"გაიგოს, რომ ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ. ჩვენ ვრჩებით!“ - თბილისში ქალების მარში დასრულდა
თბილისში ქალების მარში დასრულდა.
ქალთა მარშის ორგანიზატორების ინფორმაციით, ისინი შეუერთდებიან საპროტესტო აქციებს, რომელიც ოპოზიციამ და სხვადასხვა ჯგუფმა დააანონსა.
როგორც კავშირი „საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ განაცხადა, ისინი ქვეყნიდან არსად წასვლას არ აპირებენ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი თავად უნდა წავიდეს.
"გაიგოს, რომ ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ. ჩვენ ვრჩებით!“, - განაცხადა ბაია პატარაიამ.
მარშის მონაწილეები პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ჩემოდნები დატოვეს, რომლებზეც წერია: „ბიძინა წადი! მე ვრჩები!“, „საქართველო, მონატრებული დედის გარეშე“, „არა იძულებით ემიგრაციას“, „ემიგრაცია არჩევანი არ არის“. ისინი სკანდირებდნენ: „წადი, წადი“.
ადგილზე სამართალდამცავები კვლავ რჩებიან.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: „ქალთა მოძრაობა“, „საფარი“, „ქალები საქართველოდან“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“, კოალიცია „ძლიერი საქართველო“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „საქართველოსთვის“.
"ინტერპრესნიუსი"