"ჩვენ ახლა გვაქვს გადარჩენისთვის ბრძოლა, სად იქნება ჩვენი ქვეყანა: თავისუფალ სამყაროსთან თუ ისევ რუსეთში და ჭაობში" - რას აცხადებს მამუკა ხაზარაძე
ჩვენ ახლა გვაქვს გადარჩენისთვის ბრძოლა, სად იქნება ჩვენი ქვეყანა - იქნება თავისუფალ სამყაროსთან თუ ისევ რუსეთში და იმ ჭაობში, რომელშიც 70 წელი ვიყავით - ბოლშევიკები ამ ქვეყანას არ სჭირდება, თუმცა ხელისუფლებაში ბევრი ბოლშევიკი და რუსი გვყავს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, პროტესტს და წინააღმდეგობას, ყოველთვის აქვს აზრი.
„ერი, რომელიც გადარჩენისთვის არ იბრძვის, ქრება. ვინც გადარჩენისთვის იბრძვის, ის ყოველთვის არსებობს. ჩვენ ახლა გვაქვს გადარჩენისთვის ბრძოლა - სად იქნება ჩვენი ქვეყანა. იქნება თავისუფალ სამყაროსთან თუ ისევ რუსეთში და იმ ჭაობში, რომელშიც 70 წელი ვიყავით. ბოლშევიკები ამ ქვეყანას არ სჭირდება, თუმცა ხელისუფლებაში ბევრი ბოლშევიკი და რუსი ხელისუფალი გვყავს. პრაქტიკულად რაც ამ არჩევნებით გაკეთდა, ეს არის კონსტიტუციური გადატრიალება. ამიტომ, პროტესტს და წინააღმდეგობას, ყოველთვის აქვს აზრი. შესაბამისად, სადაც უსამართლობა იქნება, იქ უნდა ვიდგეთ ყოველთვის, ეს პირველ რიგში, მოქალაქეობრივი ვალია“, - განაცხადა ხაზარაძემ.
პარლამენტის პირველ სხდომასთან დაკავშირებით ხაზარაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მარტო დიდხანს ვერ გაძლებს, „რადგან მათ არ აქვთ არანაირი მხარდაჭერა დასავლეთ სამყაროსგან და არ აქვთ ამომრჩევლის მხარდაჭერა“.
„დიდხანს ვერ გაძლებს [ქართული ოცნება]. გახსოვთ 4 წლის წინაც ეს პროტესტი შარლ მიშელის დოკუმენტით დასრულდა, თუმცა მოვლენები სხვანაირად განვითარდა. ერთ-ერთ მთავარ პარტიას ნებისყოფა არ ეყო და პარლამენტში ხელმოწერის გარეშე შევიდა. ეს იყო ამ პროექტის ჩაგდების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ, სიმართლე უნდა ვთქვათ, რა შეცდომები იქნა დაშვებული.
ახლა, მე გაძლევთ გარანტიას, რომ ესენი მარტო დიდხანს ვერ გაძლებენ, რადგან მათ არ აქვთ არანაირი მხარდაჭერა დასავლეთ სამყაროსგან და არ აქვთ ამომრჩევლის მხარდაჭერა“, - განაცხადა ხაზარაძემ.
ხაზარაძის თქმით, მათ ინტენსიურად ყველასთან სურთ კომუნიკაცია, რომ ალტერნატიული, „სახალხო პარლამენტი“ შეიქმნას, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატები დამოუკიდებელ და ცალკე პოლიტიკურ ცენტრს შექმნიან.
„[საჭიროა] არამარტო ქუჩაში დგომა, რაც ძალიან აუცილებელია, არამედ სხვა მეთოდების ჩართვაც. ჩვენ გავაჟღერეთ, რომ ინტენსიურად ყველასთან გვინდა კომუნიკაცია, რომ ალტერნატიული, სახალხო პარლამენტი შევქმნათ, სადაც გამარჯვებული ოპოზიციონერი დეპუტატები დამოუკიდებელ, ცალკე პოლიტიკურ ცენტრს შექმნიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობის თვალსაზრისით და თუნდაც ასეთი აქციების უფრო მასშტაბური დაგეგმვისათვის. ეს მუშაობა რაც შეიძლება სწრაფად არის დასაწყები“, - განაცხადა ხაზარაძემ.
ინფორმაციისთვის, აქციის მონაწილეები ახალი პარლამენტის პირველ სხდომას აპროტესტებენ, რომელიც ხვალ არის ჩანიშნული. მომიტინგეები დღევანდელი ღამის პარლამენტთან გათენებას აპირებენ.