„ბევრმა ქალმა დატოვა საქართველო იმის გამო, რომ მათი ამნისტირებული ქმრები გამოვიდნენ ციხიდან, თავს უშველეს“
ეს უმძიმესი ფაქტი თიანეთის სოფელ ახალსოფელში რამდენიმე დღის წინ მოხდა. 24 წლის გალინა ნოზაძეს ქმარმა სამი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დამნაშავის დედამ 112-ში დარეკა და დახმარება ითხოვა, შემთხვევის ადგილზე მალე მივიდნენ მაშველები და გადაარჩინეს ქალი. ის ამჟამად კლინიკაში მკურნალობს. როგორც ამბობენ, მას სხეულის 70 პროცენტი დამწვარი აქვს.
ტრაგედია ახალსოფელში
"გალინა სამ შვილსა და მეუღლესთან, თემურ ყარალაშვილთან, და დედამთილ-მამამთილთან ერთად ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს. პატარა ფიცრული სახლი უდგათ. თემურის დედ-მამა ლოთია. ეტყობა, იმ დღესაც მთვრალები იყვნენ. მთვრალი იყო თემურიც. თურმე გალინა იწვა, გვიანი ყოფილა, ღამის 11 საათი. მთვრალი ქმრისთვის უთქვამს, დაწექი, დაიძინეო, როგორ მეუბნები ამასო, ბენზინი თმაზე შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. ამას ბავშვები შეესწრნენ. უფროსი 5 წლის არის, მეორე - სამის, პატარა წლინახევრის. გალინას ფილტვებიც დაზიანებული აქვს", - ამბობს ყარალაშვილების მეზობელი და დასძენს: "გოგოს დედამთილი და მამამთილი სულ მთვრალები არიან, თორემ ფხიზლები რომ ყოფილიყვნენ, შეიძლება დაეცვათ გოგო". მეზობლის თქმით, გალინას მამამთილიც სცემს ცოლს: "თემურის მამამ თურმე ცოლს ხელი ჰკრა, წააქცია და ქალმა ფეხი მოიტეხა, თუმცა დამალეს და თქვეს, თითქოს თავისით წაიქცა. თემურიც სვამს, მაგრამ არა მშობლებივით. ზოგჯერ მუშაობდა კიდეც... ყველას ეცოდება გალინა, მშრომელი გოგოა. ამბობენ, შეიძლება ვერც გადარჩესო".
გალინა ნოზაძე ჭიათურელია. როგორც მისი და ამბობს, გალინას მისთვის არასოდეს უთქვამს, რომ ქმარი ძალადობდა: "ჩემს დას არასოდეს არაფერი უთქვამს. არც მე შემიმჩნევია რამე. სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვნახულობდით ერთმანეთს. გალინას ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად მძიმედ აფასებენ. დედაჩემს უნდა წამოიყვანოს გალინას ბავშვები, მაგრამ ჯერ სოცმუშაკს ელოდება, რომ უფლება მოგვცენ". არც გალინას დედამ იცოდა, თუ მისი შვილი ძალადობის მსხვერპლი იყო. როგორც ჩანს, ახალგაზრდა ქალი მალავდა.
"გალინა სოფელში ყველას უყვარს, მშრომელი გოგოა, კარგი ადამიანი. სახლში ყველა საქმეს ის აკეთებდა, ძროხას წველიდა, მიწას ამუშავებდა. ან როგორ გაჰყვა ამ ბიჭს! თემური უკვე დაკავებულია. მან თავიდან არ აღიარა დანაშაული, უთქვამს, გალინა ღუმელს ანთებდა და ამ დროს წაეკიდა ცეცხლიო, მაგრამ მეორე დღეს დააკავეს. ამბობენ, 5 წლის ბავშვმა თქვა სიმართლე, დედას მამამ შეასხა ბენზინიო, და ეტყობა, შემდეგ მანაც აღიარა. კიდევ კარგი, ბავშვებიც არ დაიწვნენ. როგორც ექსპერტმა თქვა, ზეთში გარეული ბენზინი გადაუსხამს, ელექტროხერხებისთვის რომ იყენებენ, თორემ ისეთი აალება ექნებოდა, შეიძლება ბავშვებიც დამწვარიყვნენ", - ამბობს ყარალაშვილების თანასოფლელი.
33 წლის თემურ ყარალაშვილი დაკავებულია და გამოძიება სს კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
როგორ უნდა დაიცვას სახელმწიფომ ქალები ძალადობისგან?!
ქალთა უფლებადამცველი, "უფლებების საქართველოს" ადვოკატი ელისო რუხაძე ამბობს, რომ სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს ძალადობის მსხვერპლთა დაცვა.
- სანამ საზოგადოება არ ჩავთვლით ძალადობას ისეთივე მძიმე დანაშაულად, როგორიც არის ყაჩაღობა, ქურდობა, მკვლელობა და ნებისმიერი სხვა მძიმე დანაშაული, არაფერი გვეშველება. ასეთ ადამიანს საყვედური არ შველის, მით უმეტეს, როცა ალკოჰოლ ან წამალდამოკიდებულია. დამნაშავე არიან გოგოს მშობლებიც, იკვეთება ადრეული ქორწინების პრობლემაც. 24 წლის გოგო სამი შვილის დედაა.
- დაშავებული გოგოს და ამბობს, რომ არ იცოდნენ, გალინას თუ ქმარი სცემდა.
- ასეთი ტიპის ქალი, რომელიც ადრეულ ქორწინებაშია, ხშირად ხდება ძალადობის მსხვერპლი. ხშირად ამას მალავენ. როგორ შეიძლება დედამ არ იცოდეს, რომ მის შვილს სცემენ, ავიწროებენ. სწორედ ეს არის მსხვერპლის მთავარი მაიდენტიფიცირებელი - როცა ჰგონია, რომ ამის თქმა დიდი სირცხვილია, დამალვა კი მოძალადეს აძლიერებს.
ბოლო დროს სახელმწიფომ შეასუსტა ძალადობის მსხვერპლთა დაცვა, არ მიმდინარეობს აქტიური კამპანიები. შესუსტებული რომ არის, ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ ამნისტია მოძალადეებსაც შეეხო, სასჯელის ერთი მეექვსედი ყველას ჩამოაკლეს. ბევრმა მოძალადემ მოახერხა მსხვერპლისგან თანხმობის მიღება, ზოგმა შანტაჟის, ზოგმა მუქარის, ზოგმა მოსყიდვის გზით.
ციხიდან გამოსული მოძალადეები ისევ გააგრძელებენ ძალადობას. მათთან არ მუშაობს არც ფსიქოლოგი, არც ქცევის კორექციის, არც ბაზის მართვის პროგრამები გვაქვს. არადა, მოძალადის ქცევის კორექცია აუცილებელია. როცა ფემიციდი მოხდება, სახელმწიფო მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს რეაგირებას, გამოძიებას.
გასულ კვირას ჩვენ მოვიგეთ საქმე შსს-სა და პროკურატურის წინააღმდეგ. საქმე ეხებოდა შშმ პირსა და მის არასრულწლოვან შვილს. ამ უწყებებისგან მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურებას ვითხოვდით, რადგან მათ ძალადობის ფაქტზე გულგრილობა გამოიჩინეს. კუკიის ტერიტორიაზე ქმარმა შშმ პირი ცოლი ქუჩაში დაჭრა მაშინ, როცა მას ბავშვი სკოლაში მიჰყავდა. ქალი მგზავრმა გადაარჩინა, თორემ შეიძლება მოეკლა კიდეც. მოძალადე ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყო და უმძიმესი ფსიქოზური მდგომარეობა ჰქონდა. არადა, ამ ფაქტამდე ქალმა ძალოვნებს დახმარების თხოვნით მიმართა, მამაკაცზე გამოწერეს შემაკავებელი ორდერიც, მაგრამ სამართალდამცავმა უწყებებმა სათანადოდ არ შეისწავლეს ფაქტი და ამას ის მოჰყვა, რომ მამაკაცმა 20-მდე ჭრილობა მიაყენა ცოლს. ქალი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. მოძალადე ახლა ფსიქიატრიულშია და იქ იხდის სასჯელს, ფსიქიკური აშლილობის ერთ-ერთი მძიმე ფორმა აქვს. სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 10.000 ლარის გადახდა დააკისრა ამ უწყებებს, მატერიალური ზიანისთვის კი დამატებით 1200 ლარზე მეტი. ეს ჩემს პრაქტიკაში უკვე მეოთხე შემთხვევაა, როცა სოლიდური თანხის გადახდა დავაკისრეთ შს სამინისტროსა და პროკურატურას უმოქმედობის და გულგრილობის გამო.
დამცავი ან შემაკავებელი ორდერი არ არის საკმარისი, ამ გზით მოძალადისგან ვერ დაიცავ მსხვერპლს. სახელმწიფო პოლიტიკური დღის წესრიგით არის დაკავებული და ეს უდიდესი პრობლემა მიგდებულია. რატომღაც ხშირად პროკურატურა მოძალადისთვის ძალიან დაბალ გირაოს ითხოვს. ხშირია ზემოქმედება მსხვერპლ ქალზე, რომ არ მისცეს მძიმე ჩვენება მოძალადის წინააღმდეგ. ბოლო დროს მოძალადეებს პატიმრობას მხოლოდ მკვლელობისა და სხვა მძიმე ფაქტების გამო უსჯიან, ეს კი ახალისებს მათ. არ ვფიქრობ, რომ ყველანი ციხეში უნდა იყვნენ, ეს არ არის გამოსავალი, მაგრამ უნდა არსებობდეს ქცევის კორექციის პროგრამები. მთავარია ცნობიერების ამაღლება. ყველა ინსტიტუცია უნდა იყოს იმაზე გადართული, რომ დავგმოთ ძალადობა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე პროკურატურას უნდა ჰყავდეს გენდერსენსიტიური პროკურორები, პოლიციელები, მოსამართლეებმა უნდა გაიაზრონ, რომ ამ მძიმე შედეგებს იწვევს გამამართლებელი განაჩენები და მსუბუქი სასჯელები.
მსხვერპლი, რომელიც აძლევს ჩვენებას, რომ მისმა ქმარმა კინაღამ დაახრჩო და ამ დროს იგივე მსხვერპლი მოდის ან იღებ მისი ხელმოწერით დამოწმებულ განცხადებას, სადაც წერია, რომ თანახმაა, ქმარი, რომელმაც დაასახიჩრა, გამოუშვან ციხიდან, მოსამართლე უნდა მიხვდეს, რომ ქალზე ზეწოლაა. თავის მხრივ, ადვოკატთა ასოციაციაც უნდა ზრუნავდეს, რომ ადვოკატებში გააღვივოს გენდერსენსიტიურობა. ყველა ინსტიტუცია, მათ შორის სოციალური სამსახური, ფსიქოლოგთა გუნდი, ყველა უნდა იყოს მიმართული მსხვერპლის უფლებების დაცვისკენ. ფსიქოლოგთა უმეტესობას კონკრეტულად ამ მიმართულების სათანადო სერტიფიკატი და სპეციალიზაცია არა აქვს. ბოლო დროს ბევრმა ფსიქოლოგმა დაიწყო მოძალადის მხარდასაჭერად ცნობებისა და დასკვნების გაცემა ფულის სანაცვლოდ. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ვისურვებდი პროკურატურა დაინტერესებულიყოს ამ ფსიქოლოგებით.
- მოძალადეებისთვის სამაჯურის გაკეთება არის გამოსავალი?
- ეს ერთადერთი უალტერნატივო გზაა, მოძალადე მსხვერპლს ვეღარ მოკლავს, როგორც კი მიუახლოვდება, პოლიცია მაშინვე შეიტყობს.
ძალიან რთული სიტუაციაა რეგიონებში. ხშირად მსხვერპლი არ მიმართავს პოლიციას, არც იცის, რა მოიმოქმედოს. ქალებს ხშირად უკითხავენ მორალს, რომ არ უჩივლონ ქმარს, შეურიგდნენ... კვლევების მიხედვით, პარტნიორზე ძალადობის მაჩვენებელი მაღალია ისეთ საზოგადოებებში, სადაც მამაკაცებს აქვთ გადამწყვეტი როლი საოჯახო და ეკონომიკურ საკითხებში, სადაც ქალებს არა აქვთ განქორწინების საშუალება, სადაც კონფლიქტები წყდება ძალადობრივად. მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორზე ძალადობა ყველა სოციალურ-ეკონომიკურ ჯგუფში გვხვდება, ძალადობის განსაკუთრებულად დიდი პროცენტული წილი მოდის იმ ქალებზე, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ, არა აქვთ სტაბილური სოციალური მხარდაჭერა და ეკონომიკური დამოუკიდებლობა. ამიტომ ასეთი ქალები უნდა გავაძლიეროთ ეკონომიკურად, რომ შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება.
ხშირია ასეთი ფაქტებიც - მსხვერპლი წამოვიდა სახლიდან, მაგრამ თავისი ოჯახი არ იღებს, რჩება ქუჩაში და იძულებულია დათმოს, არ იბრძოლოს თავისი უფლებებისთვის და დაბრუნდეს მოძალადესთან. ვისაც მხარს უჭერს ოჯახი, მათთვის გაცილებით მარტივია ამ ნაბიჯის გადადგმა. ფაქტობრივად, მოძალადე თავის თავისუფლებას ამ გზით ყიდულობს, ცოლები ცვლიან ჩვენებას, აღარ უჩივიან ქმრებს, რადგან წასასვლელი არსად აქვთ. ხელისუფლებას ვურჩევ მეტად გააძლიეროს მსხვერპლი ქალები. როგორც მოგახსენეთ, უნდა არსებობდეს პროგრამები მოძალადის ქცევის კორექციისთვის. მასთან უნდა იმუშაოს ფსიქოთერაპევტმა, სხვაგვარად მძიმე ფაქტები ისევ იქნება. როცა მსხვერპლი მიდის პოლიციაში, უნდა დაინახოს, რომ მას იცავენ. ხშირად, მსხვერპლი თუ მძიმე მდგომარეობაშია და ვერ ერკვევა ვითარებაში, მას არც კი განუმარტავენ, რომ არსებობს დამცავი სამაჯური. პირიქით, განსაკუთრებით რეგიონებში, ათასი სულელური რეკომენდაციაა, ეუბნებიან, რომ თითქოს სამაჯური დაავადებებს იწვევს.
ძალადობის მსხვერპლ ქალებს ვურჩევ მოგვმართონ არასამთავრობო ორგანიზაციებს. მზად ვართ სწორი იურიდიული კონსულტაცია გავუწიოთ. რაც შეეხება საერთაშორისო პრაქტიკას, მე სამუშაო ვიზიტით ვიყავი ამერიკაში, ასევე შევხვდი ფრანგ უფლებადამცველებს, ადვოკატებს. უცხოეთში ფემიციდის რიცხვი დაბალია, რადგან პრევენციაში ჩართულია ყველა რგოლი, აქვთ მსხვერპლის გასაძლიერებელი უამრავი პროგრამა, რომ ქალმა ისწავლოს, გაძლიერდეს. ქალი აბსოლუტურად უზრუნველყოფილია სახელმწიფოსგან. მათი თავშესაფრები ყოველმხრივ აღჭურვილია.
სხვათა შორის, ჩვენთან თვითონ მსხვერპლი ზოგჯერ თავადაც გვევლინება აგრესორის როლში. ისეა განერვიულებული ჩაგვრისგან, რომ შეიძლება შვილსაც კი სცემოს და ასე ამოანთხიოს ბრაზი.
არასამთავრობო ორგანიზაციებთან მომართვიანობა მაღალია, განსაკუთრებით კი გახშირდა ამნისტიის დროს. ყველა მსხვერპლი, რომლებსაც დაურეკეს და უთხრეს, რომ მის მოძალადე ქმარს ამნისტია შეეხებოდა, და ეკითხებოდნენ, იყო თუ არა თანახმა, იმდენად იყვნენ აფორიაქებული და შეშინებული, არ იცოდნენ, რა გაეკეთებინათ. ბევრმა ქალმა დატოვა საქართველო იმის გამო, რომ მათი ამნისტირებული ქმრები გამოვიდნენ ციხიდან, თავს უშველეს გაქცევით, ემიგრაციით. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალები გაძლიერდნენ და შეძლონ ნორმალური ცხოვრება.