწყოთ არც უძველესი ევროპული გრავიურები თანამედროვე ქართველების გამოსახულებით. მსგავსის აღმოჩენა საოცრებაა.
- ჩვენი გრავიურების კოლექცია 1590 წლიდან იწყება, როდესაც ჩეზარე ვეჩელიოს წიგნში ქართველი მამაკაცის გამოსახულება დაიბეჭდა. ჩეზარე ვეჩელიო აღორძინების პერიოდის გიგანტი მხატვრის, ტიციანის ბიძაშვილი იყო. ჩვენ გვაქვს ჟან შარდენის მოგზაურობის თბილისის უძველესი ჩანახატის ფერადი გრავიურაც, რომელიც 1686 წელს დაიბეჭდა ლონდონში.
- გულით გისურვებთ წარმატებას. საქართველოს ისტორიის ახალი ფანჯარა გაჭერით ძველი ევროპული კარტოგრაფიით. კიდევ ბევრ მსგავს ფანჯარას გახსნით.
- იმედი მაქვს. წლებია ამ საქმეს ვაკეთებ და ახლა, როცა კომპანიაც გვაქვს, ცხადია, უფრო მეტს შევძლებთ ჩვენი ისტორიის უცნობი მხარეების აღმოსაჩენად, რომლიც ევროპაშია შენახული და ჩვენ მის შესახებ ბევრი რამ არ ვიცით.